როგორ ვმართოთ ფინანსები ბიზნესის ზრდის დროს ზრდასთან ერთად ძველი მიდგომები აღარ მუშაობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მცირე ბიზნესში მფლობელი ფინანსებს ხშირად პირადად აკონტროლებს: იცის, ვინ რამდენს უხდის, რა თანხაა ანგარიშზე და რომელი გადახდის გადადება შეიძლება. თუმცა, ბიზნესის ზრდასთან ერთად ეს მიდგომა შეუმჩნევლად კარგავს ეფექტიანობას. ის ეტაპი, როდესაც მფლობელი მხოლოდ საკუთარი მეხსიერებით ვეღარ აკონტროლებს ყველაფერს, ხშირად იმაზე ადრე დგება, ვიდრე გვგონია.
ზრდას თავისი ფინანსური მოთხოვნები ახლავს: მეტი მარაგი, მეტი დებიტორული დავალიანება, მეტი თანამშრომელი და მეტი გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებასაც დამატებითი ფული სჭირდება. ამ ეტაპზე ფინანსური ფუნქციის როლი აღარ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ აღრიცხვით - ის ბიზნესის მართვასაც უნდა ეხმარებოდეს.
საკონსულტაციო კომპანია "ლოიალტე" ამ ბლოგში იმ მთავარ პრაქტიკებზე ისაუბრებს, რომლებიც მზარდ კომპანიებში რეალურად მუშაობს. მათი უმეტესობის დანერგვა რამდენიმე კვირაშიც შესაძლებელია - ძვირადღირებული სისტემებისა და დიდი ფინანსური გუნდის გარეშე.
ფინანსური მართვა იწყება სანდო მონაცემებით
1. ყოველთვიური მენეჯერული ანგარიშგება რეგულარულად და დროულად
მენეჯმენტმა ყოველი თვის დასრულების შემდეგ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში უნდა მიიღოს ძირითადი ფინანსური ინფორმაცია - მოგება-ზარალი, ბალანსი, ფულადი ნაკადების მონაცემები და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლები.
მნიშვნელოვანია, ფინანსური ანგარიშგების ფორმატი ყოველთვიურად ერთნაირი იყოს, რათა შედეგებისა და ტენდენციების შედარება მარტივად შეიძლებოდეს.
მენეჯერული ანგარიშგება წარმოდგენილი უნდა იყოს ისე, როგორც ბიზნესი რეალურად იმართება - მაგალითად, მიმართულებების, ფილიალების, პროდუქტების, კლიენტების ან სხვა ჭრილში.
2. ფულადი ნაკადების პროგნოზი
მზარდი ბიზნესისთვის ფულადი ნაკადების პროგნოზი ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული ფინანსური ინსტრუმენტია, რადგან ის წინასწარ აჩვენებს, რა თანხების შემოსვლას ელოდება ბიზნესი, რა ვალდებულებები აქვს გადასახდელი და რამდენი ფული დარჩება კონკრეტული პერიოდის ბოლოს.
პროგნოზი რეგულარულად უნდა განახლდეს ფაქტობრივი მონაცემებით, ასევე მოსალოდნელი შემოსავლებისა და გადასახდელების გათვალისწინებით.
მსგავსი მიდგომა შესაძლო ფულის დეფიციტს წინასწარ აჩვენებს - მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არის დრო მომწოდებლებთან პირობების გადასახედად, კლიენტებისგან თანხების მიღების დასაჩქარებლად ან დამატებითი დაფინანსების მოსაძიებლად.
3. ბიუჯეტი, რომელსაც რეგულარულად ადარებთ რეალურ შედეგებს
ბიუჯეტი მართვის ინსტრუმენტი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მას რეგულარულად ადარებთ ფაქტობრივ შედეგებს და აკვირდებით მნიშვნელოვან განსხვავებებს.
ყველა მცირე გადახრის დეტალურად განხილვა საჭირო არ არის - ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ სხვაობებზე, რომლებიც ბიზნესის შედეგებზე რეალურ გავლენას ახდენს, და გაირკვეს მათი მიზეზები.
პერიოდულად უნდა გადაიხედოს წლის დარჩენილი ნაწილის პროგნოზიც და საჭიროების შემთხვევაში განახლდეს გეგმა. ბიუჯეტი, რომელიც წლის დასაწყისში შედგა და შემდეგ აღარავის გამოუყენებია, ბიზნესის მართვაში პრაქტიკულ ღირებულებას კარგავს.
ზრდის მართვა: სად იქმნება და სად იკარგება ფული
4. მარჟა და მომგებიანობა პროდუქტების, კლიენტებისა და გაყიდვის არხების მიხედვით
კომპანიის საერთო მოგება ხშირად ვერ აჩვენებს, რომელი პროდუქტი, კლიენტი ან გაყიდვის არხი უფრო მომგებიანია. ამიტომ ზრდის გადაწყვეტილებამდე მნიშვნელოვანია შეფასდეს არა მხოლოდ გაყიდვების მოცულობა, არამედ რეალური მომგებიანობაც. გაითვალისწინეთ თვითღირებულება, ფასდაკლებები, ლოგისტიკა, მომსახურების და სხვა ხარჯები, რომლებიც კონკრეტულ პროდუქტს, კლიენტს ან არხს უკავშირდება.
გადახდის პირობებიც მნიშვნელოვანია - ხანგრძლივი გადავადებით შეიძლება კარგი მარჟა შეინარჩუნოთ, მაგრამ ბიზნესისთვის დამატებით დაფინანსების საჭიროება გაჩნდეს.
ასეთი ანალიზი გეხმარებათ დაინახოთ, რომელი მიმართულებები ქმნის რეალურ ფინანსურ ღირებულებას და სად არის ზრდა ყველაზე გამართლებული.
5. საბრუნავი კაპიტალის მართვის წესები წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული
ზრდის დროს ბიზნესს ხშირად მეტი ფული სჭირდება დებიტორებისა და მარაგის დასაფინანსებლად. ამიტომ წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული კლიენტებისთვის გადახდის პირობები, საკრედიტო ლიმიტები და ვადაგადაცილებული დავალიანების მართვის წესი. ასევე მნიშვნელოვანია მარაგის ოპტიმალური დონეების და მომწოდებლებთან გადახდის პირობების კონტროლი.
რეგულარულად აკონტროლეთ: რამდენ დღეში გიხდიან კლიენტები, რამდენ ხანს რჩება მარაგი საწყობში და რამდენ დღეში უხდით მომწოდებლებს. ეს აჩვენებს, რამდენი ფული სჭირდება ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციების დასაფინანსებლად.
6. რამდენიმე ძირითადი მაჩვენებელი (KPI) და თითოეულზე კონკრეტული პასუხისმგებელი პირი
ძალიან ბევრი KPI ხშირად სურათს უფრო ართულებს, ვიდრე ამარტივებს. ამიტომ შეარჩიეთ მხოლოდ ის მაჩვენებლები, რომლებიც ბიზნესის მდგომარეობას და ცვლილებებს რეალურად აჩვენებს - მაგალითად, გაყიდვები, მარჟა, ფულის ნაშთი, დებიტორული დავალიანება და კიდევ ერთი ან ორი მნიშვნელოვანი საოპერაციო მაჩვენებელი.
თითოეული KPI უნდა იყოს გაზომვადი და ჰყავდეს კონკრეტული პასუხისმგებელი, რათა მხოლოდ შედეგის ნახვა კი არა, რეაგირებაც იყოს შესაძლებელი.
მაჩვენებლებს რეგულარულად გადახედეთ. უმჯობესია, ძირითადი სურათი მარტივად, ერთ გვერდზე ჩანდეს და მენეჯმენტს სწრაფად შეეძლოს იმის დანახვა, სად არის გადახრა და რომელ საკითხს სჭირდება ყურადღება.
როგორ შევინარჩუნოთ კონტროლი ბიზნესის ზრდის დროს
7. ხარჯების დამტკიცების წესები და შესაბამისი პასუხისმგებლობა წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული
თუ ყველა ხარჯის დასამტკიცებლად მფლობელის ჩარევაა საჭირო, ბიზნესის ზრდასთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება ნელდება და მფლობელი პროცესის შემაფერხებელ რგოლად იქცევა.
ხარჯების ძირითად კატეგორიებს უნდა ჰყავდეს პასუხისმგებელი პირი და წინასწარ იყოს განსაზღვრული, რა თანხის ფარგლებში შეუძლია მას დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და როდის არის საჭირო დამატებითი თანხმობა.
სასურველია, ხარჯის დამტკიცების და თანხის გადარიცხვის მოვალეობა სხვადასხვა ადამიანზე იყოს განაწილებული. თუ მცირე გუნდში ეს შეუძლებელია, უნდა არსებობდეს დამატებითი კონტროლი, მაგალითად, გადახდების პერიოდული შემოწმება მეორე პასუხისმგებელი პირის მიერ.
8. დაფინანსების საჭიროება წინასწარ დაგეგმეთ
ბანკთან ან სხვა ფინანსურ პარტნიორთან მოლაპარაკება უმჯობესია მანამდე დაიწყოთ, სანამ კომპანიას ფულის დეფიციტი შეექმნება.
სანდო ფინანსური ანგარიშგება, სტაბილური მაჩვენებლები და მკაფიო ზრდის გეგმა კომპანიას დაფინანსების უკეთეს პირობებზე მოლაპარაკების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ამიტომ სესხი, საკრედიტო ხაზის ან სხვა დაფინანსების საჭიროება წინასწარ უნდა შეფასდეს და ბიზნესის გეგმას დაუკავშირდეს.
თუ კომპანიას სესხი უკვე აქვს, მნიშვნელოვანია ხელშეკრულებით განსაზღვრული ფინანსური პირობების რეგულარული კონტროლიც. მათი დარღვევა შეიძლება დამატებითი შეზღუდვების ან სხვა არასასურველი შედეგების წინაპირობა გახდეს.
9. ფინანსური მართვის ბიზნესთან ერთად უნდა განვითარდეს
ბუღალტრული მომსახურება უზრუნველყოფს ოპერაციების სწორ აღრიცხვას, ანგარიშგებასა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას. ბიზნესის ზრდასთან ერთად კი ხშირად ჩნდება დამატებითი საჭიროება - ფინანსური დაგეგმვა, ფულადი ნაკადების პროგნოზირება, შედეგების ანალიზი და მენეჯმენტის მხარდაჭერა გადაწყვეტილებების მიღებისას.
ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესს სრული განაკვეთის ფინანსური დირექტორი (CFO) სჭირდება. ზოგ შემთხვევაში ეფექტიანი გამოსავალი შეიძლება აუთსორსინგული კომპანია, რომელიც ფინანსური მართვის სისტემას ააწყობს და შიდა გუნდს მის გამოყენებაში დაეხმარება.
თუ მფლობელი დიდ დროს ხარჯავს ციფრების შეგროვებაზე, სხვადასხვა წყაროს ერთმანეთთან შედარებასა და იმის გარკვევაზე, რეალურად რა ხდება ფინანსებში, ეს უკვე ფინანსური ფუნქციის გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებს.
საიდან დავიწყოთ?
ზემოთ მოცემული ცხრავე პრაქტიკის ერთდროულად დანერგვა საჭირო არ არის. დასაწყისისთვის საკმარისია რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელიც ბიზნესის ფინანსურ სურათს სწრაფად გახდის უფრო გამჭვირვალეს, მაგალითად:
- ყოველთვიური მენეჯერული ანგარიშგება - რეგულარულად და დროულად
- ფულადი ნაკადების პროგნოზი, რომელიც პერიოდულად განახლდება
- ძირითადი პროდუქტებისა და კლიენტების მარჟისა და მომგებიანობის ანალიზი
ამ ინსტრუმენტების სისტემურად გამოყენება მნიშვნელოვნად ცვლის იმას, თუ როგორ უყურებს მენეჯმენტი ბიზნესის ზრდას.
შედეგად, ყურადღება აღარ არის გაამხვილებული მხოლოდ იმაზე თუ რამდენი გავყიდეთ?
ჩნდება უფრო მნიშვნელოვანი კითხვებიც: რამდენი გამოვიმუშავეთ? სად არის გაჩერებული ჩვენი ფული? და რამდენი დამატებითი რესურსი დაგვჭირდება ზრდის შემდეგი ეტაპისთვის?
თუ ბიზნესის ზრდასთან ერთად ფინანსური მართვის სისტემა უკვე უფრო რთული ხდება და მის ასაწყობად საკმარისი შიდა რესურსი აღარ გაქვთ, ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს CFO აუთსორსინგის მომსახურება.
გამოცდილი საკონსულტაციო კომპანიის ჩართულობა ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას მიიღოს ფინანსური დაგეგმვის, ანალიზისა და კონტროლის ფუნქცია სრული განაკვეთის ფინანსური დირექტორის აყვანის გარეშე და ეტაპობრივად ააწყოს სისტემა, რომელიც ბიზნესის ზრდას რეალურად მოემსახურება.