საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ 2025 წელი შეაჯამა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

17 დეკემბერს, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის წლის შეჯამება და პირველი AI დაჯილდოება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორმა, გიგი გიორგაძემ ასოციაციის საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან სტუმრებს GAIA-ს საქმიანობის მთავარი აქცენტებისა და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ გაუზიარა ინფორმაცია. ასევე, ისაუბრა კერძო სექტორის გააქტიურების და AI ცნობიერების ამაღლების ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. დაანონსდა საჯარო სკოლებში ხელოვნური ინტელექტის სწავლების მასშტაბური პროექტის დაწყებაც.
ახალი თაობის AI პროფესიონალების განვითარება, ბიზნესში და საზოგადოებაში AI ცნობიერების ამაღლება და პროფესიული საზოგადოების გაძლიერება - ეს GAIA-ს 2025-2026 წლების ძირითადი პრიორიტეტებია.
"პარტნიორებთან და AI პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად 2025 წელს 9 ახალი პროექტი დავიწყეთ, სამჯერ გაიზარდა ჩვენი წევრი ადამიანების და AI კომპანიების რაოდენობა, პირველად მივიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო AI ოლიმპიადაში და მედლით დავბრუნდით - ეს შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოში AI-ზე სტრუქტურულ, სისტემურ მუშაობას შედეგები მალევე მოაქვს. ასეთი შედეგები კი მოტივაციას გვაძლევს და გვაჩვენებს, რომ მეტის პოტენციალი გვაქვს როგორც ტალანტების განვითარების, ისე AI-ის ათვისების მიმართულებით." - გიგი გიორგაძე, ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის დირექტორი.
ღონისძიების ფარგლებში, პირველი AI დაჯილდოებაც გაიმართა. საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ გამარჯვებულები სამ სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა.
საზოგადოებაში და ბიზნესში AI განათლების გავრცელების და ცნობიერების ამაღლებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო Helio.AI-ის ტექნიკურს დირექტორს, ნათია ქუხილავას გადაეცა. AI პროფესიული საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის DataFest Tbilisi დაჯილდოვდა, ხოლო Rising Star-ის ტიტული AI ოლიმპიადის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის აგვისტოში, საქართველომ პირველად წარადგინა ეროვნული ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, პეკინში. ქართველმა ოლიმპიელებმა, რომლებმაც GAIA-ს ორგანიზებული მოსამზადებელი კურსი გაიარეს, პირველივე წელს, ბრინჯაოს მედალი და საპატიო სიგელი მოიპოვეს.
GAIA 2022 წელს შეიქმნა და მისი მიზანია, დაეხმაროს ბიზნესებს და ადამიანებს AI-ის ეფექტურად გამოყენებაში, ამით კი ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ GAIA-ს წევრები, პარტნიორი ორგანიზაციები, მხარდამჭერები და პროფესიული AI საზოგადოება.
ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით და დ ბლოკთან პარტნიორობით ჩატარდა.