საზღვრებს მიღმა შექმნილი შესაძლებლობები: თამარ გვასალიასა და Brain Hub-ის ამერიკული ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ემიგრაცია ხშირად ნიშნავს არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის, არამედ პროფესიული გარემოს შეცვლასაც. ეს არის გზა, სადაც გამოცდილება თავიდან არის დასამტკიცებელი, ხოლო დაგროვილი ცოდნა სრულიად ახალ მასშტაბებს იძენს.

სწორედ ასეთი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ამერიკაში გადასვლა თამარ გვასალიასთვის, Brain Hub-ის დამფუძნებლისთვის. საქართველოში არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების ირგვლივ დაწყებული საქმე მან ოკეანის გადაღმა არათუ შეინარჩუნა, არამედ გლობალურ პლატფორმად აქცია.

დღეს Brain Hub-ის ამერიკული ფრთა ახალ შესაძლებლობებს უხსნის ახალგაზრდებს, თუმცა ამ წარმატების მიღმა რთული გამოწვევები იმალება, რაც საკუთარი თავის გამოცდასა და ყველაფრის ნულიდან დაწყებას უკავშირდება.

როგორ ინარჩუნებ პროფესიულ იდენტობას უცხო გარემოში, რა ძალა აქვს არაფორმალურ განათლებას და რა ახალ პროექტს იწყებს თამარი Entrepreneur-თან ერთად წარმატებული ემიგრანტების ისტორიების გასაზიარებლად, ინტერვიუში თამარ გვასალია საკუთარ გამოცდილებას, Brain Hub-ის ამერიკულ გზასა და სამომავლო გეგმებს გვიზიარებს.

რა პროფესიული გამოცდილებით წახვედით საქართველოდან და რამდენად გამოგადგათ ეს გამოცდილება ამერიკაში საქმიანობის დასაწყებად?

საქართველოდან უკვე დაგროვილი პროფესიული გამოცდილებითა და ცოდნით წავედი. წლების განმავლობაში განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების მიმართულებით ვმუშაობდი და 2018 წელს დავაარსე Brain Hub, პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების, ლიდერობისა და საერთაშორისო შესაძლებლობების მიღებაში ეხმარება.

ამერიკაში ჩამოსვლისას ეს გამოცდილება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი აღმოჩნდა. ვიცოდი, როგორ შემექმნა პროექტი ნულიდან, როგორ მემუშავა ადამიანებსა და პარტნიორებთან, როგორ მემართა სხვადასხვა ინიციატივა და, რაც მთავარია, როგორ მეპოვა შესაძლებლობები მაშინაც კი, როცა გარემო სრულიად ახალი იყო.

თუმცა ამერიკაში მხოლოდ დაგროვილი გამოცდილების გამოყენება არ მინდოდა. მინდოდა, აქ მიღებული ახალი ცოდნა, გამოცდილება და შესაძლებლობები ისევ ჩემი საქმიანობის განვითარებისთვის გამომეყენებინა. სწორედ ასე დაიწყო Brain Hub-ის ამერიკული მიმართულების განვითარებაც.

დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ემიგრაციამ ჩემი პროფესიული მიზანი არ შეცვალა, პირიქით, მას ახალი მასშტაბი მისცა. საქართველოდან წამოღებული გამოცდილება ამერიკაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარა, ხოლო ამერიკამ მომცა შესაძლებლობა, ეს გამოცდილება გამეზარდა, ახალი კავშირები შემექმნა და ჩემი საქმიანობისთვის ახალი სიცოცხლე მიმეცა.

საქართველოში არაფორმალური განათლების სივრცე შექმენით მოზარდებისთვის. რა საჭიროებას პასუხობდა ეს პროექტი და რა შედეგი მოგცათ მასზე მუშაობამ?

Brain Hub-ის შექმნის იდეა მხოლოდ პროფესიული გამოცდილებიდან არ გაჩენილა. როგორც ორი შვილის დედა, ძალიან კარგად ვხედავდი იმ საჭიროებებსა და გამოწვევებს, რომლებიც მოზარდებს ყოველდღიურად აქვთ. ამავდროულად, პროფესიული საქმიანობიდანაც ვიცოდი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის ისეთი გარემო, სადაც ის არა მხოლოდ ცოდნას მიიღებს, არამედ საკუთარ შესაძლებლობებსაც აღმოაჩენს.

ვხედავდი, რომ ახალგაზრდებს უამრავი იდეა, ენერგია და სურვილი ჰქონდათ, თუმცა ხშირად აკლდათ სივრცე და შესაძლებლობა, ეს ყველაფერი რეალობად ექციათ. სწორედ ამ პრაქტიკული საჭიროებიდან შეიქმნა სივრცე, სადაც არაფორმალური განათლების გზით მათ შეუძლიათ, განივითარონ ლიდერობა, კრიტიკული აზროვნება, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის რწმენა.

წლების განმავლობაში ამ პროექტზე მუშაობამ მეც ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის ახალგაზრდების რეალური ცვლილების დანახვაა, ბავშვები, რომლებიც თავდაპირველად მორიდებულები და საკუთარ ძალებში დაურწმუნებლები იყვნენ, მოგვიანებით უკვე ლიდერებად, პროექტების ავტორებად და საერთაშორისო პროგრამების მონაწილეებად გვევლინებიან.

სწორედ ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ განათლება მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ ნიშნავს. ზოგჯერ განათლების ყველაზე დიდი ძალა ის არის, დააჯერო ადამიანი საკუთარ შესაძლებლობებში და მისცე სივრცე, სადაც პირველად შეძლებს თქვას: "მე ეს შემიძლია".

ამერიკაში ჩასვლის შემდეგ რამდენად რეალისტური აღმოჩნდა იმავე პროფესიული მიმართულებით საქმიანობის გაგრძელება? რა ძირითადი ბარიერები შეგხვდათ?

მარტივი ნამდვილად არ ყოფილა ამ ეტაპამდე მისვლა. იყო ბევრი სირთულე, იმედგაცრუება და ისეთი დღეებიც, როცა საკუთარ თავს ვეკითხებოდი, შევძლებდი თუ არა თავის დამკვიდრებას უცხო ქვეყანაში. იყო დეპრესიული პერიოდები, გულისტკენა, ბევრი ცრემლი და მომენტები, როცა ძალიან რთული იყო იმის მიღება, რომ ის გამოცდილება, რომელსაც საქართველოში წლების განმავლობაში ვქმნიდი, თითქოს სადღაც იკარგებოდა. ბევრი ფიქრის, ძალების მოკრებისა და ოჯახის მხარდაჭერის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ყველაფერი აქ თავიდან უნდა ამეშენებინა.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს სირთულეები ჩემი გზის ნაწილი იყო და არა დასასრული. არ მინდოდა, ემიგრაციას ჩემი პროფესიული და პიროვნული იდენტობა წაერთმია. პირიქით, გადავწყვიტე, ჩემი გამოცდილებისთვის ახალი სივრცე მეპოვა და ახალი მასშტაბი მიმენიჭებინა.

დღეს, როცა უკან ვიხედები, იმ რთულ პერიოდსაც მადლიერებით ვუყურებ. მან მასწავლა მოთმინება, საკუთარი თავის რწმენა და ის, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი ცვლილებები სწორედ მაშინ იწყება, როცა გგონია, რომ ყველაფერი თავიდან გაქვს დასაწყები.

რა განსხვავებებს ხედავთ საქართველოში და ამერიკაში არაფორმალური განათლებისადმი მიდგომებს შორის, როგორც შესაძლებლობების, ისე მოთხოვნის თვალსაზრისით?

საქართველოშიც და ამერიკაშიც ახალგაზრდების ინტერესი არაფორმალური განათლებისადმი დიდია, თუმცა შესაძლებლობები განსხვავებულია.

საქართველოში ეს სფერო ჯერ კიდევ ვითარდება. ახალგაზრდებს აქვთ უდიდესი სურვილი, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, განივითარონ ლიდერული უნარები და ჩაერთონ საერთაშორისო პროექტებში, თუმცა რესურსები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ არის. სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ემსახურება Brain Hub.

ამერიკაში არაფორმალური განათლება ახალგაზრდების განვითარების ბუნებრივი და ფუნდამენტური ნაწილია, უამრავი კლუბი, პროგრამა თუ მოხალისეობრივი ინიციატივა აქ აკადემიური წარმატების თანაბარმნიშვნელოვან კომპონენტად აღიქმება.

განსხვავებების მიუხედავად, ახალგაზრდებს ყველგან სჭირდებათ სივრცე, სადაც მათ მოუსმენენ და საკუთარ ძალებს დააჯერებენ. Brain Hub-ის მიზანიც სწორედ ამ ორი გამოცდილების დაკავშირებაა, ქართული ბაზისის ამერიკული შესაძლებლობებით გაძლიერება და ამ ცოდნის ისევ ქართველი ახალგაზრდებისკენ მიმართვა.

დღეს თქვენი საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება Entrepreneur-თან თანამშრომლობა ხდება. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს თანამშრომლობა?

დღეს ჩემს საქმიანობას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ემატება, ვიწყებ თანამშრომლობას ჟურნალ Entrepreneur-თან ახალ პროექტზე, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია.

პროექტის მთავარი იდეაა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები წარმატებული ქართველი ემიგრანტების ისტორიებს მოვყვეთ, ადამიანების, რომლებმაც ემიგრაცია არა მხოლოდ სირთულედ აღიქვეს, არამედ ახალ შესაძლებლობად აქციეს. გვსურს, საზოგადოებას დავანახოთ მათი რეალური გზა: რატომ წავიდნენ, რა გამოწვევები შეხვდათ, როგორ დაიწყეს ნულიდან, რა შეცდომები დაუშვეს და საბოლოოდ როგორ შექმნეს საკუთარი წარმატების ისტორია.

ჩემთვის ეს ინიციატივა განსაკუთრებით ახლობელია, რადგან თავადაც გავდივარ ემიგრაციის გზას და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად რთულია ყველაფრის თავიდან დაწყება. ხშირად გარედან მხოლოდ მიღწეულ შედეგს ვხედავთ, თუმცა მის მიღმა უამრავი შრომა, ცრემლი, იმედგაცრუება და ბრძოლა დგას.

მინდა ამ ისტორიებმა სხვა ემიგრანტებსა და განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოტივაცია მისცეს, დაინახონ, რომ ემიგრაცია შეიძლება გახდეს არა დანაკარგი, არამედ ახალი შესაძლებლობების, პიროვნული ზრდისა და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენის გზა.

ადამიანური ისტორიების ძალაც სწორედ ამაშია, როცა საკუთარ თავს სხვის გამოცდილებაში პოულობ და ხვდები, რომ შენი დღევანდელი სირთულე შეიძლება ხვალინდელი წარმატების დასაწყისად იქცეს.

ამერიკული გარემო რამდენად ქმნის შესაძლებლობას ემიგრანტისთვის, საკუთარი პროფესიული გამოცდილება რეალურ კარიერულ ან ბიზნესშესაძლებლობად აქციოს? თქვენს შემთხვევაში რა იყო ამისთვის გადამწყვეტი?

ამერიკული გარემო ნამდვილად იძლევა უსაზღვრო შესაძლებლობებს. აქ, თუ გაქვს იდეა, შრომისმოყვარეობა და მზადყოფნა, რომ თავიდან დაიწყო, შეგიძლია შენი გამოცდილება რეალურ პროფესიულ მიღწევად აქციო.

ჩემს შემთხვევაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ადამიანებთან ურთიერთობა და იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებიც მენდობიან და ჩემს იდეებს იზიარებენ. გვერდით მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, პარტნიორები და ოჯახი, ისინი ჩემი უდიდესი დასაყრდენი არიან. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და სწორედ ეს მაძლევს ენერგიას, ახალი ჩანაფიქრები რეალურ პროექტებად ვაქციო.

ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისში ვართ. მინდა Brain Hub-მა ამერიკაშიც დაიმკვიდროს თავისი ღირსეული და ძლიერი ადგილი, ისევე, როგორც ეს საქართველოში შევძელით. ამავდროულად, საქართველოში ჩვენი დებატებისა და ლიდერობის კლუბი აქტიურად აგრძელებს მუშაობას, პარალელურად კი ამავე მიმართულებას ბრუკლინშიც ვავითარებთ. ასევე ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო პროექტში მსოფლიოს გარშემო.

ცოტა ხნის წინ ძალიან მნიშვნელოვან კონკურსშიც ვმონაწილეობდით. შედეგები საკმაოდ მასშტაბურია, თუმცა დეტალების გამხელისგან ჯერ თავს შევიკავებთ და სიახლეს ძალიან მალე გავაზიარებთ.

ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის, რომ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვითარდება. წინ კიდევ ბევრი სიახლე გელით, რომელიც Brain Hub-ის ამერიკული მიმართულების გაფართოებაში კიდევ ერთი მასშტაბური ეტაპი გახდება.

რას მიიჩნევთ დღეს თქვენს მთავარ პროფესიულ მიღწევად და რა კრიტერიუმით ზომავთ წარმატებას: ფინანსური დამოუკიდებლობით, პროფესიული აღიარებით, შექმნილი პროექტების გავლენით თუ სხვა ნიშნულით?

დღეს ჩემს მთავარ პროფესიულ მიღწევად ერთ კონკრეტულ წარმატებას ვერ დავასახელებ. ჩემთვის ყველაზე დიდი შედეგი ის გზაა, რომელიც Brain Hub-თან ერთად გავიარე, იდეიდან მოყოლებული იმ ორგანიზაციამდე, რომელმაც უკვე არაერთ ახალგაზრდას მისცა განვითარების, საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და საკუთარი პოტენციალის აღმოჩენის საშუალება.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვეხმარებით ქართველ ემიგრანტ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ახალ გარემოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. ვცდილობთ, შევუქმნათ შესაძლებლობები, დავაკავშიროთ გლობალურ გამოცდილებასთან და დავანახოთ, რომ მათი საზღვრები არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ გარემოთი, რომელშიც ცხოვრობენ.

წარმატებას მხოლოდ ფინანსური დამოუკიდებლობით ან სტატუსით არ ვზომავ, თუმცა პროფესიული აღიარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებული იყო გაზაფხულზე მიღებული საერთაშორისო ჯილდო, Leadership in Education Award, რომელიც განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის გადმოგვეცა. ეს ჩემთვის უაღრესად ემოციური და საამაყო მომენტი აღმოჩნდა, რადგან დავინახე, რომ წლების განმავლობაში გაწეული შრომა საერთაშორისო დონეზეც ფასდება.

აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ინიციატივაში. თითოეული ასეთი პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენს საქმიანობას რეალური, დადებითი გავლენა აქვს.

ამასთან, ჩემი პროფესიული გზა აქ არ მთავრდება. ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას, რაც ცოდნის გაღრმავებასა და ჩვენი საქმიანობის მასშტაბების გაზრდაში დამეხმარება. Brain Hub-ის გარდა, სხვა საინტერესო გეგმებიც მაქვს, თუმცა დეტალებს ჯერ საიდუმლოდ დავიტოვებ.

ერთს კი ნამდვილად გეტყვით, ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად უახლეს პროექტზე ვმუშაობთ და, იმედი მაქვს, ძალიან მალე ამ დიდ სიახლესაც გაგიზიარებთ.

ჩემთვის წარმატების მთავარი საზომი საბოლოოდ მაინც ერთია, რამდენად დიდ ცვლილებას ვქმნი ადამიანების ცხოვრებაში. თუ ჩემი საქმიანობით ვინმეს ვაძლევ შესაძლებლობას, საკუთარ თავში ირწმუნოს, ახალი გზა იპოვოს ან უკეთესი მომავალი შექმნას, სწორედ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პროფესიული გამარჯვება.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის რეალური გზა საზღვრებს გარეთ წარმატების მისაღწევად?

ჩემი გამოცდილებით, საზღვრებს გარეთ წარმატების უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, წარმატება მხოლოდ შესაძლებლობის პოვნას არ ნიშნავს, ის თავად უნდა შექმნა.

პირველი საკუთარი ძალების რწმენაა. შემდეგ მოდის დაუღალავი შრომა, მოთმინება და მზადყოფნა, რომ თავიდან დაიწყო. უცხო ქვეყანაში შენს წარსულ გამოცდილებას პირველივე დღეს ვერავინ დაინახავს, ამიტომ მზად უნდა იყო, საკუთარი პროფესიონალიზმი ხელახლა დაამტკიცო.

ამისათვის აუცილებელია მუდმივი განვითარება, სწავლა, ახალი კავშირების დამყარება და გამოცდილების გაზიარება. უდიდეს როლს თამაშობს გარემოც: სწორი ადამიანები, მეგობრები და პარტნიორები იმაზე მეტ შესაძლებლობას ქმნიან, ვიდრე თავიდან წარმოგვიდგენია.

და, ალბათ, ყველაზე მთავარი, არ უნდა შეგეშინდეს წარუმატებლობის. ჩემი გზაც არ ყოფილა მარტივი; იყო ბევრი ცრემლი და იმედგაცრუება, თუმცა სწორედ ამ პერიოდებმა მასწავლა: თუ იცი, რატომ აკეთებ შენს საქმეს, სირთულე გზის დასასრული კი არა, ახალი ეტაპის დასაწყისი ხდება.

საზღვრებს გარეთ წარმატება ჩემთვის ნიშნავს, არ დაკარგო ის, რაც უკვე შექმენი და, ამავდროულად, იპოვო გამბედაობა, ყველაფერი ახალ გარემოში თავიდან ააშენო.