საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება "მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა ჰპოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე.
ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება.
მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე.
თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.
თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
განცხადებას ხელს აწერენ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
3. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
4. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი
5. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
6. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
7. თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
8. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
9. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ
19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
21. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
23. კავკასიის უნივერსიტეტი
24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი
29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი
31. ევროპის უნივერსიტეტი
32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
33. თბილისის თავისუფალი აკადემია
34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი
35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი
36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი
38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი