"როცა გზის პოვნა გინდა, მაგრამ მარტო ხარ", - როგორ ეხმარება სალომეა გუჩმაზაშვილი სტუდენტებს პროფესიული გზის პოვნაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც სალომეა გუჩმაზაშვილმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კარიერა აირჩია, მალევე შეეჯახა რეალობას - გაუმართავი სისტემა, ფრაგმენტულად მიწოდებული ინფორმაცია და თითქმის არანაირი მხარდაჭერა სტუდენტებისთვის.

"შენ მხოლოდ იმაზე ფიქრობ, სად მიგიყვანს ეს პროფესია, მაგრამ ვერავის ეკითხები - როგორ იარო ამ გზაზე, როგორ შეარჩიო მიმართულება, როგორ მიიღო გადაწყვეტილება", - ამბობს ის.

სწორედ ასეთი გამოცდილება გახდა იმ ინიციატივის საფუძველი, რომელიც დღეს უკვე ასობით სტუდენტის პროფესიულ განვითარებაზე ახდენს ზეგავლენას - შეიქმნა Public Health Consultancy Hub Georgia (PHCHG) - სივრცე, რომელიც სტუდენტებს აძლევს არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებას და მოტივაციას.

სალომეა ამბობს, რომ PHCHG მხოლოდ ლექციები და ტრენინგები არ არის: "ჩვენ ვეუბნებით სტუდენტებს, რომ მათი დაბნეულობა ბუნებრივია და სწორედ აქ იწყება პროფესიული გზის პოვნის პროცესი". მისი თქმით, მთავარი ღირებულება ისაა, რომ სტუდენტებმა თავი მარტო არ იგრძნონ.

ინიციატივამ დროთა განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სტუდენტებისთვის პროფესიული ორიენტაციის პროცესში. PHCHG-ს უკვე 100-ზე მეტი ახალგაზრდა გაეცნო და ბევრისთვის ეს იყო ადგილი, სადაც პირველად დაიწყეს ფიქრი, სად გაეგრძელებინათ სწავლა, როგორ დაეწყოთ საკუთარი პროექტი ან როგორ ემუშავათ გუნდში.

სალომეას მიზანია, სტუდენტებს მისცეს ის, რაც თავად აკლდა პროფესიული გზის დასაწყისში - სისტემური მიდგომა, პრაქტიკული რჩევები და რეალური გამოცდილება.

სალომეა საერთაშორისო გამოცდილებასაც იყენებს. მისი პროფესიული ბექგრაუნდი ლონდონში მიღებულ გამოცდილებასაც მოიცავს, სადაც არაერთ სამეცნიერო და პროფესიულ ფორუმში მიუღია მონაწილეობა.

"ლონდონში მიღებულმა გამოცდილებამ მასწავლა, როგორ უნდა დავაკავშირო მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომები ადამიანურ საჭიროებებთან", - ამბობს ის.

თუმცა, რეალური გავლენა მისთვის მაინც საქართველოშია, მაშინ, როცა ხედავს, რომ მის მიერ გაზიარებული გამოცდილება სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი ხდება.

"ერთმა სტუდენტმა მომწერა - თქვენი ლექციის შემდეგ პირველად ვიფიქრე, რომ ამ პროფესიაში სერიოზული მომავალი მაქვს. ეს ყველაზე დიდი შეფასებაა", - ამბობს სალომეა.

როდესაც პროექტი იწყებოდა, მის მიმართ არც სტუდენტებს ჰქონდათ ნდობა, არც უნივერსიტეტებს და არც ფართო საზოგადოებას. დღეს კი PHCHG იქცა ერთ-ერთ იმ იშვიათ სივრცედ, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებს რეალური მხარდაჭერით აერთიანებს.

ინიციატივა ხელს უწყობს სტუდენტებს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაში - სწავლის გაგრძელებიდან პირველი კვლევების შესრულებამდე. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი, სალომეას აზრით, თვითრწმენის გაჩენაა: "ჩვენთვის განათლება არ ნიშნავს მხოლოდ საგნების სწავლას - ეს არის რწმენა, რომ შენ რეალურად შეგიძლია რაღაც შეცვალო".

PHCHG-ს არ აქვს მიზნად მხოლოდ რაოდენობრივი შედეგების მიღწევა. ორგანიზაციისთვის წარმატება იზომება უბრალო ადამიანური ისტორიებით, მოტივაციითა და საზოგადოებაზე წარმატებული ზემოქმედებით.

"ჩემი მიზანია, ეს პროფესია უფრო ადამიანური გავხადო. ის, რაც მე მაკლდა, სხვებს არ უნდა აკლდეთ", - ამბობს სალომეა.