როგორ ცვლის "ქრაში" გაცნობის კულტურას საქართველოში – AI-ზე დაფუძნებული ქართული აპლიკაცია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში დეითინგ კულტურა სწრაფად იცვლება – ტრადიციულ გაცნობას სულ უფრო ხშირად ციფრული პლატფორმები ანაცვლებს. თუმცა, ამ სფეროში მომხმარებლების მთავარი გამოწვევები კვლავ უცვლელია: უსაფრთხოება, ნდობა და რეალურად შესაბამისი ადამიანების პოვნა.

სწორედ ამ პრობლემების საპასუხოდ შეიქმნა "ქრაში"– ქართული, AI-ზე დაფუძნებული გაცნობის აპლიკაცია, რომელიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ კულტურულადაც ცდილობს დეითინგის ახალი სტანდარტის დამკვიდრებას. ოფიციალური გაშვებიდან რამდენიმე თვეში პლატფორმამ უკვე ათიათასობით მომხმარებელი მოიზიდა და საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიდა.

აპლიკაციის უკან დგას ახალგაზრდა ტექნოლოგიური გუნდი: დეველოპერი და ლექტორი ტიმ სარქისიანი, რომელიც "ქრაშის" აღმასრულებელი და ტექნიკური დირექტორია, ოპერაციული მენეჯერი ლალი ჩუბინიძე და UI/UX დიზაინერი ლიკა მაზიაშვილი.

იდეა და მისია რატომ შეიქმნა "ქრაში"?

აპლიკაციის აღმასრულებელი და ტექნიკური დირექტორი, ტიმ სარქისიანი ამბობს, რომ "ქრაში" გაცნობის ინოვაციური აპლიკაციაა, რომლის მიზანია სრულად შეცვალოს წარმოდგენა და დაამსხვრიოს დამკვიდრებული სტერეოტიპები დეითინგზე. მისი თქმით, გაცნობის სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, "ქრაში" სრულად მორგებულია ქართულ კულტურაზე, აქვს ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი, ხოლო აპლიკაცია გამოირჩევა მეგობრული გარემოთი.

"აპლიკაციის იდეაზე გუნდმა ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. პლატფორმის ტექნიკური ნაწილის დაწყებამდე რამდენიმე თვე ვსწავლობდით ბაზარს, ვატარებდით გამოკითხვებს და აღმოვაჩინეთ ის რიგი პრობლემები, რომლებიც არსებულ დეითინგ აპლიკაციებს აქვთ. მთავარი იდეა იყო სრულად ქართული, მასშტაბური და სასიამოვნო ციფრული გარემოს შექმნა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლებოდა მეგობრის თუ მეორე ნახევრის უსაფრთხოდ და მარტივად გაცნობა", – ამბობს ტიმ სარქისიანი.

სწრაფი ზრდა და პოპულარობის მიზეზი

ტიმ სარქისიანი მიიჩნევს, რომ "ქრაშის" ასეთი სწრაფი ზრდა სწორედ გუნდისა და სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა. მისი თქმით, გუნდმა შექმნა ძლიერი ბრენდინგი, დასამახსოვრებელი დიზაინი და ორგანული მარკეტინგი.

"როდესაც პროდუქტი რეალურად მუშაობს, მომხმარებლები თავად ხდებიან მისი მთავარი გამავრცელებლები. "ქრაშის" სოციალურ ქსელებში აქტიურად ჩართულია მთელი ჩვენი გუნდი, რაც, ცხადია, მეტ ნდობასა და დაფასებას იწვევს", – აღნიშნავს ის.

ამჟამად პლატფორმას საქართველოში დაახლოებით 50 000 მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაციას მომხმარებლები ჰყავს მსოფლიოს 24 ქვეყანაშიც, რომელთა უმეტესობასაც ქართველი ემიგრანტები შეადგენენ.

"ქრაშის" აუდიტორია საკმაოდ ფართოა. აპლიკაცია მაქსიმალურად მორგებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებლებზე. ძირითადად 18-45 წლის მომხმარებლები გვყავს, თუმცა აპლიკაცია საკმაოდ პოპულარულია 45-50 წლის მომხმარებლებშიც", – ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

AI ალგორითმი და პერსონალიზაცია

ტიმ სარქისიანი ამბობს, რომ დღეს "ქრაში" მსოფლიოში ტექნიკურად ყველაზე კომპლექსური დეითინგ აპლიკაციაა. მათ მიერ შექმნილი ალგორითმი CRUSHYCO აანალიზებს მომხმარებელთა ქცევას, ხასიათს, ინტერესებს და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე სთავაზობს შესაბამის პროფილებს.

"ჩვენი ალგორითმი მუდმივად სწავლობს და ვითარდება. რაც უფრო აქტიურია მომხმარებელი, მით უფრო ზუსტდება მისთვის ალგორითმი. ჩვენი მიზანი არა რაოდენობა, არამედ მეჩების ხარისხია. "ქრაშის" ალგორითმს სულ რამდენიმე საათში სრულყოფილად შეუძლია მომხმარებლის პორტრეტის შექმნა.

შევქმენით მსოფლიოში პირველი დეითინგ AI – "ქრაში GPT", რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა საკითხში ეხმარება, მათ შორის პროფილის შევსებასა და ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში. "ქრაში GPT" მომხმარებლის პერსონალური, კონფიდენციალური ასისტენტია, რომელიც მათ არ განსჯის და ნებისმიერ დროს დაუდგება გვერდში", – აღნიშნავს ის.

მომხმარებლის გამოცდილება და უსაფრთხოება

მომხმარებლის გამოცდილება ანუ UX, "ქრაშის" ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო აპლიკაციის შექმნის პროცესში. ტიმ სარქისიანის თქმით, აპლიკაცია შექმნილია მინიმალისტურ, თანამედროვე სტილში, რაც გამოუცდელ მომხმარებელსაც კი უმარტივებს მის გამოყენებას.

"ქრაში" ზრუნავს მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებაზე. ძირითადი ინფორმაცია, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემები, მუშავდება და ინახება თბილისსა და ჰელსინკიში, აპლიკაციის სერვერებსა და მონაცემთა ცენტრებში. ქრაში არ უზიარებს ინფორმაციას არც ერთ გარე ვენდორსა თუ კომპანიას. შემუშავებული გვაქვს კომპლექსური სამოქმედო პროტოკოლები, მათ შორის კიბერშეტევებისა და გლობალური შეფერხებების პრევენციის მიზნით. გვაქვს სარეზერვო სერვერებიც თბილისში, რომლებიც აპლიკაციის შეუფერხებელ ფუნქციონირებას საგანგებო სიტუაციებშიც კი უზრუნველყოფენ".

ტიმ სარქისიანი ასევე აღნიშნავს, რომ "ქრაში" სრულად შეესაბამება ინფორმაციული უსაფრთხოების ევროკავშირის კანონს (GDPR-ს), რომელიც იცავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს. საუკეთესო შესაბამისობისა და უსაფრთხოებისთვის გამჭვირვალედ გროვდება და მუშავდება ამისთვის მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია.

ტექნოლოგია, ეკოლოგია და ინოვაცია

აღსანიშნავია, რომ პლატფორმა ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე მუშაობს, ვინაიდან ტექნოლოგიური პროდუქტების ზრდასთან ერთად იზრდება მათი გარემოზე გავლენაც, უარყოფითად აისახება გლობალურ და რეგიონულ ეკოლოგიაზე.

"გვსურს, რომ "ქრაში" იყოს არა მხოლოდ ინოვაციური, არამედ მაქსიმალურად ეკოლოგიური პლატფორმა, რაშიც ჩვენი გერმანული კონტრაქტორი კომპანია გვეხმარება", – ამბობს პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი.

ტიმ სარქისიანის თქმით, "ქრაშს" გამოარჩევს ის ფაქტორიც, რომ პლატფორმა მიკროსერვისულ არქიტექტურაზეა დაფუძნებული – კოდების ბაზა პროგრამირების 9 ენას ითვლის და მაქსიმალურად არის ოპტიმიზებული ყველა მოწყობილობაზე. აპლიკაცია "ქრაშის" გუნდის წევრების მიერ ნულიდან დაიწერა საქართველოში.

გამოწვევები, უკუკავშირი და სამომავლო ხედვა

"ჩვენი წარმატების გზაზე ერთ-ერთი გარდამტეხი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, როდესაც წყვილმა, რომელმაც ერთმანეთი "ქრაშის" მეშვეობით გაიცნო, მოგვწერა, უამრავი მადლობა გადაგვიხადა და ქორწილში გადაღებული ფოტოსურათებიც გამოგვიგზავნა. სწორედ ამან უფრო დიდი მოტივაცია მოგვცა და მაშინ მივხვდით, რომ მართლაც ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ", – ამბობს ტიმ სარქისიანი.

მისი თქმით, თავდაპირველად მსგავსი მასშტაბური პროექტის განვითარება ინვესტიციების გარეშე საკმაოდ რთული იყო. თუმცა გუნდმა ფოკუსი რესურსებისა და ფინანსების სწორ განაწილებაზე გააკეთა. საწყის ეტაპზე პლატფორმაზე მხოლოდ სამეგობრო წრე მუშაობდა, ვინაიდან იდეის სჯეროდათ და საერთო ინტერესები ამოძრავებდათ.

"ყველაზე დიდი გამოწვევა მომხმარებელთა ნდობის მოპოვება იყო. სწორედ გამჭვირვალობით, პოზიტივით, მეგობრულობით, სასიამოვნო დიზაინითა და რეალური გამოცდილებით საბოლოოდ მოვიპოვეთ მომხმარებელთა ნდობა და ინტერესი".

სამომავლოდ გუნდი გეგმავს, რომ "ქრაში" გლობალური დეითინგ აპლიკაცია გახდეს, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობენ. ასევე, ისინი ალგორითმის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზეც მუშაობენ, ხოლო ივნისში იგეგმება მსოფლიოში პირველი დეითინგ ბარათის (როგორც ციფრულის, ისე ფიზიკურის) გამოშვება, რომლითაც ქრაშერები მიიღებენ ფასდაკლებებსა და შეთავაზებებს "ქრაშის" პარტნიორ ობიექტებში, სადაც მარტივად დაადასტურებენ ასაკსაც.

"ქრაშს" აქვს პოტენციალი, გახდეს ახალი სტანდარტი დეითინგ ინდუსტრიაში, უფრო ჭკვიანი, უფრო ადამიანური და უფრო ეფექტური. ჩვენი მიზანია გლობალური, თუმცა, მაინც ქართული პლატფორმის შექმნა, რომელიც თითოეულ ქრაშერს მეორე ნახევრის პოვნაში დაეხმარება და მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის", – ამბობს ტიმ სარქისიანი, "ქრაშის" აღმასრულებელი და ტექნიკური დირექტორი.