საქართველოში პროფესიულ განათლებას ბლოკჩეინ დეველოპმენტისა და კრიპტოვაჭრობის მიმართულებები დაემატა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ბლოკჩეინტექნოლოგიები და კრიპტოვაჭრობა პროფესიული განათლების ეროვნულ სისტემაში შეიტანა. ახალი სადიპლომო პროგრამების კურსდამთავრებულები სახელმწიფო პროფესიულ დიპლომს მიიღებენ. ეს სტუდენტებს ციფრული ეკონომიკის სწრაფად მზარდ სფეროებში განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ამ მიმართულებებით პროფესიული სტანდარტები დაამტკიცა. მათ შემუშავებაში კოლეჯი Skillwill მონაწილეობდა. ინიციატივა ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორის გაფართოებასა და გლობალური ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან ფეხის აწყობას ემსახურება.
აქამდე საქართველოში ბლოკჩეინსა და კრიპტოვაჭრობას არაფორმალურ განათლებაში ტრენინგკურსების სახით ასწავლიდნენ, უნივერსიტეტებში კი მხოლოდ ცალკეულ საგნებად. ახლა ეს მიმართულებები ფორმალურ განათლებაში პირველად შემოვიდა პროფესიული სადიპლომო პროგრამების სახით. ამ პროგრამების განხორციელება ნებისმიერ ავტორიზებულ კოლეჯს შეუძლია.
ახალი პროფესიები და პრაქტიკული უნარები
"ბლოკჩეინ დეველოპმენტი", სტუდენტებს დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების გამოყენებით პრაქტიკული, უსაფრთხო და ინოვაციური პროდუქტების შექმნას შეასწავლის. კურსდამთავრებულები მომზადდებიან Web3-ისა და ბლოკჩეინის ეკოსისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისთვის.
"კრიპტოვაჭრობა და ბლოკჩეინტექნოლოგიების ოპერირება", კრიპტოაქტივების ბაზრებსა და ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემების პროფესიულ მართვას მოიცავს.
ბევრ ქვეყანაში ამ მიმართულებების სწავლება ძირითადად უნივერსიტეტებში, კერძო აკადემიებსა და მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსებზეა თავმოყრილი. გაერთიანებულ სამეფოში არსებობს ბლოკჩეინის მიმართულებით რეგულირებული კვალიფიკაცია, ავსტრალიაში კი გამოყენებითი ბლოკჩეინის პროფესიული სადიპლომო პროგრამა.
საქართველოს მოდელის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ბლოკჩეინი და კრიპტოვაჭრობა ფორმალური განათლების ნაწილი გახდა. მოკლევადიანი კურსის სერტიფიკატისგან განსხვავებით, კურსდამთავრებული სახელმწიფო პროფესიულ დიპლომს იღებს, რომელიც მის ცოდნასა და უნარებს ოფიციალურად ადასტურებს. დამსაქმებლისთვის ეს ნდობის საფუძველია, სტუდენტისთვის კი მზარდ ინდუსტრიაში კარიერის დაწყების შესაძლებლობა.
"პროფესიული განათლება ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როდესაც შრომის ბაზრის საჭიროებებს სწრაფად პასუხობს. ბლოკჩეინტექნოლოგიებისა და კრიპტოვაჭრობის პროფესიული სტანდარტების დამტკიცებით საქართველომ შექმნა ერთიანი ჩარჩო, რომლის საფუძველზეც კოლეჯებს შეუძლიათ შესაბამისი სადიპლომო პროგრამების დანერგვა და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. სტანდარტების შემუშავებისას Skillwill-მა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დარგობრივი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით", განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა.
განათლება შრომის ბაზრის მოთხოვნების საპასუხოდ
ბლოკჩეინისა და კრიპტოვაჭრობის მიმართულებით პროფესიული განათლების განვითარება საქართველოს ტექნოლოგიური პოლიტიკის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებას შეუწყობს ხელს. კომპანიებისა და ინვესტიციების მოსაზიდად მხოლოდ ხელსაყრელი ბიზნესგარემო საკმარისი არ არის. დამსაქმებლებსა და ინვესტორებს ადგილობრივი კადრებიც სჭირდებათ, რომლებსაც ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოების, მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და ციფრული ფინანსების სფეროებში პრაქტიკული ცოდნა აქვთ.
ახალი სტანდარტები ამ საჭიროებაზე გრძელვადიანი პასუხია. მათი შედეგიანობა კი სწავლების ხარისხზე, დარგის სპეციალისტების ჩართულობაზე, ტექნოლოგიურ კომპანიებთან პარტნიორობასა და სასწავლო პროგრამების რეგულარულ განახლებაზე იქნება დამოკიდებული. სწრაფად ცვალებად სექტორში სასწავლო შინაარსიც ბაზრის განვითარებას უნდა მიჰყვებოდეს.
საქართველოს ბლოკჩეინის ეკოსისტემის განვითარებას საერთაშორისო პარტნიორობაც უწყობს ხელს. 2023 წელს Tether-მა და საქართველოს მთავრობამ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. თანამშრომლობა ბლოკჩეინის, ბიტკოინისა და უშუალოდ მომხმარებლებს შორის ურთიერთქმედებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარებას, ადგილობრივი სტარტაპების მხარდაჭერასა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას ითვალისწინებს. განათლება თანამშრომლობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად განისაზღვრა.
ახალი სტანდარტები განათლებასა და ინდუსტრიას შორის კავშირს აძლიერებს. საერთაშორისო პარტნიორებს შეუძლიათ კოლეჯებს სასწავლო შინაარსის რეალურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაში, სპეციალისტების მომზადებასა და კურსდამთავრებულების გლობალურ ტექნოლოგიურ სექტორთან დაკავშირებაში დაეხმარონ.
განათლებისა და რეგულირების პარალელური განვითარება
ვირტუალური აქტივების მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებასთან ერთად საქართველოში პროფესიული განათლების მნიშვნელობაც იზრდება. ქვეყანაში ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებისთვის რეგისტრაცია უკვე სავალდებულოა, საქართველოს ეროვნული ბანკი კი სტაბილური ვირტუალური აქტივების მარეგულირებელ წესებზე მუშაობს.
რეგულირება უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას ემსახურება, თუმცა ამავდროულად ზრდის მოთხოვნას სპეციალისტებზე, რომლებმაც შესაბამისი წესების პრაქტიკაში გამოყენება იციან. ამიტომ განათლებისა და რეგულირების განვითარება ერთმანეთთან მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული: რეგულირება პასუხისმგებლიანი ბიზნესსაქმიანობის სტანდარტებს განსაზღვრავს, განათლება კი მათ შესასრულებლად საჭირო კადრებს ამზადებს.
ამ ორი მიმართულების პარალელური განვითარება საქართველოს უფრო მყარ საფუძველს შეუქმნის, რათა ინოვაციები ეკონომიკურ სარგებლად გარდაიქმნას და, ამასთანავე, დაცული იყოს მომხმარებლებისა და ფინანსური სისტემის ინტერესები.
დასაქმება და საერთაშორისო შესაძლებლობები
კვალიფიციური კადრების მომზადებას შეუძლია ხელი შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნას, ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების გაძლიერებასა და საერთაშორისო ბაზრებისთვის განკუთვნილი პროდუქტების განვითარებას.
ბლოკჩეინისა და კრიპტოსფეროში ბევრი პროფესიული საქმიანობა ერთი ქვეყნის ბაზრით არ შემოიფარგლება. ეს ქართველ სპეციალისტებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო ბაზარზე დისტანციური სამუშაოსთვის კონკურენციაში ჩაერთონ და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად პროექტებზე იმუშაონ.
კვალიფიციური კადრების არსებობა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობასაც აძლიერებს. ახალ ბაზარზე შესვლისას ტექნოლოგიური კომპანიები გადასახადებისა და რეგულირების გარდა ადგილობრივი კადრების რაოდენობასა და მომზადების ხარისხსაც აფასებენ. ამდენად, პროფესიული განათლების სისტემაში ახალი კვალიფიკაციების დამატებას საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდა შეუძლია.
"ბლოკჩეინი და ციფრული აქტივები ქმნის კომპანიებსა და სამუშაო ადგილებს, რომელთა საქმიანობაც ერთი ქვეყნის საზღვრებს სცდება. ამ მიმართულებების ფორმალურ განათლებაში შეტანით საქართველო ინვესტიციას დებს უნარებში, რომლებიც ციფრული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მნიშვნელოვანი იქნება. ყველაზე დიდ სარგებელს განათლების ინდუსტრიასთან დაკავშირება, სწავლების მაღალი სტანდარტების შენარჩუნება და სტუდენტებისთვის ისეთი პრაქტიკული გამოცდილების მიცემა მოიტანს, რომელიც მათ დასაქმებასა თუ საკუთარი ბიზნესის დაწყებაში დაეხმარება", განაცხადა BKN301-ისა და SM Capital-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ მუჩოლიმ.
Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე ახალი სტანდარტების დამტკიცებას საქართველოსთვის სტრატეგიულ ნაბიჯად აფასებს.
"ბლოკჩეინტექნოლოგიებისა და კრიპტოვაჭრობის პროფესიული სტანდარტების დამტკიცება საქართველოსთვის სტრატეგიული ნაბიჯია. ეს სტანდარტები ქვეყნის მასშტაბით კოლეჯებს ერთიან ჩარჩოს სთავაზობს სადიპლომო პროგრამების დანერგვისა და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისთვის. სტუდენტებს კი უქმნის ფორმალურ, ეროვნულ დონეზე აღიარებულ გზას იმ სფეროებში საჭირო უნარების შესაძენად, რომელთა მნიშვნელობაც გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში სულ უფრო იზრდება.
ამ ორ სტანდარტთან ერთად საქართველოში პროფესიული სტანდარტები კიბერინციდენტებზე რეაგირებისა და ქლაუდ ინფრასტრუქტურისა და სერვისების ადმინისტრირების მიმართულებებითაც დამტკიცდა. პირველი მოამზადებს სპეციალისტებს კიბერსაფრთხეების გამოვლენის, ანალიზისა და მათზე რეაგირებისთვის, მეორე კი უსაფრთხო, საიმედო და შეფერხებებისადმი მდგრადი ქლაუდ და ჰიბრიდული გარემოების მართვაზე იქნება ორიენტირებული. ოთხივე სტანდარტი გლობალური ციფრული ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებებისთვის პროფესიონალების მომზადებას შეუწყობს ხელს. Skillwill ამაყობს, რომ მათ შემუშავებაში თავისი წვლილი შეიტანა", განაცხადა გიორგი მარიამიძემ.
ახალი სტანდარტების მნიშვნელობა განათლების სისტემის ფარგლებს სცდება. სახელმწიფო პოლიტიკის, პროფესიული განათლების, კერძო სექტორის გამოცდილებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დაკავშირება საქართველოში პასუხისმგებლიანი, ცოდნაზე დაფუძნებული ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის ქმნის საფუძველს. ასეთი ეკოსისტემა ქვეყანას გლობალურ ბაზარზე კონკურენციის შესაძლებლობას აძლევს.