საქართველოში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები გამოვლინდნენ
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს საქართველოს 6 რეგიონში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩები ჰყავს.
21 ივლისს, "ფაბრიკაში", ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) ქვეყნის მასშტაბით სოციალური მეწარმეობის 6 ახალგაზრდა ელჩი გამოავლინა, რომლებსაც 700 ევრომდე ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა გადაეცათ და შემდგომი 5 თვის განმავლობაში საკუთარ რეგიონებში, თანამოაზრეებთან ერთად, სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტივობას განახორციელებენ.
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამაში ფინალურ ეტაპზე 13 პროექტის ავტორი გადავიდა. მათ ჟიურის წინაშე წარადგინეს იდეები, თუ როგორ აპირებენ სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას.
გამარჯვებულები იმუშავებენ სვანეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, იმერეთისა და ქვემო-ქართლის მუნიციპალიტეტებში.
პროგრამის დასასრულ კი საქართველოს 6 რეგიონში ელჩების ინტენსიური მუშაობის შედეგად, სოციალური მეწარმეობის საუკეთესო ახალგაზრდა ელჩი გამოვლინდება, რომელიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდება.
სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა, ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათი უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებებით.
წელს, პროგრამის ფარგლებში 200-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა და შეირჩა 25 აქტიური ახალგაზრდა, რომლებმაც სოციალური მეწარმეობის საზაფხულო სკოლა გაიარეს, რომლის ფარგლებში გაეცნენ სოციალური მეწარმეობის არსს და ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებს. მენტორებთან ერთად ახალგაზრდებმა იმუშავეს მათ გარშემო არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე, ეწვივნენ სხვადასხვა სოციალური მიზნის მქონე საწარმოს, შეხვდნენ სოციალურ მეწარმეებს, შეიტყვეს მეტი სოციალური საწარმოების საქმიანობის შესახებ და მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვორქშოფებში. გარდა ამისა, საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა პროექტების საკონკურსო ეტაპისთვის გაიარეს პრაქტიკული მომზადება, მათ შორის კომუნიკაციების, ინფორმაციის გავრცელებისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიმართულებებით.
პროგრამის შემდგომ ეტაპზე მონაწილეები საპროექტო იდეების კონკურსში ჩაერთნენ, რომლის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 6 ახალგაზრდა ელჩი გამოვლინდა.
CSRDG ახალგაზრდებისთვის სტუდენტურ კონკურსებს 2012 წლიდან ახორციელებს, რომლებშიც წლების განმავლობაში 500-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.