როგორ შექმნა ელენე მჭედლიშვილმა Legal Concept, რომელიც ადამიანებს სამართლებრივი სირთულეების მარტივად გადაწყვეტაში ეხმარება?
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში ვიკავებდი მენეჯერულ პოზიციას, როდესაც ჩემი საქმიანობის დამოუკიდებლად დაწყება გადავწყვიტე. ყველანაირი ლოგიკით იმავე ან სხვა, არანაკლებ წარმატებულ კომპანიაში უნდა გამეგრძელებინა პროფესიული განვითარება, თუმცა იდეა, რომ "ჩემი საქმე" უნდა წამომეწყო, არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას. ვგრძნობდი იმასაც, რომ ეს ზუსტად ახლა უნდა მეცადა, თუ არადა შემდეგ ყოველთვის ვინანებდი" - სწორედ ასე დაიწყო ელენე მჭედლიშვილის ანტრეპრენერული თავგადასავალი, როდესაც მან კომპანია Legal Concept დააფუძნა. Legal Concept აქტიურ იურიდიულ მომსახურებას უწევს როგორც ფიზიკურ, ისე - იურიდიულ პირებს და მისი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა, სამართლებრივი სფერო უფრო გასაგები გახადოს ფართო საზოგადოებისთვის.
როგორც Entrepreneur-თან საუბარში Legal Concept-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი აცხადებს, თავად იურისტის პროფესიის მიმართ უამრავი სტერეოტიპი არსებობს. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ იურიდიული სფერო საკმაოდ რთულად გასაგებია, იურისტები "სხვა ენაზე" საუბრობენ და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ იურიდიულ სფეროსთან გადაკვეთა, მაინც "გაურბიან" იურისტებს, რადგან მათთან ურთიერთობა რთულად ეჩვენებათ. სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, Legal Concept-მა მიზნად დაისახა, რომ მარტივად განმარტოს რთული იურიდიული ენა, რაც კანონს ხელმისაწვდომსა და პრაქტიკულს გახდის ადამიანებისთვის და ასევე, სამართლებრივი სფეროს სირთულეები და მისგან გამოწვეული გაურკვევლობა მოწესრიგებულ რეალობად აქციოს.
"რომ წარმოიდგინოთ, სამშენებლო კომპანია, ან გაყიდვების სფერო, სადაც ადამიანებმა თავისი საქმე კარგად იციან, მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, თუმცა ვერ ერკვევიან იურიდიულ სფეროში, არ იციან დოკუმენტების სწორად წარმოება, დაუხარისხებელი, ერთმანეთთან შინაარსით დაუკავშირებელი დოკუმენტები ერთად აქვთ თავმოყრილი და გახსენებაც კი უჭირთ, სად რას ინახავენ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რამხელა ქაოსია, რამხელა რისკია როგორც კომპანიის შიგნით, ისე სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას?
არანაკლებ მტკივნეულად იგრძნობა სამართლებრივად მძიმე შედეგები ფიზიკური პირის შემთხვევაშიც. მაგალითად, ავტომანქანით მიდის ადამიანი სახლისკენ, უცბად ეჯახება ძვირადღირებულ, დაზღვეულ ავტომანქანას, მას კი არავითარი სამართლებრივი ცოდნა არ აქვს იმისთვის, რომ დროულად მიღებული ღონისძიებებით შეიმციროს ასანაზღაურებელი ზიანი. ასეთ შემთხვევებში და მანამდეც, სანამ ეს ქაოსი შეიქმნება, გვინდა, რომ ადამიანებს "ლიგალ კონცეპტი" ახსენდებოდეთ", - განმარტავს ელენე მჭედლიშვილი.
Legal Concept-ზე მუშაობისას კომპანიის დამფუძნებლისთვის უმთავრესი გამოწვევა დროის სწორი მენეჯმენტი გახლდათ. ბალანსის შენარჩუნება სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის საკმაროდ რთული აღმოჩნდა. ასეთ დროს, ახლის შესწავლაც გსურს, მუშაობაც და პირადი ცხოვრებისთვის საკმარისი დროის გამოყოფაც, მაგრამ ხშირად იმაზე მეტი მუშაობა გიწევს, ვიდრე რომელიმე კომპანიაში მოგიწევდა, როგორც დასაქმებული. მუშაობ ნებისმიერ დროს - არასამუშაო საათებშიც და დასვენების დღეებშიც. "ზოგადად, ძალიან რთულია, კომფორტის ზონიდან გამოსვლა. როდესაც რადიკალურად უნდა შეცვალო შენი ყოველდღიურობა, მაშინ, როცა ბოლო ათი წლის მანძილზე მიჩვეული ხარ ფაქტობრივად ერთსა და იმავე რუტინას, განსაზღვრულ საათებში მუშაობას, სტაბილურ, საკმაოდ მაღალ შემოსავალს და უცბად ეს ყველაფერი 360 გრადუსით უნდა შეცვალო, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო შენი კარიერული განვითარება, დაწინაურების პერსპექტივა და სტაბილურობა, მერწმუნეთ, ეს ყველაფერი ნამდვილად მოითხოვს გაბედულებასა და სიმამაცეს", - აღნიშნავს რესპონდენტი.
რაც შეეხება სხვა გამოწვევებს, "მე ქალი ანტრეპრენერი ვარ" რუბრიკაში, ბუნებრივია, ვსაუბრობთ იმ წინააღმდეგობებზეც, რომელიც ჩვენს რეალობაში ქალ ანტრეპრენერებს ხვდებათ. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რუბრიკის გმირს ამ მიმართულებით გამოწვევები არ შეხვედრია, რაც მისი აღნიშვნით, იმ ქალების დამსახურებაა, რომლებიც წლების მანძილზე იბრძოდნენ სამართლის სფეროში გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად.
"სამწუხაროა, რომ ვცხოვრობთ იმ რეალობაში, სადაც ეს კითხვა ჯერ ისევ აქტუალურია. ალბათ, ქალების გარკვეული ნაწილიც ისევ გიპასუხებთ, რომ ყოველდღიურად უწევთ გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება, თუმცა მიხარია, რომ ჩემ შემთხვევაში "არა" უნდა გიპასუხოთ და სიხარულით გავაჟღერო, რომ მე პროფესიულ საქმიანობაში არ ვებრძვი გენდერულ სტერეოტიპებს. ეს, რა თქმა უნდა, იმ წარმატებული ქალი იურისტების დამსახურება და მიღწევაა, რომლებმაც ჩემამდე გაიარეს ეს გზა და დაამტკიცეს, რომ გენდერული სხვაობა არც ერთ პროფესიაში, მათ შორის, არც იურისტის საქმიანობაში არ არსებობს და დღეს უამრავი ქალი მახსენდება, რომელიც ძალიან წარმატებულია სამართლის სფეროში.
სანამ ამ გადაწყვეტილებას გავაჟღერებდი, მანამდეც და შემდეგაც კითხვები მქონდა საკუთარ თავთან, არ ვიცოდი, გაამართლებდა თუ არა ჩემი გადაწყვეტილება და რამდენად წარმატებული იქნებოდა ჩემი ეს გაბედული ნაბიჯი, თუმცა ყველა ეჭვი გაქრა, როდესაც მივხვდი, რომ ყველაზე დიდი წარმატება ჩემი თავისთვის ამ შანსის მიცემა იყო", - განმარტავს ელენე მჭედლიშვილი.
Legal Concept-ის დამფუძნებლისთვის ანტრეპრენერი ის თავის საქმეზე შეყვარებული და გულანთებული ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ საკუთარი შეუპოვრობით, სითამამითა და მიზანდასახულობით ყველა მწვერვალს დაიპყრობს. ანტრეპრენერი ყოვლისშემძლე არ არის - შეცდომებსაც უშვებს და წინააღმდეგობებსაც აწყდება, თუმცა ყოველ ჯერზე ის განაგრძობს მიზნისკენ სწრაფვას, არ ჩერდება და ცდილობს, ყოველი მცდელობისას უკეთ გამოუვიდეს. სწორედ ამიტომ, ის დაბრკოლებები, რაც ელენეს Legal Concept-ზე მუშაობისას შეხვდა, არ დარჩა დაუძლევლად. არამედ, თითოეული წინაღობა აღმოჩნდა გაკვეთილი, რომლითაც მმართველმა პარტნიორმა კომპანიის უფრო ეფექტურად მართვა ისწავლა.
"საკუთარი ბიზნესის დასაწყებად არ არის აუცილებელი, ზედმიწევნით ერკვეოდე ყველა იმ სფეროში, რაც ბიზნესის სამართავადაა საჭირო. საქმიანობის დამოუკიდებლად დაწყებამდე მეც მქონდა ეს გამოწვევა, ვფიქრობდი, გავართმევდი თუ არა თავს ანტრეპრენერობას ფინანსების, მარკეტინგის, ბუღალტერიის და ბევრი სხვა სფეროს ცოდნის გარეშე, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქა იძლევა იმ შესაძლებლობას, რომ თუნდაც უფასო ონლაინ კურსებით მიიღო საქმიანობის დამოუკიდებლად დასაწყებად საჭირო საბაზისო ინფორმაცია. ყველა ქალს, ვინც ახლა ორჭოფობს და არ იცის გადადგას თუ არა დამოუკიდებელი საქმიანობის დასაწყებად ნაბიჯი, ვურჩევდი, მოიკრიბოს ძალა და ირწმუნოს საკუთარი შესაძლებლობების. აუცილებლად იპოვი გზას წარმატებისკენ, თუკი გააცნობიერებ, რომ ყველაფერი შენს ხელშია. როგორც ამბობენ "ყველაფერი მიღწევადია, რაც კი ჩვენ გონებას შეუძლია წარმოიდგინოს", - აღნიშნავს ელენე მჭედლიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ Legal Concept სულ რამდენიმე თვეა მუშაობს, მის გუნდს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. კომპანიის გეგმაა, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, სამართლის სხვადასხვა დარგში წარმოშობილი სირთულეების გადაწყვეტა სწორედ Legal Concept-თან ასოცირდებოდეს და საზოგადოება კომპანიის სერვისებს იცნობდეს, როგორც იურიდიული პრობლემების თანამედროვე და ინოვაციურ გადაწყვეტასთან, სწორი გამოსავლის მოძებნასთან და რთულ იურიდიულ პროცესებში სწორი მიმართულების დასახვასთან.
"აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ საზოგადოებაში სამართლის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებაზე. ერთ-ერთი მკაფიო მიზანია ტრენინგების ცენტრის დამატება, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას (იურისტებს და არაიურისტებსაც) შევთავაზებთ სასწავლო ტრენინგებსა თუ საინტერესო თემებთან დაკავშირებულ სამუშო შეხვედრებს.
ამ განვითარების გზაზე კი უმნიშვნელოვანესია ინსპირაცია, რომელიც უდიდეს მოტივაციას მაძლევს, მივაღწიო დასახულ მიზნებს. ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან გვაქვს კომუნიკაცია, ვისმენთ მათ სამართლებრივ გამოწვევებს, ზოგს მხოლოდ კონსულტაცია, დაკვალიანება სჭირდება, ზოგს სამსახურიდან უსაფუძვლოდ ათავისუფლებენ და არ იცის როგორ დაიცვას თავისი უფლებები, ზოგს სადაზღვევო შემთხვევა აქვს და არ უნაზღაურებენ ზიანს, ზოგს - საოჯახო ტიპის დავა აქვს და არ იცის როგორ გადაწყვიტოს... როდესაც ამ ადამიანებს განვუსაზღვრავთ სამართლებრივად სამოქმედო სწორ გეგმას, ვათვითცნობიერებთ მათ უფლებებში და უკუკავშირის სახით ვგრძნობთ მათ მადლიერებას, ეს არის მთავარი მოტივაცია. ადამიანების დადებითი შეფასება არის ის, რაც გვაფიქრებინებს, რომ სწორი გზით მივდივართ და კარგ საქმეს ვემსახურებით", - აცხადებს Legal Concept-ის დამფუძნებელი.