საქართველოს უნივერსიტეტი UG NEXT-ს იწყებს: აღმოაჩინე შენი მომავალი – გამოცდილებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რა მოხდება, თუ პროფესიის არჩევამდე თავად გამოსცდი, რას ნიშნავს იყო არქეოლოგი, შექმნა ბრენდი, მოიფიქრო ინოვაციური პროდუქტი ან მონაწილეობა მიიღო ინტელექტუალურ თამაშში? საქართველოს უნივერსიტეტი უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს - UG NEXT-ს იწყებს, რომელიც პროფესიული ინტერესების აღმოჩენას პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევს.
შემოქმედებითი კონკურსები, პრაქტიკული ვორქშოფები, ბრენდისა და კამპანიის სიმულაციები, ინოვაციების კვირეული, ეკოდიზაინის ჰაკათონი, ინტელექტუალური თამაშები და საველე არქეოლოგიური გათხრები - UG NEXT სხვადასხვა პროფესიულ მიმართულებას აერთიანებს და ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უნივერსიტეტის არჩევამდე გაეცნონ მათთვის საინტერესო სფეროებს, მონაწილეობა მიიღონ მრავალფეროვან აქტივობებში და საკუთარი ინტერესები პრაქტიკული გამოცდილებით აღმოაჩინონ.
პროფესიის არჩევა მხოლოდ უნივერსიტეტისა და სასწავლო პროგრამის შერჩევა არ არის. ეს არის გადაწყვეტილება იმაზე, თუ რა გაინტერესებს, რისი კეთება გინდა და სად ხედავ საკუთარ შესაძლებლობებს. თუმცა, როგორ უნდა გაიგო, მოგწონს თუ არა კონკრეტული სფერო, თუ ჯერ არასდროს გიცდია მასთან დაკავშირებული საქმიანობა?
ზოგჯერ საკმარისია ერთი საინტერესო დავალება, ახალი გამოწვევა, ადამიანებთან შეხვედრა ან იდეა, რომელზეც გუნდთან ერთად მუშაობ. სწორედ ასეთი გამოცდილებების შექმნას ისახავს მიზნად საქართველოს უნივერსიტეტის ახალი ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე აღმოაჩინონ ახალი ინტერესები, გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალი პროფესიის შესახებ გადაწყვეტილება უფრო გააზრებულად მიიღონ.
ოთხი მიმართულება, უამრავი შესაძლებლობა - ახლა შენი ჯერია
UG NEXT ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: "შექმენი", "გამოიგონე", "იმოქმედე" და "აღმოაჩინე". თითოეული მათგანი განსხვავებულ ინტერესებსა და პროფესიულ სფეროებს უკავშირდება. შეგიძლია აირჩიო ერთი მიმართულება ან რამდენიმე განსხვავებული გამოცდილებაც გამოსცადო.
შექმენი - თუ იდეების მოფიქრება და მათი რეალობად ქცევა გიყვარს
გაინტერესებს შემოქმედებითი პროცესი, კომუნიკაცია, ბრენდინგი თუ საკუთარი იდეების წარდგენა? მიმართულება "შექმენი" სწორედ შენთვისაა. აქ გელოდება "ფოლიო" - შემოქმედებითი კონკურსი, პრაქტიკული ვორქშოფები, ბრენდისა და კამპანიის სიმულაციები და დემო კონსტიტუცია. შეძლებ, იმუშაო საკუთარ იდეებზე, გამოსცადო შემოქმედებითი მიდგომები და გაიგო, როგორ იქმნება კონცეფცია, რომელიც სხვებისთვისაც საინტერესო ხდება.
გამოიგონე - თუ სიახლეების შექმნა და გამოწვევების გადაჭრა გიზიდავს
შეიძლება შენი ინტერესი ტექნოლოგიებს, ინოვაციებს ან გარემოსდაცვით იდეებს უკავშირდებოდეს. ამ შემთხვევაში შენს ყურადღებას მიიპყრობს UG Innovation Week და Eco-Design Hackathon. აქ მთავარი მხოლოდ იდეის მოფიქრება არ არის - მნიშვნელოვანია, როგორ აქცევ მას საინტერესო გადაწყვეტად და როგორ გამოიყენებ შემოქმედებით აზროვნებას რეალური გამოწვევების საპასუხოდ.
იმოქმედე - თუ ინტელექტუალური გამოწვევები და შეჯიბრება შენი სტიქიაა
გიყვარს ლოგიკური ამოცანები, სტრატეგიული აზროვნება, გუნდური შეჯიბრებები და საკუთარი ცოდნის გამოცდა? მაშინ გაეცანი UG Mind Games-ს, რეგიონულ სიმულაციურ თამაშებსა და ეკონომიკისა და ფინანსების ოლიმპიადას. ეს მიმართულება მოგცემს შესაძლებლობას, ჩაერთო საინტერესო ინტელექტუალურ პროცესებში, გამოსცადო საკუთარი შესაძლებლობები და აღმოაჩინო, რამდენად მოგწონს ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღება.
აღმოაჩინე - თუ ჯერ კიდევ ეძებ შენს ინტერესს ან გინდა, ახალი სფერო გაიცნო
ზოგჯერ საუკეთესო აღმოჩენა სწორედ ის არის, რასაც წინასწარ არ გეგმავდი. UG NEXT-ის ფარგლებში შესაძლებლობა გექნება მიიღო პროფესიული ინსპირაცია, ჩაერთო თემატური ღია კარის დღეებში და გაეცნო საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიურ გარემოს.
რატომ ღირს UG NEXT-ში მონაწილეობა?
პროექტებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას. ამასთან, სხვადასხვა სფეროს გაცნობა ახალგაზრდებს დაეხმარება საკუთარი ინტერესებისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენაში.
ინიციატივა განკუთვნილია X-XII კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის. ის საინტერესო იქნება როგორც მათთვის, ვისაც უკვე შერჩეული აქვს მომავალი პროფესია და სურს, უკეთ გაეცნოს ამ სფეროს, ისე ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ არჩევანის პროცესში არიან და ახალი მიმართულებების აღმოჩენა სურთ.
რა იქნება შენი NEXT ნაბიჯი?
გაეცანი საქართველოს უნივერსიტეტის ახალ პროექტებს, შეარჩიე შენთვის საინტერესო მიმართულება და შემოუერთდი UG NEXT-ს. შენი ახალი ინტერესები და შესაძლებლობები შესაძლოა სწორედ აქ აღმოაჩინო!
UG NEXT-ის პროექტებისა და მონაწილეობის შესახებ დეტალები იხილე საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.