"საქმე ერთგულებას მოითხოვს" - მას შემდეგ, რაც 12 წლის მოზარდმა დღეში 4 000 დოლარზე მეტი გამოიმუშავა, მან და მამამისმა ბიზნესი თვეში 50 000 დოლარამდე გააფართოეს
By Amanda Breen
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
როდესაც 12 წლის მადენ ფორესტმა და მისმა 35 წლის მამამ, სტივენ ფორესტმა, საკოლექციო ბარათების გახსნა, დალუქული პროდუქტების შეძენა და მათი შიგთავსის გამოვლენა დაიწყეს, ეს, უბრალოდ, გასართობი აქტივობა იყო. პოკემონის ბარათები ფეხბურთის ბარათებმა შეცვალა. შემდეგ კი მადენი TikTok კრეატორებს ადევნებდა თვალყურს, რომლებიც პროცესს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ და ბარათებს დაინტერესებულ მყიდველებზე ყიდდნენ.
მადენმა მამამისს ჰკითხა, შეეძლოთ თუ არა თავად ეცადათ ეს, რასაც 2024 წლის ოქტომბერში ამ დამატებითი საქმიანობის დაბადება მოჰყვა.
"ჩვენ არ ვიცოდით, რას ვაკეთებდით. ვხედავდით, როგორ აკეთებდნენ ამას სხვებიც. ყველა ამ კონკრეტულ ყუთს ხსნიდა - ეს იყო Costco-ს (ფეხბურთის ბარათების) ექსკლუზიური ყუთი. მათი შეძენა მხოლოდ Costco-ში იყო შესაძლებელი, ჩვენ კი Costco-ს საწევროც არ გვქონია. ახლახან გამოვაქვეყნეთ პოსტი Facebook-ზე, რომელზეც ჩემი მეგობარი გამომეხმაურა და მითხრა, რომ ახლავე შეუძლია Costco-ში 10 ცალი ნივთის შეძენა", - განუცხადა სტივენმა Entrepreneur-ს.
ეს 10 ყუთი დაახლოებით 1 000 დოლარი დაჯდა და ინვესტიციამ გაამართლა: მამა-შვილმა ისინი ერთი შუადღის განმავლობაში გაყიდეს.
მალევე მადენმა და სტივენმა იგივე წარმატება გაიმეორეს Sam's Club-ისგან 500 დოლარის ღირებულების ბარათების ნაკრების შეძენით.
ვინაიდან TikTok არასრულწლოვნებს პირდაპირი ტრანსლაციების განთავსებას უკრძალავს, სტივენმა კამერის წინ მუშაობა საკუთარ თავზე Bull Island Breaks-ის (რომელსაც სახელი ქალაქ ვირჯინიის პატივსაცემად დაერქვა) TikTok ანგარიშით აიღო და ამას დღემდე აგრძელებს.
ადრეული წარმატებით აღფრთოვანებული მამა-შვილი განაგრძობდნენ საქმიანობას და ანაწილებდნენ როგორც ერთჯერად შეფუთვებს, ასევე ჰობის ყუთებს, რომელთა საცალო ვაჭრობაც ათასობით დოლარად იყო შესაძლებელი.
"ჩვეულებრივი ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია მთელი ყუთის ყიდვა და რისკზე წასვლა, ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე შესვენებებს. ყველა ყიდულობს გუნდს NFL-დან და, თუკი მათი ბარათი მოხვდება, ისინი იღებენ ამ ბარათს. თუ ბარათი არ მოხვდა, ჩვენ მათ უფასო ბარათებს ვაძლევთ. ჩემი ბავშვობის კოლექციიდან 50 000-ზე მეტი ბარათი მაქვს. ამიტომ ჩვენ, უბრალოდ, უფასოდ ვაძლევთ მათ ხალხს", - განმარტავს სტივენი.
მამა-შვილი მეწარმეები ბეისბოლისა და კალათბურთის ბარათების გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი, თუმცა ყველაზე დიდი წარმატებით ფეხბურთის ბარათები იყიდებოდა, რასაც ისინი მიაწერენ იმას, რომ ამ სპორტით "სუნთქავენ და ცოცხლობენ". კვირაობით ფორესტები ფეხბურთს დღის 1 საათიდან საღამოს 7-მდე უყურებენ, ზოგჯერ კი უფრო ადრეც, თუ დილით საერთაშორისო თამაშია.
სტივენის თქმით, ოქტომბრიდან დეკემბრამდე ისინი "ნახევრად იყვნენ ჩართულნი" ნახევარ განაკვეთზე საქმიანობაში, სადღესასწაულო სეზონთან დაკავშირებული დიდი მოთხოვნის ფონზე და ფიქრობდნენ, რომ ეს, უბრალოდ, იღბლიანი სერია იყო. თუმცა Bull Island Breaks-ის პოტენციალთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას პასუხი ახალი წლის ღამეს გაეცა - ნაწილობრივ ონლაინგამყიდველების შემცირების წყალობით, ანგარიშმა ბაზარი დაიპყრო და 4 000 დოლარზე მეტი გაყიდვა განახორციელა.
"ივნისში ჯერჯერობით ყოველდღე დაახლოებით 2000 დოლარს ვშოულობთ".
მადენმა და სტივენმა გადაწყვიტეს, რომ 2025 წელს ბიზნესი გაორმაგებულიყო. Bull Island Breaks ყოველ საღამოს 7 საათზე პირდაპირ ეთერში გადის.
ფორესტები ბიზნესისთვის ღირებულ შეღავათებს ანიჭებენ უპირატესობას. მაგალითად, შესაძლოა ერთ შეფუთვაში დაახლოებით 120 დოლარი ჩადონ, შემდეგ კი დაახლოებით ორმაგი, 400-დან 450 დოლარამდე დააწესონ, ან Dollar Tree-სგან 1,25-დოლარიანი შეფუთვა შეიძინონ და 6,99 დოლარად გაყიდონ.
სტივენი ამბობს, რომ იანვრიდან ივნისამდე Bull Island Breaks-მა 7 000-ზე მეტი შეკვეთა და 180 000 აშშ დოლარის მთლიანი გაყიდვები დააფიქსირა. ბიზნესმა იანვარში დაახლოებით 28 000 აშშ დოლარი, თებერვალში 34 000 აშშ დოლარი, მარტში 36 000 აშშ დოლარი, აპრილში 34 000 აშშ დოლარი და მაისში 49 000 აშშ დოლარი მიიღო, რითაც წლის დასაწყისიდან მოგება დაახლოებით 70 000 აშშ დოლარს შეადგენს. ივნისში ამბიციური მიზანია ყოველთვიური შემოსავლის 65 000 აშშ დოლარის ოდენობის მიღწევა.
"აგვისტოში იწყება საწვრთნელი ბანაკი, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ საქმეები გაცილებით გაიზრდება, რადგან ახლა ცოტა მიმდევრები გვყავს. ამას ყოველ საღამოს თანმიმდევრულად ვაკეთებთ. ამიტომ, ვფიქრობ, 65 000 დოლარის მიღება აგვისტოში ალბათ უფრო შესაძლებელი იქნება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ თვეში 30 000 დოლარამდე ასვლასაც კი შევძლებთ. ივნისში აქამდე დაახლოებით 2 000 დოლარს ვაგროვებდით", - ამბობს სტივენი.
სტივენი აღნიშნავს, რომ მთელი ფული მადენს ეკუთვნის, რომლის კულისებში მუშაობის წყალობითაც Bull Island Breaks-ის შექმნა შესაძლებელი გახდა. თავიდან, როგორც ჩანდა, ბიზნესი საკმარის შემოსავალს გამოიმუშავებდა მომავლის მანქანის დასაფინანსებლად, მაგრამ თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდა, შესაძლოა კოლეჯისა და სახლის შეძენაც კი შესაძლებელი გახდეს. მადენი, რომელიც მომავალ თვეში 13 წლის ხდება, ოცნებობს, რომ ერთ დღეს საკუთარი ბარათების მაღაზია გახსნას.
ბიზნესის თანმიმდევრული წარმატების მიუხედავად, გარკვეული სირთულეებიც იყო. მადენი იხსენებს იმ დროს, როდესაც TikTok-მა Bull Island Breaks-ის ანგარიშს მარტივი გაუგებრობის შემდეგ ბანი დაადო.
"ჩვენ Commanders-ის დიდი გულშემატკივრები ვართ, ამიტომ ჩვენი პირველი შეცდომა Commanders-ის [ბარათების] ჩვენს მაღაზიაში ყიდვა და საკუთარი თავისთვის თანხის დაბრუნება იყო. TikTok-ს დიდად არ მოსწონს, როდესაც ხალხს თანხას უბრუნებ, ამიტომ უმჯობესია უბრალოდ [პროდუქტი] მარაგიდან ამოიღოთ. როდესაც ეს რამდენჯერმე გავაკეთეთ, მათ ჩვენი ფული 60 დღის განმავლობაში შეინახეს", - ამბობს მადენი.
"მათ ეგონათ, რომ ხელოვნურად ვყიდულობდით მათ, რათა კარგად გამოჩენილიყვნენ და კარგი შეფასებები დაგვეტოვებინა. Commanders ყველაზე ძვირადღირებული გუნდია, რადგან მათ ჰყავთ ახალბედა ჯეიდენ დენიელსი და არსებითად, არავის სურს Commanders-ის ყიდვა, რადგან ეს დიდ ფულთან არის დაკავშირებული - ყოველ ჯერზე 100 დოლარზეა საუბარი. ამიტომ ჩვენ, უბრალოდ, თავად ვყიდულობდით მათ და თანხას ვინაზღაურებდით, რადგან, ფაქტობრივად, შესვენებით მათ უფასოდ ვიღებთ", - აღნიშნავს სტივენი.
ამჯერად კი, მამა-შვილი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ, მარაგიდან ხსნის მათ მიერ აღებულ ბარათებს.
"აუცილებელია მოქმედება თანმიმდევრულად".
მადენისა და სტივენის მზარდი ქსელი მათ აქციების შენარჩუნებასა და პროექტის განვითარებაში ეხმარება.
"მიყვარს შესანიშნავი ადამიანების გაცნობა, რომლებიც ჩვენთან ყიდულობენ ბარათებს, ბართების გახსნა და [მამაჩემთან] დროის გატარება", - ამბობს მადენი.
"რამდენიმე წლის წინ [ონლაინ მეგობრებთან შეხვედრა] უცნაურად ჟღერდა, მაგრამ ახლა ასე არ არის. ახლა, როდესაც ამ საქმეში ჩავერთეთ, ბარათების მაღაზიაში ვართ, ჩვენთვის რაღაცებს ვეძებთ და ვფიქრობთ ხოლმე: "მერის მოეწონებოდა ეს ბარათი, ან ჯონს მოეწონებოდა". პირდაპირ ეთერში ვაჩვენებთ მათ, ისინი კი აღფრთოვანებულები არიან და გვეკითხებიან, რა ღირს, ჩვენ კი ვეუბნებით, რომ აუცილებლად გავუგზავნით, რადგან ძალიან გვიჭრენ მხარეს", - ამბობს სტივენი.
Bull Island Breaks-ის მომავლისკენ მიმავალ გზაზე მადენი და სტივენი მოუთმენლად ელიან აუდიტორიის გაზრდას და იციან, რომ წარმატების საიდუმლო თანმიმდევრულობა იქნება.
"როდესაც პირველად ხედავენ [ამ ბიზნესს], ჰგონიათ, რომ ეს ძალიან მარტივია, მაგრამ ეს მოითხოვს თანმიმდევრულობასა და შრომას. უნდა გააგრძელოთ [თანმიმდევრულობა]: ყოველდღიურად გამოაქვეყნოთ პოსტები, ყოველდღე გახვიდეთ ლაივ რეჟიმში", - აღნიშნავს მადენი.
თარგმანი: მარიამ ქობალია