როგორ აქცია თამარ გაგნიაშვილმა მართვის მოწმობის აღების პირადი გამოცდილება ერთიან ციფრულ პლატფორმად
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მართვის მოწმობის აღების პროცესი ბევრი ადამიანისთვის საკმაოდ ქაოსურ და სტრესულ გამოცდილებასთან ასოცირდება. ინფორმაციის ფრაგმენტულობა, არასანდო რეკომენდაციები და კვალიფიციური ავტოინსტრუქტორების მოძიების სირთულე ის გამოწვევებია, რომლებსაც ამ გზაზე თითქმის ყველა აწყდება. თამარ გაგნიაშვილმა, როდესაც თავად ემზადებოდა მართვის მოწმობის მისაღებად, ბაზარზე არსებული ეს მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზი საკუთარ თავზე გამოცადა და ამ პრობლემაში შესაძლებლობა დაინახა.
ასე შეიქმნა idrive.ge – ციფრული პლატფორმა, რომელიც მართვის მოწმობის მიღების პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს გამჭვირვალობისა და კომფორტის ხარჯზე. პროექტი ერთ სივრცეში უყრის თავს ავტოსკოლებს, დამოუკიდებელ ინსტრუქტორებს, მომხმარებელთა რეალურ შეფასებებს, სასწავლო რესურსებს, საგზაო ნიშნებსა და საგამოცდო ბილეთებს.
"თავის დროზე ინსტრუქტორის პოვნა ძალიან რთული აღმოჩნდა – ინფორმაცია მიმოფანტული იყო Facebook-ის ჯგუფებში, რეკომენდაციები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო, ხოლო რეალური გამოცდილების შეფასება თითქმის შეუძლებელი იყო. ასე გაჩნდა idrive.ge – პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველაფერს, რაც ადამიანს მართვის მოწმობის მისაღებად სჭირდება", – იხსენებს თამარ გაგნიაშვილი, idrive.ge-ს დამფუძნებელი Entrepreneur-თან ინტერვიუში.
პლატფორმის შექმნა ტრადიციულ და მეტწილად არაციფრულ სექტორში დიდ გამბედაობას მოითხოვდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ idrive.ge სოლოპრენერული პროექტია. თამარ გაგნიაშვილმა პლატფორმა დამოუკიდებლად, პარტნიორებისა და დამხმარე გუნდის გარეშე შექმნა და განავითარა.
ტექნიკური მხარის გამართვის მიღმა მთავარ გამოწვევად მომხმარებლისა და თავად ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იქცა. როდესაც ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი შემოგაქვს, აუცილებელია სამიზნე აუდიტორიას დაანახო მისი რეალური პრაქტიკული ღირებულება და შეუცვლელობა ყოველდღიურობაში.
"ყველაზე რთული თავად პროდუქტის შექმნა არ არის – ყველაზე რთულია, როდესაც ბაზარზე სრულიად ახალი იდეა შემოგაქვს, ადამიანებს დაანახო, რომ მათ ეს პროდუქტი ნამდვილად სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, ჩემი იდეის მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ რეალურ პრობლემას ვაგვარებ".
ბიზნესის მართვის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, ამიტომ დამფუძნებელს თითქმის ყველა პროცესის ნულიდან შესწავლამ მოუწია – როგორც ვებპლატფორმის ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით, ისე ბიზნესის განვითარებისა და პარტნიორული ქსელის ჩამოყალიბების კუთხით.
სტარტის ეტაპზე თამარი პირადად უკავშირდებოდა ავტოსკოლებსა და ინსტრუქტორებს, აცნობდა ციფრული პლატფორმის უპირატესობებს და მუშაობდა მათთვის ნდობის მოპოვებაზე. დაბრკოლებების მიმართ მედეგობა და პრობლემების, როგორც გადასაჭრელი ამოცანების აღქმა, აღმოჩნდა ის მთავარი ფაქტორი, რამაც idrive.ge-ს წინსვლა უზრუნველყო.
"ჩემთვის თითოეული სირთულე უბრალოდ ახალი ამოცანაა, რომელსაც დრო, შრომა და სწორი მიდგომა სჭირდება. სწორედ ასეთი დამოკიდებულება მეხმარება წინსვლაში", – გვიყვება თამარი.
idrive.ge-სთვის მთავარ მამოძრავებელ ძალასა და მოტივაციას მომხმარებლების პოზიტიური უკუკავშირი და მადლიერება წარმოადგენს. დამფუძნებლისთვის ეს არის დასტური იმისა, რომ სწორად გამოყენებულ ტექნოლოგიებს ადამიანების ყოველდღიური ყოფის ტრანსფორმაცია შეუძლია.
უახლოესი 1 წლის განმავლობაში კომპანიის მიზნები და ზოგადი ხედვა შემდეგ პრიორიტეტებს მოიცავს:
- ბაზრის სრული მოცვა: საქართველოში მოქმედი ყველა ავტოსკოლისა და ინსტრუქტორის ინტეგრირება ერთიან ციფრულ სივრცეში;
- პირველადი არჩევანის სტატუსი: პოზიციონირება, როგორც მთავარი და უალტერნატივო პლატფორმისა მართვის მოწმობის აღების მსურველთათვის;
- საერთაშორისო ექსპანსია: გრძელვადიან პერსპექტივაში idrive.ge-ს ტექნოლოგიური მოდელის ადაპტაცია გლობალური ბაზრებისთვის.
თამარ გაგნიაშვილს სურს, რომ საქართველოში შექმნილი ეს პროდუქტი გახდეს მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ლოკალურმა იდეამ დამოუკიდებელი შრომისა და სწორი ხედვის პირობებში საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი, სანდო და მასშტაბური პლატფორმის ფორმა მიიღოს.