როცა ყველაფერს თავად ქმნი – ნინო თავხელიძე და თავისუფალი მენეჯმენტის ძალა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნინო თავხელიძე დღეს დამოუკიდებლად საქმიანობს ბიზნესკონსულტანტისა და ბიზნესტრენერის როლში, თუმცა მის პროფესიაში დამოუკიდებლობა არ ნიშნავს მარტოობას. პირიქით – ის ყოველდღიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რათა დაეხმაროს მათ ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებაში, ახალი პროექტების შექმნასა და შიდა პროცესების ოპტიმიზაციაში.
წლების განმავლობაში ნინომ იმუშავა კორპორაციულ სექტორში, 15 წლის განმავლობაში ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებას ხელმძღვანელობდა. თუმცა ბოლო წლებში გადაწყვიტა, დაეტოვებინა ჩვეული სტაბილურობა და ეცადა ახალი, ინდივიდუალური გზის გაკვლევა, რასაც, მისი თქმით, გაცილებით დიდი შესაძლებლობები და პიროვნული ზრდის სივრცე მოჰყვა, ვიდრე წარმოედგინა.
მისი საქმიანობა პირდაპირ პასუხობს იმ მზარდ საჭიროებას, რაც დღეს ქართულ ბიზნესგარემოში შეიმჩნევა. ნინო ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარების ისტორია მხოლოდ ორი ათეული წელია, რაც აქტიურად დაიწყო. უცხოური კომპანიების შემოსვლამ და ადგილობრივი ბაზრის გაფართოებამ შექმნა სივრცე ახალი სტანდარტებისა და მიდგომებისთვის, თუმცა ამავდროულად წამოჭრა პრობლემებიც – კომპანიებს უჭირთ სწორი სტრუქტურების ჩამოყალიბება, შიდა პროცესების გამართვა და ახალი თაობის თანამშრომლებთან ეფექტური ურთიერთობა.
"ბოლო დროს ქართული კომპანიების უმეტესობა დგას იმ ზღვარზე, სადაც განვითარების ახალი ეტაპი გარდაუვალია. ეს კი ითხოვს გამოცდილებას, სტრატეგიულ ანალიზს, სწორი ადამიანების სწორ ადგილას დაყენებას და სისტემური ხედვის დანერგვას", – ამბობს ნინო. მის საქმეში სწორედ ეს არის მთავარი ამოცანა – დაეხმაროს კომპანიებს, იპოვონ ის მოდელი, რომელიც მათ ტრადიციებს შეინარჩუნებს, მაგრამ ასევე, მოერგება თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს.
ნინოს აზრით, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რასაც კომპანიები დღეს სვამენ, არის შემდეგი – როგორ შევქმნათ მოტივირებული გუნდი და როგორ ჩამოვაყალიბოთ ისეთი შიდა კორპორაციული კულტურა, რომელიც თანამშრომლისთვის არა ტვირთი, არამედ ინსპირაციის წყარო გახდება. მისივე თქმით, მენეჯერების მნიშვნელოვანი ნაწილი განიცდის "სოციალურ შიმშილს", რის გამოც დღეს ორგანიზაციებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ადამიანურ ღირებულებებზეა დაფუძნებული.
ნინომ ამ მიმართულებით ცოდნა პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ადამიანური კაპიტალის მართვასა და განვითარებაზე სპეციალიზდა. ის აღნიშნავს, რომ ამ ცოდნისა და წლების პრაქტიკული გამოცდილების სინთეზმა მისცა უნარი, ეფექტურად ემუშავა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებთან.
"მიყვარს მუშაობა იმ კითხვებზე, რომლითაც იწყება ან სრულდება ბიზნესი – როგორ მოვიქცეთ, რომ… ან როგორ არ მოვიქცეთ, რომ... სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიება მაძლევს უდიდეს მოტივაციას", – ამბობს ნინო.
მისი საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტრენინგების ჩატარება და გამოცდილების გაზიარება. ამით ცდილობს არა მხოლოდ კონკრეტულ კომპანიებს დაეხმაროს, არამედ იმ ფართო ბაზას, სადაც ცოდნის გაზიარება ჯერ კიდევ აქტუალური გამოწვევაა.
კითხვაზე, იყო თუ არა საჭირო სიმამაცე იმ დროს, როდესაც გადაწყვიტა კარიერის სრულად დამოუკიდებელი გზით გაგრძელება, ნინო პასუხობს: "სტაბილური გარემოდან გამოსვლა ყოველთვის რთულია. კომფორტის ზონას ადამიანი ეჩვევა, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება კორპორაციულ გარემოს. თუმცა ჩემთვის ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი. არაერთი რთული განცდის ფონზე მივიღე ეს გადაწყვეტილება, თუმცა მან მომცა ყველაზე დიდი ძალა".
ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მის გზაზე გაურკვევლობა იყო – არ იცოდა, ზუსტად რა მიმართულებით წასულიყო და შეძლებდა თუ არა სწორი არჩევანის გაკეთებას. თუმცა ამბობს, რომ თავდაპირველმა პატარა წარმატებებმა მას აჩვენა, რომ სწორ გზაზე იდგა და ეს გახდა სტიმული – განევითარებინა იდეები და მიზნები სრულფასოვან კონცეფციებად.
პროფესიულ საქმიანობაში ნინოს არაერთხელ მოუწია გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება. ჯერ კიდევ სახელმწიფო სამსახურში, ხოლო შემდეგ, IT სექტორში მოღვაწეობისას არაერთხელ მოხვდა ისეთ სიტუაციაში, სადაც ქალი მენეჯერის კომპეტენტურობა ეჭვქვეშ დგებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალი იყო.
"იყო შემთხვევა, როცა ჩემი კომპეტენცია სრულიად უგულებელყვეს და შეხვედრაზე სხვა, მამაკაცი მენეჯერი მოითხოვეს მხოლოდ გენდერის გამო. თუმცა ჩემს შრომას შედეგი მაინც ჰქონდა – დღეს იმ სფეროში ბევრი ქალი მუშაობს და სურათი საგრძნობლად შეცვლილია", – ამბობს ის. მისთვის ქალთა უფლებებზე მუშაობა და ამ თემის აქტუალიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მისიაა და ხშირად ენთუზიაზმითა და საკუთარი ინიციატივითაც ავითარებს მას.
დამოუკიდებელმა საქმიანობამ, როგორც თავად ამბობს, ასწავლა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა.
"ჩემი რჩევა ყველას, ვინც დამოუკიდებელ გზას დაადგება – ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და უთხარით საკუთარ თავს: ყველაფერი ჩემს ხელშია!"
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს – ნინო მიზნად ისახავს საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას, რომელშიც სხვადასხვა სფეროში სპეციალიზებული პროფესიონალები გაერთიანდებიან და ერთიანი ძალებით გააფართოებენ სერვისებს უკვე საერთაშორისო ბაზრებზეც. მისი ამბიციაა, გაზარდოს ქართული ბიზნესის ხარისხი და გაზიარებული ცოდნით არა მხოლოდ კომპანიის, არამედ ინდივიდების წინსვლასაც შეუწყოს ხელი.