როგორ ვიფიქროთ ლეონარდო და ვინჩივით?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლეონარდო და ვინჩი – რენესანსის ეპოქის უნიკალური გენიოსი ხელოვნებაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში. ის დღემდე რჩება ინოვაციების სიმბოლოდ, ვინც დროს უსწრებდა. მაგალითისთვის მხოლოდ ისიც კმარა, რომ ნიუტონამდე 200 წლით ადრე გრავიტაციის თეორიის ლოგიკა აღმოაჩინა...

"მონა ლიზას" და "საიდუმლო სერობის" ავტორისთვის მხოლოდ ეს ორი შედევრიც საკმარისი იქნებოდა მისი გენიის აღიარებისა და მისი სახელის უკვდავებისთვის, მაგრამ ლეონარდოს უნიკალურობაც სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მისი ინტერესი მხოლოდ ხელოვნებით არ შემოიფარგლებოდა.

ლეონარდო ერთდროულად იყო მხატვარიც და გამომგონებელიც, მეცნიერიც და მოაზროვნეც. სწავლობდა ადამიანის ანატომიას, ბუნებას, მექანიკას, ფრენის პრინციპებს. აკვირდებოდა ყველაფერს და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანი იყო.

How to Think Like Leonardo da Vinci – კრეატიულ აზროვნებასა და ინოვაციურ ლიდერობაში აღიარებული ავტორის, მაიკლ ჯელბის წიგნია, რომელიც ცდილობს ახსნას, რა ხდიდა ლეონარდო და ვინჩის უნიკალურ გენიოსად და როგორ უნდა შეძლოთ, თქვენც დაეუფლოთ ისეთ ცხოვრების შემცვლელ უნარებს, როგორიცაა: პრობლემის გადაჭრა, შემოქმედებითი აზროვნება, თვითგამოხატვა, გარე სამყაროთი ტკბობა, მიზნების დასახვა და ცხოვრების ბალანსი, სხეულისა და გონების ჰარმონიზება.

თანამედროვე ანტრეპრენერებსა და ლიდერებს ყოველდღიურად უწევთ გაურკვევლობაში მუშაობა, ახალი იდეების გენერირება, სწრაფი ადაპტაცია და რთული პრობლემების გადაჭრა. სწორედ ამაშია ლეონარდოს აზროვნების 7 პრინციპის ღირებულება და უნიკალურობა:

1. Curiosità უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა

ლეონარდო მუდმივად სვამდა კითხვებს: რატომ? როგორ? რა მოხდება თუ..? მისთვის სწავლა და შემეცნება არასოდეს სრულდებოდა.

თანამედროვე ბიზნესსა და ზოგადად ცხოვრებაში ყველაზე საშიში ის მდგომარეობაა, როცა ადამიანი იჯერებს, რომ მან ყველაფერი იცის.

წარმატებული ანტრეპრენერები მუდმივად იკვლევენ მომხმარებლის ქცევას, ახალ ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს, ბაზრის ცვლილებებს, კონკურენტების სტრატეგიებს.

ინოვაციას სწორედ ცნობისმოყვარეობა ქმნის. ცოდნის, განვითარებისა და აღმოჩენების მთავარი ძალა სწორედ გაცხოველებული ინტერესია. ამიტომ მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს, სვამთ თუ არა სწორ კითხვებს და ხართ თუ არა საკმარისად ცნობისმოყვარე?

2. Dimostrazione – გამოცდილებით სწავლა

ლეონარდო არ ენდობოდა მხოლოდ თეორიას და ყველაფერს პრაქტიკაში ამოწმებდა.

ბიზნესში ეს შეიძლება ნიშნავდეს პროდუქტის ტესტირებას და ექსპერიმენტებს. ანტრეპრენერი, რომელიც მხოლოდ იდეებით ცხოვრობს და არაფერს ამოწმებს რეალურ ბაზარზე, ხშირად კარგავს დროსა და რესურსებს.

თანამედროვე სტარტაპ კულტურის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი "Build → Measure → Learn" – ძალიან ჰგავს ლეონარდოს მიდგომას.

ლეონარდო ჭეშმარიტების ძიებაში ყოველთვის სვამდა კითხვებს და ბრმად არაფერს ენდობოდა. მისთვის სწავლა და განვითარება პრაქტიკული გამოცდილებით ანუ შეცდომებზე სწავლით იწყებოდა. ამიტომ მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეგიძლიათ განავითაროთ უნარი, ისწავლოთ საკუთარი შეცდომებისა და გამოცდილებისგან?

3. Sensazione – დაკვირვების უნარი

ლეონარდო განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებოდა დეტალებს: ბუნებას, ადამიანებს, მოძრაობას, ფორმებს.

კარგი ანტრეპრენერიც ხედავს იმას, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ: მომხმარებლის რეალურ პრობლემებს, ბაზრის დაუკმაყოფილებელ საჭიროებებს, მცირე ცვლილებებს, რომლებიც მომავალში დიდ ტრენდებად იქცევა.

ხშირად დიდი შესაძლებლობები სწორედ დაკვირვებიდან იწყება. ლეონარდოს სჯეროდა, რომ აღქმის უნარის დახვეწა, გრძნობების გამძაფრება ცხოვრებას უფრო მდიდარს და საინტერესოს ხდის. ამიტომ მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეგიძლიათ უფრო მკაფიო გახადოთ სამყაროს თქვენეული აღქმები?

4. Sfumato – გაურკვევლობასთან კომფორტი

ლეონარდო არ ცდილობდა ყველაფრის სწრაფად და მარტივად ახსნას. ის სვამდა კითხვებს და ეძებდა პასუხებს. მისთვის უცხო არ იყო კონტრარგუმენტის გათვალისწინება და აზრის ცვლილება.

ის მშვიდად და კომფორტულად ცხოვრობდა გაურკვევლობასა და ბუნდოვანებასთან, რაშიც მას ბავშვური ცნობისმოყვარეობა ეხმარებოდა.

სტარტაპ სამყაროში ანტრეპრენერობაც ხომ მუდმივი გაურკვევლობაა: არავინ იცის ზუსტად რა იმუშავებს და რა – არა, ბაზარი სწრაფად იცვლება, იდეები ხშირად ვერ ამართლებს.

წარმატებული მეწარმეები კი არ უფრთხიან უცნობ და ბუნდოვან სიტუაციებს. ისინი მათში შესაძლებლობას ხედავენ. ასე იყო ლეონარდოც. ამიტომ მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეგიძლიათ გააძლიეროთ ცნობისმოყვარეობა და ბუნდოვანებასთან შემოქმედებითი მიდგომის, ცხოვრებისეული პარადოქსების მიმღებლობის უნარი?

5. Arte/Scienza – ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანება

ლეონარდო ერთდროულად იყო მხატვარიც, ინჟინერიც, მეცნიერიც, მოაზროვნეც, გამომგონებელიც.

დღეს წარმატებისთვის მხოლოდ ტექნიკური ცოდნა აღარ კმარა. საჭიროა მეცნიერებისა და ხელოვნების, ლოგიკისა და წარმოსახვის ბალანსის განვითარება.

საჭიროა კრეატიულობა, დიზაინის აზროვნება, ემოციური ინტელექტი, შემოქმედებით მიდგომა, ტექნოლოგიური ხედვა.

საუკეთესო პროდუქტები იქმნება მაშინ, როცა ტექნოლოგია და ადამიანური გამოცდილება ერთმანეთს ერწყმის. ამიტომ მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს, ახერხებთ მეცნიერებისა და ხელოვნების დაბალანსებას როგორც საქმეში, ისე ცხოვრებაში?

6. Corporalità – ენერგია და დისციპლინა

ლეონარდო დიდ ყურადღებას აქცევდა სხეულისა და გონების ბალანსს.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი ანტრეპრენერისთვის? დაღლილი, გადამწვარი ადამიანი ნაკლებად კრეატიულია, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, სწრაფად კარგავს მოტივაციას.

ფიზიკური და მენტალური ენერგიის მართვა პირდაპირ უკავშირდება ლიდერობას. ამიტომ არის საჭირო ფიზიკური ფორმისა და შინაგანი წონასწორობის განვითარება პრინციპით "ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია". ამიტომ მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეძლებთ სხეულისა და გონების ბალანსის შენარჩუნებას?

7. Connessione – ყველაფრის ურთიერთკავშირი

ლეონარდო სამყაროს ერთ მთლიანობად აღიქვამდა, საგნებისა და მოვლენების ურთიერთკავშირს ეძებდა და სისტემურად აზროვნებდა.

დღეს ყველაზე დიდი ინოვაციები სხვადასხვა სფეროს გადაკვეთაზე ჩნდება: AI + მედიცინა, დიზაინი + ტექნოლოგია, ფსიქოლოგია + მარკეტინგი, განათლება + გეიმინგი.

ანტრეპრენერს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა სფეროს ერთმანეთთან დაკავშირება, უფრო დიდი შანსი აქვს შექმნას უნიკალური პროდუქტი. ამიტომ მუდმივად ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეგიძლიათ განავითაროთ ყველაფრის ურთიერთკავშირის აღმოჩენის უნარი?

რა შეიძლება ისწავლონ თანამედროვე ანტრეპრენერებმა ლეონარდო და ვინჩისგან?

ლეონარდოს აზროვნება გვასწავლის, რომ წარმატება მხოლოდ ცოდნა და ინტელექტი არ არის. ის არის ცნობისმოყვარეობა, დაკვირვება, ექსპერიმენტი, კრეატიულობა, დისციპლინა, გაურკვევლობის მიმღებლობა, მუდმივი ცვლილება.

თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგია სწრაფად იცვლება, სწორედ ასეთი მოქნილი და მრავალმხრივი, სისტემური აზროვნება ხდება მთავარი კონკურენტული უპირატესობა.

ლეონარდო და ვინჩი არ ფიქრობდა ვიწრო სპეციალისტივით. ის ფიქრობდა როგორც ადამიანი, რომელიც ცდილობს სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმას.

და სწორედ ეს უნარი შეიძლება გახდეს თანამედროვე ანტრეპრენერის წარმატების ძლიერი ინსტრუმენტი.

იფიქრეთ თქვენც – ლეონარდო და ვინჩივით...

და აღმოაჩინეთ თქვენი უსაზღვრო შესაძლებლობები.

მადლობა, ლეონარდო!

გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge