Get All Access for $5/mo

სალომე ზურაბიშვილი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ორბელიანების სასახლეში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლების მიღება და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.

,,მოხარული ვარ, რომ აქ, ამ ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს. თქვენი დარგი, თქვენი წამოწყება, სტარტაპები და ინოვაციების, ტექნოლოგიების მთელი ეს სფერო არის არამხოლოდ მნიშვნელოვანი საქართველოსთვის დღეს, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ხვალინდელი დღისთვის იმიტომ, რომ ეს ის მზარდი სფეროა, რომელსაც აქვს იმის უნარი, რომ ქვეყანაშიც შემოიტანოს ინვესტიციები, ჩვენი თავიც გავიტანოთ და გავაცნოთ მსოფლიოს და მსოფლიო ბაზარს და ამით შევუწყოთ ხელი ყველანაირ განვითარებას. ტექნოლოგიები და ინოვაციები, ამით ვითარდება რეალურად ქვეყნის ეკონომიკა და ამის გარეშე არ ვითარდება. ამიტომ, ეკონომიკის ხაზზე თქვენ ხართ ჩვენი ფრონტი, ასე რომ ვთქვათ, და არა მხოლოდ ეკონომიკის, აქ შედის ყველაფერი: ცოდნა, ცოდნის განვითარება, განათლება და საერთოდ ქვეყნისა და მისი ეკონომიკის დინამიზმი. თუ არაა დინამიკური, მაშინ რაღაც მდორედ მიდის და ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვინდა.

ასევე, თქვენ წარმოადგენთ იმ სექტორს, რომელიც ძალიანაა დაკავშირებული ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვიცი, რამდენად ხართ მასზე გადაჯაჭვული და დამოკიდებული, თქვენი განვითარებაც მასზეა დამოკიდებული და ამიტომ, დღევანდელ მოცემულობაში, რომელიც ძალიან რთულია, მაგრამ არა უიმედო, ამ რთულ ვითარებაში ჩვენ სწორედ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ ეს ურთიერთობები და დავიცვათ ამ ურთიერთობების მომავალი განვითარება, ანუ ჩვენი ევროპული და დასავლური გზა.

კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ოქტომბერში მიწვეული ვარ საფრანგეთში, ფრანკოფონიის სამიტზე რომლის ფარგლებშიც სწორედ ინოვაციების და ტექნოლოგიების ძალიან დიდი შეხვედრა იმართება. მე მიწვეული ვარ, როგორც პრეზიდენტი და მთხოვეს, რომ თუ იქნება თქვენთან ერთად საშუალება, დელეგაცია იყოს სწორედ სტარტაპების და ამ სფეროს წარმომადგენლების, რომლებიც სამიტის ფარგლებში შეიკრიბებიან და საშუალება ექნებათ, ერთმანეთთან ჰქონდეთ გაცნობით შეხვედრები. ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს მომავალი თვეები." - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბება-განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქართული სტარტაპ კომპანიების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციისა და ხელშეწყობისთვის ,,Startup Grind Tbilisi"-ს თანადირექტორი, სტარტაპ ,,KERNEL"-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ტუხაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი ტუხაშვილის დედას, ნანა კაპანაძეს გადასცა.

,,მე მინდა ვისარგებლო დღევანდელი დღით და სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ, ღირსების მედალი გადავცეთ ადამიანს, რომელიც თქვენთვის ალბათ ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს, რადგან გიორგი ტუხაშვილზეა საუბარი. ის თავის თავში აერთიანებდა ყველა იმ მიმართულებას, რომელიც სტარტაპებში არსებობს, რომელიც საჭიროა და რომელმაც დღემდე მოგვიყვანა. 10 წლის წინ, პრაქტიკულად, ეს დარგი არ არსებობდა, არ იყო ასეთი განვითარებული და სწორედ ეს ადამიანი იყო ამ განვითარების საწყისებზე. ალბათ მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ახალგაზრდებიც გაზარდა, მენტორობაც გაუწია ზოგ მეწარმეს, ინვესტიციების მოზიდვაში დაიწყო თვითონაც მოღვაწეობა, გამართა ის ძალიან დიდი შეკრებები, რაც სატრაპებისთვისაა დამახასიათებელი და თბილისში ჩაატარა ასეთი დიდი შეკრება 2019 წელს, თუ არ ვცდები. ამ ყველაფრისთვის, მოტივაცია სწორედ იმაშიცაა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ ადამიანების ღვაწლი იმ საქმეში, რომელიც ესოდენ გვჭირდება, რომელსაც ექნება სამომავლოდ განვითარება იმიტომ, რომ არსებობენ სწორედ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სჯეროდათ, სჯერათ და იქნებიან ბოლომდე ჩართული ამ საქმეში და ეს არის ის საქმე, რომელიც ამ ქვეყანას ძალიან ძალიან სჭირდება." - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი ტუხაშვილის დედამ, ნანა კაპანაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა - ,,გიორგის გვერდით ყოველთვის ვხედავდი და თქვენში ვხედავ ჭკვიან, მოტივირებულ, მომავლის უკეთესობისკენ შეცვლისთვის მობილიზებულ ახალგაზრდებს, გონიერ ახალგაზრდებს. საქართველო აუცილებლად გაბრწყინდება და გაბრწყინდება თქვენით."

,,Startup Grind Tbilisi"-ს დირექტორმა კოლინ დონაჰიუმ ხაზი გაუსვა გიორგი ტუხაშვილის მიერ ამ სფეროში შეტანილ უდიდეს წვლილს. ,,ამ დროს ჩვენ არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა დავიხიოთ უკან, ჩვენ უნდა ვიაროთ ჩვენი ოცნებებისკენ. გიორგი იყო უდიდესი ერთობის, გაგების სურვილის მქონე პიროვნება. არა მხოლოდ საკითხების ზედაპირზე შეხების, არამედ სიღრმეებში ჩაძიების სურვილის მქონე. საკუთარ თავს გამოწვევების წინაშე აყენებდა, სხვებისგან ელოდა მეტს, რათა უკეთესები ვყოფილიყავით როგორც პიროვნებები, როგორც საზოგადოება. როდესაც კოვიდის დროს წამოწყება დავიწყეთ, მსოფლიოს ას ათი ორგანიზაციის დირექტორი მუშაობდა ჩვენთან ერთა, მათ ფოკუსი საქართველოზე გააკეთეს, თუ რისი მოტანა შეეძლო საქართველოს მსოფლიოსათვის და გიორგი ამ ურთიერთობებში ცენტრალური ფიგურა იყო." - აღნიშნა კოლინ დონაჰიუმ.

სტარტაპ ,,KERNEL"-ის დამფუძნებელმა ბექა დალაქიშვილმა გიორგი ტუხაშვილის საქმიანობაზე ისაუბრა. ,,ის რის გამოც ფასდება დღეს ამ სახით გიორგის სიცოცხლე არის ის რაც გააკეთა, ალბათ, უმეტესობა ჩვენგანისთვის ყველაზე რთულ მომენტში ყოველთვის გვაძლევდა დამატებით ენერგიას, დამატებით მოტივაციას იმისთვის, რომ წავსულიყავით წინ, გვეკეთებინა კეთილი საქმეები." - განაცხადა ბექა დალაქიშვილმა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"