Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ დრო და ენერგია გონივრულად "ან შენ მართავ დღეს, ან დღე გმართავს შენ"- ჯიმ რონი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დღევანდელ აჩქარებულ ცხოვრების რიტმში, ერთი შეხედვით, რთულად წარმოსადგენია როგორ შეიძლება მოვასწროთ ბევრი საქმის კეთება აუღელვებლად, ნაყოფიერად და თანაც ხალისით. ერთერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი ადამიანი გადაღლილობას, გამოფიტვას, უძილობას და შინაგან ფორიაქს უჩივის, არის არასწორად დაგეგმილი საქმეები ან/და ფუჭად დახარჯული დრო.

ისიც უნდა ითქვას, რომ მზარდი სამუშაო მოთხოვნის პასუხად უმრავლესობა შესაძლებლობის ამოწურვამდე მუშაობს, თითქმის არ ისვენებს, რაც ნეგატიურად აისახება ერთი მხრივ, ჯანმრთელობაზე და მეორე მხრივ, შესრულების ხარისხზე.

პროდუქტიულობას საგრძნობლად ასუსტებს რამდენიმე ამოცანაზე ერთდროული ფიქრი, ელ-ფოსტასა თუ სატელეფონო ზარებზე მუდმივი მიჯაჭვულობა, ერთი საკითხიდან მეორეზე სწრაფი გადახტომა. ასეთ პირობებში ბუნებრივად მცირდება კონცენტრირების უნარი, ფიზიკური და გონებრივი ენერგია, მატულობს შფოთი, დაძაბულობა და სტრესული მდგომარეობა.

ეს ზოგჯერ ჩვენივე დაუდევრობით გვემართება ან შესაძლოა ვიყოთ გარშემო მყოფთა მსხვერპლი. მსგავსი სიმპტომებისგან თავდაცვის უებარი საშუალებაა შევცვალოთ ცხოვრების წესი, ვისწავლოთ ბალანსის დაცვა და დროის რაციონალურად განკარგვა.

პირველი ნაბიჯი, რაც დროის სწორ მართვაში დაგვეხმარება, არის გავიგოთ, დღის რომელ მონაკვეთში, კვირის რომელ დღეს ვგრძნობთ ენერგიულობას, დავაკვირდეთ საკუთარ თავს, რა დროს, რისი კეთება გამოგვდის უკეთ. ამის მიხედვით მოვარგოთ გასაკეთებელ საქმეთა სია დასაგეგმ პერიოდებს.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჩვენი ბიოლოგიური საათის თუ ყოველდღიურ ჩვევად ქცეული რუტინის მიუხედავად, უმჯობესია რთულ ამოცანებს დღის პირველი ნახევარი დავუთმოთ, შუადღისას უფრო მსუბუქ საქმეებზე გადავერთოთ. საღამო ხანს კი გაკეთებული საქმეები შევაჯამოთ. ეს მოდელი ყოველთვის, ყველასთვის ასე ცალსახად გამოსაყენებელი ვერ იქნება. მაგ., თუ თქვენ მუშაობთ და საღამოობით თან სწავლობთ ან ასწავლით, სხვა თარგის გამოჭრა მოგიწევთ, თუმცა მთავარი პრინციპი მაინც იგივე რჩება, გადავანაწილოთ დრო და საქმე პრიორიტეტების, ენერგიულობისა და მასშტაბურობის მიხედვით.

ასე მივადექით მთავარი თემის საკვანძო საკითხს: გავეცნოთ რამდენიმე ტექნიკას და ჩვენთვის შესაფერისი მიდგომების შერჩევით გავიმყაროთ თანამიმდევრულობა, კონცენტრირება, პასუხისმგებლიანობა და თვითდისციპლინა.

ერთერთი შედეგიანი მიდგომაა დროის ბლოკებად დაყოფის ტექნიკა - ელონ მასკის ცნობილი 5 წთ-ის წესი. სტრატეგია გულისხმობს სამუშაო დღის დაყოფას მკაფიოდ განსაზღვრულ ბლოკებად, რომელთაგან თვითეული თითო კონკრეტული ამოცანის გულდასმით შესრულებას ეთმობა. დილაობით, საქმის დაწყებამდე 4 წთ გამოვყოთ წინასწარ დაგეგმილი განრიგის გადასახედად. 1 წთ რაიმე ცვლილების შესატანად ან კომენტარის მისაწერად.

პრიორიტეტებად დაყოფის დანიშნულებაა ყურადღება გავამახვილოთ უმთავრესი, მაღალ ღირებულიანი ამოცანის დათქმულ ვადაში შესრულებაზე. ამისთვის, უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები, დავადგინოთ საჭირო დრო და გავწეროთ ზუსტი სამოქმედო გეგმა.

როცა გვსურს დროულად გავაკეთოთ ესა თუ ის საქმე, მარტო მისი მნიშვნელოვნების და შესასრულებელი პერიოდის განსაზღვრა საკმარისი არაა. ცნობილი მოტივატორი ტონი რობინსი გვთავაზობს საინტერესო სისტემას ახლებური პერსპექტივით - სწრაფი დაგეგმვის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ვფოკუსირდებით ჩვენს მიზანზე. ეს არის ერთგვარი თვალის ახელის მიდგომა, რათა განვსაზღვროთ მისაღწევი შედეგი, დავადგინოთ მიზეზი, რატომ გვინდა, ანუ რის გამო ვაკეთებთ და შევიმუშავოთ მასშტაბური გეგმა-განრიგი.

საქმის კეთების ხელოვნებასთან დაკავშირებით, ამავე სახელწოდების ბესტსელერის ავტორი დევიდ ალენი წერს: "მიიყვანო საქმე დასრულებამდე და ამით თავი იგრძნო კარგად, ნიშნავს გააცნობიერო, აღიქვა და სათანადოდ მართო ყველა საკითხი თუ ამოცანა, რითიც დაკავებულია თქვენი გონება." ამ მეთოდის არსი გულისხმობს ინფორმაციის გარე სისტემაში შენახვით გონების დაცლას, სტრესის მოხსნას და ენერგიის გამოთავისუფლებას.

შესაძლოა გსმენიათ დროის მართვის კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდის - "პომოდოროს ტექნიკის" შესახებ. საყურადღებოა, რომ მისი რეგულარული გამოყენება გვაჩვევს თანამიმდევრულობას და გვიძლიერებს კონცენტრირების უნარს. მისი მეშვეობით მთლიან სამუშაოს მოცულობას ვანაწილებთ "ულუფებად," ვახარისხებთ პრიორიტეტულად, ფოკუსირებას ვაკეთებთ კონკრეტულ დროში 1 კონკრეტული ამოცანის შესრულებაზე. ტექნიკის არსი მდგომარეობს 25 წთ-იან ინტერვალით გონებრივი მუშაობის შემდგომ 5 წთ-იან განტვირთვაში. ასეთი 4-ჯერადი სესიის შემდეგ 20-30 წთ ეთმობა დასვენებას და ძალების აღდგენას.

ჩემს სტუდენტებს და ტრენინგის მონაწილეებს მუდამ ვურჩევ, განსაკუთრებით, წინასაგამოცდო პერიოდში ან სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას შექმნან თავისი პირადი სამოქმედო გეგმა. დაახარისხონ შესასწავლი მასალა, გადაანაწილონ შესასრულებელი ამოცანები და ეტაპობრივად იმოქმედონ. ამით ისინი გამოავლენენ პროაქტიულობას, ინიციატივიანობასა და მიზნებზე ორიენტირების უნარს. ბუნებრივია, გაიუმჯობესებენ შემოქმედებით აზროვნებას, სტრატეგიულ ხედვას და მისაღწევი შედეგისკენ სწრაფვას.

პროდუქტიულობის ასამაღლებლად დროის ეფექტური მართვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტექნიკას გაგაცნობთ. ის ეფუძნება პარეტოს პრინციპს 80/20, რომლის თანახმად, მცირე ოდენობის მნიშვნელოვან ამოცანათა (20%) შესრულებით სწრაფად ვაღწევთ დაგეგმილ შედეგებს (80%). გაინტერესებთ, მიხვდეთ, ნაყოფიერად ხარჯავთ თუ არა საკუთარ რესურსს?! მაშინ დააკვირდით, ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალს.

80 პროცენტში იმყოფები, თუკი

  • აკეთებ იმას, რასაც გავალებენ, მაგრამ შენი გასაკეთებელი არაა
  • მეტწილად მუშაობ ისეთ ამოცანებზე, რაც მონიშნულია "სასწრაფოდ"
  • ხარჯავ დროს ისეთ ამოცანების შესრულებაზე, რაც კარგად არ გამოგდის.
  • საქმეებს მოსალოდნელზე მეტი დრო მიაქვს და ხშირად წუწუნებ ამის გამო

20 პროცენტში იმყოფები, თუკი

  • დაკავდები ისეთი საქმეებით, რაც წინ წაგწევს დასახული მიზნის მისაღწევად
  • ასრულებ ამოცანებს, რაც ყოველთვის გინდოდა ან/და სიამოვნებას განიჭებს
  • მუშაობ დავალებაზე, რაც არ მოგწონს, მაგრამ მიზნისთვის სასარგებლოდ თვლი
  • ახდენ დელეგირებას ან ჩართავ სხვას, ვინც შენზე უკეთ აკეთებს მოცემულ საქმეს

დროის მართვის მეთოდები და ტექნიკები, რომელთაგან ზოგი უფრო მოქნილობით გამოირჩევა, ზოგის ათვისებას მეტი ძალისხმევა და ნებისყოფა სჭირდება, გვეხმარება ცნობიერად გადავანაწილოთ ჩვენი დრო და ენერგია ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე: სამსახური, ოჯახი, ჯანმრთელობა. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ ყველა მიმართულებით ვიყოთ გაწონასწორებული ყოველდღიურ ქცევაში, ჩვენი საბაზისო ღირებულებების შესაბამისად. აქვე გაწვდით სხვადასხვა წარმატებულ ადამიანთა გამოცდილებაზე დაყრდნობით მიღებულ მარტივი რჩევების ნაკრებს:

  • თუ რაიმეს კეთებას 2 წთ-ზე ნაკლები სჭირდება, შეასრულე მაშინვე
  • თუ ამოცანა საჭიროებს რამდენიმე ეტაპს, გაწერე პროექტის სახით
  • თუ ამოცანა საჭიროებს კონკრეტულ პერიოდს, ჩანიშნე კალენდარში
  • თუ დელეგირება შესაძლებელია, გადაამისამართე შესაბამის პირზე
  • თუ ამოცანა უკვე შესრულებულია და მეტი აღარ დაგჭირდება, წაშალე
  • თუ რაიმე მოგვიანებით შესასრულებელია, შეინახე ცალკე საქაღალდეში

და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, ყველას ერთნაირად გვაქვს მოცემული 24 საათი დღეში. მაღალეფექტიანი ადამიანების მსგავსად ჩვენც შეგვიძლია უკეთ განვკარგოთ ყოველი დღე, კვირა თუ თვე. გვიან არასდროსაა შევცვალოთ მიდგომები, რათა ვაკეთოთ საქმე სიამოვნებით, მოვასწროთ მეტი ნაკლებ დროში, ვიცხოვროთ ლაღად და ჯანმრთელად. ჩემთვის ეს გახდა საკუთარ თავთან მოგება-მოგების პრინციპით დადებული პირობა "აქ, ახლა" სამოქმედოდ. სცადეთ თქვენც.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

გირჩევთ წაიკითხოთ: რა იქნა ჩემი ყველი?

ეს არის მარტივი იგავი ღრმა ჭეშმარიტების შესახებ