საქართველოში Google-ის დაჯავშნის სერვისი ამოქმედდა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეიდან რესტორანში მაგიდის დაჯავშნა პირდაპირ Google-ის საძიებო სისტემიდან და Google Maps-იდან არის შესაძლებელი. სერვისი Reserve with Google უკვე საქართველოშია და ის ქართული პლატფორმის – Rezto-სა და Google-ის ინტეგრაციის შედეგად ამოქმედდა.
როდესაც მომხმარებელი Google-ში კონკრეტულ რესტორანს მიუთითებს, ძიების შედეგებთან ერთად პირდაპირ ჩნდება ჯავშნის ღილაკი და მომხმარებელს მარტივად შეუძლია რეზერვაცია. ეს რესტორნებს აძლევს შესაძლებლობას, ჯავშნები ზუსტად იმ პლატფორმაზე მიიღონ, სადაც პოტენციური სტუმრები მათ ყველაზე ხშირად ეძებენ, რაც პირდაპირ ზრდის ხილვადობას და აჩქარებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ეს განსაკუთრებით ეხება ტურისტების აუდიტორიას, რომლებიც ნავიგაციისთვის აქტიურად იყენებენ Google Maps-ს.

ამ სიახლესთან დაკავშირებით Entrepreneur კომპანია Rezto-ს დამფუძნებელსა და დირექტორს, დავით წიკლაურს ესაუბრა.
"ჩვენი მთავარი მიზანია, შევამციროთ რესტორნებში შეკვეთის ლოდინის დრო და ე.წ. No-show-ის შემთხვევები – როდესაც სტუმარი ჯავშანს აკეთებს, თუმცა ადგილზე არ მიდის. ამას სარესტორნო სფეროსთვის გლობალური მასშტაბით 64 მილიარდ დოლარამდე ზიანი მოაქვს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია შესაბამისი ციფრული რეზერვაციის სისტემის არსებობა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა გლობალურ ბაზარზე გასვლა იყო, კომპანია Google-თან ოფიციალური თანამშრომლობის პროცესი დავიწყეთ, რაც საქართველოში არსებულ რესტორნებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ჯავშნები Google-ის ეკოსისტემის საშუალებით – Google Search-ისა და Google Maps-ის პლატფორმებიდან".
როგორც Rezto-ს დამფუძნებელი და დირექტორი განმარტავს, ეს ყველაფერი საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია, რადგან ქვეყანაში სარესტორნო სფეროსთვის ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნას ემსახურება. ამ შესაძლებლობით სარგებლობა უკვე Rezto-ს პარტნიორობის ფარგლებშია შესაძლებელი.
Rezto განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივ ბაზარს და ქართული ტურისტული ეკოსისტემის განვითარებაში საკუთარ პასუხისმგებლობასაც ხედავს. სწორედ ამ ხედვის ფარგლებში კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც Rezto-ს გუნდი სტრატეგიულ ნაბიჯად აფასებს:
"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი გუნდი სრულად ქართველებით არის დაკომპლექტებული და პროდუქტი გლობალური ბაზრისთვისაა განკუთვნილი, გადავწყვიტეთ, პატარა წვლილი ჩვენც შევიტანოთ საქართველოში ტურისტული პოტენციალის განვითარებაში. საქართველოში არსებულ რესტორნებს, გამონაკლისის სახით, არა კომერციულ, არამედ სიმბოლურ ფასებსა და ტარიფებს შევთავაზებთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ რესტორანი დააკმაყოფილებს მომსახურების მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტს", – ამბობს დავით წიკლაური.
სიახლეები მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლება. ქართული სტარტაპი Rezto ახლა უკვე იტალიაში ამოქმედდა, სადაც იტალიის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ჰაბის დამფუძნებელ ანდრეა პელეკისთან (Andrea Pellechi) ერთად კომპანიის ახალი ფილიალი გაიხსნა. Rezto-ს რეზერვაციისა და გადახდების სერვისს იტალიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიაში არსებული No-show-ებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ამ დროისთვის Rezto აყალიბებს საოპერაციო გუნდს იტალიის ბაზარზე სრულმასშტაბიანი ოპერირებისთვის.
იტალიის ბაზარზე ქართული კომპანიის სერვისის წარმატებით წარდგენა გამოკვეთს Rezto-ს, როგორც ინოვაციური სტარტაპის პოტენციალს გლობალურ ბაზარზე. კომპანიის განვითარება და ინოვაციური სერვისები მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი სარესტორნო სექტორის, ისე საერთაშორისო ინდუსტრიის განვითარებისთვის.