როგორ ხედავს მომავალს ჯეფ ბეზოსი – AI ინდუსტრიის სხვა ლიდერების პროგნოზის საპირისპირო ხედვა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხელოვნური ინტელექტის სფეროს წამყვანი ფიგურები, მათ შორის Anthropic-ის ორი თანადამფუძნებელი, საზოგადოებას აფრთხილებენ, რომ AI-მა შესაძლოა სწრაფად ჩაანაცვლოს ადამიანური რესურსი და მასობრივი უმუშევრობა გამოიწვიოს. თუმცა, Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, სრულიად განსხვავებულ მომავალს ხატავს – სამყაროს, სადაც AI, პირიქით, სამუშაო ძალის დეფიციტს წარმოშობს.
ამ კვირის დასაწყისში, Fox News-ის წამყვან ბრეტ ბაიერთან ინტერვიუში, ბეზოსმა ივარაუდა, რომ AI-ით გამოწვეულმა პროდუქტიულობის ზრდამ შესაძლოა საბოლოოდ ოჯახური ცხოვრების ეკონომიკაც კი გარდაქმნას.
"აღარ იქნება იმის საჭიროება, რომ ოჯახს ორი შემოსავლის წყარო ჰქონდეს", – აღნიშნა ბეზოსმა. მისი პროგნოზით, დადგება მომავალი, სადაც ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ოჯახის უზრუნველსაყოფად ერთი ადამიანის ხელფასიც სრულიად საკმარისი გახდება.
სამუშაო კვირაში სამი დღე
ბეზოსის თქმით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ის დროც შეამციროს, რასაც ადამიანები არსებობის წყაროს მოსაპოვებლად ხარჯავენ. თუ ეს ტექნოლოგია პროდუქტიულობის იმ ზრდას უზრუნველყოფს, რასაც იგი ელის, დასაქმებულები იმდენ შემოსავალს მიიღებენ, რომ შეიძლება ტრადიციულ ხუთდღიან სამუშაო გრაფიკზე უარიც კი თქვან.
"ზოგიერთი ადამიანი გადაწყვეტს, რომ ოჯახის რჩენას კვირაში სამი დღის მუშაობითაც შესანიშნავად შეძლებს. სწორედ ეს არის ეკონომიკური პროდუქტიულობის არსი", – აღნიშნავს ის.
ბეზოსი ვარაუდობს, რომ AI-ით გამოწვეული პროდუქტიულობის ნახტომი მეტ ადამიანს მისცემს შრომის ბაზრიდან დროებით თუ სამუდამოდ დისტანცირების საშუალებას, რაც დამსაქმებლებს კადრების შედარებით მცირე არჩევანის ამარა დატოვებს.
"რეალურად, ხალხის დაქირავებაც კი გაჭირდება, რადგან ეკონომიკაში პროდუქტიულობა იმ დონემდე გაიზრდება, რომ თუ ადამიანს ორ ადგილას მუშაობა არ მოენდომება, მას ამის აუცილებლობაც აღარ ექნება", – განაცხადა მან.
ბეზოსი ერთადერთი არ არის, ვინც მიიჩნევს, რომ AI-ის წყალობით ადამიანები ნაკლებს იმუშავებენ.
JPMorgan Chase-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯემი დიმონმაც ივარაუდა, რომ ხელოვნური ინტელექტი მომავალ თაობებს სამუშაო პროცესისგან სულ უფრო მეტი თავისუფალი დროის გამოთავისუფლების საშუალებას მისცემს. 2023 წლის ოქტომბერში, Bloomberg TV-სთან ინტერვიუში, დიმონმა აღნიშნა, რომ დღევანდელ თაობას, "სავარაუდოდ, კვირაში მხოლოდ სამნახევარი დღე მოუწევს მუშაობა".
ილონ მასკმაც ანალოგიურად ოპტიმისტური ხედვა წარმოადგინა AI-ზე დაფუძნებულ ეკონომიკასთან დაკავშირებით. შარშან, აშშ-საუდის არაბეთის ინვესტიციების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, მასკმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი ფულს "აზრს დაუკარგავს". მისი თქმით, AI-ის განვითარებასთან ერთად, მუშაობა ნებაყოფლობით საქმიანობად გადაიქცევა ისევე, როგორც სპორტითა თუ ვიდეოთამაშებით დაკავებაა.
სხვა ლიდერების პესიმისტური ხედვები
იმ ფონზე, როდესაც ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო მეტ საოფისე საქმეს ითავსებს, ზოგიერთი ლიდერი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ კომპანიებმა ეს ტექნოლოგია სამუშაო კვირის შემცირების ნაცვლად, შესაძლოა შტატების შემცირებისთვის გამოიყენონ, რამაც, სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანი სამუშაოს გარეშე შეიძლება დატოვოს.
Anthropic-ის გენერალურმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ, 2025 წლის მაისში Axios-თან საუბრისას პირქუში პროგნოზი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ AI-ს შეუძლია 1-დან 5 წლამდე პერიოდში საწყისი დონის საოფისე პოზიციების ("თეთრი საყელოების") ნახევარი სრულიად გააუქმოს და აშშ-ში უმუშევრობის დონე 10%-დან 20%-მდე გაზარდოს.
ჯეფრი ჰინტონმა, პიონერმა მკვლევარმა, რომელსაც "ხელოვნური ინტელექტის ნათლიას" უწოდებენ, ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკური სარგებელი შესაძლოა დასაქმებულთა ინტერესების ხარჯზე იქნეს მიღწეული.
"რეალურად ის მოხდება, რომ მდიდარი ადამიანები AI-ს მუშახელის ჩასანაცვლებლად გამოიყენებენ. ეს გამოიწვევს მასობრივ უმუშევრობასა და მოგების კოლოსალურ ზრდას,, – განუცხადა მან Financial Times-ს 2025 წლის სექტემბერში.
Ford-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმაც ანალოგიური განგაში ატეხა 2025 წლის ივნისში, Aspen Ideas-ის ფესტივალზე:
"ხელოვნური ინტელექტი პირდაპირი მნიშვნელობით ჩაანაცვლებს აშშ-ში საოფისე სექტორში დასაქმებულთა ნახევარს".