საქართველოს ტექ-სექტორი ახალ ინსტიტუციურ ეტაპზე გადადის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ICTA-დან The Tech Association-მდე - საქართველოს ICT, FinTech, ციფრული ბანკინგი, VASP-ები და ტექ-განათლება პირველად ერთ პლატფორმაში ერთიანდება.
2019 წლამდე საქართველოს ტექნოლოგიური ინდუსტრია ფრაგმენტულად ვითარდებოდა. კომპანიები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და სექტორს საერთო წარმომადგენლობა არ გააჩნდა. ICTA-ს შექმნამ კი ეს რეალობა შეცვალა.
ასოციაციამ ინდუსტრიას ინსტიტუციური ჩარჩო მისცა, გააძლიერა მისი მონაწილეობა მარეგულირებელ პროცესებში და საქართველო საერთაშორისო ტექნოლოგიურ რუკაზე უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა.
ეს იყო მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯი. თუმცა, ამ წლების განმავლობაში თავად ეკოსისტემაც მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ტრადიციული ICT სექტორის პარალელურად სწრაფად განვითარდა FinTech, ციფრული ბანკინგი, ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერები (VASP), ტექნოლოგიური განათლება და სხვა მიმართულებები. მიუხედავად იმისა, რომ ეს სექტორები საერთო ტალანტურ ბაზას, ინფრასტრუქტურასა და ზრდის ერთიან ლოგიკას იზიარებენ, ინსტიტუციურ დონეზე მათი თანამშრომლობა ფრაგმენტული რჩებოდა.
2019 წლიდან ICTA ერთი ინდუსტრიის წარმომადგენელი იყო. 2026 წელს კი იქმნება The Tech Association - გაერთიანება, რომელიც ICT-ს, FinTech-ს, ციფრულ ბანკინგს, VASP-ებსა და ტექ-განათლებას ერთ სტრუქტურაში აერთიანებს.
საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის ზრდამ ახალი ინსტიტუციური მოდელის საჭიროება შექმნა. The Tech Association სწორედ ამ რეალობას პასუხობს - როგორც პლატფორმა, რომელიც ტექნოლოგიური ეკონომიკის ძირითად სექტორებს საერთო მიზნებისა და განვითარების ხედვის გარშემო აერთიანებს.
"ქართული ტექ-ეკოსისტემა მზადაა შემდეგი ნაბიჯისთვის. The Tech Association სწორედ ამ ნაბიჯის ინსტიტუციური გამოხატულებაა."
- თორნიკე სულაბერიძე, საბჭოს თავმჯდომარე
The Tech Association-ის საქმიანობა მოიცავს სექტორებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, საერთაშორისო ტექნოლოგიურ და ფინანსურ ეკოსისტემებთან ინტეგრაციას, რეგულაციურ პროცესებში ერთობლივ ჩართულობას, ტალანტებისა და განათლების სისტემურ განვითარებას და საქართველოს, როგორც რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის, პოზიციონირების გაძლიერებას.
ორგანიზაციის ახალი ფორმატი ასევე ფოკუსირებული იქნება ინვესტორებთან და გლობალურ პარტნიორებთან კავშირების გაფართოებაზე, წევრი კომპანიებისთვის პრაქტიკული სერვისებისა და თანამშრომლობის პლატფორმების შექმნაზე, ასევე ინდუსტრიულ კოლაბორაციებზე, რომლებიც ტექნოლოგიური ეკოსისტემის გრძელვადიან ზრდას შეუწყობს ხელს.
"VASP სექტორი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება ციფრულ ფინანსებში და მისი სწორად ინტეგრაცია ეკოსისტემაში კრიტიკულია როგორც ინოვაციის, ისე რეგულაციური განვითარების თვალსაზრისით. The Tech Association სწორედ ასეთ სივრცეს ქმნის, სადაც VASP-ები სხვა ტექნოლოგიურ და ფინანსურ სექტორებთან ერთად ერთიან სისტემად მუშაობენ."
ტექნოლოგიების ასოციაციის დამფუძნებელი - ბექა ქემერტელიძე
"საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონში ციფრული აქტივებისა და ფინანსური ტექნოლოგიების ერთ-ერთი მთავარი ჰაბი. The Tech Association აერთიანებს VASP-ებსა და ტექნოლოგიურ სექტორის სხვა წარმომადგენლებს, ასოციაცია ხელს უწყობს მათ განვითარებას და საერთაშორისო თანამშრომლობას."
ტექნოლოგიების ასოციაციის დამფუძნებელი - მარკო დელ ლაგო
ტექნოლოგიური ეკოსისტემის ახალ მოდელში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტექ-განათლებასა და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი ტალანტის განვითარებას, რათა ინდუსტრიის ზრდა მდგრადი და სისტემური გახდეს.
"ტექ-განათლება წარმოადგენს ტექნოლოგიური ეკოსისტემის საფუძველს. მისი ეფექტიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული ბაზრის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. The Tech Association-ის კონტექსტში მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო გარემოს განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური, პრაქტიკაზე ორიენტირებული ტალანტის მომზადებას და მის ინტეგრაციას ინდუსტრიაში."
ტექნოლოგიების ასოციაციის დამფუძნებელი - გიორგი მარიამიძე
ბოლო წლებში საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. The Tech Association ამ ზრდისა და ტრანსფორმაციის ბუნებრივი გაგრძელებაა. ინსტიტუციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ტექნოლოგიურ, ფინანსურ და საგანმანათლებლო სექტორებს ერთიან ეკოსისტემაში და ქმნის საფუძველს, საქართველოს კიდევ უფრო ძლიერ რეგიონულ ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებისთვის.