Sponsored Content

საბუკოს ხედვა: ბუნებისა და ადამიანის საქმიანობის ჰარმონიული თანაარსებობა ივრის ზეგანზე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ივრის ზეგანზე, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. პროექტს -"კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტს ან მომავალ უდაბნოს შორის" ჰქვია და მიზნად ისახავს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებასა და ადგილობრივი თემების ხელშეწყობას, ადამიანისა და ველური ბუნების ჰარმონიული თანაცხოვრებისთვის, რისთვისაც პროექტი ისეთ კომპონენტებს აერთიანებს, როგორიცაა, ბიომრავალფეროვნების კვლევა და დაცვა, ძოვების მდგრადი პრაქტიკების დანერგვა და რაც მთავარია, ადგილობრივი ცხვრის პროდუქტების პოპულარიზაციით ფერმერების ხელშეწყობა. პროექტს საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - საბუკო, BirdLife-ის მხარდაჭერითა და ფონდ არკადიას დაფინანსებით უკვე მეორე წელია ახორციელებს, თუმცა ორგანიზაციამ ივრის ზეგანზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო. მაშინ პროექტის პირველი ფაზა ძირითადად ფოკუსირებული იყო ჭაჭუნას აღკვეთილში, ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი ზამთრის საძოვრების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 2022 წლიდან მოყოლებული კი საპროექტო ტერიტორია გაფართოვდა და საძოვრების მართვის მსგავსი პრობლემის მქონე სხვა ტერიტორიებიც მოიცვა.

პროექტის მენეჯერი, ალექსანდრე მიქელაძე აღნიშნავს, რომ მეცხვარეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ რეგიონის ეკონომიკისთვის, არამედ ტრადიციული და კულტურული ღირებულების შენარჩუნებისთვის. როგორც ალექსანდრე ამბობს, პროექტის გუნდის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ ფერმერებს ნიადაგისა და საძოვრების მდგომარეობის გასაუმჯობესებად მდგრადი პრაქტიკის დანერგვაში.

პროექტის მიზნებთან თანხვედრაშია ორგანიზაციის გრძელვადიანი ხედვაც, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ მიდგომას და ჰარმონიულად აერთიანებს გარემოსდაცვითი, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და თემის განვითარების საკითხებს. ორგანიზაციის სამომავლო გეგმები ითვალისწინებს ტერიტორიაზე არსებული სტეპების, არიდული ნათელი ტყეების, ჭალის ტყეების სხვა ეკოსისტემების - მდგომარეობის გაუმჯობესებას. გრძელვადიანი ხედვის ქვაკუთხედს, ძირითადი სახეობებისა და ჰაბიტატების დასაცავად შექმნილი, კარგად განვითარებული დაცული ტერიტორიები წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს ტერიტორიაზე ქურციკის სტაბილური პოპულაციის არსებობასა და ლეოპარდის დაბრუნებას. სამომავლო ხედვა ასევე ითვალისწინებს ბრაკონიერობის მართვისათვის საჭირო ზომების მიღებას. ეს ყოველივე კი ეფუძნება ერთობლივი მართვისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას.

საპროექტო ტერიტორია, რომელსაც ივრის ზეგნის სახელით მოვიხსენიებთ, რამდენიმე დაცულ ტერიტორიას მოიცავს, მათ შორის საგულისხმოა ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხირვი გამოყენების ტერიტორიაა, რომელიც საინტერესოა არა მარტო ქურციკის აღდგენის მიმდინარე პროექტის, არამედ ტრადიციულ, მომთაბარე მეცხვარეობასთან დაკავშირებული ცხოვრების წესის გამოც. საუკუნეთა განმავლობაში თუშები მომთაბარე მეცხვარეობას მისდევენ და სამუხის საძოვრებს ზამთრობით სტუმრობენ, ზაფხულობით კი ცხვარი თუშეთში აჰყავთ. ცხვრის გადარეკვის ტრადიცია თუშური კულტურის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, თუშებისთვის სამუხის ზამთრის საძოვრებზე წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არსებული ტრადიციის შენარჩუნებისთვის. საბუკოს გრძელვადიან ხედვაში ცხვრის გადარეკვის არსებული პრაქტიკის შენარჩუნება და მისი ადაპტირება თანამედროვე გარემოსდაცვით და ეკონომიკურ მოთხოვნებთან მიჩნეულია, როგორც ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის მთავარი ხელშემყობი ფაქტორი.

რადგან მეცხვარეობა თუშების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ცხვრის პროდუქტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნი, წარმოუდგენელია გარემოსდაცვითი ინიციატივების განხორციელება ამ ფაქტორების გათვალისწინებისა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერების გარეშე. შესაბამისად, დაგეგმილია ადგილობრივი ცხვრის პროდუქტების პოპულარიზაცია. თუშური ცხვრის პროდუქტები, იქნება ეს გუდის ყველი, ხორცი თუ მატყლი ხომ ცნობილია განსაკუთრებული ხარისხითა და გემოვნური მახასიათებლებით.

საქართველოში ცხვრის პროდუქტების პოტენციალის კვლევა გვამცნობს, რომ ამჟამად, პროდუქტების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზრებამდე ვერ აღწევს და , ხშირ შემთხვევაში საზღვარგარეთ იყიდება. იმისათვის, რომ ცხვრის პროდუქტები ადგილობივ ბაზარზეც დამკვიდრდეს, საბუკო ღირებულებითი ჯაჭვის განვითარებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ცხვრის პროდუქტის ბრენდის "ივრის ზეგანი" შექმნა და პოპულარიზაცია. სათანადოდ ბრენდირებული პროდუქტის ღირებულების გაზრდა, რა თქმა უნდა, გაცილებით რეალისტურია. ბრენდირების ეს მოდელი არა მხოლოდ გაზრდის ფერმერების შემოსავალს, არამედ ხელს შეუწყობს ისეთ სამეურნეო მიდგომების დანერგვას, რომელიც ნაკლებად დამაზიანებელი იქნება გარემოსთვის. ამჟამად, საბუკოს გუნდი ბრენდინგისთვის მნიშვნელოვანი საკითხების კვლევითა და შესწავლით არის დაკავებული, მაქსიმალურად ითვალისწინებს ფერმერთა საჭიროებებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ბრენდინგი სათანადოდ უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს.

"ჩვენ გვსურს დავინახოთ ერთიანი სურათი" - ამბობს ალექსანდრე მიქელაძე, პროექტის მენეჯერი. "საქმე არ ეხება მხოლოდ მოგებას, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ტერიტორიის ეკოლოგიურ მნიშვნელობაზე, რათა შევქმნათ მდგრადი მეურნეობის მაგალითი". საბუკოს გუნდს სჯერა, რომ ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, საძოვრებისა და სტეპების დაცვასა და აღდგენას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითად აისახება ველურ ბუნებაზე.

ბრენდინგის პროცესი, რომელსაც I'STUDIO უძღვება, მოიცავს 87 ფერმერის შეხედულებებისა და საჭიროებების კვლევას, მათთან მუდმივი ვიზიტებისა და ინტერვიუების მეშვეობით, რაც იმის გაგების საშუალებას იძლევა, თუ როგორ როგორ მოვაქციოთ შინამეურნეობაში წარმოებული საოჯახო პროდუქცია ერთიანი ბრენდის ქვეშ. I'STUDIO-ს კომერციული დირექტორი ტატუკა ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია ბრენდინგის ისეთი სტრატეგიის შექმნა, რომელიც ორიენტირებული იქნება სარგებლის მიღებაზე და ამავდროულად წინა პლანზე იქნება წამოწეული მათი მდიდარი მემკვიდრეობა და ტრადიციები. მათთვის უმნიშვნელოვანესია ეფექტური ბრენდინგი მოიცავდეს ვიზუალურ მხარეზე ბევრად უფრო მეტს. გარკვეულწილად ეს ამბის შეთხზვას ჰგავს, რომელიც აირეკლავს საზოგადოების ღირებულებებსა და ტრადიციებს. ბრენდინგის მიზანია შეიქმნას ისეთი შეფუთვა, რომელიც ფუნქციურთან ერთად იქნება მიმზიდველიც, რაც გაზრდის თუშური პროდუქციის ღირებულებას და პარალელურად ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. ბრენდინგის პროცესი მთლიანად წარმართული იქნება კვლევის შედეგად გამოკვეთილი შეხედულებებიდან გამომდინარე. აგრთვე, გათვალისწინებული იქნება თითოეული საოჯახო პროდუქტის სიმბოლოის შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტრადიციული პროდუქტების თანამედრობე ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას.

კახეთში ფერმერები ცხვრის მრავალფეროვან პროდუქტს ამზადებენ, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ ბაზარი მათ მოთხოვნილებებს პროდუქციის ღირებულების თვალსაზრისით ვერ აკმაყოფილებს და ფიქრობენ, რომ იღებენ დამსახურებულზე ნაკლებს. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბრენდინგი დაიგეგმოს ჰოლისტური მიდგომით, წარმოების, მარკეტინგისა და გაყიდვების ინსტრუმენტების ჰარმონიული შერწყმით. სწორედ, ამ მიზანს ემსახურება ბრენდინგის იდეა, რომელიც არა მხოლოდ ზრდის პროდუქტისგან მიღებულ სარგებელს, არამედ მიმზიდველია და იპყრობს მომხმარებლის ინტერესს. I'STUDIO-ს მიზანია შექმნას ბრენდი, რომელიც აირეკლავს ტერიტორიის უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას და ამავდროულად მოიცავს ყველა პროდუქტს, ყველისა და ქსოვილის ჩათვლით. ამ ინიციატივის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობა თანამედროვე თუშ მხატვრებთან, მათი ტრადიციების თანამედროვეობასთან შერწყმის მიზნით, რათა შეიქმნას დამაჯერებელი, ნამდვილი ამბავი, რომელიც ემოციურად უახლოვდება მომხმარებელს. ბრენდინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაეთმობა სამუხის დაცული ტერიტორიის მნიშვნელობას, რომელიც საუკუნეების მანძილზე თუშებისთვის ზამთრის საძოვრებს წარმოადგენს. ზამთრისა და საზაფხულო საძოვრებს შორის სეზონური მიგრაცია ხომ მეცხვარეებისთვის ცხოვრების წესია - წესი, რომელიც მათ ცხოვრებას კულტურულ და ისტორიულ სიღრმეს სძენს.

I'STUDIO დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ამუშავებს პროექტის ლოგოსა და სახელის იდეას. კომპანიის წარმომადგენლები, ადგილის სიღრმისეულად შესაცნობად და რეგიონის არსის გასაგებად გეგმავენ ესტუმრონ საპროექტო ტერიტორიას. გარდა ამისა, დაგეგმილია მოკლემეტრაჟიანი ფილმის შექმნა, სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება ადგილობრივ ფერმერებზე, მათ საქმიანობასა და ოსტატობაზე, ეკოლოგიურ და კულტურულ კონტექტსტზე. ვიზუალური პროდუქტის შექმნა ხელს შეუწყობს უფრო ფართო აუდიტორიის ჩართვას და შესაძლებლობების ფანჯრის გახსნას ახალი პარტნიორებისთვის.

ტატუკა ჭუმბურიძე, I'STUDIO-ს კომერციული დირექტორი მომავალ ბრენდს აღიქვამს ფერმერების ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ, რომლის დახმარებითაც, ადგილობრივი პროდუქტი ბაზარზე გავა. პროექტი, თავის მხრივ, არ შემოიფარგლება მხოლოდ ბრენდინგით. ეს არის თუშეთის კულინარიული და კულტურული სიმდიდრის წარმოჩენის შესაძლებლობა, რაც არაპირდაპირად აისახება ტურიზმის განვითარებაზეც.

პროექტი "კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტს ან მომავალ უდაბნოს შორის" 2027 წელს დასრულდება. პროექტის მთავარი მიზანია სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვა ერთიანი ეკოლოგიური ქსელის ფარგლებში, სადაც ველური ბუნება და ადამიანების საქმიანობა ჰარმონიულად გააგრძელებს თანაცხოვრებას.