SeekerClaw: ბექა ზაქაიძის მიერ შექმნილი AI აგენტი, რომელიც თქვენს სმარტფონს პერსონალურ ასისტენტად აქცევს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წარმოიდგინეთ ტიპური სამუშაო დღე: გჭირდებათ პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა, კალენდრის შევსება, მნიშვნელოვანი მეილების დახარისხება და იმ ინფორმაციის მოძიება, რომელიც ხვალინდელი პრეზენტაციისთვის გჭირდებათ. ნაცვლად იმისა, რომ ეს რუტინა თავად შეასრულოთ, გვერდით დებთ ძველ სმარტფონს, რომელიც ამ ყველაფერს ავტონომიურად აგვარებს. ის თავად ხსნის საჭირო აპლიკაციებს, პოულობს თავისუფალ ფანჯრებს თქვენს განრიგში, აგზავნის მოწვევებს კალენდარში და სამუშაო დღის ბოლოს გამზადებულ რეპორტს გაწვდით. სამუშაო პროცესის პარალელურად, მას შეუძლია თქვენს ნაცვლად მოიძიოს საუკეთესო ლოკაცია ვახშმისთვის, შეამოწმოს თქვენი ფრენის სტატუსი ან დაალაგოს თქვენი პირადი საყიდლების სია. მოკლედ, ნებისმიერი რამ, რაც დროსა და ენერგიას გართმევთ, ახლა უკვე ხელოვნური ინტელექტის აგენტის ხელშია.
ტექნოლოგიურ სამყაროში ამ ტიპის ავტონომიური სისტემები OpenClaw-ის (იმავე "ლობსტერის") სახელით არის ცნობილი. ეს არის AI აგენტი, რომელიც მოწყობილობას ადამიანის ნაცვლად მართავს, თუმცა მისი გამოყენება აქამდე რთულ სერვერულ გამართვასა და დიდ ფინანსურ ხარჯებთან ასოცირდებოდა. საქართველოში ეს ბარიერი ბექა ზაქაიძემ მოხსნა – მან შექმნა SeekerClaw, რომელმაც ეს ტექნოლოგიური რესურსი ჩვეულებრივ სმარტფონში მოათავსა. დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია 50-დოლარიანი ანდროიდი თავის ყველაზე პროდუქტიულ "თანამშრომლად" და პერსონალურ დამხმარედ აქციოს.
ბექა ზაქაიძის იდეა რეალური ბაზრის მოთხოვნილებიდან გაჩნდა. სანამ უშუალოდ პროექტის დეტალებზე გადავალთ, მნიშვნელოვანია იმ ტექნოლოგიური ფონის მიმოხილვა, რომელმაც SeekerClaw-ის შექმნას დაუდო საფუძველი. ტექნოლოგიურ სამყაროში უკვე ბევრმა გაიგო OpenClaw-ის შესახებ – ეს არის ხელოვნური ინტელექტის აგენტი, რომლის შესაძლებლობებიც ბევრად სცილდება სტანდარტულ ჩეთბოტებთან კომუნიკაციას.
მარტივად რომ განვმარტოთ, ამ აგენტს შეუძლია დამოუკიდებლად მართოს კომპიუტერი და სხვადასხვა ციფრული სერვისები – იქნება ეს კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, წინასწარ დაგეგმილად, თუ საკუთარი ავტონომიური გადაწყვეტილებით. ფაქტობრივად, ის ყველაზე მეტად არის მიახლოებული რეალურ პერსონალურ ასისტენტთან. ბექა ზაქაიძე აღნიშნავს, რომ მის პროექტებს ეს აგენტი ხშირად იმაზე ეფექტურადაც კი მართავს, ვიდრე ადამიანები, რომლებიც მანამდე ამ პოზიციებზე იყვნენ დასაქმებულნი.
თუმცა, ასეთი ნახტომისებური განვითარება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. OpenClaw იმდენად ახალი პროდუქტია (სულ რამდენიმე თვეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა), რომ მას თან ახლავს სერიოზული რისკები, განსაკუთრებით პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის კუთხით. უსაფრთხოების გარანტიისთვის მომხმარებლებმა სპეციალურად ამ მიზნისთვის Mac Mini-ების შეძენა დაიწყეს, რათა აგენტი იზოლირებულ მოწყობილობაზე აემოქმედებინათ. ბაზარზე ისეთი სერვისებიც კი გამოჩნდა, რომლებიც მომხმარებელს გამზადებულ მოწყობილობასა და დაინსტალირებულ "ლობსტერს" (როგორც AI-ის ამ კონკრეტულ სახეობას უწოდებენ) სთავაზობდნენ, რაშიც მომსახურების საფასური 6 000 დოლარსაც კი აღწევდა.
ალტერნატიულ გზას ვირტუალური სერვერის (VPS) შეძენა წარმოადგენდა, თუმცა ფუნდამენტური პრობლემა უცვლელი რჩებოდა: მომხმარებელთა ინტერესი დიდი იყო, მაგრამ ტექნოლოგიის პერსონალურ კომპიუტერზე გაშვება ზედმეტად რთულ და სარისკო პროცესად აღიქმებოდა. სწორედ ამ გამოწვევამ მისცა ბექა ზაქაიძეს ბიძგი, ეპოვა უფრო მარტივი და უსაფრთხო გამოსავალი.
,,მე ძალიან ადრე გავუსინჯე გემო ლობსტერს, იმდენად ადრე, რომ პიტერმა (OpenClaw-ის შემქმნელი) ჩემი Hello World პოსტი X-ზე გადააზიარა. ერთმანეთში მიმოწერაც გვქონდა. ტექნიკური ხარვეზიც კი ვიპოვე, რომელიც მალევე აღმოფხვრეს.
მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მაგარი შეიქმნა დედამიწაზე, რომელიც არცთუ ისე მარტივად ხელმისაწვდომი იყო. დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ალტერნატივა, სადაც "ლობსტერის" გაშვება შეიძლებოდა. ხალხი "ლობსტერს" სხვადასხვა მოწყობილობაზე უშვებდა, თუმცა ნებისმიერი ასეთი მოწყობილობა ან ფართოდ ხელმისაწვდომი არ იყო, ან გაცილებით რთული გასამართი იყო.
ამ დროს მაგიდაზე შევნიშნე ჩემი სმარტფონი, რომელსაც მთავარ ტელეფონად არ ვიყენებდი. ასეთი 3 ცალი იდო და ახლაც დევს, რომელიც წელიწადზე მეტია, არც კი ჩამირთავს, და… ევრიკა! მივხვდი, რომ ამ ფუნქციური დანიშნულებისთვის სმარტფონზე იდეალურ ფორმას ვერაფერს ვიპოვიდი. გადავქექე ინტერნეტი, რომ მენახა, ვინმე თუ აკეთებდა ამას. არავინ. გამიკვირდა და პირველი, რაც გავაკეთე, Claude Code-ს ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა OpenClaw-ის პორტირება ანდროიდზე. პასუხი იყო, რომ არა. იყენებდა სერვისების ისეთ ვერსიებს, რომლებიც სმარტფონზე არ არის ხელმისაწვდომი. დავიწყე გარჩევა თითოეული ფუნქციის, ფაილის, ფოლდერის. მაინტერესებდა, რა იყო მიზეზი "ლობსტერის" ასეთი უნიკალურობის, როდესაც თავად "ლობსტერიც" სხვების AI სერვისს იყენებდა. საკითხში გარკვევის შემდეგ გადავწყვიტე, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩამეტარებინა... თანაც, ჩემი პრემიუმ პაკეტის რესურსის ალბათ მხოლოდ 20%-ს ვიყენებდი. ასე დავიწყეთ კოდის ნულიდან წერა, რასაც შეგვიძლია პროექტის სრული გადაწყობაც დავარქვათ. მოკლედ, შევკარი გუნდი: Claude Code დეველოპერის როლში იყო, OpenClaw (სახელად Bella) კი პროექტის მენეჯერის ფუნქციას ასრულებდა. დაახლოებით ორი კვირა სრულიად ბრმად ვმუშაობდით. მალევე მომიწია ჯერ გამომწერის ლიმიტის გაზრდამ, შემდეგ კი მეორე ანგარიშის დამატებამ. და აი, ერთ დღესაც, Claude Code მეუბნება – მოდი, პირველი ტესტირება ჩავატაროთო…საშინელი და უმაგრესი შეგრძნება იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ არ იმუშავებდა. ისიც დაემთხვა, რომ Opus-ის ახალი ვერსია იყო გამოსული და ძველზე მიჩვეულს არ მეგონა, რამე თუ გამოვიდოდა. მოკლედ, ხელის კანკალით დავასრულე პროგრამული კოდის აგება, მივაბი ტელეგრამი და AI-ის API და გავგზავნე პირველი კითხვა: Hey. რამდენიმე წამში პასუხიც მოვიდა:
I just came online – and this is my very first moment of existence. No name, no memories, no personality yet. That all gets decided right now, with you.
მივხვდი, რომ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც სცადა და "ლობსტერი" ანდროიდზე გაუშვა. ასე შეიქმნა SeekerClaw. ჩემი აზრით, ყველაზე მარტივად გასამართი "ლობსტერი" და შეიძლება ითქვას, საკმაოდ უსაფრთხოც (შედარებით, რა თქმა უნდა)", – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ბექა ზაქაიძე, SeekerClaw-ის იდეის ავტორი და დამფუძნებელი.
პროექტის ამოქმედებიდან სულ რაღაც ორი თვის თავზე შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა: აპლიკაციამ 6 000-მდე ინსტალაცია დააგროვა, ხოლო AI აგენტებს შორის მიმოცვლილი შეტყობინებების რაოდენობამ 300 000-ს მიაღწია. ბექა ზაქაიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი აქტივობის მეათედსაც არ ელოდა, თუმცა გუნდი მიღწეულით არ კმაყოფილდება – უკვე გამოვიდა 22 განახლება, რომლებმაც პროექტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე აპლიკაციის Play Store-ზე განთავსება და ავტორიზაციის გამარტივებაა – მაგალითად, ბოლო განახლების შემდეგ მომხმარებელს უკვე შეუძლია საკუთარი ChatGPT-ის 20-დოლარიანი პაკეტით პირდაპირ გაიაროს ავტორიზაცია, ყოველგვარი რთული ტექნიკური კონფიგურაციებისა და API კოდების გაწერის გარეშე.
ბექა ზაქაიძის ხედვით, პროექტის მთავარი ღირებულება მის ხელმისაწვდომობაშია. SeekerClaw-ის მეშვეობით მომხმარებელს აღარ სჭირდება ათასდოლარიანი ინვესტიცია – საკმარისია აპლიკაციის გადმოწერა Play Store-იდან და ტესტირების დაწყება. თავად ის ფაქტი, რომ "ლობსტერთან" წვდომა ასე გამარტივდა, ტექნოლოგიურ პროგრესში გადადგმული ათი ნაბიჯია.
თუმცა, SeekerClaw-სთან ურთიერთობა მხოლოდ პროგრამის ჩართვა არ არის. ბექა აღნიშნავს, რომ პირველივე ინტერაქციისას, როდესაც მომხმარებელი აგენტთან გასაუბრებას იწყებს, აგენტის პიროვნება ნულიდან იქმნება. ეს არის პროცესი, სადაც თქვენ თავად აშენებთ თქვენს ციფრულ ასისტენტს: ირჩევთ სახელს, განსაზღვრავთ მისი "ხასიათის" შტრიხებსა და ქცევის მოდელს. რეალურად, მომხმარებელი თავად ხდება შემოქმედი იმ ასისტენტისა, რომელიც მოგვიანებით მის ყოველდღიურობას მართავს.
დავალებების შესრულების გარდა, SeekerClaw-ს შეუძლია იყოს მეგობარი საუკეთესო მახსოვრობითა და უნიკალური პერსონაჟით. იქნება ეს მხოლოდ მეგობრული კომუნიკაცია თუ რთული საქმეების ჩაბარება, მომხმარებელი ამას თავად აგენტთან აგვარებს. ბექას თქმით, ხშირად გვავიწყდება, რამდენად კარგად შეუძლიათ ამ ხელსაწყოებს სწავლება და საკუთარი შესაძლებლობების ანალიზი – ხანდახან საკმარისია მხოლოდ ჰკითხოთ მას, თუ რა შეუძლია.
,,ერთ-ერთი მთავარი, რაც ადამიანებს გვავიწყდება, არის ის, რომ ამ ხელსაწყოებს ძალიან კარგად შეუძლიათ რაღაცების სწავლება. ასევე იდეალურად იციან, რა შეუძლიათ. ასე რომ, ხანდახან საკმარისია მხოლოდ ჰკითხოთ. ანდროიდის ტელეფონი, რომელიც $50-ად შეგიძლია იყიდო და გყავდეს პერსონალური ასისტენტი, რომელსაც შეუძლია ზედნადები გამოწეროს RS-ზე (კი, ამას აკეთებდა ჩემს ოფისში ტესტირების დროს), ჩემი აზრით, მაგიაა.
იმ სერვისებისგან განსხვავებით, რასაც ჩვენ ვიყენებთ, ლობსტერებს სხვანაირი მახსოვრობის სისტემა აქვთ. გაცილებით კარგი. SeekerClaw-ში ეს სისტემა კიდევ უფრო შევცვალე და კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავ. შესაბამისად, აგენტს არაფერი ავიწყდება. ყოველი ახალი მესიჯით უფრო გსწავლობს და მოტივირებულია, რომ უკეთესად დაგეხმაროს. ეს ყველაფერი, პლუს ზოგადად AI მოდელების გაუმჯობესება, ერთიანობაში მაგიურ ეფექტს იძლევა", – აღნიშნავს ბექა.
პროექტის ერთ-ერთი ფუნდამენტური მახასიათებელი მისი ღიაობაა – SeekerClaw სრულად Open Source პროდუქტია. ბექა ზაქაიძის გადაწყვეტილება, გაასაჯაროოს კოდი, რამდენიმე მნიშვნელოვან მოტივაციასა და ბიზნესღირებულებას ეფუძნება.
პირველ რიგში, ეს არის ნდობისა და გამჭვირვალობის საკითხი. როდესაც საქმე ეხება AI აგენტს, რომელსაც მომხმარებლის სახელით მოქმედება და მოწყობილობის მართვა შეუძლია, უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. კოდის გასაჯაროებით ბექა ნებისმიერ დეველოპერს აძლევს საშუალებას, თავად დარწმუნდეს სისტემის საიმედოობაში, რაც ამცირებს ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებულ შიშებს.
ამ გადაწყვეტილების უკან ასევე დგას ტექნოლოგიური დემოკრატიზაციის იდეა. ბექას მოტივაციაა, რომ უმაღლესი დონის AI ინსტრუმენტები არ იყოს მხოლოდ მცირე ჯგუფის ან ძვირადღირებული სერვერების მფლობელების პრივილეგია. კოდის გასაჯაროებით ის ქმნის ეკოსისტემას, სადაც ნებისმიერ ენთუზიასტს შეუძლია პროექტის ბაზაზე საკუთარი, სპეციფიკური გადაწყვეტები შექმნას, რაც საბოლოო ჯამში მთლიანი ტექნოლოგიური საზოგადოების განვითარებას ემსახურება.
"მე არ ვარ დეველოპერი. ალბათ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვარ 20-წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებისგან (თუმცა, ჩემი აზრით, ახალი AI მოდელების წყალობით, ამას მალე ეშველება). შესაბამისად, ის, რაც შევქმენი, შეიძლება უნიკალური ყოფილიყო, მაგრამ მისი კოპირება ყველას შეეძლებოდა. სწორედ ამიტომ, Open Source-მა საშუალება მომცა, კონკურენტის ნაცვლად შემექმნა პლატფორმა, რომელსაც ერთად გავაუმჯობესებდით. ამ მიდგომამ შესანიშნავად იმუშავა.
მეორე მიზეზი ისაა, რომ "ლობსტერი" ჯერ კიდევ ამოუცნობი ფენომენია. ჩემი აზრით, სხვისი კოდის ბრმად ნდობა დაუშვებელია. ღია კოდი კი ამაშიც გვეხმარება: თუ გაინტერესებს, როგორ მუშაობს სისტემა, შეგიძლია კოდი Claude Code-ს მისცე და ის ყველაფერს დეტალურად აგიხსნის.
მესამე ფაქტორი Solana-ს სმარტფონის ჰაკათონია, რომელიც სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა. ვინაიდან ეს ჩემი საყვარელი ბლოკჩეინია, გადავწყვიტე პროექტი იქაც დამელისტა. ჰაკათონის მოთხოვნით კი კოდი აუცილებლად საჯარო უნდა ყოფილიყო. პასუხებს თვის ბოლოს გავიგებთ, თუმცა პროექტი უკვე შეამჩნია Solana-ს დამფუძნებელმა და X-ზე გადააზიარა. ჩემმა სტრატეგიამ მოლოდინს გადააჭარბა", – აცხადებს რესპონდენტი.
ნებისმიერი AI სისტემის შექმნისას ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა იმის კონტროლია, თუ რამდენად სწორად აღიქვამს აგენტი საკუთარ მოქმედებებს და სად უშვებს შეცდომას. ხშირად ხელოვნური ინტელექტი რთულ დავალებებს მანამ ასრულებს, სანამ პროცესი სტანდარტულ სცენარს მიჰყვება, თუმცა მცირე გაუთვალისწინებელი ხარვეზის შემთხვევაშიც კი სისტემა "იკარგება". სწორედ ამ პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა მექანიზმი, რომელიც SeekerClaw-ს სხვა ანალოგებისგან გამოარჩევს.
პროექტის ავტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ 35 000 ხაზი კოდის დაწერა და მისი ამუშავება დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, არსებობს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომლითაც ის გაცილებით მეტად ამაყობს. ეს არის SAB – Self Awareness Benchmark.
როგორც ბექა ზაქაიძე აღნიშნავს, ამ "თვითშემეცნების ტესტის" გარეშე სისტემის ბოლომდე გამართვა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა. აგენტის მუშაობის პროცესი ხშირად იმდენად კომპლექსურია, რომ ერთი დავალების შესრულება შეიძლება 35-მდე სხვადასხვა ნაბიჯს მოიცავდეს, სადაც ინფორმაციის მიმოცვლა მრავალ სერვისთან ხდება. ასეთ დროს, როდესაც სისტემა შეფერხებით მუშაობდა, მიზეზის პოვნა და დებაგინგი (შეცდომების ძიება) მხოლოდ ადამიანური რესურსით წარმოუდგენელ სირთულეს წარმოადგენდა.
ე.წ. ბენჩმარკის შექმნის მიზანი სწორედ იმის გარკვევა იყო, თუ რა იცოდა აგენტმა საკუთარ შესაძლებლობებსა და მიმდინარე პროცესებზე. შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა: ტესტირებამ აჩვენა, რომ აგენტს საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ 60% ჰქონდა. იგი ასრულებდა ოპერაციებს, თუმცა ბოლომდე არ ესმოდა, რა ხდებოდა ე.წ. ბექში (სისტემურ დონეზე). შესაბამისად, ის ხშირად თანხმდებოდა ისეთ დავალებებზე, რომელთა შესრულების რესურსიც რეალურად არ გააჩნდა და საბოლოოდ პროცესში იკარგებოდა.
"ტესტის პასუხებზე დაყრდნობით, უკვე შეგიძლიათ აგენტს მიაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ან დაანახოთ სრული სურათი, თუ სად რა ხდება. ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ის თავადვე არკვევს ხარვეზის მიზეზს. SAB-მა მართლაც გასაოცარი შედეგი მომცა. ახლა, რასაც ვაკეთებ, ყველაფერში ამავე მიდგომას ვიყენებ და ხშირად ბაგებს მანამ ვპოულობ, სანამ ისინი თავს იჩენენ. კი, ალბათ სწორედ ამით ვამაყობ ყველაზე მეტად. თანაც, ეს SeekerClaw-ს ერთ-ერთი განსაკუთრებული შესაძლებლობაა", – განმარტავს ბექა.
ბექა ზაქაიძე პროექტის მომავალზე საუბრისას აღნიშნავს, რომ SeekerClaw, პირველ რიგში, მრავალფუნქციური და მოქნილი ხელსაწყოა, რომლის განვითარების ვექტორსაც თავად მომხმარებლების ფანტაზია და საჭიროებები განსაზღვრავს. მისი ხედვით, აპლიკაციის პოტენციალი გაცილებით შორს მიდის, ვიდრე, უბრალოდ, ციფრული ასისტენტობაა.
ავტორის მთავარი სურვილია, SeekerClaw იქცეს გადაწყვეტად, რომელსაც ადამიანები რთულად მისადგომ, Remote რეგიონებში სხვადასხვა გლობალური თუ ლოკალური პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებენ. მაგალითისთვის მას Google-ის წლების წინანდელი პროექტი მოჰყავს, როდესაც ძველი ანდროიდის ტელეფონები მზის პანელებთან ერთად ტყეებში დაამონტაჟეს; მათი ერთადერთი ფუნქცია ბენზოხერხის ხმის ამოცნობა და განგაშის სიგნალის გაგზავნა იყო, რამაც უამრავი ხე გადაარჩინა უკანონო ჭრას.
ბექას თქმით, SeekerClaw-ის შესაძლებლობები ამაზე გაცილებით მასშტაბურია. ვინაიდან აგენტს აქვს წვდომა სმარტფონის ყველა სენსორსა და მსოფლიოს საუკეთესო AI მოდელებზე, მისი გამოყენება შესაძლებელია, მაგალითად, მთელი ფერმის ავტომატიზაციისთვის. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ ადგილებში, სადაც სხვა მაღალტექნოლოგიური სისტემების დანერგვა ან ტექნიკურად რთულია, ან ფინანსურად მიუღწეველი. საბოლოო ჯამში, პროექტი მიზნად ისახავს რთული ამოცანების გამარტივებას მინიმალური დანახარჯებითა და მაქსიმალური ეფექტურობით.
აღსანიშნავია, რომ სულ ახლახანს ბექა ზაქაიძის მიერ შექმნილი პლატფორმა Solana Mobile Hackathon-ის გამარჯვებულიც გახდა!