განსაკუთრებული მოსავლების "ოქროს ფონდი", ქართული ღვინის დაძველების უნიკალური ტექნოლოგია და დაუვიწყარი გემო Schuchmann Wines Georgia-სგან
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია Schuchmann Wines Georgia ბაზარზე 2008 წლიდან არის წარმოდგენილი. Entrepreneur-ი კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნუცა აბრამიშვილს ესაუბრა, რომელიც Schuchmann Wines Georgia-ს დაარსების, მიზნების, საერთაშორისო წარმატებისა და "ოქროს ფონდის" უნიკალური წამოწყების შესახებ გვიამბობს.
როდის და როგორ დაიწყო Schuchmann Wines Georgia-ს ისტორია?
კომპანია Schuchmann Wines Georgia ბაზარზე 2008 წლიდან არის წარმოდგენილი. ის შეიქმნა კახეთში, დასავლურ სტანდარტებსა და ქართულ ღირებულებებზე დაყრდნობით კახეთის რეგიონში, ქართული მეღვინეობის, სტუმარმასპინძლობის, ღვინის ტურიზმის, ველნესის და მოგვიანებით უძრავი ქონების განვითარების მოტივაციით. მეღვინეობაში კი ჩვენი მიზანი თავიდანვე მაღალი ხარისხის ღვინოების დაყენება იყო. ჩვენ გვაქვს საკუთარი ვენახები, რომლებიც 120 ჰექტარზეა გაშენებული. 65 ჰექტარიდან დავიწყეთ და ყოველ წელს ახალი ზვრების გაშენებაზე ვზრუნავდით.
ჩვენი მიზანი იყო ქართული ჯიშების მაღალი ხარისხისა და უნიკალურობის შენარჩუნება. ჩვენს ასორტიმენტში ქართულ, კერძოდ, კახურ ღვინოებს 80% უჭირავს, 10% ქართულ დასავლურ ჯიშებს უკავია, ხოლო დანარჩენი წილი საერთაშორისო, ევროპულ ღვინოებზე მოდის, როგორიც არის "მერლო", "მალბეკი", "კაბერნე სოვინიონი", "კაბერნე ფრანსი". უნდა აღვნიშნო, რომ ისინი ძალიან კარგ მოსავალს იძლევა და კახეთის მიკროზონებში კარგად ხარობენ.
Schuchmann Wines Chateu Villas & SPA - ღვინის დასასვენებელი კომპლექსი კახეთში, ასევე ღვინის ტურიზმის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეა საქართველოში. შუხმანის შატოსა და ვილების კომპლექსი კახეთში, კისისხევში სტუმრებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს და ისინი პირველები ეცნობიან კომპანიის მიერ წარმოებულ უნიკალურ პროდუქციას თუ მომსახურებას. ტანდემი, სხვადასხვა საინტერესო პროდუქტსა და მომსახურებასთან ერთად, ქმნის უნიკალურ ბიზნესმოდელს, რასაც ღვინის ტურიზმი ჰქვია.
როცა Schuchmann Wines Georgia პირველად გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, როგორი იყო გარემო და რა გზის გავლამ მოგიწიათ, საერთაშორისო წარმატების მისაღწევად?
პროცესი გახლდათ გამოწვევებით აღსავსე, ამავდროულად, ძალიან საინტერესო, რადგან საქართველოში ღვინის ტურიზმის მიმართულება განვითარებული არ იყო და ბევრი რამის დამკვიდრება დაგვჭირდა. რა თქმა უნდა, კახეთი მეღვინეობისა და მევენახეობის კულტურით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა ღვინის ტურიზმს საერთაშორისო ბაზარი არ იცნობდა, შესაბამისად, თავდაპირველად ინტერესი და მოთხოვნა მაღალი არ იყო.
მევენახეობაშიც თანდათანობით დავიწყეთ გაფართოება. მსოფლიო ბაზარზე კი შუხმანის ღვინოების წარდგენა დიდი გამოწვევა იყო. საექსპორტო მიმართულება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია და მწარმოებლისთვის მეტად საპასუხისმგებლო, შესაბამისად, ჩვენთვის ვაწარმოოთ ხარისხიანი პროდუქცია და ექსპორტის შედეგად წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაში, უმთავრესი პრიორიტეტი იყო, არის და იქნება. რომ არაფერი ვთქვათ კომპანიის მევენახეობის მიმართულებაზე, სადაც მხოლოდ ტრადიციული მიდგომებით ვუვლით ვენახებს, არ ვიყენებთ ტექნიკას, ამით არ ვანაცვლებთ ადგილობრივ ფერმერებს. ვაცნობიერებთ ადამიანის როლს ვენახთან ურთიერთობაში და ვინარჩუნებთ ყურძნის მაღალ ხარისხს. სრულიად ვიზიარებთ სოციალურ პასუხისმგებლობას მევენახეობის მიმართულებით.
არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპანიაში ღვინის ტურიზმის როლი, რომელიც თავდაპირველადვე ქართული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობით დავიწყეთ. ეს პროცესი ჩვენთვის, ყველასთვის, უაღრესად საინტერესო და ამაღელვებელი იყო. ვფიქრობ, სწორედ ეს ემოცია და საკუთარი საქმის სიყვარულია ის, რამაც ჩვენი წარმატება და ამ წარმატების შენარჩუნება განაპირობა. ყოველი გაყიდული ღვინო, ყოველი დაბრუნებული სტუმარი, ყოველი მის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია წარმოადგენს ჩვენს ღრმა რწმენას, რომ მუდმივად ვიყოთ განვითარების ეტაპებზე და არასოდეს გავაჩეროთ ჩვენი წვლილის შეტანა ეროვნულ საქმეში.
ქართული ღვინის ჯიშებზე მოგვიყევით, როგორ იყენებთ ამ უნიკალურ გემოსა და მახასიათებლებს თქვენი პროდუქციის შესაქმნელად?
ვფიქრობ, მსოფლიომ უკვე ცხადად გაიგო, რომ ღვინის უძველესი ცივილიზაციის კულტურა საქართველოდანაა, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია უძველესი ქართული ტრადიციაა, აღიარებული იუნესკოს მიერ. მსოფლიოში 2000-მდე ყურძნის ჯიში არსებობს, აქედან 500 საქართველოდანაა. ანუ მსოფლიო ღვინის უნიკალურ დოვლათის 1/4-ს ქართული ყურძნის ჯიშები ქმნის. ეს არა მხოლოდ ფაქტი, არამედ მნიშვნელოვანი კაპიტალია.
სწორედაც ეს არის, რაც ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის, რაც საექსპორტო აქტივობებსა და მსყიდველობითუნარიან ბაზრებზე პოზიციონირებაში აისახება.
აქედან გამომდინარე, ჩვენი ჯიშობრივი უპირატესობები საშუალებას გვაძლევს, ამაყად ვისაუბროთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე. ქართული ღვინო ის ეროვნული პროდუქტია, რომელიც ქვეყანას პოპულარიზაციას უწევს. ეხმარება დიდი დანახარჯების გარეშე მოვახდინოთ საერთაშორისო მარკეტინგი, მოვიზიდოთ მეტი სტუმარი და ინვესტორი ქვეყანაში. ეს ხომ ქვეყნის ერთგვარი რეკომენდაცია და პრეზენტაციაა.
სტუმარი, რომელიც ჩვენგან მიდის, ქართულ ღვინოზე თავის სამშობლოში საუბრობს. ყველა კმაყოფილი უკან დაბრუნებული სტუმარი კიდევ ერთი ახალი სტუმარია. ეს ყველაფერი უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რათა უკეთესი და ახალი პროდუქტი და მომსახურება შევქმნათ.
როგორია ქართული ღვინის პერსპექტივა საერთაშორისო ბაზარზე და რამდენად დიდია უცხოელი პარტნიორების მხრიდან დაინტერესება?
ყოველივე იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს საერთაშორისო ბაზარზე, ჯერ კიდევ სამუშაო გვაქვს, კომპლექსურად ამ ყველაფრის შესაბამის დონეზე ასაწევად, იქნება ეს ღვინო თუ ტურიზმის სხვა მიმართულება. კვლავ საჭიროა მაღალი სტანდარტების დამკვიდრება და ამის გრძელვადიანად შენარჩუნება, რაც თავისთავად მოიტანს განვითარების სხვა მწვერვალებს. ამ ყველაფერს კი ბევრი მუშაობა, დრო და მოთმინება სჭირდება.
როგორც კომპანია, ასევე სექტორი იმყოფება განვითარების გარდამავალ ეტაპზე. რასაკვირველია, ჩვენ მაქსიმუმისთვის არ მიგვიღწევია და წინსვლას განვაგრძობთ. შესაბამისად, მუდმივად უნდა ვიმუშაოთ და ვიშრომოთ იმისათვის, რომ კონკურენტუნარიან მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ნიშა და ადგილი მყისიერად დავიმკვიდროთ და შევინარჩუნოთ. ქართული ღვინო, როგორც პროდუქტი, ლიმიტირებულია, ამიტომ მისი ხარისხი და ფასი ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს.
რა არის "ოქროს ფონდი", რას გვეტყოდით შუხმან ვაინსის ამ პროექტის შესახებ?
ღვინო არის ერთ-ერთი უნიკალური აქტივი, რომელიც დროში ღირებულებას არ კარგავს. პირიქით, მისი კაპიტალიზაცია იზრდება. არსებობს ჯიშები და ტექნოლოგიები, რომლებიც ღვინის დაძველების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა, სწორედ ამან მოგვცა საშუალება, შუხმანისა და ვინოტერას საუკეთესო მოსავლის ღვინოებისთვის შეგვექმნა საძველე - სახლი სახელწოდებით "ოქროს ფონდი".
"ოქროს ფონდი" კომპანიის დაარსებისთანავე შეიქმნა, იმ მიზნით, დაძველებული ღვინოების სოლიდური მარაგი მიგვეღო. წლიდან წლამდე საუკეთესო მოსავალს ვინახავდით და ველოდით, როდის დადგებოდა დღე, როცა ჩვენი შრომის ნაყოფით დავტკბებოდით და გავუზიარებდით კახეთში შუხმანის შატოში მოსულ სტუმარს.
შუხმანის "ოქროს ფონდში" , სადაც დაძველებულია შუხმანის და ვინოტერას ღვინოები, ნამდვილად მაღალი ხარისხის, ფასისა და სტანდარტის ნაზავია, რომელიც ძალიან გამორჩეული გემოვნების მქონე ადამიანებისთვისაა, რომელთაც მოსწონს ძველი ღვინოების გემო.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შუხმანის "ოქროს ფონდის" ღვინოების უმეტესობა წითელი და მშრალია, განსაკუთრებით გამოვარჩევდი საფერავის ჯიშის კუპაჟურ ღვინოებს, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობა გააჩნია. ბოთლში დაახლოებით 50 წელი ინახება. ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რა ხდება 50 წლის შემდეგ, კვდება თუ არა ღვინო? მე თუ მკითხავთ, ღვინო არასდროს კვდება.
კახეთში, კერძოდ, ალექსანდრე ჭავჭავაძის ღვინის საძველეში სწორედ მის მიერ დაყენებული ღვინოების კოლექცია არსებობს, უკვე მუზეუმის მიმართულებით, იქ არსებული ღვინოები კი სიცოცხლეს დღემდე ინარჩუნებს და ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს. ქართული ღვინო უკვდავია, ქართული ვაზი უკვდავია და ჩვენი მიზანია, ეს ციკლი არასოდეს დასრულდეს.
დაძველებული ქართული ღვინო განსხვავებულ ისტორიას გვიყვება. ბოთლიდან ჭიქაში ჩამოსხმისთანავე ახალ სიცოცხლეს იძენს. ეს ძალიან განსხვავდება საშუალოდ ძველი მოსავლის ღვინოებისგან. სწორედ ამ გამორჩეული და აღმატებული გემოს წარმოჩენა გვსურს. ჩვენი მიზანია კომპანიის "ოქროს ფონდში" შენახული შუხმანისა და ვინოტერას საუკეთესო ღვინოები ბევრმა სტუმარმა დააგემოვნოს და მათ ძველი ქართული ღვინის ახლებურად აღქმის შესაძლებლობა მივცეთ.
შუხმანის "ოქროს ფონდის" ღვინოების რელიზაცია ექსკლუზიურად, საცალოდ მოხდება. დიდი სურვილი მაქვს, ეს მიმართულება ჩვენს ქვეყანაში პოპულარული გახდეს და მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული ღვინოების ტენდენცია დამკვიდრდეს. ოქროს კოლექცია მუდმივად იქნება განახლებადი და ლიმიტირებული, რაც მიუთითებს მის მაღალ სტანდარტსა და ნიშაზე, რომელსაც ამდენი ხანია ასე უწყვეტად ვემსახურებით.