საადვოკატო ბიურო "ფხალაძე და პარტნიორები" - გამარჯვების საწინდარი საადვოკატო მომსახურების სფეროში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნიკოლოზ ფხალაძის კარიერული გზა არ ყოფილა მარტივი - მას ძალიან დიდი შრომა, განათლებისკენ მუდმივი სწრაფვა და მრავალწლიანი პრაქტიკა დასჭირდა, რომ საკუთარი სახელი ქართული იურიდიული სფეროს მნიშვნელოვან მოთამაშედ ექცია.
დღეს ის არა მხოლოდ წარმატებული ადვოკატია, არამედ საადვოკატო ბიუროს "ფხალაძე და პარტნიორები" (Cabinet d'Avocats Pkhaladze et Associes) დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული იურიდიული ფირმაა. მისი მიზანი თავიდანვე იყო სამართლის პრაქტიკაში სიახლეების შეტანა, მაღალი პროფესიონალიზმის დამკვიდრება და იურიდიული სფეროს განვითარებაში წვლილის შეტანა.
ნიკოლოზ ფხალაძემ განათლება ჯერ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ფრანგულ-ქართულ კოლეჯში მიიღო, რის შემდეგაც კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა.
"სამართალი ყოველთვის მიმაჩნდა სფეროდ, სადაც ინდივიდს შეუძლია რეალური გავლენა მოახდინოს სისტემაზე, - ამბობს ის, - თუმცა მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის - პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება აუცილებელია, თუ გინდა, რომ წარმატებული იყო".
სწორედ ამ მიზეზით უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მან საფრანგეთში, სტრასბურგში გააგრძელა სწავლა კერძო სამართლის მიმართულებით მაგისტრატურაზე.
"სტრასბურგში სწავლისას გავიარე პრაქტიკა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ევროპის საბჭოსთან, ვსწავლობდი ფრანგულ სამართალს და აქტიურად ვეცნობოდი ევროპულ იურიდიულ სისტემას, - იხსენებს ნიკოლოზი, - ეს პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გარდამტეხი იყო, რადგან მაშინვე მივხვდი, რომ კერძო სამართალი ჩემი ძლიერი მხარე უნდა გამხდარიყო".
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან კარიერა დაიწყო პრაქტიკის გავლით "სვანიძე და პარტნიორებში", VBAT Law Firm-სა და "მიგრიაული და პარტნიორებში", სადაც მუშაობდა დოქტორ როინ მიგრიაულთან, რომელიც დღეს მისი სამეცნიერო ხელმძღვანელია დოქტორანტურაში.
"ამ პერიოდში ძალიან ბევრი პრაქტიკული უნარი დავხვეწე. ადვოკატი ვერ იქნება წარმატებული, თუ არ აქვს არა მხოლოდ თეორიული, არამედ რეალური სასამართლო პროცესების გამოცდილება. "ჩემი გამოცდილება სწორედ სასამართლო პროცესებში მონაწილეობით ჩამოყალიბდა. დავის გადაწყვეტა, ანუ Dispute Resolution-ი სწორედ ის მიმართულება გახდა, სადაც მე თავს ყველაზე ძლიერად ვგრძნობ".
საკუთარი საადვოკატო ბიუროს შექმნის იდეაც ნიკოლოზს სტრასბურგში გაუჩნდა. როგორც იხსენებს, საფრანგეთში სანივთო სამართლის ლექციებს ლიეჟის უნივერსიტეტის პროფესორი უკითხავდა და სწორედ მაშინ მიხვდა, რომ საქართველოშიც უნდა ჰქონოდა დამოუკიდებელი პრაქტიკა, შეექმნა პრეცედენტები სასამართლო სისტემაში და ამ გზით დაემკვიდრებინა თავი, როგორც პროფესიონალს.
სწორედ ასე დაარსდა საადვოკატო ბიურო "ფხალაძე და პარტნიორები", რომელიც დღეს საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრია და ფრანგული სახელწოდებით ოპერირებს – Cabinet d'Avocats Pkhaladze et Associes. დღეს "ფხალაძე და პარტნიორები" იურიდიულ მომსახურებას უწევს კორპორაციულ და ფიზიკურ პირებს.
"ჩვენი კლიენტები არიან კომპანიები, რომელთაც სამეწარმეო, საგადასახადო და შრომითი სამართლის სფეროში ვუწევთ მომსახურებას. კლიენტებს Due Diligence-ს, სამართლებრივი კონსულტაციებს და დავების გადაწყვეტაში საადვოკატო მომსახურებას ვთავაზობთ", ამბობს ნიკოლოზი.
გარდა ამისა, ბიურო უძრავი ქონების ტრანზაქციებში, სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციასა და სასამართლო დავებში უწევს კონსულტაციებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კლიენტებს.
"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა დისტანციური კონსულტაციაა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, შეუძლია მიიღოს ჩვენი იურიდიული სერვისი ," აღნიშნავს ნიკოლოზი.
ნიკოლოზ ფხალაძე არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა. ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი საქმე იყო "ოლდენბურგის" დავა დავების განმხილველ საბჭოში არბიტრაჟში (DRC). ეს საქმე ფრენშაიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევას ეხებოდა.
"ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება და არბიტრაჟმა ჩემი კლიენტის სასარგებლოდ მოწინააღმდეგეს ათეულობით ათასი ლარის გადახდა დააკისრა ."
მეორე გახმაურებული საქმე, რომელშიც ნიკოლოზი მონაწილეობდა, ჟურნალისტ თამუნა მუსერიძის სასამართლო პროცესი იყო.
"პირველ ინსტანციაში საქმე სხვა ადვოკატის მიერ წაგებული იყო, მაგრამ სააპელაციო სასამართლოში ჩემი ჩართვის შემდეგ დავა პირველივე სხდომაზე მოვიგე. საქმე ეხებოდა ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფას და ჩვენ დავამტკიცეთ სიმართლე," ამბობს ნიკოლოზი.
ნიკოლოზ ფხალაძე მხოლოდ პრაქტიკოსი ადვოკატი არ არის—ის აქტიურად მუშაობს სამართლის მეცნიერულ განვითარებაზეც. 2020 წლიდან აქვეყნებს სტატიებს ჟურნალში "სამართალი და მსოფლიო" (Law and World), სადაც აანალიზებს იმ პრაქტიკულ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს მართლმსაჯულება დგას.
გარდა ამისა, ნიკოლოზი გეგმავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას, რათა ცალკეული საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს.
"ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია სამართლებრივი სისტემის განვითარებისთვის. ჩემი მიზანია, რომ საქართველოს სამართლებრივი ბაზა უფრო მეტად დაუახლოვდეს კონტინენტურ ევროპულ სამართალს," ამბობს ის.
ნიკოლოზ ფხალაძე მომავალში თავის საქმიანობას საზღვრებს გარეთაც ხედავს. ამიტომაც, რამდენიმე წელიწადში გეგმავს ოფისების გახსნას სტრასბურგში, ბრიუსელსა და ჟენევაში.
"ვთვლი, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე არ უნდა შემოიფარგლოს," ამბობს ნიკოლოზი.
საქველმოქმედო საქმიანობაზე საუბარი არ უყვარს და მხოლოდ იმას გვეუბნება, რომ "საქართველოში ბევრი ბავშვთა თავშესაფარია როგორებიცაა "ჩვილ ბავშვთა სახლი" , "მომავლის გზა" და ა.შ. მათ დახმარება სჭირდებათ და იმედია უახლოეს მომავალში ყველა ბავშვს ექნება სათანადო პირობები".
მისი სიტყვებით, წარმატება მუდმივი განვითარების შედეგია. ხოლო სამართალი ცოცხალი პროცესია და ადვოკატი, რომელიც განვითარებას წყვეტს, პროფესიულად კვდება.
"მე მუდმივ ზრდას და ამისთვის ბრძოლას ვირჩევ" - ამბობს ნიკოლოზ ფხალაძე.