SEO with Ani: როგორ ვაქციოთ საძიებო სისტემები ბიზნესის ზრდის მთავარ ინსტრუმენტად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"SEO with Ani ბუტიკური სააგენტოა, რომელიც ვიწროდ საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზიაციაზე ფოკუსირდება. მე ანი ვარ და ვეხმარები ბიზნესს სარეკლამო ბიუჯეტის გარეშე Google-ის საძიებო რეზულტატში პირველი გამოჩნდეს, ამით ეფექტურად მისწვდეს სამიზნე აუდიტორიას და გაზარდოს გაყიდვები", – ანი ელიაშვილის პროფესიული გზა 2015 წელს მარკეტინგის სფეროში დაიწყო, სადაც წლების განმავლობაში მრავალმხრივი გამოცდილება დააგროვა, მუშაობდა რა როგორც კრეატიულ სააგენტოებში, ისე კლიენტის მხარეს. თუმცა, მას ყოველთვის იზიდავდა ტექნოლოგიების სფერო, მაგრამ არა ტრადიციული პროგრამირების კუთხით. ქართულ ბაზარზე მუშაობისას მას ხშირად აკლდა სამუშაო სტრუქტურა და გამართული პროცესები, რაც მისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა.

გარდატეხა რამდენიმე წლის წინ მოხდა, როდესაც ანის საქმიანობის ვიწრო მიმართულებად SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) იქცა. ეს იყო სფერო, რომელშიც მან პროფესიული ბედნიერება იპოვა. ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშა ჩეხმა მენტორმა, მარტინ კურამ, რომლისგანაც მიღებულმა ცოდნამ ანის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად განავითარა.

"გულის სიღრმეში სულ მინდოდა სააგენტო გამეკეთებინა, თუმცა ალბათ გამბედაობა არ მყოფნიდა. რაღაც მცდელობები იყო, მაგრამ ყველა მალევე დაფეილდა. ამჯერად კი ყველაფერი ბუნებრივად გამოვიდა. სამუშაო პროცესში სულ მემატებოდა პროექტები, თან ისე, რომ დიდად არც ვეძებდი. უბრალოდ, როცა გიყვარს რასაც აკეთებ, გეტყობა კიდევაც, საუბარი და კონსულტაცია არასდროს მეზარება და ეს მოსწონთ, სულ არ ვაპირებ ხოლმე სეილს სფიჩს, მაგრამ რაღაცნაირად ასე გამოდის. მერე ახალ პროექტებზე უარსაც ვერ ვამბობდი და რაღაც მომენტში აღარც ავტომატიზაციები იყო საკმარისი, რომ ყველაფერს გავწვდომოდი. აქ მომიწია სამუშაო სტრუქტურის და ჩარჩოების გენერალიზებამ, სტანდარტული საოპერაციო პროცესების (SOP) გაწერამ და კადრების დამატებამაც კი. აი ასე, მეც რომ არ ვაპირებდი, აღმოჩნდა, რომ ევროპული საოპერაციო სტანდარტების ბუტიკური SEO სააგენტო გავაკეთე", – Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ანი ელიაშვილი.

საკუთარი სააგენტოს ზრდასთან ერთად, ანი ელიაშვილი ახალი, კომპლექსური გამოწვევის წინაშე დადგა, რომელიც პროცესების სტრუქტურირებასა და კადრების შერჩევას ეხებოდა. სტრუქტურული პროცესების გამართვისა და გუნდის ფორმირების პარალელურად აღმოჩნდა, რომ საქართველოში SEO-ს სპეციალისტების ვიწრო წრე საკმაოდ დატვირთულია, ხოლო დამწყებთა უმრავლესობას შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნია. ამიტომ, სააგენტოს ხარისხის შესანარჩუნებლად, ანის მოუწია, ფაქტობრივად, ნულიდან დაეწყო თანამშრომლების ტრენინგებისა და განვითარების პროცესი. შედეგად, მან შეძლო ჩამოეყალიბებინა გუნდი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მის მიერვე დაწესებულ მაღალ პროფესიულ სტანდარტებს.

საკუთარი სააგენტოს მართვისას ანი ელიაშვილი ბაზარზე არსებულ სპეციფიკურ გენდერულ და პროფესიულ სტერეოტიპებსაც შეეჯახა, რომლებიც ხშირად არასწორად აფასებენ SEO-ს სპეციალისტის როლსა და შრომატევადობას:

"საინტერესოა ის ფაქტი, რომ რამდენჯერაც ქართველ კოლეგებთან ნეთვორქინგი ვცადე, გოგო ვერ ვიპოვე, რომელიც მხოლოდ SEO-ს აკეთებს და კიდევ რამეს არ უთავსებს. ზოგადად, ფიქრობენ ხოლმე, რომ SEO ერთხელ კეთდება და დეველოპერი აკეთებს. თუმცა ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, სადაც როგორც ტექნიკური, ასევე შემოქმედებითი და ანალიზის დიდი წილისგან შედგება. ვვარაუდობ, რომ როგორც პროგრამირებაში, აქაც მსგავსი პრობლემის წინაშე ვდგავართ ქალები და უმცირესობაში ვართ. ვიმედოვნებ, მომავალში ეს გადანაწილება შეიცვლება", – განმარტავს ანი.

ბიზნესის დაწყება ყოველთვის გაბედულებასა და სიმამაცეს მოითხოვს. როდესაც რაღაც ახალს იწყებ – შენთვის თუ ბაზრისთვის – გაუკვალავ ტერიტორიაზე შედიხარ, სადაც რისკებზე პასუხისმგებლობის აღება როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების წინაშე გიწევს. ანი ელიაშვილისთვის ეს გზა მუდმივი ძიებისა და პრინციპების გადაფასების პროცესია, რამაც მას საკუთარი, უნიკალური ხედვა ჩამოუყალიბა.

ანის გამოცდილებით, დამოუკიდებელი საქმიანობა ცხოვრების სტილის სრულ ცვლილებას ნიშნავს. მისი თქმით, თუ ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტ, უნდა მოემზადო იმისთვის, რომ "წყნარ ცხოვრებას" დაემშვიდობები – აქ აღარ არსებობს მკაცრად გაწერილი სამუშაო საათები თუ უქმე დღეები. თუმცა, ეს ყველაფერი სასიამოვნო ხდება მაშინ, როდესაც საქმისადმი გატაცება დიდია.

მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფორმულა კლიენტთან ურთიერთობის განსაკუთრებული მოდელია. "მნიშვნელოვანი ის კი არაა, რაც შეგიკვეთეს ის გააკეთო, არამედ კლიენტის ტკივილის წერტილი იპოვო, მისი გადმოსახედიდან შეხედო სიტუაციას, მისი ტყავი მოირგო: რა უნდა, რატომ უნდა, საბოლოოდ რა მიზანი აქვს. შეიძლება დამღლელია ორივეს მაგივრად ფიქრი, მაგრამ შედეგი ნამდვილად ღირს", – განმარტავს რესპონდენტი.

დამწყებ ანტრეპრენერებსა და მენეჯერებს ის ურჩევს, პირველ რიგში, საქმეში სიამოვნება იპოვონ. მისი ხედვით, ენთუზიაზმის გარეშე გადაწვის რისკი დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველაზე უსიამოვნო სამუშაო პროცესისგანაც კი სწავლისა და კმაყოფილების მიღება.

რაც შეეხება იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებიც ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავენ, ანის მთავარი გზავნილია: "Fail fast, fail often და ბოლოს აუცილებლად გამოგივა. ხომ გაგიგიათ, ან გავიმარჯვებ, ან ვისწავლიო… ჰოდა, ზოგი პირველივე ჯერზე იმარჯვებს, ზოგს კი (მათ შორის მე) ჯერ ბევრი სწავლა გვჭირდება და ამისთვის ცხვირიც უნდა წავიტეხოთ. მთავარია, სწორი დასკვნები გამოიტანო და შემდეგზე უკეთ გამოგივა".

ანი ელიაშვილისთვის ანტრეპრენერობა არ არის მხოლოდ სტატუსი – ეს არის დაკვირვებული და რისკიანი ადამიანის ბუნება, რომელიც ბაზარზე არსებულ ნებისმიერ საჭიროებას სიახლის შექმნის ან უკვე არსებულის გაუმჯობესების შესაძლებლობად აქცევს. ეს ხედვა მის ყოველდღიურ საქმიანობაშიც აისახება, სადაც რაციონალური ანალიზი და მცირედი "მაგია" ერთმანეთს ერწყმის.

"როგორც მილენიალთა უმეტესობა, ჰოგვორტსიდან წერილს მეც ველოდებოდი, მაგრამ სადღაც გაიჭედა. ჩემი საქმე გარედან ჯადოქრობასგავს. წარმოიდგინე, რეკლამას არ უშვებ, 0 ბიუჯეტი გაქვს. რაღაცებს ჩხირკედელაობ და მერე ბუმ - გაზრდილი ტრაფიკი და გაყიდვები გაქვს!", – აღნიშნავს დამფუძნებელი.

რაც შეეხება მომავალს, ანი მიიჩნევს, რომ უახლოესი წელი გადამწყვეტი იქნება. ხელოვნურმა ინტელექტმა (AI) თამაშის წესები ფუნდამენტურად შეცვალა, რამაც საქმის მოცულობა და სირთულე გაზარდა. თუ ადრე მთავარი ფოკუსი Google-ის ალგორითმები იყო, ახლა დღის წესრიგში AI მოდელებთან ადაპტაცია და GEO (Generative Engine Optimization) და AEO (Answer Engine Optimization) ოპტიმიზაციები დადგა. ანის გეგმა მკაფიოა: მისი სააგენტო სრულ ფოკუსს AI საძიებო სისტემებზე გადაიტანს.

"მომავალი წლის მიზანი დაახლოებით ასე ჟღერს: ანი ელიაშვილი საუკეთესო SEO სპეციალისტი საქართველოში.

ზოგადად, ზრდის გარდა, ვგეგმავ SEO ვასწავლო და მენტორობა გავუწიო რეგიონში მცხოვრებ გოგონებსა და ქალებს. ეს ჩემი განსაკუთრებული ინტერესია, რადგან ციფრული პროფესია დამოუკიდებლობის გარანტიაა და ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში ამ კუთხით სფეროს ცნობადობის ამაღლება", – აღნიშნავს SEO with Ani-ს დამფუძნებელი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

Bits & Pretzels-ის Community Lead შტუტგარტში, Steinbeis School of International Business and Entrepreneurship (SIBE)-ის ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი.