Get All Access for $5/mo

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში წარმოადგინა ყოველ გაცემულ ლარზე გამომუშავებული 14 ლარი, 11 000 დაფინანსებული პროექტი და 60 000 სამუშაო ადგილი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე სააგენტოს პროგრამების შეფასების შედეგები წარადგინეს, რომელიც ბენეფიციართა ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს ეყრდნობა. კვლევის ფარგლებში მონაცემები შეგროვდა: მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის, ექსპორტის მხარდაჭერის, სესხის თანადაფინანსებისა და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარებისგან.

მონაცემების ანალიზის თანახმად, სააგენტოს მიერ გაცემულ თითო ლარზე ბენეფიციარებმა დამატებით 14 ლარის შემოსავალი გამოიმუშავეს. 1 ლარის თანადაფინანსებამ მშპ-ში 4.2 ლარის კონტრიბუცია მოახდინა, ყოველ ლარზე კი, ერთ წელიწადში ბიუჯეტში 1.5 ლარის გადასახადები შევიდა.


აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან 10 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ 11 000 ათასამდე ახალი პროექტი დაფინანსდა და 60 000 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში, 8 წლის განმავლობაში (2014-2022 წლებში) დაფინანსდა 1 547 პროექტი, შეიქმნა 33 000-მდე სამუშაო ადგილი, სესხის მოცულობა კი 1,7 მილიარდ ლარს შეადგენს. სააგენტოს საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის მხარდაჭერით დაფინანსებულია 722 პროექტი (2020-2022 წლები), რამაც ქვეყანაში დამატებით 11 000-მდე სამუშაო ადგილი შექმნა, გაცემული სესხების მოცულობამ კი 574 მილიონი ლარი შეადგინა.

სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს ბენეფიციართა ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზზე დაფუძნებული შედეგები გააცნო. ანგარიშის წარდგენას საჯარო უწყების, დონორი ორგანიზაციისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხიდურელის თქმით, შეკითხვაზე, შეძლებდნენ თუ არა კომპანიები სააგენტოს დახმარების გარეშე შედეგების მიღწევას, ბენეფიციართა 60-85% პასუხობს, რომ ვერ შეძლებდნენ:

"მთავარ შეკითხვაზე − შეძლებდნენ თუ არა კომპანიები სააგენტოს დახმარების გარეშე ამ შედეგების მიღწევას, გრანტის ან სესხის აღებას, ბენეფიციართა უმეტესობა პასუხობს, რომ ვერ შეძლებდნენ, ან შეძლებდნენ ორი წლის შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამები ახდენენ ბიზნესმფლობელთა სტიმულირებას, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილებები ბიზნესის დასაწყებად და გასაფართოებლად. რომ არა ეს პროგრამები, არ იქნებოდა 60 000 ახალი სამუშაო ადგილი, არ იქნებოდა 2.7 მილიარდი ლარის პორტფელი, რომლის სტიმულირება ამ ადამიანებმა მოახდინეს. ამასთან, კომპანიები ვერ გავიდოდნენ ექსპორტზე, რომლებმაც ეს ჩვენი ექსპორტის მხარდაჭერის პროგრამის საშუალებით მოახერხეს", − აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.

ჩატარებული ანალიზის შედეგად, სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების ტენდენცია დადებითია. მიკროგრანტების პროგრამის განხორციელების პერიოდში (2015-2022 წლები) დაფინანსებულია 8 209 პროექტი, რამაც 21 185 სამუშაო ადგილი შექმნა, პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტის მოცულობა კი 91 მილიონ ლარს აჭარბებს. აღნიშნულ პროგრამაში დაფინანსებული პროექტების გადარჩენის მაჩვენებელი 85%-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ კომპანიებისა და მცირე ბიზნესების 85%, რომლებიც სააგენტომ დააფინანსა, ერთი წლის შემდეგ ისევ განაგრძობს ოპერირებას.

კვლევის შედეგად, 2014-2022 წლებში სააგენტოს მხარდაჭერით, ბენეფიციარებმა საკუთარი პროდუქცია 114 საერთაშორისო ღონისძიებასა და გამოფენაზე წარადგინეს. სააგენტომ "აწარმოე საქართველოში" 813-ჯერ დააფინანსა კომპანიების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ის, რომ ღონისძიებებში მონაწილე კომპანიების ექსპორტის მაჩვენებელი, დაფინანსებამდე პერიოდთან შედარებით, 30%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის დაწყებისას (2020 წელს) საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმში ჩართულ ბენეფიციართა რიცხვი 133-ს შეადგენს, რაც 2022 წელთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. რაც შეეხება სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამას, ამ კომპონენტში ბენეფიციართა რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 49%-ით იზრდება.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, რომ სააგენტო აქტიურად მუშაობს რამდენიმე ახალ პროექტზე, რომელსაც "აწარმოე საქართველოში" უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას.

"გვაქვს საკმაოდ ბევრი გეგმა, ვამუშავებთ 4-5 ახალ პროექტს, რომლის ჩაშვებას ვგეგმავთ მიმდინარე წლის განმავლობაში ან მომდევნო წლის დასაწყისში. რაც შეეხება უკვე დაწყებულ ინიციატივას, ესაა რეგიონული საკონსულტაციო ცენტრები − "აწარმოე საქართველოში" ოფისები რეგიონებში, რომლებიც მომხმარებელს, ბენეფიციარს და პოტენციურ ბენეფიციარებს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა იმ პროექტის შესახებ, რომლებსაც ახორციელებს ჩვენი სააგენტო, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაცია, მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად. აღნიშნული პროექტის მიზანია, თბილისსა და რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების, ბიზნესუნარების განვითარების მხარდაჭერისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით", − აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიში სააგენტოს საშუალებას აძლევს, ეფექტიანად შეაფასოს თავისი როლი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით − მათ შორის, რომელ კომპონენტში და რა ტიპის სერვისის მიწოდება სჭირდება კერძო სექტორს, რაც სამომავლოდ, სააგენტოს საქმიანობასა და პროექტებში იქნება გათვალისწინებული.

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს

მენეჯმენტი

რატომ არის საჭირო კრიზისი კომპანიების შესაცვლელად?

ცვლილებების განხორციელებაზე რომ დათანხმდეთ, შფოთვაც უნდა დაძლიოთ, ჯილდოების მიღების ცდუნებაც და სოციალური სტატუსიც

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"