Cyber Monday Sale! 50% Off All Access

როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? თინათინ რუხაძე − ACT-ის თანადამფუძნებელი და ხედვის ლიდი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.

და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით ACT-ის თანადამფუძნებელს და ხედვის ლიდს, თინათინ რუხაძეს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:

დრო ერთადერთი ამოწურვადი რესურსია. არავინ ვიცით წინასწარ, რამდენია, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ლიმიტირებულია და უსასრულოდ ვერ ვიარსებებთ. იგი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რა კვალს დავტოვებთ სამყაროში ან როგორ ცხოვრებას შევიქმნით. თქვენ და ბილ გეითსს, მე და ნებისმიერ წარმატებულ ადამიანს დღე-ღამეში ერთი და იგივე დრო გვაქვს − 24 საათი, მთავარია, რას გავაკეთებთ ამ დროში.

ჩემთვის დროის ეფექტიანად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ვადაში გავაკეთო ის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია. საუბარი არაა იმაზე, ბევრი შევძელი თუ ცოტა, არამედ რამდენად მნიშვნელოვანი რამ გავაკეთე. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებელია განვსაზღვრო ჩემი პრიორიტეტები, სურვილები, მიზნები და ამოცანები. ამ დროს ვაანალიზებ იმასაც, თუ რაზე ვარ თანახმა, რომ ვერ მოვასწრო ან არ გავაკეთო, რადგან მუდმივად გვიწევს ამ არჩევანის წინაშე დგომა.

ძალიან ბევრ საქმეში ვარ ჩართული და ხშირად მეკითხებიან, ამდენ რამეს როგორ ასწრებო? ერთი შეხედვით ჩანს, რომ მულტითასქინგს მივმართავ, თუმცა სინამდვილეში ვცდილობ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ ერთ საკითხზე ვფოკუსირდე − შვილთან ყოფნისას 100%-ით მასთან ვარ, თუ შეხვედრაზე ვარ, ტელეფონზე ზარს ვერ ვპასუხობ, რადგან არც კი ვიყურები ტელეფონისკენ. შეიძლება დღის განმავლობაში 10 სხვადასხვა რაღაცაზე ვიმუშაო, მაგრამ რაზეც ვმუშაობ, ვიხარჯები ბოლომდე, ერთდროულად ათას რაღაცაზე არ ვფიქრობ. თუ გონება სხვადასხვა რაღაცაზე გამირბის, მაშინ ვუბრუნდები პირველ წესს, ვსაზღვრავ პრიორიტეტებს, რათა შინაგანმა ღელვამ პროდუქტიულობა არ დამაკარგვინოს.

"დრო არ მაქვს" − საერთოდ არ არსებობს ჩემს ლექსიკონში. თუ ვფიქრობ, რომ ეს საქმე არაა პრიორიტეტული იმ მომენტში, ვამბობ: "არა, ეს არ არის ჩემი საქმე". მაგრამ, თუ საპირისპიროდაა, მას პრიორიტეტების რიგში ვსვამ. დროის დაგეგმვას სიფრთხილით ვეკიდები როგორც ჩემთვის, ასევე, ჩემი თანამშრომლებისთვისაც.

რაც შეეხება Work-life ბალანს, მას არ აღვიქვამ როგორც 50-50-ზე. ნონსენსია, რომ თანაბარი დრო დავუთმო საქმეს, ურთიერთობებსა და იმ ინტერესებს, რომელიც გამაჩნია. ზოგჯერ ჩემთვის დასვენებაა უფრო პრიორიტეტული, ზოგჯერ საქმე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იმ მომენტში, ეგ არის ჩემთვის ბალანსში ყოფნა. როდესაც ახალი იდეებით ხარ შეპყრობილი, შეიძლება თვეები იყო ფოკუსირებული ერთ საქმეზე, მაგრამ თუ ამის გამო კარგად ხარ და არ განიცდი, რომ მეგობრები ვერ ნახე ან დასასვენებლად ვერ წახვედი და ამით ბედნიერი ხარ, მაშინ ბალანსში ხარ. მაგრამ თუ განიცდი, რომ ბევრს მუშაობ და ვერასდროს ვერ იცლი ჯანმრთელობისთვის, მეგობრებისთვის და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორად სახავ პრიორიტეტებს ან ვერ ბედავ, რომ იმ საქმეს დაუთმო დრო, რაც მნიშვნელოვანია.

ხშირად მეუბნებიან, "შენ საკუთარი ბიზნესი გაქვს და ამიტომ შეგიძლია წახვიდე 2-2 კვირით სამოგზაუროდ". ასე ვიტყოდი: ჩემთვის მოგზაურობა ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელსაც იდეები მოაქვს. შესაბამისად, იგი მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობ, ყველა დანარჩენი საქმე ისე გადავანაწილო, რომ ორი კვირით სადმე წასვლა შევძლო. სხვაგვარად ალბათ ვერასდროს ვიპოვი დროს მოგზაურობისთვის, სულ შეივსება ჩემი განრიგი საქმეებით, რადგან საქმე არასდროს მთავრდება. პროაქტიულობა ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ამბობ, დრო არ მაქვსო, ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ მსხვერპლი, თითქოს ვიღაცამ უნდა მოგცეს დრო. არადა, დრო არის ის, რაც არის, შენს ხელშია, როგორ დახარჯავ მას. ერთია, რომ კარგად უნდა იცნობდე შენს სურვილებს, ინტერესებს და ამიტომ რეფლექსია ძალიან მნიშვნელოვანია, მეორეა გამბედაობა, რომ თქვა, დიახ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და იმოქმედო.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

Optimo.ge - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა

პირველი ქართული პროგრამა, რომელიც სრულად ერგება ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს