როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? კახა მაღრაძე − GEPRA-ს უფროსი კონსულტანტი
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.
და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით GEPRA-ს უფროს კონსულტანტს, კახა მაღრაძეს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:
ჩემს საქმეში დროის დეფიციტი ყველაზე შემაფერხებელი ფაქტორია და ხშირად ხელს მიშლის მეტის მიღწევაში. ვფიქრობ, მხოლოდ მე არ ვარ, ვისთვისაც დღე-ღამეში 24 საათი და კვირაში 5 სამუშაო დღე არაა საკმარისი. ყველაფერს ისიც ამწვავებს, რომ ხშირად სხვადასხვა საქმე და განსხვავებული აქტივობები ერთად მოიყრის თავს და სიტუაცია უკონტროლო ხდება. მაგრამ, როგორც ამბობენ, სჯობს ჩვენი პრობლემები თავად მოვაგვაროთ. მეც ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამი გამოსავალი ვიპოვე და ახლა არც საქმე მიფუჭდება და არც დროში ვიჭედები.
უპირველესად, ჩვევა გამოვიმუშავე, რომ ყველა ამოცანის შესრულება დაუყოვნებლივ დავიწყო. შესაძლოა კლიენტმა დამირეკოს, რაღაც საინტერესო იდეა გამიჩნდეს ან უბრალოდ მეგობარმა მთხოვოს ვინმესთან დაკავშირება. პირველი შეტყობინების მიღებისთანავე მოქმედებას ვიწყებ და ამ საქმეს დავალებების სიაში ვწერ, რაც ძალიან მეხმარება. საკმარისია პროცესი დაიწყო − თანამშრომელს რაიმე დაავალო, მეილში წერილის "დრაფტი" მოამზადო ან მეორად ფურცელზე ჩამოწერო შენი საქმე (დღემდე მიყვარს მეორად ფურცლებზე დავალებების ხელით ჩამოწერა და მერე შესრულებულების კმაყოფილი ღიმილით გადახაზვა), და ჩათვალე, რომ საქმის ნახევარი უკვე გაკეთებული გაქვს. სხვაგვარად, შესაძლოა რამე დაგავიწყდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბევრ ადამიანთან გაქვს ურთიერთობა და ერთდროულად უამრავ საქმეს აკეთებ.
მეორე მეთოდიც ტექნიკურია და ციფრული კალენდრის გამოყენებას გულისხმობს. ნებისმიერი მნიშვნელოვანი აქტივობა − ფიზიკური, ვირტუალური შეხვედრა თუ ღონისძიება, რომელსაც უნდა დავესწრო ან მონაწილეობა მივიღო, კალენდარში იწერება. როდესაც რაიმეს ვგეგმავთ, ჩემი პირველი თხოვნაა, ონლაინ გამომიგზავნონ მოსაწვევი, რათა იგი ციფრულ კალენდარში აისახოს. "აუ, გეხვეწები, ეს კალენდარში ჩამიგდე" − ეს ფრაზა ჩემი განუყოფელი ნაწილი გახდა, ხშირად ავტომატურადაც ვამბობ და შესაძლოა არაადეკვატურადაც ჩანდეს. არადა, საკმაოდ დიდხანს ვეწინააღმდეგებოდი ციფრულ კალენდრებს და მხოლოდ ბეჭდური ვერსიით ვსარგებლობდი, მაგრამ პანდემიის დროს შემოსულმა დისტანციურმა თუ ვირტუალურმა ცხოვრებამ, "ზუმებმა" და "ქოლებმა" მიმაჩვია ამ ძალიან სასარგებლო ხელსაწყოს გამოყენებასაც. თან მე Outlook-ისა და Google-ის კალენდრები სინქრონიზებული მაქვს, შეტყობინებებს კომპიუტერშიც ვიღებ და ტელეფონშიც. ეს ორმაგი დაზღვევა კი ძალიან მეხმარება.
მესამე მიდგომა უფრო შინაარსობრივია და დარწმუნებული ვარ ბევრი იყენებს, თუმცა ჩემთვის ეს მეთოდი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. კერძოდ, საქმეების პრიორიტეტების მიხედვით განლაგებას და მათ შესრულებაზე ფიქრსა და მუშაობას ვგულისხმობ. ყოველ დილით წინასწარ განვსაზღვრავ ხოლმე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი იმ დღეს, და უპირველეს ყოვლისა, დროსა და ენერგიას ამ საქმეებზე ვხარჯავ. თუ სხვა რამესაც მოვასწრებ, ხომ კარგი, მაგრამ პრიორიტეტული და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება უკვე კარგი შედეგის მომტანია და ესეც მამშვიდებს.