როგორ ვმართოთ დრო ეფექტიანად? თამთა ჯაფარაშვილი − "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელი
By თეკლა ადამია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ალბათ, ხშირად გიფიქრიათ, რომ საქმის შესასრულებლად საკმარისი დრო არასდროს გაქვთ, ამასობაში კი არსებულ დედლაინს ახალი დედლაინი ემატება, თქვენ კი დროში უფრო მეტად იწვებით.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დღეს დროის მენეჯმენტი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ვირტუალური კომუნიკაციის მეშვეობით ადამიანები ერთდროულად რამდენიმე საქმის მოსწრებას ცდილობენ. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად ახერხებს ადამიანი დროის მენეჯმენტს, რადგან დროის სწორი მენეჯმენტი საშუალებას გვაძლევს მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი საქმე მოვასწროთ, გარდა ამისა, ამცირებს სტრესს და ხშირ შემთხვევაში კარიერულ წარმატებასაც უზრუნველყოფს.
და მაინც, რას გულისხმობს დროის მენეჯმენტი და როგორ მოქმედებს ის ჩვენ პროდუქტიულობაზე? − ამ კითხვებით "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელს, თამთა ჯაფარაშვილს მივმართეთ და მის პასუხს გთავაზობთ:
არის ასეთი სამეცნიერო ფანტასტიკა In Time (2011). ფილმში აღწერილია 2169 წლის დისტოპიური სამყარო, რომელშიც ადამიანები 25 წლის ასაკში დაბერებას წყვეტენ, ერთი წლის სიცოცხლე საჩუქრად ეძლევათ, დანარჩენი კი უნდა გამოიმუშაონ. ხელზე დამაგრებულ ტაიმერზე დროის ამოწურვასთან ერთად, მათი სიცოცხლეც სრულდება. რა თქმა უნდა, ამ ფილმის კინემატოგრაფიული კუთხით განხილვას არ ვაპირებ, მაგრამ იდეა გენიალურია. ყოველგვარი პათეტიკისა და ფილოსოფიურობის გარეშე, მართალია, თანამედროვე ადამიანებს ხელზე ტაიმერი არ გვიკეთია, მაგრამ უამრავი რამ "გვართმევს" დროს, ანუ გვართმევს სიცოცხლეს.
სიცოცხლე ძალიან მიყვარს. შესაბამისად, ჩემთვის დროის მართვა "სიცოცხლის მართვასთან", ჩემი შესაძლებლობების, ცოდნისა და ცხოვრების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასთან ასოცირდება.
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, პრიოტიტეტების სწორად განსაზღვრა და დედლაინების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კლასიკური მეთოდებიდან ყველაზე აქტიურად "ეიზენჰაუერის მატრიცას" ვიყენებ. თუმცა გონება უკვე ავტომატურ რეჟიმში ახარისხებს შესასრულებელ ამოცანებს პრიორიტეტულობის მიხედვით. როგორც წესი, სამუშაო დღის პირველ ნახევარ საათს ყველაზე მსუბუქ დავალებებს ვუთმობ, მერე ყველაზე რთულ ამოცანას ვასრულებ, დღის ბოლოს კი დროს დაგეგმვისა და სტრატეგიის შესამუშავებლად ვიყენებ. საათში ერთხელ ათწუთიანი შესვენება და გონების "გადატვირთვაც" ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. დღის განმავლობაში შემოსულ შეტყობინებებს აუცილებლად ვპასუხობ. ჩემი მეილისა და სოციალური ქსელების ინბოქსი თითქმის ყოველთვის ნულზეა.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ხარისხიან ძილს და გაღვიძებიდან პირველი 15 წუთი ტელეფონს არ ვამოწმებ. ახალი ტექნიკა, რომლის ათვისების პროცესშიც ვარ, ედ მაილეტს ეკუთვნის (მისი წიგნი − "კიდევ ერთის ძალა" − ცოტა ხნის წინ გამოვეცი ქართულ ენაზე) და სტანდარტული 24-საათიანი დღის სამ მინიდღედ დაყოფას გულისხმობს. წარმოვიდგინოთ სისტემა, რომლის მიხედვითაც დრო დილის ექვსიდან დღის თორმეტ საათამდე მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის − ვარჯიში, ლოცვა, მედიტაცია, მიზნების დასახვა, კითხვა, ხატვა... დრო დღის თორმეტიდან საღამოს ექვს საათამდე ჩვენი ბიზნესსაქმიანობისთვისაა განკუთვნილი, ხოლო საღამოს ექვსიდან ღამის თორმეტამდე მესამე მინიდღე შეგვიძლია ოჯახს, მეგობრებსა და გართობას დავუთმოთ. ამ მეთოდის ზედმიწევნით დაცვა აუცილებელი არაა, თავისუფლად შეგვიძლია ჩვენს გრაფიკს, სამსახურსა და ვალდებულებებს მოვარგოთ. იდეა სასწრაფოობის შეგრძნების (sense of urgency) გაძლიერებაა.
საკუთარი დროის კონტროლი აზროვნების სტილია. ამ პროცესში ჩემი მთავარი გამოწვევა ეფექტიანობის ხშირი გაზომვაა. თუ ეფექტიანობა იზომება, ის უმჯობესდება და რაც უფრო შეამცირებ გაზომვის ინტერვალს, მით მეტად გაზრდი ეფექტიანობას. რა თქმა უნდა, მაქვს ყოველკვირეული და, ხშირ შემთხვევაში, ყოველდღიური ამოცანებისა და მიზნების სია (რომლებსაც ყოველთვის ხელით ვწერ), თუმცა ზოგჯერ, მუშაობის პროცესში, როცა რაღაც გეგმის მიხედვით არ მიდის, პრობლემის დასანახად და გეგმაში შესაბამისი ცვლილებების შესატანად იმაზე მეტი დრო მჭირდება, ვიდრე ვისურვებდი დამჭირვებოდა.
თუკი ბალანსზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ დროის შეგრძნების დაკარგვის უნარი იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მისი კონტროლი და ეფექტიანი მართვა. ე.წ. (და ვიტყოდი, რომ ნაკლებად პოპულარული) positive obsession, როგორც კრეატიულობისა და მოტივაციის წყარო, ჩემთვის კარგად მუშაობს. იდეა მარტივია − ყოველთვის ვცდილობ, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სრულყოფილად გავაკეთო, ჩემი ემოციური და მენტალური რესურსის მაქსიმუმი ჩავდო და შედეგსაც შესაბამისს ვიღებ. ეს ზრდის აწმყოში ყოფნის ხარისხს, თითქოს "გონების დროს" ივიწყებ და მომენტით ტკბობის საშუალება გეძლევა. მეტი სიცხადისთვის, work-life ბალანსის დაცვა ჩემთვის შინაგანი ხმის მოსმენას და ჩემი ფიზიკური, ემოციური და მენტალური საჭიროებებისა და მოთხოვნების თანაბრად გათვალისწინებას გულისხმობს.