როგორ ვითარდება "კრაკენი" ციფრული მარკეტინგის ბაზარზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ციფრული მარკეტინგის სფერო სწრაფად ვითარდება, შესაბამისად, იცვლება სააგენტოების როლიც. თუ წლების წინ ბრენდებისთვის მთავარი ვიზუალური კომუნიკაცია იყო, დღეს ბიზნესისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შედეგებს, მონაცემებსა და სწორ აუდიტორიასთან მიღწევას ენიჭება.
სწორედ ამ ცვლილებების ფონზე განაგრძობს განვითარებას მარკეტინგული სააგენტო "კრაკენი", რომელიც დღეს ბიზნესებს მარკეტინგული მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, ბრენდის შექმნიდან და სტრატეგიის შემუშავებიდან დაწყებული, ციფრული მარკეტინგითა და ყოველდღიური მენეჯმენტით დასრულებული.
"კრაკენის" თანადამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კონტუაძე ამბობს, რომ კომპანიის განვითარების მთავარი მიმართულება არა სერვისების რადიკალური ცვლილება, არამედ იმ ინსტრუმენტებზე ფოკუსირებაა, რომლებიც ბიზნესს ყველაზე სწრაფ და ხელშესახებ შედეგს აძლევს.
"სერვისების მიმართულებით ძირეული ცვლილებები არ გვქონია. უფრო მეტად აქცენტებს ვაკეთებთ იმ სერვისებზე, რომლებიც ყველაზე თვალსაჩინო შედეგებს იძლევა და ბრენდებს საშუალებას აძლევს, ჩვენთან თანამშრომლობის დაწყებიდან მალევე გააანალიზონ მიღებული შედეგები და მონაცემები. ჩვენი წამყვანი მიმართულება ციფრული მარკეტინგია".
მისივე თქმით, თანამედროვე მარკეტინგში უკვე აღარ არის საკმარისი მხოლოდ ხარისხიანი ვიზუალური მასალის შექმნა. გაცილებით მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს ეს კონტენტი ბიზნესისთვის და რა გავლენას ახდენს მის მიზნებზე.
"დღეს ბრენდებისთვის მთავარი აღარ არის მხოლოდ ვიზუალურად გამორჩეული პოსტები და მაღალი ხარისხის ვიდეოები. გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინ ხედავს ამ კონტენტს, როგორ აისახება თითოეული კომუნიკაცია ბრენდზე და რამდენად სრულდება ის მიზნები, რომლებიც ბიზნესს აქვს დასახული".
კომპანიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მომხმარებლისთვის სრული მომსახურების შეთავაზებაა. გიორგის განმარტებით, "კრაკენში" მისულ კომპანიას შეუძლია ყველა საჭირო მარკეტინგული სერვისი ერთ სივრცეში მიიღოს.
ეს მოიცავს კომპანიის სახელის შექმნას, ბრენდის სტრატეგიის შემუშავებას, ვიზუალური იდენტობისა და ბრენდინგის განვითარებას, მარკეტინგულ მომსახურებებს, ციფრულ მარკეტინგსა და ყოველდღიურ მარკეტინგულ მენეჯმენტს. სააგენტოს მიზანია, პარტნიორებს ბრენდის განვითარებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთიანი ეკოსისტემის ფარგლებში შესთავაზოს.
"კრაკენის" პორტფელში მნიშვნელოვანი ადგილი სამშენებლო სექტორს უკავია. როგორც გიორგი კონტუაძე აღნიშნავს, სწორედ ამ მიმართულებით არის სააგენტო განსაკუთრებით ცნობილი მიღწეული შედეგებით, რასაც ძლიერი ციფრული მარკეტინგის გუნდი და მრავალწლიანი გამოცდილება განაპირობებს.
თუმცა, მისი თქმით, სააგენტო მხოლოდ ერთ ინდუსტრიაზე არ არის ორიენტირებული.
"არ არსებობს კონკრეტული ინდუსტრია, რომელთანაც "კრაკენს" არ უმუშავია. ჩვენთვის მთავარია სწორად გავიგოთ ბრენდის საჭიროებები, დავეხმაროთ მათ ჩამოყალიბებაში და შემდეგ თანმიმდევრულად ვიმუშაოთ საერთო მიზნების მისაღწევად".
თანამედროვე მარკეტინგის განვითარებაზე საუბრისას გიორგი განსაკუთრებულ ყურადღებას ხელოვნურ ინტელექტს უთმობს. მისი შეფასებით, AI უკვე სააგენტოების ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, პარტნიორების საჭიროებები უფრო სწრაფად და ზუსტად გააანალიზონ.
"შესაძლოა, ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დღეს AI ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტია. ის სააგენტოებს ეხმარება, პარტნიორებთან ურთიერთობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახადონ, უკეთ გაიაზრონ მათი საჭიროებები და შესთავაზონ შესაბამისი გადაწყვეტილებები".
მისივე განმარტებით, თითოეული ინდუსტრია ინდივიდუალურ მიდგომასა და ანალიზს საჭიროებს, ამიტომ გუნდი მუდმივად მზად არის, თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების პირობებში პარტნიორებს პროფესიული მხარდაჭერა გაუწიოს.
"ჩვენი მიზანია შედეგებზე დაფუძნებული ურთიერთობების შექმნა, რადგან საბოლოოდ სწორედ შედეგებით ფასდება ნებისმიერი თანამშრომლობა".
გიორგი მიიჩნევს, რომ სააგენტოს მთავარი ღირებულება მრავალწლიანი გამოცდილება, სხვადასხვა სექტორში მუშაობის პრაქტიკა და პარტნიორების ბიზნესის მიმართ ისეთივე პასუხისმგებლობაა, როგორიც შიდა მარკეტინგულ გუნდს უნდა ჰქონდეს.
"ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, თითოეულ პროექტს ისე მივუდგეთ, თითქოს იმ ბრენდის შიდა მარკეტინგული გუნდის ნაწილი ვიყოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გვტკიოდეს თითოეული არასწორი გადაწყვეტილება ისე, როგორც ჩვენს პარტნიორს, და მასთან ერთად გვიხაროდეს თითოეული წარმატება. სწორედ ამიტომ "კრაკენი" ყოველთვის იყო და იქნება ურთიერთობებზე ორიენტირებული კომპანია".
მისი თქმით, წარმატებული პარტნიორობის საფუძველი პროფესიონალიზმთან ერთად გულწრფელობა, ნდობა და თანმიმდევრულობაც არის.
"ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებული ბიზნესპარტნიორობის საფუძველი გულწრფელობა, ნდობა და თანმიმდევრულობაა. ამ პრინციპებს აუცილებლად მოჰყვება შედეგიც. საბოლოო საზომი ყოველთვის მიღწეული შედეგებია, ეს არის ჩვენი მთავარი დაპირება, რის გამოც ჩვენს დამკვეთებთან პარტნიორობა წლების განმავლობაში გრძელდება".