როგორ ქმნის J&J Training Center პროფესიული ცოდნის ახალ სტანდარტს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როდესაც ბაზარზე ცოდნა ფრაგმენტულია, ხოლო პრაქტიკა კი ხშირად ბუნდოვანი, სწორედ იქ ჩნდება საჭიროება ახალი ტიპის პლატფორმისთვის. ნინა ჯულაყიძემ, სამშენებლო სამართლის იურისტმა და J&J Training Center-ის დამფუძნებელმა, ეს გამოწვევა შესაძლებლობად აქცია და შექმნა სივრცე, რომელიც პროფესიულ განათლებას მხოლოდ თეორიულ დონეზე არ ტოვებს. მისი მიზანია, სამართლის კომპლექსური საკითხები გადააქციოს გასაგებ, პრაქტიკულ და გამოყენებად ცოდნად - იქ, სადაც სწავლება რეალურ პროფესიულ დიალოგად და სისტემურ გამოცდილებად იქცევა.
ნინა ჯულაყიძის პროფესიული გზა უკავშირდება სამშენებლო სამართალს, სფეროს, რომელშიც აქტიურ პრაქტიკას 2018 წლიდან ეწევა. ეს არის სამართლის მიმართულება, სადაც ერთდროულად იყრის თავს ადმინისტრაციული სამართალი, უძრავი ქონების რეგულაციები, მერიის პრაქტიკა, კერძო სამართალი, სასამართლო მიდგომები და, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი ინტერპრეტაციებიც.
"სწორედ ამან დამანახა მთავარი პრობლემა, ბაზარზე არსებობდა არა მხოლოდ ცოდნის დეფიციტი, არამედ პრაქტიკის ფრაგმენტულობა და ბუნდოვანება
ყოველდღიური მუშაობის პროცესში ძალიან ხშირად მიჩნდებოდა კითხვები, რომლებზეც მხოლოდ თეორიული პასუხი საკმარისი არ იყო. საჭირო იყო ცოცხალი პროფესიული დიალოგი იმ ადამიანებს შორის, ვინც ამ სისტემას სხვადასხვა მხრიდან ხედავს. ამიტომაც 2021 წელს შევქმენი J&J Training Center სივრცე, სადაც მოსამართლეები, კერძო ადვოკატები და საჯარო სამსახურში დასაქმებული პროფესიონალები ერთ სამუშაო მაგიდასთან დასხდნენ სადისკუსიოდ, რათა არსებული პრაქტიკა უფრო ნათელი, თანმიმდევრული და გასაგები გამხდარიყო.
ჩემი მიზანი იყო ბაზარზე შემომეტანა არა უბრალოდ მორიგი ტრენინგ ცენტრი, არამედ ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც რეალურ პროფესიულ კითხვებზე გაძლევს პასუხს. ჩვენთვის სწავლება არ არის ინფორმაციის გადაცემა. ეს არის ცოდნის გამჭვირვალე სისტემად ქცევა, სადაც მსმენელი იღებს არა მხოლოდ თეორიას, არამედ ხედავს, როგორ მუშაობს სამართალი პრაქტიკაში", - ამბობს ნინა ჯულაყიძე.
მისი თქმით, 2021 წელს ტრენინგ ცენტრის შექმნა არ იყო მხოლოდ ბიზნესის დაწყება - ეს იყო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება იმ სფეროში, სადაც ხარისხი, ნდობა და რეპუტაცია გადამწყვეტია.
"როცა ქმნი სივრცეს, რომელიც პროფესიონალებს ცოდნას, პრაქტიკულ ანალიზსა და ხედვას უნდა სთავაზობდეს, ვეღარ იმალები ზოგადი დაპირებების უკან. ამ დროს შენს სახელთან არის დაკავშირებული ყველაფერი ვის მოიწვევ, რას ასწავლი, რა ხარისხს შექმნი, რამდენად სანდო იქნები. მით უფრო მაშინ, როცა თავადაც მოქმედი იურისტი ხარ. მინდოდა შემექმნა ტრენინგ ცენტრი, რომელიც მხოლოდ სახელით არ იქნებოდა პროფესიული, არამედ შინაარსით, სისტემითა და ხარისხის მართვის კულტურითაც. სწორედ ამ მიდგომის შედეგია, რომ დღეს J&J Training Center ამაყად ფლობს ISO 9001:2015 სტანდარტს და ჩვენ ვართ საქართველოში პირველი და ერთადერთი კერძო ტრენინგ ცენტრი სამართლის მიმართულებით, რომელსაც ეს საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტი აქვს. ეს ჩვენთვის მხოლოდ სტატუსი არ არის - ეს არის დადასტურება იმისა, რომ ხარისხი, პროცესების გამართული მართვა და მსმენელისთვის რეალური ღირებულების შექმნა ჩვენი საქმიანობის საფუძველია.
ამიტომაც, ჩემთვის ბიზნესის დაწყება თავიდანვე ნიშნავდა არა უბრალოდ სივრცის გახსნას, არამედ ისეთი ინსტიტუციის შექმნას, რომელსაც ექნებოდა პრინციპები, სისტემა და სტანდარტი. ეს გზა უფრო რთული იყო, მაგრამ სწორედ ამან მოგვცა ის იდენტობა, რომლითაც დღეს ნამდვილად ვამაყობთ", - აღნიშნავს ის.
ნინა ჯულაყიძე ამბობს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ნდობის დამკვიდრება იყო იმ ფორმატის მიმართ, რომელსაც თავიდანვე მაღალი სტანდარტი ჰქონდა. მისი თქმით, ერთ სივრცეში მოსამართლის, კერძო სექტორის წარმომადგენლისა და საჯარო უწყებაში დასაქმებული პროფესიონალის ყოლა მხოლოდ საორგანიზაციო საკითხი არ არის - ეს ნიშნავს ისეთი პლატფორმის შექმნას, სადაც თითოეული მათგანი დაინახავს აზრს, პროფესიულ სანდოობას და ხარისხს.
"საწყის ეტაპზე მარტივი არ იყო იმ იდეის რეალობად ქცევა, რომ პროფესიული დიალოგი შეიძლება იყოს არა ფრაგმენტული, არამედ სისტემური. თუმცა სწორედ ამაში ვხედავდი საჭიროებას. მე არ მინდოდა მხოლოდ ღონისძიებების ორგანიზება; მინდოდა პროფესიული აზროვნების კულტურის გაძლიერება.
მეორე დიდი გამოწვევა იყო დროისა და ენერგიის მართვა- როდესაც ერთდროულად აქტიურ იურიდიულ პრაქტიკას ეწევი და ამავდროულად აშენებ საგანმანათლებლო ბრენდს. ასეთ დროს ყოველდღიურად გიწევს არჩევანი ხარისხსა და მასშტაბს შორის. მე თავიდანვე ავირჩიე ხარისხი. ვფიქრობ, სწორედ ამ მიდგომამ მომცა შესაძლებლობა, სირთულეები არა დაბრკოლებად, არამედ ზრდის პროცესად მექცია", - ამბობს ის.
ნინა ჯულაყიძე აღნიშნავს, რომ პროფესიულ გზაზე მოუწია გენდერულ სტერეოტიპებთან შეჯახებაც. მისი თქმით, განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიც სამშენებლო სამართალია, სადაც პროფესიული სივრცე ხშირად ასოცირდება უფრო მკაცრ, ტექნიკურ და ტრადიციულად "მამაკაცურ" გარემოსთან, ასეთ რეალობაში ქალს ხშირად უწევს არა მხოლოდ პროფესიული ცოდნის, არამედ საკუთარი სიმყარის, თანმიმდევრულობისა და კომპეტენციის ხელახლა დამტკიცება.
"თუმცა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ყურადღება არასდროს გადამეტანა დაბრკოლებაზე და ორიენტირებული შედეგზე ვყოფილიყავი. ყოველთვის მჯეროდა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანს ამკვიდრებს არა სტერეოტიპებთან დაპირისპირების დეკლარაცია, არამედ პროფესიონალიზმი, შრომა და სანდო რეპუტაცია. მე ეს გზა ავირჩიე: მესაუბრა საქმით, ხარისხითა და შედეგით. ვფიქრობ, ქალისთვის ბიზნესში და სამართალში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პასუხი სწორედ ეს არის - იყოს იმდენად მომზადებული, იმდენად შრომისმოყვარე და იმდენად მკაფიო თავის საქმეში, რომ მის გარშემო არსებული სტერეოტიპები ძალას კარგავდეს", - ამბობს სამშენებლო სამართლის იურისტი.
ნინა ჯულაყიძისთვის დამოუკიდებელი ბიზნესის გზა ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებამდე მივიდა - იდეა მხოლოდ დასაწყისია. მისი თქმით, წარმატებას განსაზღვრავს არა მხოლოდ ხედვა, არამედ ყოველდღიური დისციპლინა, სტაბილურობა და ხარისხისადმი ერთგულება. სწორედ ამ პროცესში აღმოაჩინა, რომ ბიზნესი ადამიანს ერთდროულად სთხოვს იყოს სტრატეგიც, ლიდერიც და პასუხისმგებელი შემსრულებელიც.
მისი დაკვირვებით, დამწყები ანტრეპრენერებისთვის ყველაზე კრიტიკული არის ერთი მარტივი, მაგრამ არსებით კითხვაზე პასუხი - რას ქმნიან და რატომ უნდა ჰქონდეს ამას ფასი სხვებისთვის. თუ ეს პასუხი ბუნდოვანია, ბაზარიც ასეთივე გაურკვეველი რეაქციით პასუხობს. ამიტომ, ნინა ხაზს უსვამს, რომ ბიზნესის საფუძველი თავიდანვე ნდობის შენება უნდა იყოს და არა მხოლოდ სწრაფი გაყიდვების მიღწევა.
"რაც შეეხება ქალებსა და გოგონებს, რომლებიც საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფიქრობენ, მაგრამ თავს იკავებენ - მათ ვეტყოდი, რომ შიშის არარსებობა არ არის სიმამაცე. სიმამაცეა მაშინაც იმოქმედო, როცა ჯერ კიდევ ყველა პასუხი არ გაქვს. ხშირად ქალები საკუთარ თავს იმაზე მეტ კრიტერიუმს უყენებენ, ვიდრე გარემო სთხოვს. ელოდებიან იდეალურ მომენტს, სრულ მზადყოფნას, გარანტირებულ წარმატებას. რეალობაში კი ბიზნესი სწორედ პროცესში გასწავლის ყველაზე მნიშვნელოვანს. არ უნდა დაელოდონ იდეალურ დროს. უნდა დაიწყონ იქიდან, სადაც არიან, იმ რესურსით, რაც აქვთ, მაგრამ მაღალი სტანდარტით და დიდი პასუხისმგებლობით", - ამბობს ის.
ნინა ჯულაყიძის განმარტებით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ხედავს პრობლემას იქ, სადაც სხვები მხოლოდ მოცემულობას ხედავენ, და იღებს პასუხისმგებლობას ამ პრობლემის გადაწყვეტაზე.
"ანტრეპრენერობა ჩემთვის არ არის მხოლოდ კომპანიის ფლობა ან ფინანსური მოგების მიღება. ეს არის ხედვის ქონა, ინიციატივა, რისკის აღება და იდეის რეალურ, ღირებულ პროდუქტად ან სერვისად ქცევა. ნამდვილი ანტრეპრენერი ქმნის გავლენას თავის სფეროში, პროფესიულ კულტურაში, ადამიანების გადაწყვეტილებებში. იგი არ ელოდება, რომ ბაზარი შეიცვლება, თავად ხდება ცვლილების ერთ-ერთი წყარო", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
ნინა ჯულაყიძისთვის ყველაზე დიდი ინსპირაცია მოდის იმ პროცესიდან, როცა რთული და ერთი შეხედვით ბუნდოვანი საკითხი ადამიანისთვის გასაგები ხდება. განსაკუთრებით სამშენებლო სამართალში, რომელიც ხშირად კომპლექსურად აღიქმება, მისთვის მოტივაციის მთავარი წყაროა ცოდნის პრაქტიკულ სიცხადედ გარდაქმნა.
მას ასევე ამოძრავებს პროფესიული დიალოგი - სივრცე, სადაც განსხვავებული გამოცდილებისა და ხედვის მქონე ადამიანები ერთიანდებიან და უფრო გამჭვირვალე, გააზრებულ პრაქტიკას ქმნიან.
"რა თქმა უნდა, მაძლევს ინსპირაციას ზრდა - პიროვნული, პროფესიული და ინსტიტუციური. მე მიყვარს პროცესები, სადაც იდეა ნელ-ნელა ფორმას იღებს, ძლიერდება და საბოლოოდ იმაზე დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა", - აღნიშნავს ის,
ნინა ჯულაყიძის თქმით, კომპანიის განვითარების ხედვა ორ პარალელურ მიმართულებას აერთიანებს: ერთი მხრივ, ის გეგმავს კიდევ უფრო გააძლიეროს საკუთარი პოზიცია, როგორც სამშენებლო სამართლის პრაქტიკოსმა იურისტმა, ხოლო მეორე მხრივ - J&J Training Center ჩამოაყალიბოს როგორც მაღალი სტანდარტის პროფესიული განათლების მყარი პლატფორმა.
ამ ხედვის ფარგლებში, მაისში დაგეგმილია 24-საათიანი საავტორო კურსი "სამშენებლო სამართლის ABC", რომელიც რთულ სამართლებრივ საკითხებს სისტემურად და გასაგებ ენაზე მიაწვდის მონაწილეებს. პარალელურად, ცენტრი იწყებს ახალი ფორმატის "სალონურ შეხვედრებს სამართალზე" - პროფესიულ დისკუსიებს იურისტებსა და მოქმედ თუ ყოფილ მოსამართლეებს შორის, სადაც კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვა რეალურ აზრთა გაცვლად და პრაქტიკის გააზრებად იქცევა.
J&J Training Center-ისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მსმენელთა კარიერული განვითარების მხარდაჭერასაც. სწორედ ამიტომ, ცენტრი აქტიურად ერთვება კარიერულ ნაწილშიც. მსმენელებს გაუზიარებს იურიდიულ ვაკანსიებს, პროფესიულ შესაძლებლობებს და დააკავშირებს შესაბამის HR წარმომადგენლებთან. ამ მიმართულებით ჩვენი თანამშრომლობა ILARIA-სთან მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის. თანამშრომლობის ფარგლებში J&J Training Center ჩაერთვება ILARIA-ს HR გუნდის პროფესიულ დატრენინგებაში, ხოლო ILARIA-ს იურიდიული მიმართულების ვაკანსიები და კარიერული შესაძლებლობები ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მსმენელებისთვის.
"ზოგადად, ჩემი მიზანია, რომ J&J Training Center იყოს ადგილი, სადაც ადამიანები მოდიან არა მხოლოდ ცოდნის მისაღებად, არამედ პროფესიული ხედვის გასაძლიერებლად, ანალიტიკური აზროვნების გასავითარებლად და პრაქტიკის უკეთ გასაგებად. მინდა, რომ ჩემი საქმიანობა - როგორც იურისტის, ასევე მეწარმის უფრო მეტად უკავშირდებოდეს იმ სივრცეების შექმნას, სადაც ცოდნა რეალურ პროფესიულ ძალად იქცევა", - ამბობს ნინა ჯულაყიძე, J&J Training Center-ის დამფუძნებელი.