საქართველოს უნივერსიტეტში Technovation Girls-ის ფინალი გაიმართა - 550 მონაწილე, საერთაშორისო ნახევარფინალისტები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგონების ახალი თაობა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს უნივერსიტეტში საერთაშორისო პროგრამის Technovation Girls-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც მონაწილე გუნდებმა რამდენიმე თვის განმავლობაში შექმნილი ტექნოლოგიური პროექტები წარადგინეს და საქართველოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

პროექტის ფარგლებში წელს საქართველოში 550 გოგო დარეგისტრირდა, ხოლო პროგრამა წარმატებით 230-მა მონაწილემ დაასრულა - შედეგი, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად სწრაფად იზრდება ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ახალგაზრდა გოგონებში და რამდენად მნიშვნელოვანი ხდება მსგავსი საგანმანათლებლო პლატფორმები ქვეყნის მომავლისთვის.

23 და 24 მაისს საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე გუნდებმა საკუთარი პროექტები ჟიურის წინაშე წარადგინეს. კონკურსის შედეგად საქართველოს გამარჯვებული 6 გუნდი გახდა და მსოფლიო კონკურსის ნახევარფინალში გადაინაცვლა.

პროექტების შეფასებაში მონაწილეობდნენ ტექნოლოგიების, განათლებისა და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები: მარიამ ზანგალაძე - Idea Design Group-ის დამფუძნებელი და დირექტორი; თამთა კაპანაძე - ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ეკოსისტემის განვითარების ლიდი; თინი მამუჩაშვილი - NeuroPilot-ის დამფუძნებელი; ნატო ჩაკვეტაძე - 2080 Accelerator-ის პროექტების მენეჯერი; თინა ჟორჟოლიანი - საქართველოს უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ლექტორი და თაია მახარაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა ასოციაციის თანადამფუძნებელი. მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილების მქონე ჟიურიმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პროექტების ინოვაციურობაზე, სოციალური პრობლემების გააზრებაზე და ტექნოლოგიური გადაწყვეტების პრაქტიკულ ღირებულებაზე.

გამოვლინდნენ უმცროსი ასაკობრივი კატეგორიის (13-15) გამარჯვებულები:

  • Team01 - პროექტი AstroRoot
    ელენე კალანდარიშვილი, ქეთო მაჭავარიანი, მარი ცეკვავა, ანა კერესელიძე, მარიამ სხირტლაძე - შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი "ანი-ზეტი"
  • Novastar - პროექტი MoveTogether
    ლიტა სხირტლაძე, თეკლა ცხადაძე, ანანო ფულარიანი, რუსუდან დიაკონიძე, მართა ბურდილაძე - სკოლა "ქორალი"

ჯუნიორ გამარჯვებულებს სპეციალური 500-ლარიანი ვაუჩერები გადასცა İşbank Georgia-ს დირექტორმა უჩა სარალიძემ, რომელმაც პროექტში ახალგაზრდების ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

უფროსი ასაკობრივი კატეგორიის (16-18) გამარჯვებულები გახდნენ:

  • Soil-sense - პროექტი SoilSense
    ქეთი ბუზალაძე (ახმეტის სოფელ ქისტაურის სკოლა), მარიამ მალვენიშვილი (ახმეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა), მარიამ ბაგაური (ახმეტის N1 საჯარო სკოლა)
  • Gesto - პროექტი GESTO
    ნია ჯანაშია, თამარ თუმანიშვილი - გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
  • Zathura - პროექტი mosavali
    ბარბარე კაკულაშვილი, ელენე მაისურაძე, ანასტასია იზორია - სკოლა კომაროვი
  • Litami - პროექტი Opportunet
    ანასტასია კუპატაძე (სკოლა კომაროვი), მია ქართლელიშვილი (ვეკუას სკოლა), ლიზი ყავლაშვილი (52-ე საჯარო სკოლა)

სენიორ გუნდებს სპეციალური პრიზები გადასცეს საქართველოს უნივერსიტეტმა და Softgen Group-მა - გამარჯვებულებმა 100-100 ლარიანი ვაუჩერები მიიღეს.

კონკურსის ფარგლებში განსაკუთრებული აღიარება მიიღო კომაროვის სკოლამაც - როგორც საუკეთესო შედეგების მქონე სკოლას, მას კრედო ბანკისგან 2000-ლარიანი სპეციალური პრიზი გადაეცა.

პროექტის კიდევ ერთი პარტნიორის UNFPA-ს დამატებითი სპეციალური ჯილდო მიიღო გუნდმა Wright პროექტისთვის Inforumi, სადაც გათვალისწინებული იყო Safety by Design მიდგომები.

Technovation Girls-ის ერთ-ერთი მთავარი ძალა სწორედ პარტნიორული ქსელია, რომელიც პროექტს მხოლოდ კონკურსად არ ტოვებს და მას რეალურ საგანმანათლებლო ეკოსისტემად აქცევს. წელს პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები იყვნენ: Association of Teachers of Exact and Natural Sciences, Idea Design Group, Quantum Computing Association, İşbank Georgia, Softgen Group, NB Legal, Credo Bank და UN Women.

პარტნიორი ორგანიზაციები პროექტში მხოლოდ მხარდამჭერის როლით არ იყვნენ ჩართულნი - მათ შექმნეს შესაძლებლობები მონაწილეებისთვის, დააწესეს სპეციალური პრიზები, მხარი დაუჭირეს ტექნოლოგიური განათლების პოპულარიზაციას და ხელი შეუწყვეს გოგონებისთვის ტექნოლოგიური სფეროს უფრო ხელმისაწვდომ და ინსპირაციულ სივრცედ ქცევას.

საქართველოს გამარჯვებული გუნდები უკვე საერთაშორისო ეტაპზე გადადიან და მსოფლიო ნახევარფინალში უცხოელი ჟიურის შეფასებას დაელოდებიან.

ამასთან, პროექტის საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტექნოლოგიურ საზაფხულო ბანაკში, სადაც მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ტექნოლოგიების მიმართულებით, იმუშავებენ ახალ პროექტებზე და შეხვდებიან წამყვან ინჟინრებსა და სფეროს პროფესიონალებს.

Technovation Girls მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც უკვე 16 წელია 80 ქვეყანაში ტარდება და ყოველწლიურად ათეულობით ათას გოგოს აერთიანებს. პროგრამის მთავარი იდეაა, 13-18 წლის გოგოებმა ტექნოლოგიები მხოლოდ თეორიულად არ ისწავლონ - მათ რეალური პრობლემების აღმოჩენა, ტექნოლოგიური გადაწყვეტების შექმნა და საკუთარი იდეების პრაქტიკულ პროდუქტად გარდაქმნა შეძლონ. მონაწილეები სწავლობენ პროგრამირებას, ქმნიან მობილური აპლიკაციების ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს და გუნდურად მუშაობენ საკუთარი თემისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების გადასაჭრელად.

საქართველოში პროგრამა 2019 წლიდან ხორციელდება, ხოლო 2025 წლიდან მისი ოფიციალური მასპინძელია საქართველოს უნივერსიტეტი. პროექტის ელჩები არიან ნანა დიხამინჯია და სალომე ნასყიდაშვილი, რომლებიც წლებია აქტიურად მუშაობენ გოგონების ტექნოლოგიური გაძლიერებისა და STEM მიმართულებების პოპულარიზაციისთვის.

საქართველოს უნივერსიტეტისთვის Technovation Girls მხოლოდ ერთჯერადი კონკურსი არ არის - ის უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვის ნაწილია, რომელიც ტექნოლოგიების განვითარებას, ახალგაზრდების ტექნოლოგიურ განათლებას და ამ სფეროში ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. უნივერსიტეტი ბოლო წლებია აქტიურად ქმნის პლატფორმებს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას ინოვაციებთან, ტექნოლოგიებთან და თანამედროვე პროფესიებთან პრაქტიკული შეხება ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ Technovation Girls-ის მასპინძლობა უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა - პროექტი აერთიანებს განათლებას, ინოვაციას, ტექნოლოგიურ განვითარებასა და ქალთა გაძლიერებას ერთ სივრცეში.

Technovation Girls კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტექნოლოგიური მომავალი იწყება განათლებით, მხარდაჭერითა და შესაძლებლობების შექმნით - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პროცესში ერთიანდებიან უნივერსიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე დღეს ქმნიან ხვალინდელ ტექნოლოგიურ სამყაროს.