Get All Access for $5/mo

საზრისზე ორიენტირებული ლიდერის ხედვა "თუ შენ შთააგონებ სხვებს, იოცნებონ მეტი, ისწავლონ მეტი, აკეთონ მეტიდა გახდნენ მეტნი, მაშინ შენ ლიდერი ხარ" - ჯონ ქუინსი ადამსი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ნებისმიერმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ თუ გვსურს ვიყოთ წარმატებულები, პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიზნები და განვსაზღვროთ დასახულ ამოცანათა შესრულებისთვის საჭირო რესურსები. რეალისტური, დროში გაწერილი კონკრეტული მიზნის ფორმულირება გვეხმარება გუნდურად ან/და ინდივიდუალურად მუშაობისას გავწეროთ სტრატეგიული თუ ტაქტიკური ამოცანები. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამოცანებს გაცილებით მარტივად შევასრულებთ, როცა ვართ საზრისზე ფოკუსირებული. აქ იგულისხმება იმ მიზეზებში წვდომა, რისთვის ვარსებობთ და რატომ ვაკეთებთ ამა თუ იმ ქმედებას.

ორგანიზაციულ ჭრილში თუ განვიხილავთ ამ მიდგომას, ის სრულად ასახავს ბიზნესის წამოწყების არსს და განმარტავს საქმიანობის "რატომ" მოცემულობას. შესაბამისად, კომპანია არის არა უბრალოდ მიზნებზე კონცენტრირებული, არამედ სიღრმისეულად აქვს გათავისებული ეჯაილ ტრანსფორმაციის ანუ განვითარების სწრაფი, მოქნილი გზა, რაც, თავის მხრივ, ქმნის საზრისზე ორიენტირებულ ფასეულობათა სისტემას. ასეთი კომპანიები ეფუძნებიან გუნდის წევრთა რწმენასა და ღირებულებებს, ჰუმანური ურთიერთობების გამყარებასა და ინკლუზიურობის ხელშეწყობას. მათი სტრატეგიის დანიშნულებაა ემსახურონ საზოგადოებას მორალურ-ეთიკური ნორმებისა და სამართლიანობის პრინციპით.

როდესაც საზრისზე ვსაუბრობთ, ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ ავსტრიელი ფსიქოლოგის, ვიქტორ ფრანკლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებას - ლოგოთერაპიას, რომელიც გვეხმარება ვიპოვოთ საკუთარი ცხოვრების აზრი. მისი მეშვეობით ვარკვევთ, რა არის ჩვენი მისია, რას ემსახურება ჩვენი სიცოცხლე, რამდენად ვაცნობიერებთ არსებობის ღირებულებით ნაწილს და რაოდენ სიღრმისეულად ვიცნობთ საკუთარ თავს. ამ თვალსაზისით, ფაქტობრივად, ლოგოთერაპიული მეთოდი ჰგავს იაპონურ კონცეფციას - "იკიგაის" ანუ საკუთარი დანიშნულების შეგრძნებას, რომლის პოვნითაც ადამიანები ახერხებენ იცოცხლონ დიდხანს, წარმატებული და შინაგანად თავისუფალი ცხოვრებით.

არცთუ ისე მცირე შესავლის შემდეგ, მიმოვიხილოთ საზრისზე ორიენტირებული ლიდერის მთავარი მახასიათებლები. პირველ რიგში, ეს გამოიხატება მისი სამეტყველო დიალექტით, სადაც სიტყვები: ეფექტიანობა, უპირატესობა და ღირებულება ფუნდამენტურად არის გადაჯაჭვული ნდობის, ღირსებისა და ურთიერთპატივისცემის განცდასთან. ზოგადად, ჭეშმარიტ ლიდერს გამოარჩევს ერთი უნიკალური თვისება - შინაგანი მისწრაფება, ისწავლოს და გაიზარდოს პიროვნულად, რათა წვლილი შეიტანოს სხვების ცხოვრების გაუმჯობესებაში. ეს არის მათი ყველაზე ღირებული მისია ანუ დანიშნულების ქვაკუთხედი, რომლითაც აღწევენ კმაყოფილებისა და სულიერების საკმაოდ მაღალ დონეს.

საუკეთესო მოტივატორი, პიროვნული განვითარების თემაზე რამდენიმე ბესტსელერის ავტორი, საიმონ სინეკი, Ted Talk-ზე თავის ერთ-ერთ გამოსვლაში, "როგორ შთაგვაგონებენ უდიდესი ლიდერები მოქმედებისკენ", აღნიშნავს: "ჩვენ უნდა გავხდეთ თანამონაწილე ისეთი სამყაროს შექმნაში, სადაც გაღვიძებისთანავე ვიქნებით შთაგონებით აღსავსე, როგორ ვიგრძნოთ თავი უსაფრთხოდ და ვიცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით". ამის მისაღწევად ლიდერები პოულობენ პროცესების გაძღოლის გამბედაობას და შთაგონების ე.წ. უბრალო მიზეზს, რომლის მეშვეობითაც შემოიკრებენ ადამიანებს, ვისაც ენდობიან და ვინც მათ ენდობათ, ვისაც ერთნაირად სწამთ, რომ საერთო ძალისხმევით შეუძლიათ მდგომარეობის გაუმჯობესება და უკეთესი შედეგების მიღება.

საზრისზე ორიენტირებული ლიდერები თავიანთ გრძელვადიან ხედვას მყარად აკავშირებენ იმ მთავარ მამოძრავებელ ძალასთან, რისთვისაც "ნამდვილად ღირს ცხოვრება". მათ ზუსტად იციან, რას აკეთებენ და რატომ, სჯერათ, რა უნდა აკეთონ და ასევე, იციან, რა არ იციან. შესაბამისად, გარშემო ადამიანებში ეძებენ მხარდამჭერებს, ვისთან ერთადაც შეძლებენ დასახული მიზნების მიღწევას. ისინი მუდმივად კონცენტრირებული არიან პროცესებზე და პროცესის შემსრულებელი ადამიანებისთვის განვითარების ხელშეწყობაზე. ამ მიდგომით ჭეშმარიტი ლიდერები თავს გრძნობენ ნაკადში და სიამოვნებას იღებენ გუნდის წევრების მიერ ყოველი წინგადადგმული ნაბიჯით. დინების ძალა მათ საშუალებას აძლევთ, შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთ საქმიანობას და ყოველთვის დაეყრდნონ თავიანთ რწმენა-წარმოდგენებს, რაც უძლიერებთ ნებისყოფას, უმაღლებთ მოტივაციასა და პროდუქტიულობას.

დღესდღეობით როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე მრავლად არიან კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელები შესაძლოა ნათლად აღიქვამენ ბრენდის განვითარების სტრატეგიას, თუმცა ნაკლებად ესმით გუნდის წევრების მამოტივირებელი ფაქტორები. შესაბამისად, ყველა რგოლი ან/და გუნდის წევრი მოწადინებულია, მხოლოდ თავისი ფუნქციური არეალი გააუმჯობესოს. ბუნებრივია, ასეთი სიტუაციაში იქმნება ერთგვარი განცალკევება და გარკვეული დაპირისპირებაც. არადა, ლიდერის როლი გამოიხატება, თუნდაც ყველაზე რთულ ვითარებაში მხარი დაუჭიროს სხვებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და რეალიზებაში. უფრო მეტიც, დაეხმაროს მათ მწვერვალზე ასვლაში.

საზრისზე ფოკუსირებული ლიდერის კიდევ ერთი გამორჩეული ნიშანია, რომ ის ძირეულად ცვლის ხედვის პერსპექტივას: მისთვის თანამშრომლები არიან არა მიზნის მისაღწევი საშუალება, არამედ მნიშვნელოვანი საყრდენი წინსვლისთვის. მას შეუძლია გუნდის ყოველი წევრი აღიქვას ცალკეულ ინდივიდად, დაინახოს მისი კონკრეტული შესაძლებლობები და, რაც მთავარია, აღიაროს, რომ ყოველ ადამიანს თავისი საზრისი ამოძრავებს. აქედან გამომდინარე, ლიდერის ამოცანაა შექმნას ჯანსაღი გარემო, სადაც ყოველი ადამიანი სრულად მოახდენს თვითრეალიზებას, საკუთარი პოტენციალის განვითარებას, ამავდროულად, თავს იგრძნობს დაფასებულად და გუნდის აქტიურ წევრად. ასეთ ვითარებაში თანამშრომლები სიამოვნებით ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო და ერთიანი ძალისხმევით გულმოდგინედ ასრულებენ თავიანთ უფლება-მოვალეობას. სწორედ ასე მიიღწევა ავთენტური ადამიანური კავშირი, რომლის ფარგლებში ურთიერთმიმღებლობა, პატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა არის მთლიანი კომპანიის უპირობო გამარჯვების გარანტი.

აქვე გიზიარებთ "ბესთ ბაის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ჰარვარდის ბიზნესსკოლის უფროსი ლექტორის, Jonhson & Johnson-ისა და Ralph Lauren-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, უბერ ჟოლის შეხედულებებს, რაც მან საზრისის მქონე ლიდერობის 5 პრინციპის სახით ჩამოაყალიბა თავის წიგნში "ბიზნესის გული":

  1. განსაზღვრე შენი და შენ გარშემო მყოფთა საზრისები და ის, თუ როგორ უკავშირდებიან ისინი კომპანიის მიზნებს;
  2. ცხადად გააცნობერე შენი, როგორც ლიდერის ძალა;
  3. მკაფიოდ გააცნობიერე შენი მოტივაცია და ვის ემსახურები;
  4. ყოველთვის უნდა გამოძრავებდეს ღირებულებები;

იყავი შენი თავის საუკეთესო ვერსია, იყავი ავთენტური.

უბერ ჟოლი, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ მას შემდეგ გახდა თანამიმდევრულად წარმატებული, როცა თავისი განვითარების ვექტორი მიმართა საკუთარი თუ გარშემო მყოფების საზრისის შეცნობისკენ. იმისთვის, რომ ბიზნესის მართვის საფუძვლები დაეყრდნოს ადამიანური ურთიერთობების პრინციპებს, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია სასიკეთო ცვლილებების ინიცირება. მე, როგორც მასობრივი კომუნიკაციის საბაკალავრო და სტრატეგიული კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, ჩემს კოლეგებთან ერთად უკვე დავნერგე ჩვენი სტუდენტებისთვის სწავლების ისეთი მიდგომები, რაც ხელს უწყობს მათ მიერ საზრისისა და ჰუმანურ მმართველობაზე ორიენტირებული ხედვის ჩამოყალიბებას და შემდგომ განმტკიცებას. ამასთანავე, შევიმუშავე მომავალი ლიდერების მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი სასწავლო კურსი, რომლის მთავარი დანიშნულებაა, კურსდამთავრებულებმა შეძლონ შექმნან საზრისზე დაფუძნებული სტრატეგია და აიღონ პასუხისმგებლობა ზემოაღნიშნული პრინციპების რეალიზებით მიღებულ შედეგებზე. ვფიქრობ, ახლა ზუსტად ასეთი ცვლილებებისთვის მოქმედების დროა.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ