Get All Access for $5/mo

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? დავით ჩეჩელაშვილი − ტექანტრეპრენერი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით ტექანტრეპრენერს, დავით ჩეჩელაშვილს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

ნებისმიერი საქმის კეთებისას ყველაზე მნიშვნელოვანი დროის ეფექტიანად მართვაა, მერე მოდის დანარჩენი სხვა. როდესაც ახალგაზრდები ვართ, გვიჭირს ამის გააზრება, რადგან დრო უსასრულო რესურსი გვგონია, ნელ-ნელა კი, გამოცდილებისა და ასაკის მატებასთან ერთად, ვხვდებით, რომ დრო ის რესურსია, რომელიც ყველაზე ნაკლებად გვაქვს და, შესაბამისად, ვიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ იგი უფრო ეფექტიანად გავანაწილოთ.

ჩემი ყოველდღიურობა რუტინული და კრეატიული სამუშაოების სინთეზია, ვცდილობ, რომ ორივე მათგანი დროის მონაკვეთებად გამოვყო. არის საათები, როდესაც მხოლოდ კრეატიულ სამუშაოს ვაკეთებ, იქნება ეს პროდუქტის შექმნა თუ სტრატეგიის დაგეგმვა. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ფოკუსირება და საკუთარი თავის სამყაროსგან გათიშვა. დანარჩენ დროს რუტინულ საქმეებს ვახმარ და ვცდილობ ერთდროულად რამდენიმე საქმე ვაკეთო. მაგალითად, ვერ ვიტყვი, რომ ჭურჭლის რეცხვა მიყვარს, მაგრამ ეს არის პროცესი, როდესაც არავინ მაწუხებს და შემიძლია მარტივ საკითხებზე ვიფიქრო, ხვალინდელი დღე დავგეგმო და ა.შ. თუმცა, თუ მომავლის პროდუქტის შექმნაზე ან მომავლის ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობ, ჯობს, ამ დროს ჭურჭელი არ გარეცხო და, უბრალოდ, მარტო იჯდე და ფიქრობდე. ამისათვის სპეციალური დრო მაქვს გამოყოფილი და, როგორც წესი, ეს გვიანი ღამეა, როდესაც ოჯახის წევრებს სძინავთ და ვიცი, რომ არავინ შემაწუხებს, კრეატიულ სამუშაოებს ძირითადად მაშინ ვაკეთებ ხოლმე.

რაც შეეხება ცალკეულ ტექნიკებს, ვფიქრობ, ამ დროს მთავარია ჩვევის გამომუშავება შეძლო, მაგალითად 10 საათის შემდეგ სოციალური ქსელი გათიშო და საქმეს მიხედო. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ თუ რაიმე ჩვევა თავდაპირველად კარგია, შესაძლოა მოგვიანებით ასეთივე კარგი არ იყოს და საჭიროა გადავეჩვიოთ. პროცესში აუცილებელია მოტივაციის შენარჩუნება, თავად მოტივაციის შესაქმნელად კი საჭიროა დიდი და პატარა მიზნების დასახვა. კარგი იქნება თუ სტრუქტურირებულად ჩამოწერთ, ან გონებაში გექნებათ აქტიურად ჩაბეჭდილი. ცხადია, მიზნები მუდმივად ცვალებადი იქნება, რადგან სამყარო სწრაფად იცვლება, რაც ადაპტირებას საჭიროებს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ თუ ჩვენ თავად არ დავისახეთ მიზანი, ამას სხვა იზამს ჩვენ მაგივრად. დღეს ადამიანები ხშირად არათუ თავად ირჩევენ საკუთარ მიზნებს, არამედ მათ სხვები უსაზღვრავენ, რა და როგორ გააკეთონ. რაც არ უნდა იყოს, ყველაზე მთავარი დროის ეფექტიანი მართვისთვის უარის თქმის სწავლაა, ხშირად ადამიანებს უჭირთ უარის თქმა, ამიტომ ზედმეტ პასუხისმგებლობებს იღებენ, რაც საბოლოოდ მათი გადაწვით მთავრდება.

მნიშვნელოვანია ასევე work-life ბალანსი, გარედან რომ შემომხედოთ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ბალანსი არ მაქვს, რადგან მუდმივად ვმუშაობ, თუმცა მაინც ვახერხებ ოჯახსა და სამსახურს დრო პროპორციულად გავუნაწილო. დისტანციურად ვმუშაობ და მაქვს საშუალება, ბავშვებთან მეტი დრო გავატარო. იმ პერიოდში ვცდილობ არ ვიმუშაო, არც შეტყობინებებს ვხსნი. რასაც ვნანობ არის ის, რომ თავიდან არ ვიცავდი work-life ბალანსს და, შესაბამისად, პერსონალურ ცხოვრებაში არც ისე კარგად მიდიოდა ჩემი საქმეები, პროფესიულში კი პირიქით. რაც შეეხება ანტრეპრენერობას, ვფიქრობ, იმდენად ძნელია ჩვენი ყოველდღიურობა, რომ მხარდაჭერა გვჭირდება. როდესაც ინოვაციურ პროდუქტს ვქმნით, სოციალური მიუღებლობა ძალიან დიდია. მუდმივად გვეკითხებიან, რას აკეთებ, რატომ დაანებე თავი სამსახურს, არ გამოგივა… და სხვ. ამ პირობებში ძალიან ფასეულია, რომ არსებობდეს ერთი ადამიანი, ოჯახის წევრი თუ პარტნიორი, ვისთანაც შეგიძლია მიხვიდე და წამიერი სიმშვიდე მოიპოვო. შესაბამისად, ჩვენთვის ათმაგად უფრო მნიშვნელოვანია work-life ბალანსი, ვიდრე სხვა ადამიანებისთვის.

კიდევ ერთი შეცდომა, რასაც ადრე ვუშვებდი იყო ის, რომ ფიზიკურ აქტივობასა და ძილს არ ვაქცევდი სათანადო ყურადღებას. მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სასაათო სარტყელში ვმუშაობდი ხოლმე, რამაც ძილის თავისებური წესი გამომიმუშავა. გადაბმული ძილი ცოტა ხნით შემეძლო, ბოლო 3-4 წელია, რაც ვცდილობ დღე-ღამეში 8 საათი მეძინოს გადაბმულად. სანამ ჯანმრთელობა არ გაძლევს ნიშანს, შეიძლება ასეთი რაღაცები უგულებელყოთ, მაგრამ აჯობებს, თუ ასე არ იზამთ. მართალია, ახლა ვერ გრძნობთ, თუმცა 10-20 წლის შემდეგ უარყოფითი ეფექტი ექნება, რასაც მარტივად ვეღარ გამოასწორებთ.

ადამიანებს ზოგადად უკიდურესობაში გადავარდნები გვახასიათებს, არ მინდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებითაც უკიდურესობაში გადავვარდეთ. რაც თქვენთვის მუშაობს, სულაც არაა აუცილებელი, სხვისთვისაც იმუშაოს. თითოეული ადამიანი სხვადასხვა რეჟიმშია, ზოგი ანტრეპრენერია, ზოგიც კორპორაციულ იერარქიაშია დასაქმებული, შესაბამისად, თითოეულ მათგანს სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს, რაც დროის მართვის თავისებურ სისტემას განსაზღვრავს.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ

სიახლეები

autoElement - 3 ''შარქის'' დაინტერესება და ჯამურად მოზიდული 230 000 ლარი

აპლიკაციამ უკვე 34-ჯერ შეამცირა ნაწილების მოძიების დრო

სიახლეები

როგორ შევქმნათ პროფესიონალური რეზიუმე?

résumé ფრანგული ენიდან დამკვიდრდა და ინფორმაციის შეჯამებას, მოკლე შინაარსს ნიშნავს