Cyber Monday Sale! 50% Off All Access

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? თეონა ბაღდავაძე − KEY COMMUNICATIONS, დამფუძნებელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით KEY COMMUNICATIONS-ის დამფუძნებელს, თეონა ბაღდავაძეს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

დროის მენეჯმენტზე საუბრისას, ხშირად ადამიანები საყოველთაოდ აღიარებულ მეთოდებს იხსენებენ, რომლებიც მათ დროის ოპტიმალურად განკარგვაში ეხმარებათ. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ თითოეული ადამიანი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დროის მართვის საკუთარ სტილს პოულობს და ამიტომ, დამოკიდებულებებიც ძალიან განსხვავებულია.

ზოგადი სტანდარტებით დილით ადრე გაღვიძება, სოციალურ მედიასთან ნაკლები ურთიერთობა და ერთ კონკრეტულ საქმეზე კონცენტრირება დროის მენეჯმენტის ოქროს პრინციპებად მიიჩნევა, თუმცა მე დროის მართვაში სტრესული სიტუაციებისგან თავის არიდება მეხმარება. მაგალითად, დილით ადრე ადგომა არ მიყვარს, მაგრამ ვიცი, რომ თუ ყოველ დილით იმ დროს გავიღვიძებ, რომელიც ჩემთვის უფრო კომფორტულია, გაცილებით მეტ საქმეს მოვასწრებ. ვცდილობ საკუთარი დისციპლინა შევიმუშაო და არ მივყვე ზოგად წესებს, ამაში კი ის მეხმარება, რომ ჩემი კომპანია მაქვს, საკუთარ თანამშრომლებსაც მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევ, რათა უფრო მეტად იყვნენ საქმეზე ორიენტირებულნი, ვიდრე დროზე. ვფიქრობ, დროით ჩარჩოებში მოქცევა ძალიან აზიანებს ადამიანის შემოქმედებითობას და დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ.

დრო ჩემთვის ძალიან ძვირფასი რესურსია და მირჩევნია ის უფრო პროდუქტიულად გამოვიყენო, ვიდრე რუტინულად. შესაძლოა, გარკვეული პერიოდი უმოქმედოდ ვიყო, დავისვენო, მაგრამ ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ საქმეს მეტად პროდუქტიული და საინტერესო ხედვებით დავუბრუნდე. ადრე უფრო მქონდა იმის შეგრძნება, რომ დროს ვფლანგავ, მაგრამ ძალიან კარგი გამონათქვამი ვიცი: "დრო, რომელიც თქვენ სიამოვნებაში დახარჯეთ, ნამდვილად არ არის ფუჭად დაკარგული". ერთადერთი, რაზეც ყოველთვის მენანება დრო, ეს არის სხვისი ცხოვრებით ცხოვრება, ვინმეს განკითხვა ან ჭორაობა.

ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომლებსაც უფრო შემოქმედებითი სამუშაო აქვს და სხვადასხვა ტიპის ადამიანთან უწევთ ურთიერთობა, ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. Deep Talk-ები, ადამიანების კარგად გაცნობა, პროექტებზე მეტი ინფორმაციის მოძიება. ამიტომ, საკუთარ თავს არ ვუწესებ ჩარჩოებს, რაც ერთი მხრივ ხელს მიშლის, მაგრამ მეორე მხრივ მეხმარება, ჩემი საქმე უფრო ხარისხიანად ვაკეთო.

ჩემთვის დროის მენეჯმენტი ხარისხიან ურთიერთობებზე გადის. თუ ისეთ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, რომლის მონათხრობიც არაფრისმომცემია, მაშინ ის დრო ჩემთვის დაკარგულია. თუმცა, შესაძლოა, შევხვდე ადამიანს, რომელიც ძალიან საინტერესოა, ამიტომ მთელი დღე და კვირებიც კი დავუთმო მასთან უბრალო საუბარს, რადგან მე ეს განვითარების საშუალებას მაძლევს. ჩემთვის კი დრო განვითარებისთვის არსებული რესურსია.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ფიზიკურ და შემეცნებით აქტივობებს ყოველდღიურად დავუთმო დრო. ეს ორი რამ ჩემთვის ბავშვობიდან თვითდისციპლინის ნაწილია. არასდროს ვაკეთებდი ამას მხოლოდ იმის გამო, რომ ვინმე მთხოვდა ან მავალებდა − უბრალოდ ამის მოტივაცია მქონდა. ჩემთვის მოტივაციის ნაწილი მნიშვნელოვანია − საჭიროა ვიცოდე, რატომ ვაკეთებ ყოველივეს და არ მივყვე ბრმად დაწესებულ ნორმებს. ზოგჯერ არის შემთხვევები, როდესაც ფიზიკურად ან ინტელექტუალურად იღლება ადამიანი, ამიტომ არაფერს ვაძალებ საკუთარ თავს, რათა "გადაწვამდე" არ მივიდე. მქონია პერიოდი, როდესაც ისე "გადავიწვი", რომ საერთოდ არაფრის კეთება არ მინდოდა. ახლა უკეთ ვიცნობ ჩემ თავს და არათუ რუტინას, არამედ საკუთარ შეგრძნებებს ვეყრდნობი.

ძილიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ძალიან ხშირად ადამიანები ძილის ხარჯზე ცდილობენ დროის მართვას, რაც უდიდესი შეცდომაა. ორგანიზმი ყველაფერს იტანს ძილის ნაკლებობის გარდა და ეს ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს. ამიტომ, თუ მიგაჩნიათ, რომ 4-საათიანი ძილით შეძლებთ ისეთივე პროდუქტიული იყოთ, როგორც 8-საათიანი ძილით იქნებოდით, სამწუხაროდ გეტყვით, რომ ეს ასე არ გამოგივათ.

მე მაინც მგონია, რომ როდესაც რაღაცის კეთების მოტივაცია გაქვს, დროის მენეჯმენტი შედარებით ნაკლები პრობლემაა, რადგან ამ დროს შენ იცი საკუთარი ადგილი, იცი ის, თუ როგორ მოიქცე და რა არის შენთვის მნიშვნელოვანი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

როგორ დავიწყო ბიზნესი

ბიზნესის დაწყების 12-ეტაპიანი გზამკვლევი

ყველაფერი ბიზნესის დაწყების შესახებ