საქართველოს აუდიტორულ ბაზარზე მზარდი კონკურენციის შედეგად რეიტინგში პოზიციები მკვეთრად შეიცვალა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების ბაზარი დინამიკურ ზრდას აგრძელებს, რაც ძირითადად განპირობებულია ბიზნეს საკონსულტაციო სერვისებზე მზარდი მოთხოვნით.
2024 წლის შედეგები, რომელიც აუდიტორული ფირმების მთლიან შემოსავლებს ასახავს, მნიშვნელოვან ცვლილებებს აჩვენებს ტოპ კომპანიების პოზიციებში, განსაკუთრებით კი ლიდერთა სამეულში.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ეფუძნება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) პორტალზე საჯაროდ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ფინანსურ მონაცემებს. წარმოდგენილი მონაცემები ასახავს სდპ სტატუსის მქონე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების შედეგებს 2024 წლისთვის. როგორც წესი, 2025 წლის სრული მონაცემები ხელმისაწვდომი მხოლოდ 2026 წელს გახდება.
კომპანია | ანგარიშგების ტიპი | 2023 | 2024 |
შპს იუაი საქართველო | კონსოლიდირებული | 17,979,187 | 27,164,408 |
შპს ბიდიო საქართველო | კონსოლიდირებული | 21,936,582 | 25,472,579 |
შპს PWC საქართველო | ინდივიდუალური | 20,673,418 | 25,292,075 |
შპს KPMG Georgia | ინდივიდუალური | 13,378,175 | 15,390,061 |
შპს ნექსია ჯორჯია | კონსოლიდირებული | 12,202,942 | 14,546,637 |
შპს დელოიტი და ტუში | ინდივიდუალური | 7,176,381 | 9,308,305 |
შპს გრანთ თორნთონ | ინდივიდუალური | 4,912,316 | 5,494,493 |
შპს არესემ საქართველო | კონსოლიდირებული | 5,215,633 | 4,531,436 |
შპს მოორ ეიბისი | ინდივიდუალური | 2,483,587 | 3,725,913 |
შპს ბეიკერ ტილი ჯორჯია | ინდივიდუალური | 2,477,223 | 2,958,324 |
SARAS-ზე გამოქვეყნებული ფინანსური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ბაზრის სათავეში ახალი ლიდერი გვყავს, რამაც რეიტინგში პოზიციების ცვლილება გამოიწვია.
იუაი საქართველომ (EY) მესამე პოზიციიდან პირველზე გადაინაცვლა, დააფიქსირა რა 51.09%-იანი ზრდა მთლიან შემოსავლებში. ეს მაჩვენებელი "დიდი ოთხეულსა" და სხვა წამყვან კომპანიებს შორის ყველაზე მაღალია.
2023 წლის ლიდერმა BDO საქართველომ პირველიდან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ზრდამ 16.12%-ს შეადგინა. PwC საქართველო კი მესამე ადგილზე გადავიდა, თუმცა მანაც შეინარჩუნა ზრდის მაღალი ტემპი - 22.34%.
KPMG Georgia 2024 წელსაც ინარჩუნებს მე-4 პოზიციას, რაც მის სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებაზე მიუთითებს. მისი 15.04%-იანი ზრდა სრულად შეესაბამება ბაზრის ზრდის ტემპს.
ხუთეულს ხურავს Nexia Georgia, რომლის მიერ მე-5 პოზიციის გამყარება განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ კომპანია ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას დიდ ოთხეულთან.
+19.21%-იანი ზრდის ფონზე პოზიციის გამყარება ნიშნავს, რომ კომპანიამ წარმატებით გაუძლო არა მხოლოდ ტოპ-4-ის დომინაციას, არამედ მე-6 ადგილზე მყოფი Deloitte-ის (რომელმაც თითქმის 30%-იანი ზრდა აჩვენა) გაძლიერებასაც.
Deloitte-მა "დიდი ოთხეულის" წევრებს შორის სიდიდით მეორე ზრდის ტემპი +29.71% აჩვენა, რითაც მეექვსე პოზიცია შეინარჩუნა. ეს მიუთითებს Deloitte-ის გაფართოების სტრატეგიასა და აქტიურ მცდელობაზე, დაიბრუნოს პოზიცია ტოპ-5-ში.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის დომინანტური ძალა კონცენტრირებულია პირველ ხუთეულში, კონკურენტული ბრძოლა გრძელდება შემდეგ პოზიციებზეც. 2024 წელს მოხდა ცვლილება მე-7 და მე-8 ადგილებზე.
გრანთ თორნთონმა შეძლო ერთი პოზიციით დაწინაურება, დაიკავა რა მე-7 ადგილი. კომპანიის ზრდა, +11.85% შეადგენს, რაც მდგრადი განვითარების მაჩვენებელია.
ამ ცვლილების საპირისპიროდ, შპს არესემ საქართველომ მე-7 ადგილიდან მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა. (-13.12%) RSM-ის მიერ პოზიციის დაკარგვა ტოპ-10-ის სხვა მოთამაშეებთან მიმართებაში, შეიძლება შეფასდეს, როგორც ბაზრის ტრენდებთან ადაპტაციის პერიოდი, რომელიც მომავალში შესაძლოა უფრო სტაბილურ განვითარებაში გადაიზარდოს.
რეიტინგის ბოლო ორი პოზიცია, მე-9 და მე-10 ადგილები უჭირავთ საერთაშორისო ქსელის ორ მნიშვნელოვან წევრს: Moore ABC-სა და Baker Tilly Georgia-ს.
Moore ABC-მ შეინარჩუნა მე-9 ადგილი, +50.02%-იანი ზრდით, რაც რეიტინგში ზრდის ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია. 2024 წლის რეიტინგის ათეულს კი კვლავ Baker Tilly Georgia ხურავს. კომპანიის +19.42%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ ის ინარჩუნებს კლიენტების პორტფელს და უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს.
ტოპ-10 საერთაშორისო აუდიტორული ფირმის დინამიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული აუდიტორულ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებას, სადაც ლიდერები მკვეთრად იზრდებიან, ხოლო რეიტინგის ბოლო ნაწილი შედარებით ნელი, თუმცა მდგრადი ტემპით ვითარდება. 2025 წლის შედეგები, რომელიც 2026 წელს გახდება ცნობილი, ნათელს მოჰფენს, რამდენად მდგრადია 2024 წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები.