საქართველოში პირველი საწერი ინსტრუმენტების ბუტიკი – როგორ იქცა Engraver ხელით წერის კულტურის სივრცედ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს, როცა ადამიანების ყოველდღიური კომუნიკაციის დიდი ნაწილი ციფრულ სივრცეში გადავიდა, ხელით წერა ბევრისთვის კვლავ განსაკუთრებულ გამოცდილებად რჩება. სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა Engraver – საქართველოში პირველი საწერი ინსტრუმენტების ბუტიკი, რომელიც პრემიუმ კალმებს, მრავალფეროვან მელნებსა და ხელით წერისთვის შერჩეულ ქაღალდს ერთ სივრცეში აერთიანებს.
Engraver-ის თანადამფუძნებლის, სანდრო კვიციანის თქმით, ბუტიკის შექმნის იდეა წლების განმავლობაში დაგროვილი ინტერესისა და ხელით წერის კულტურის სიყვარულიდან გაჩნდა. ის აღნიშნავს, რომ სივრცის მთავარი მიზანი მხოლოდ პროდუქციის შეთავაზება არ არის – აქ მომხმარებელს შეუძლია კალამი ადგილზე გამოცადოს, პროფესიონალური რეკომენდაცია მიიღოს და თავად აღმოაჩინოს, რამდენად ინდივიდუალური გამოცდილებაა ხელით წერა.
როგორ გაჩნდა საქართველოში პირველი საწერი ინსტრუმენტების ბუტიკი?
Engraver-ის თანადამფუძნებლის, სანდრო კვიციანის თქმით, ყველაფერი მისი კალმებისადმი სიყვარულითა და გატაცებით დაიწყო – ჰობით, რომელიც შეგნებული ცხოვრების ყველა ეტაპზე თან სდევდა და ყოველდღიური რუტინის ნაწილად იქცა. წლების განმავლობაში სიღრმისეულად სწავლობდა საწერი ინსტრუმენტების ინდუსტრიას, დადიოდა სხვადასხვა გამოფენაზე და ნელ-ნელა თავადაც იმ სამყაროს წევრი გახდა, რომელსაც საწერი ინსტრუმენტების ენთუზიასტები წარმოადგენენ.
"შემდეგ უშუალოდ შევისწავლე სხვადასხვა ტიპის ჭავლური კალმების ანატომია და დღეს მათი უმეტესობის რესტავრირებაც კი შემიძლია, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.
2018 წელს შევქმენით პატარა სტენდი, სახელად Engraver, სადაც მოკრძალებულად, მაგრამ დიდი სიყვარულით ვცადეთ მომხმარებლისთვის საწერი ინსტრუმენტებისა და აქსესუარების შეთავაზება. სახელიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ სტენდზე გრავირების სერვისსაც ვთავაზობდით, რაც გაყიდვებსაც მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს. ამ პერიოდის განმავლობაში თანდათან გამოიკვეთა ჩვენი მომხმარებლების ხასიათი, შევისწავლეთ მათი სურვილები და მივხვდით ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს – საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ხელით წერა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის.
დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩემი მეუღლის დაჟინებული თხოვნით, დავიწყე ვიდეოების გადაღება და სოციალურ ქსელებში განთავსება, სადაც ვსაუბრობ კალმებზე, ხელით წერაზე, სხვადასხვა მწარმოებელსა და მოდელებზე. ამას დაემატა ხელწერის მოყვარულთა ჯგუფიც და საბოლოოდ, სწორედ ამ ყველაფერმა ერთად მიგვიყვანა ბუტიკის შექმნის იდეამდე, რომელსაც ფრთები ამ წლის მაისში შევასხით", – ამბობს სანდრო კვიციანი.
ის ხაზს უსვამს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი ტიპის ბიზნესებს ძირითადად ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც თავად არიან ამ სფეროს ენთუზიასტები. მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ კომერციული მიმართულება, ეს არის სიყვარული წერის კულტურის, ხარისხიანი საწერი ინსტრუმენტებისა და იმ გამოცდილების მიმართ, რომელსაც ხელით წერა ქმნის.
"სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო არა უბრალოდ მაღაზიის შექმნა, არამედ ისეთი სივრცის ჩამოყალიბება, სადაც ადამიანები აღმოაჩენდნენ ხელით წერის სრულიად განსხვავებულ სამყაროს".
რით განსხვავდება Engraver ჩვეულებრივი საკანცელარიო მაღაზიებისგან?
სანდრო კვიციანის თქმით, ერთი შეხედვით, საკანცელარიო მაღაზია და ბუტიკი შეიძლება ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს – ორივეგან ვხდებით კალმებს, ბლოკნოტებსა და სხვადასხვა საწერ აქსესუარს, თუმცა რეალურად, ეს ორი სივრცე სრულიად განსხვავებულ მიზანს და აუდიტორიას ემსახურება.
"საკანცელარიო მაღაზია არის სივრცე, სადაც იყიდება ყოველდღიური გამოყენების ნივთები სკოლისთვის, ოფისისთვის, სწავლებისა და შემოქმედებისთვის. საწერი ინსტრუმენტების ბუტიკი ბევრად უფრო სპეციალიზებული კონცეფციაა. ასეთი სივრცე მთლიანად ორიენტირებულია პრემიუმ და განსაკუთრებულ საწერ ინსტრუმენტებზე "art of fine writing". აქ მთავარი ყურადღება არა უბრალოდ წერაზე, არამედ თავად კალამზე, მის ხარისხსა და ისტორიაზეა გამახვილებული.
ასეთ სივრცეში მომხმარებელი არ ყიდულობს უბრალოდ კალამს, ის იღებს სრულყოფილ კონსულტაციას და საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ გამოცდილებას. პროფესიონალები ეხმარებიან არჩევანში და დეტალურად უხსნიან, თუ რომელი წვერის ზომაა მისთვის ყველაზე კომფორტული, რა ზომის და წონის კალამია უკეთესი, რა ტიპისა და კონცენტრაციის მელანი შეეფერება მის წერის სტილს, რომელი ფერი იქნება საუკეთესო ყოველდღიური გამოყენებისთვის და რა ხარისხის ქაღალდი უზრუნველყოფს იდეალურ წერის გამოცდილებას", – ამბობს ის.
ის აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი ჭავლური კალმებისა და ხელით წერის კულტურის მიმართ, ხოლო ციფრულ სამყაროში ადამიანები უფრო მეტად აფასებენ ნივთებს, რომლებიც ინდივიდუალობასა და პირად გამოცდილებას უსვამს ხაზს.
სანდრო კვიციანი აღნიშნავს, რომ ბუტიკის მთავარი დანიშნულებაა მომხმარებელს მიეცეს შესაძლებლობა, თავად გამოცადოს, შეიგრძნოს და მოირგოს კალამი საკუთარ ხელზე. მისი თქმით, საწერი ინსტრუმენტი ინდივიდუალური გამოცდილებაა და ხშირად მხოლოდ ვიზუალი არ განსაზღვრავს არჩევანს.
"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ახლა შემოდის ამ სამყაროში და პირველად აპირებს ჭავლური კალმის შეძენას. სწორედ ამიტომ, ჩვენს ბუტიკში წარმოდგენილია როგორც პრემიუმ, ისე ბიუჯეტური ვარიანტებიც, რათა მომხმარებელმა შეძლოს პირველი ნაბიჯის გადადგმა, მოსინჯვა, ხელით წერის კულტურის აღმოჩენა და შემდეგ უკვე საკუთარი ინტერესების განვითარება.
წლების განმავლობაში უამრავ მოდელს გაუვლია ჩემს ხელში და სწორედ ამ გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, კარგად გამეგო თითქმის ყველა საჭიროება, რომელიც მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს. ამასთან, ჩვენი გუნდის წევრები პროფესიონალები არიან ამ მიმართულებით, რაც გვაძლევს საშუალებას, თითოეულ მომხმარებელს მისი საჭიროებების, წერის სტილისა და პრეფერენციების მიხედვით შევურჩიოთ სასურველი კალამი", – ამბობს ის.
ჭავლური კალმები, მელნები და ხელით წერის კულტურა
სანდრო კვიციანი ამბობს, რომ ჭავლური კალამი, ან როგორც ბევრი იცნობს, ავტოკალამი, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა.
"ნახევარი საუკუნის წინ, ჩვენი მშობლების თაობისთვის, ის თითქმის ერთადერთი საწერი საშუალება იყო, თუმცა ხშირად ასოცირდებოდა არაპრაქტიკულობასა და მელნის მუდმივ ჟონვასთან.
დღევანდელი ჭავლური კალმები კი სრულიად განსხვავებულ რეალობას გვთავაზობს. ისინი გამოირჩევიან გამძლეობით, მაღალი საწარმოო ხარისხითა და წერის განსაკუთრებული გამოცდილებით. ხელით წერასთან ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ ჭავლურმა კალამმა დააახლოვა, მისმა ესთეტიკამ, ხასიათმა და უნიკალურმა შეგრძნებამ. სწორედ ამის გამოა ეს სამყარო ასეთი ღრმა, მრავალფეროვანი და ინფორმაციული".
მისი თქმით, ბუტიკში განსაკუთრებული ადგილი სწორედ ამ მიმართულებას უჭირავს ბურთულიან კალმებთან ერთად, რომლებიც დღემდე ყველაზე პრაქტიკულ საწერ საშუალებად ითვლება სწრაფი ჩანაწერებისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის.
გარდა ამისა, ბუტიკში შეხვდებით როლერ კალამსაც, რომელიც ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია და ხშირად ბურთულიან კალამთან აიგივებენ, რადგან ვიზუალურად მართლაც ძალიან ჰგავს მას. მთავარი განსხვავება ისაა, რომ როლერ კალამში გამოყენებულია იმავე ტიპის მელანი, რასაც ჭავლურ კალმებში იყენებენ. სწორედ ამიტომ აქვს მას თავსახურიც, წყლის ბაზაზე დამზადებული მელანი სწრაფად რომ არ გამოშრეს. სწორედ ეს განსხვავება ქმნის სრულიად განსხვავებულ წერის გამოცდილებას, ვინაიდან როლერ კალამი ბევრად უფრო რბილად, თავისუფლად და დინამიკურად წერს.
"ხელით წერისადმი ინტერესი ნელ-ნელა მატულობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. თანამედროვე მეცნიერულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხელით წერა ადამიანის გონებრივი განვითარების, კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუმჯობესებაში.
ყოველწლიურად ვსტუმრობ სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენასა და ღონისძიებას, სადაც განსაკუთრებით თვალში საცემია ერთი რამ – წლიდან წლამდე იზრდება როგორც მონაწილეების, ისე დამსწრეების რაოდენობა. ეს დინამიკა აშკარად მზარდია და გარკვეულწილად გადამდებიც.
მითუმეტეს ჩვენი კულტურისა და ტრადიციების მქონე ერისთვის, სადაც სიტყვას, კალიგრაფიასა და წერას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ხელით წერის კულტურის დაბრუნება ბუნებრივი და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია", – აღნიშნავს სანდრო კვიციანი.
მელანი ჭავლური კალმის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ელემენტი, სრულიად ცალკე მდგომი სამყაროა.

"ადამიანების უმეტესობისთვის ალბათ ნაცნობია მელნის სტანდარტული ფერები: ლურჯი, შავი, წითელი, მწვანე, ყვითელი, ყავისფერი და სხვა. მაგრამ როგორი იქნება თქვენი რეაქცია, თუ გეტყვით, რომ მხოლოდ ლურჯი ფერის ათამდე განსხვავებული ტონალობის შემოთავაზება შეგვიძლია? სწორედ აქ იწყება ნამდვილი მაგია. ფაქტობრივად, შეგიძლია თავად ლურჯიც კი მოირგო, აღარაფერს ვამბობთ სხვა ფერებსა და მათ უსასრულო ვარიაციებზე", – გვიმხელს Engraver-ის თანადამფუძნებელი.
სხვადასხვა მწარმოებელი აქტიურად მუშაობს ტონალობებზე, სიღრმეებზე, გრადაციებსა და განსაკუთრებულ ეფექტებზე, რათა თითოეულმა მომხმარებელმა იპოვოს თავისი ფერი ან თუნდაც ფერების საკუთარი კომბინაცია. აქ ერთიანდება მუქი და ღია ტონები, თბილი და ცივი ელფერები, ფერის გარდამავალი ეფექტები და სხვა უამრავი დეტალი.
სანდრო კვიციანი აღნიშნავს, რომ ქაღალდი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კალმით წერით პროცესის დროს, განსაკუთრებით კი ჭავლური კალმის გამოყენებისას.
"ჩვენს ბუტიკში წარმოდგენილია პრემიუმ კლასის ორგანაიზერები და ბლოკნოტები, სადაც გამოყენებულია მაღალი ხარისხის, ხელით წერისთვის სპეციალურად შერჩეული ქაღალდი. მომხმარებლებს ვთავაზობთ როგორც იტალიური ბრენდების პროდუქციას, ასევე ქართული ბრენდის "მანუსკრიპტის" სრულ ასორტიმენტს, რომელიც იყენებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ იაპონურ Tomoe River ქაღალდს. ეს ქაღალდი სპეციალურად ხელით წერისთვის არის შექმნილი და განსაკუთრებულად აფასებენ ჭავლური კალმის მოყვარულები მთელ მსოფლიოში. ამ მიმართულებით მუდმივად ვმუშაობთ და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს".
Engraver-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ ადრე ხელით წერა ინფორმაციის გადაცემისა და კომუნიკაციის თითქმის ერთადერთი, თან აუცილებელი გზა იყო, ხოლო დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიამ მოგვცა უამრავი ალტერნატივა – კომპიუტერი, სმარტფონი, პლანშეტი, ხმოვანი შეტყობინებები და ხელოვნური ინტელექტიც კი.
"შედეგად, ხელით წერა სავალდებულო, დამღლელი პროცესიდან სიამოვნებად გადაიქცა, სწორედ ეს არის ყველაზე საინტერესო ცვლილება. დღეს ადამიანები ხელით იმიტომ წერენ, რომ უნდათ და არა იმიტომ, რომ აუცილებელია. ხელით წერა თანამედროვე სამყაროში ერთგვარ თერაპიად იქცა. ეს არის პროცესი, რომელიც ადამიანს ანელებს, აძლევს კონცენტრაციის საშუალებას და ციფრული გადატვირთვისგან დროებით ათავისუფლებს. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტ ადამიანს იზიდავს.
აქ უკვე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კარგი კალამი, ხარისხიანი მელანი და სწორად შერჩეული ქაღალდი. როდესაც საწერი ინსტრუმენტი კომფორტულია, მელანი სასიამოვნოდ მოძრაობს ფურცელზე, ხოლო ქაღალდი ხარისხიან შეგრძნებას ქმნის, წერის პროცესი ბევრად უფრო მიმზიდველი და სასიამოვნო ხდება.
ხელით წერას თან ახლავს უამრავი დადებითი თვისება, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამდენიმე მათგანი. პირველ რიგში, მნიშვნელოვნად ეხმარება ადამიანს კრეატიულობაში, აუმჯობესებს ფოკუსირებას. განსხვავებით ციფრული მოწყობილობებისგან, ქაღალდზე წერისას ადამიანი ნაკლებად ექცევა ყურადღების გამფანტველი ფაქტორების გავლენის ქვეშ და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი – ხელით წერა გვეხმარება თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი მთავარი პრობლემის, უსასრულო "სქროლვის" დამარცხებაში. იმ დროს, როცა ჩვენი ყურადღება მუდმივად იფანტება ეკრანებზე, ხელით წერა გვაბრუნებს რეალურ, ფიზიკურ პროცესთან, რომელიც სიმშვიდეს, კონცენტრაციასა და შინაგან ბალანსს ქმნის", – აღნიშნავს სანდრო კვიციანი.
სივრცე კოლექციონერებისთვის, მწერლებისა და ხელით წერის მოყვარულებისთვის
Engraver-ს სტუმრობენ როგორც ახალბედა მოყვარულები, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს ხელით წერის სამყაროში, ასევე გამოცდილი კოლექციონერები, თანამედროვე მწერლები, კალიგრაფისტები და ადამიანები, ვისთვისაც წერა უბრალოდ ყოველდღიური პროცესი კი არა, განსაკუთრებული გამოცდილებაა.
"გახსნის დღიდან მხოლოდ დადებითი გამოხმაურება, კეთილი სურვილები და დიდი მხარდაჭერა მივიღეთ, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მსგავსი ნიშური კონცეფციის შემთხვევაში ადამიანების დამოკიდებულება და ემოციური კავშირი ძალიან დიდ როლს თამაშობს, ამიტომ თითოეული პოზიტიური შეფასება დამატებით მოტივაციას გვაძლევს.
განსაკუთრებით გვიხარია მედიის ინტერესი ამ სიახლის მიმართ. სასიამოვნოა, რომ სწორედ თქვენ, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი მედიასაშუალება დაინტერესდით ჩვენი კონცეფციით და ხელს გვიწყობთ ამ ამბის ფართო აუდიტორიამდე მიტანაში.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს, რომ საქართველოში უკვე არსებობს სივრცე, რომელიც ხელით წერის კულტურას, პრემიუმ საწერ ინსტრუმენტებსა და განსაკუთრებულ გამოცდილებას აერთიანებს".
სანდრო კვიციანი აღნიშნავს, რომ ძალიან მალე სივრცეს დაემატება ყავა და მინიბარი, რომ სტუმრებმა თავი უფრო სასიამოვნოდ და კომფორტულად იგრძნონ. გარდა ამისა, დაემატა ლოიალობის პროგრამა "კოლექციონერის ბარათი", რომელიც მომხმარებლებს მათ ინტერესებსა და სტილზე მორგებულ შეთავაზებებს სთავაზობს.
"სამომავლოდ ვგეგმავთ არაერთ სოციალურ და კულტურულ აქტივობას, რომელიც ხელით წერას უკავშირდება. ჩვენი მიზანია შევქმნათ არა მხოლოდ საცალო სივრცე, არამედ საზოგადოება ადამიანებისთვის, ვისაც წერა, ესთეტიკა და ხარისხიანი დეტალები უყვარს.
მომხმარებლებს აქტიურად შევთავაზებთ როგორც ახალი, ისე უკვე კარგად ცნობილი ბრენდების კოლექციებს, რათა მუდმივად ჰქონდეთ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ განსხვავებული მოდელები, მელნები და აქსესუარები", – ამბობს სანდრო კვიციანი, Engraver-ის თანადამფუძნებელი.