სადჰგურუ საქართველოში შეხვედრას 26 აპრილს გამართავს სადჰგურუ მოგვიწოდებს გავერთიანდეთ ნიადაგის პრობლემის გარშემო, რადგან მიწა ყველას გვაერთიანებს - განურჩევლად რასისა, რელიგიისა, ეთნიკური წარმომავლობისა და ნებისმიერი სხვა დაყოფისა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
თანამედროვე იოგი, მისტიკოსი და ჰუმანისტი − სადჰგურუ, თბილისის სპორტის სასახლეში 26 აპრილს 19:00 საათზე შეხვედრას Conscious Planet (Save Soil) პროექტის ფარგლებში გამართავს. გლობალური მოძრაობა, რომელიც 21 მარტს დაიწყო, ნიადაგსა და ნიადაგის მსოფლიო კრიზისიდან გამოსავალს შეეხება.
ვინ არის სადჰგურუ?
სადჰგურუ არის იოგი და ვიზიონერი, რომელიც ინდოეთში დაიბადა და დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მიმდევარი ჰყავს. ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში ცნობილია თავისი გრანდიოზული ინიციატივებით, რომელიც მიზნად ისახავს მიაღწიოს ადამიანის კეთილდღეობასა და გლობალურ ჰარმონიას. რამდენიმე ბესტსელერის ავტორი და ჰუმანისტი, ხშირად მასპინძლობს საერთაშორისო სესიებს ისეთი წამყვანი ორგანიზაციებისა და კომპანიების ორგანიზებით, როგორიცაა Google, Harvard, Oxford, MIT, Facebook, New York Times და სხვა. განხორციელებული აქვს ეკოლოგიური პროექტები, რომლის ფარგლებშიც, საბოლოო ჯამში, 62 მილიონი ხე დაირგო.
სადჰგურუს დაარსებული აქვს არაკომერციული ორგანიზაცია Isha Foundation. მისმა ტრანსფორმაციულმა იოგამ და მედიტაციის პროგრამებმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე იქონია დადებითი გავლენა. Youtube-არხზე სადჰგურუს ვიდეოებს 2.5 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
რა არის Save Soil?
სადჰგურუმ 2021 წელს წამოიწყო ახალი გლობალური მოძრაობა Conscious Planet (Save Soil) consciousplanet.org, რომლის მიზანი ნიადაგის გადარჩენა და კაცობრიობის წინაშე მდგარი კატასტროფული პრობლემის გადასაჭრელად საჭირო პოლიტიკის შემუშავებაა. გაეროს ინფორმაციით, მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო ნიადაგის 52% დეგრადირებულია. 2050 წლისთვის ამ მაჩვენებელმა შესაძლოა მიაღწიოს 90%-ს, რაც გლობალურად გამოიწვევს საკვების საგანგაშო პრობლემას. შედეგად, საკვების კვებითი ღირებულების ვარდნა და გამოფიტული ნიადაგი გამოიწვევს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამოყოფასა და კლიმატის ცვლილებას. სადჰგურუს ხედვითა და UNFAO (Food and Agriculture Organization of the United Nations)-ს ცნობით, ნიადაგის ცვლილების გამო ზოგიერთ რეგიონში მოსავლიანობა შესაძლოა 50%-ით შემცირდეს. გარდა ამისა, კარიბის რეგიონის მიწის 50% გაუდაბნოების საშიშროების წინაშე დგას. გაერო აგრეთვე ავრცელებს ინფორმაციას, რომ სურსათისა და წყლის ნაკლებობამ შესაძლოა მილიარდზე მეტი ადამიანი გახადოს იძულებული, დატოვონ საცხოვრებელი ადგილები და მიგრაცია დაიწყონ.
რა არის Save Soil-ის მიზანი?
პროექტის მიზანია ნიადაგის პრობლემის შესახებ ცნობადობის გაზრდა. სადჰგურუს მთავარი მიზანია, არსებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო მოსახლეობის სულ მცირე, 60%-მა შეიტყოს, რათა პასუხისმგებელმა პირებმა შეიმუშაონ ერთიანი პოლიტიკა და რეგულაციები ნიადაგის გადასარჩენად. ამასთან დაკავშირებით, სადჰგურუ (64 წლის ასაკში) აპირებს 100 დღის განმავლობაში მოტოციკლით დაფაროს 30 000 კილომეტრი ბრიტანეთიდან ინდოეთამდე და შეხვდეს 26 სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობას, რათა პირადად გააცნოს ინფორმაცია ნიადაგის პრობლემის შესახებ. Save Soil კამპანია გაეროს მდგრადი განვითარების 17 საერთო მიზნიდან 12 მიზანს ემსახურება.
რა კავშირი აქვს მიწასა და შინაგან ინჟინერიას?
სადჰგურუს მიაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრება ცოცხალ ბუნებასთან და მიწასთან სინერგიაა. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საკუთარ თავთან დავამყაროთ კონტაქტი. "თუ შიშველი ფეხი და ხელის გულები მიწასთან კონტაქტშია თუნდაც დღეში რამდენიმე წუთით, ფიზიოლოგიურ პროცესებში გარკვეული ცვლილებები ხდება", − განმარტავს იოგი. ინდოეთში სპირიტუალიზმის მიმდევარი პირები ფეხშიშველნი დადიან და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ჰქონდეთ მიწასთან. სადჰგურუს ხედვით, ამ დროს სხეულს ეძლევა ემპირიული შეხსენება იმისა, რომ ის მხოლოდ მიწის შვილია. მიწა კი სხეულს არ აძლევს საშუალებას, დაივიწყოს თავისი წარმომავლობა.
"დღეს მრავალი ხელოვნური ბარიერი გვყოფს მიწისგან − ტროტუარები და მრავალსართულიანი შენობები, ასევე, ფართოდ გავრცელებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმის ტენდენცია. ეს ყველაფერი აცალკევებს ნაწილს მთელისგან და გუდავს ფუნდამენტურ სასიცოცხლო პროცესებს. ეს დაშორება ვლინდება ავტოიმუნური დარღვევების ფართო გავრცელებით და ქრონიკული ალერგიული მდგომარეობით. თუ თქვენ ადვილად ხდებით ავად, სცადეთ იატაკზე დაძინება (ან ისე, რომ თქვენსა და იატაკს შორის დაშორება იყოს მინიმალური). თქვენ ძალიან დიდ განსხვავებას შეამჩნევთ. გარდა ამისა, ეცადეთ მიწასთან ახლოს დასხდეთ. თუ შეგიძლიათ იპოვოთ ხე, რომელშიც სიცოცხლით სისავსეს შეიგრძნობთ მისი ფოთლებისა და ყვავილების სიუხვის წყალობით, მიდით და გაატარეთ გარკვეული დრო მის გარშემო. თუ შესაძლებელია, ისაუზმეთ ან ისადილეთ მის ქვეშ. როდესაც ხის ქვეშ ისხდებით, შეახსენეთ საკუთარ თავს − სწორედ ეს მიწა არის ჩემი სხეული. მე ეს სხეული მივიღე მიწისგან, და სწორედ მიწასვე დავუბრუნებ მას. მე შეგნებულად ვთხოვ, რომ დედამიწამ დამიცვას, გამომკვებოს და მომიაროს. ამის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ თქვენი სხეულის გამოჯანმრთელების შესაძლებლობა მკვეთრად გაიზრდება. ხოლო თუ ყველა თქვენი ხე უკვე ავეჯად გარდაქმენით, მაშინ აიღეთ მცირეოდენი მიწა, და ხელები და ფეხები დაიფარეთ. გაიჩერეთ 20-იდან 30 წუთამდე. ასე თქვენს გამოჯანმრთელებას მნიშვნელოვნად შეუწყობთ ხელს", − აღნიშნავს სადჰგურუ.
პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს
წყარო:
https://magma.ge/old/library/706-inner-engineering?showall=&start=12
https://www.facebook.com/SadhguruGeorgia/