SEU x MIT: როგორ ხდება მსოფლიოს წამყვანი ინოვაციური ცენტრის ცოდნის იმპორტი საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს, როდესაც ეკონომიკური ლანდშაფტი ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე ელვისებური სისწრაფით იცვლება, წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი სცილდება მხოლოდ იდეის არსებობას. მთავარი გამოწვევა ხდება მეთოდოლოგია, რომლითაც ეს იდეა მდგრად, გლობალურად კონკურენტუნარიან ბიზნესად ტრანსფორმირდება. თანამედროვე სამეწარმეო ეკოსისტემებში, იდეიდან გლობალურ მასშტაბამდე გზა გადის სტრუქტურულ მიდგომებზე, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და მუდმივ ადაპტაციაზე.
სწორედ ამ რეალობაში, სადაც ბაზარზე კონკურენცია გეოგრაფიულ საზღვრებს სცდება, გადამწყვეტი ხდება ცოდნის პირველწყაროებთან წვდომა - ამ კონტექსტში კი, მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეპიცენტრად კვლავ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT) რჩება. საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, სწორედ საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა SEU-მ აიღო პასუხისმგებლობა, გახდეს ხიდი ქართულ სამეწარმეო პოტენციალსა და მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ეპიცენტრს - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (MIT) შორის
MIT-ის მასშტაბების აღსაქმელად საკმარისია გადავხედოთ მის წვლილს მსოფლიო მეცნიერებასა და ეკონომიკაში. ეს არის ინსტიტუცია, რომელთანაც დაკავშირებულია 105-ზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი, რაც მას მსოფლიო ინტელექტუალური ელიტის სათავეში აყენებს. თუმცა, მისი ძალა მხოლოდ აკადემიურ მიღწევებში არ არის - MIT არის ადგილი, სადაც ფუნდამენტური მეცნიერება გარდაიქმნება პრაქტიკულ, კომერციულად წარმატებულ ტექნოლოგიებად. ამ ინსტიტუტის კვლევითი ბიუჯეტი წლიურად 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. სწორედ ეს რესურსი და ინტელექტუალური კონცენტრაცია ქმნის იმ უნიკალურ ცოდნას, რომელიც შემდეგ მთელ მსოფლიოში ვრცელდება. როდესაც ასეთი მასშტაბის ცენტრი თავის გამოცდილებას პარტნიორებს უზიარებს, ეს ნიშნავს პირდაპირ კავშირს იმ ტექნოლოგიურ სიახლეებთან, რომელიც ხვალ ინდუსტრიების მომავალს განსაზღვრავს.
საქართველოს საგანმანათლებლო სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა, მომავალში მეწარმეებმა შუამავლების გარეშე, პირდაპირ შეძლონ წვდომა მსოფლიოს წამყვან ინოვაციურ ცენტრებთან. სწორედ ასეთი "პირველწყაროსთან" შეხება განსაზღვრავს პროექტის მასშტაბებს და მის საერთაშორისო პოტენციალს. როდესაც ქართველი სტუდენტი თუ ლექტორი პირდაპირ MIT-ის კამპუსიდან იღებს გამოცდილებას, ეს პირდაპირ ნიშნავს ქვეყნისთვის აუცილებელი გლობალური ბიზნეს-პრაქტიკის იმპორტს.
სწორედ ამ მისიას ასრულებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, რომელიც ცოდნის რეალურ შემოტანას და მის იმპლემენტაციას უზრუნველყოფს: უნივერსიტეტი ლექტორებსა და სტუდენტებს უშუალოდ ბოსტონში, MIT-ის კამპუსში აგზავნის ინტენსიური გადამზადების კურსებზე. SEU ფუნქციონირებს როგორც დინამიური პლატფორმა, სადაც გლობალური სტანდარტები ადგილობრივ შესაძლებლობებს ერწყმის და ქმნის პროფესიულ გარემოს, სადაც დამწყები მეწარმეები, მსოფლიოში აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, იდეიდან რეალურ ბიზნეს-მოდელამდე გზას გადიან. საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის ეს ნიშნავს ხარისხობრივ ნახტომს: იზრდება სიცოცხლისუნარიანი პროექტების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან ვენჩურული ინვესტიციების მოსაზიდად. SEU-ს მეშვეობით, MIT-ის მიდგომები ხდება ახალი სტანდარტი რაც საგანმანათლებლო ეკოსისტემას უფრო მდგრადს, მონაცემებზე ორიენტირებულს და გლობალურად ინტეგრირებულს ხდის.
ამ სტრატეგიული თანამშრომლობის ერთ-ერთი ეტაპი სულ ცოტა ხნის წინ წარმატებით დასრულდა - SEU-ს სტუდენტებისა და ლექტორების ჯგუფი ბოსტონიდან ახალი გამოცდილებითა და კონკრეტული ხედვებით დაბრუნდა. MIT-ის სამეწარმეო ცენტრში (Martin Trust Center) გატარებულმა დღეებმა მონაწილეებს დაანახა, რომ ბიზნესის კეთება არა ინტუიცია, არამედ ზუსტი მეცნიერებაა.
,,ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება "სწავლა კეთებით" (learning by doing) მეთოდოლოგიურმა მიდგომამ მოახდინა. MIT-ში სწავლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლება - თითოეული კონცეფცია დაუყოვნებლივ პრაქტიკულ განხორციელებაში აისახება. სტუდენტებისთვის ეს არის არა ლექციების პასიური მოსმენა, არამედ ინტენსიური, ინტერაქციული სასწავლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც ისინი თითოეულ ეტაპზე დამოუკიდებლად ახორციელებენ ექსპერიმენტირებას, ანალიზსა და პრაქტიკულ მოქმედებებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბილ ოლეტმა და მისმა გუნდმა არა მხოლოდ მეთოდოლოგიური ჩარჩო გაგვიზიარეს, არამედ მეწარმეობის ეფექტიანი სწავლებისთვის საჭირო რესურსებისა და მასალების სრული ბაზა გადმოგვცეს. აღნიშნული მიდგომა შესაძლებლობას გვაძლევს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ ჩვენს სამეწარმეო ეკოსისტემაში დავნერგოთ და საქართველოს სპეციფიკურ კონტექსტსა და საჭიროებებს მოვარგოთ", - Entrepreneur-თან საუბარში აღნიშნავს ნინო ბიწაძე - SEU-ს ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის მენეჯერი და MIT-ის პროგრამის მონაწილე.
სტარტაპის წამოწყება ხშირად ასოცირდება რისკთან და გაურკვევლობასთან, რაც ძირითადად მომდინარეობს მცდარი შეხედულებიდან, თითქოს წარმატებული მეწარმეობა მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭის დამსახურებაა. MIT-ის სამეწარმეო ცენტრის მიერ დანერგილი "დისციპლინირებული მეწარმეობის" კონცეფცია ამ მიდგომას ფუნდამენტურად ცვლის და გვთავაზობს მეცნიერულად დასაბუთებულ, 24-საფეხურიან სისტემას, რომელიც დამწყებ ბიზნესს ქაოტური პროცესებისგან იცავს. SEU-ს სასწავლო პროგრამებში ამ ჩარჩოს ინტეგრირება ნიშნავს, რომ სტუდენტები თეორიულ და ხშირად უფუნქციო ბიზნეს-გეგმებზე მუშაობის ნაცვლად, ფოკუსირდებიან კრიტიკულად მნიშვნელოვან უნარებზე: ზუსტად განსაზღვრონ საწყისი სამიზნე აუდიტორია, აწარმოონ მომხმარებლებთან პირდაპირი დიალოგი (PMR) და იდეის სიცოცხლისუნარიანობა მინიმალური ბიუჯეტით შეამოწმონ.
,,როგორც ლექტორისთვის, ჩემი უდიდესი აღმოჩენა იყო სამეწარმეო განათლების ეკოსისტემა. MIT-ში მეწარმეობა არ არის ჩაკეტილი მხოლოდ ბიზნეს სკოლაში. ეს არის კულტურა, სადაც ინჟინერი, დიზაინერი და ბიზნესის სტუდენტი ერთად მუშაობენ. აღმოჩენა იყო იმის დანახვა, თუ როგორ ხდება მეცნიერების შეზავება პრაქტიკულ ქაოსთან, რასაც საბოლოოდ წარმატებულ სტარტაპამდე მივყავართ.
ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ბილ ოლეტის "Disciplined Entrepreneurship". ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ეს მეთოდოლოგია ანგრევს მითს, თითქოს მეწარმეობა მხოლოდ ნიჭია და მეწარმეებად იბადებიან ადამიანები. ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება ისწავლო. განსაკუთრებით საინტერესოა PMR-ის ნაწილი. MIT-ში სტუდენტებს ასწავლიან არა ვარაუდებით მუშაობას, არამედ მომხმარებელთან უშუალო, პირდაპირ, ინტენსიურ კომუნიკაციას.
მთავარი ინსაითი არის ის, რომ ტექნოლოგია თავისთავად არ არის ბიზნესი. თანამედროვე სწავლება უნდა ფოკუსირდეს პრობლემის გადაჭრაზე და არამხოლოდ პროდუქტის შექმნაზე. ბიზნესის სწავლება დღეს წარმოუდგენელია სწრაფი ტესტირების და პროტოტიპირების გარეშე, თანამედროვე სტუდენტმა უნდა ისწავლოს იდეის ვალიდაცია მინიმალური დანახარჯებით", - აღნიშნავს შალვა ოთანაძე, SEU-ს ასოცირებული პროფესორი, MIT- ის პროგრამის მონაწილე, ბიზნეს კონსულტანტი და სამეწარმეო განათლების სპეციალისტი.
ბოსტონში მიღებულმა გამოცდილებამ სტუდენტებისთვის სტარტაფის შექმნის აღქმა რადიკალურად შეცვალა - იდეიდან სისტემურ ექსპერიმენტამდე. მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს, რომ თანამედროვე მეწარმეობა არა შთაგონებაზე, არამედ მკაცრ საინჟინრო ლოგიკასა და მონაცემებზეა დაფუძნებული. MIT-ის კამპუსი აღმოჩნდა ადგილი, სადაც ნებისმიერი კომუნიკაცია თუ ნეთვორქინგი პროდუქტის ვალიდაციის კონკრეტულ ინსტრუმენტად იქცა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც SEU-ს სტუდენტებმა ბოსტონიდან ჩამოიტანეს, სწორედ ნეთვორქინგის პრაქტიკული დანიშნულებაა. MIT-ში ურთიერთობები არა უბრალოდ ნაცნობობა, არამედ სტრუქტურირებული სამუშაო პროცესია. თითოეული დიალოგი იქ ჰიპოთეზების გადამოწმების, სწრაფი უკუკავშირის მიღებისა და შემდეგი ნაბიჯის განსაზღვრის საშუალებაა. სტუდენტებისთვის მთავარი აღმოჩენა სწორედ ის საინჟინრო აზროვნებაა (Engineering Thinking), რომელიც მეწარმეობასთან სინთეზში კონკრეტულ ფორმულას იძლევა: მთავარია არა იდეა, არამედ პრობლემა, რომელსაც აგვარებ და მზაობა, რომ ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად ეს იდეა მრავალჯერადად შეცვალო.
,,MIT-ში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ის, რომ ნეთვორქინგი იქ აღიქმება როგორც სტარტაპის შექმნის ძირითადი ინსტრუმენტი. თითოეული საუბარი არის სტრუქტურირებული პროცესი, ჰიპოთეზების გადამოწმება, უკუკავშირის მიღება და შემდეგი ნაბიჯის განსაზღვრა, ხოლო სტარტაპი განიხილება არა იდეად, არამედ მუდმივ ტესტირებად ექსპერიმენტად.
MIT-ის ბირთვი არის Entrepreneurship + Engineering Thinking მომხმარებელზე დაფუძნებული კვლევა (PMR), სწრაფი პროტოტიპირება, ჰიპოთეზების ტესტირება. პროფესორები გვასწავლიან, რომ არ უნდა შეგიყვარდეს საკუთარი იდეა - უნდა შეგიყვარდეს პრობლემა და იყო მზად, იდეა რამდენჯერმე მთლიანად შეცვალო.
ყველაზე შთამაგონებელი ის იყო, რომ მსოფლიო დონის ადამიანები უშუალოები არიან. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს საიდან ხარ, მნიშვნელობა აქვს, რამდენად მკაფიოდ ფიქრობ და რამდენად გულწრფელად ეძებ პრობლემის გადაჭრის გზას.
MIT-ის ატმოსფერო არის მუდმივი ინტელექტუალური დაძაბულობა, მაგრამ პოზიტიური. აქ ნორმალურია, არ იცოდე რაღაცის პასუხი - სირცხვილი არ არის უცოდინრობა, სირცხვილია არ ცადო გაგება. ეს ადგილი გაძალებს, ყოველდღე იყო უკეთესი ვერსია საკუთარი თავის", - განმარტავს გიორგი ცაგურიშვილი, SEU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და MIT-ის პროგრამის მონაწილე.
SEU-ს სტუდენტებისთვის ეს ვიზიტი მართლაც რომ შთამაგონებელ პროცესად იქცა. მათ პრაქტიკაში დაინახეს, რომ გლობალურ ბაზარზე კონკურენცია იწყება არა უზარმაზარი ფინანსური რესურსებით, არამედ სწორი მეთოდოლოგიით, მონაცემებზე დაფუძნებული ამბიციითა და პრობლემის გადაჭრის გულწრფელი სურვილით. MIT-მ დაანგრია მითი იმის შესახებ, რომ მსოფლიო დონის ინოვაციები მხოლოდ შერჩეულთა პრივილეგიაა - აღმოჩნდა, რომ სწორი ინსტრუმენტებისა და დისციპლინის პირობებში, საქართველოდან გლობალური პროდუქტის შექმნა სრულიად რეალური და ხელშესახები მიზანია.
ამავე ხაზს ავითარებს ზაალ ჭუმბურიძე, SEU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამის სტუდენტი. მისი თქმით, MIT-ში იდეის ფასი მხოლოდ იმით იზომება, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია ავტორს მისი რეალურ გარემოში ტესტირება. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ის, რომ MIT-ში იდეების ღირებულება განისაზღვრება არა მათი სიდიდით, არამედ იმით, რამდენად სწრაფად შეგიძლია მათი ტესტირება რეალურ გარემოში. აქ ვისწავლე, რომ შეცდომა პროცესის ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილია. საბოლოო ჯამში, MIT-ში მიღებული გამოცდილება ძალიან შთამაგონებელი იყო ჩემთვის. ყველაზე გამორჩეული მათში არის თავმდაბლობა და ღიაობა - ისინი მზად არიან მოუსმინონ ყველას და ყოველთვის ინტერესდებიან იდეით და არა სტატუსით. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთის იდეებს ავითარებენ და კონკურენცია მოტივაციის წყაროა, არა სტრესის", - ზაალის გადმოცემით, შეცდომა აქ აღიქმება არა მარცხად, არამედ პროცესის აუცილებელ ნაწილად და მონაცემად, რომელიც შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში გეხმარება. სტუდენტებისთვის ეს მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის ათავისუფლებს მათ წარუმატებლობის შიშისგან და მოქმედების საშუალებას აძლევს.
ბოსტონიდან დაბრუნებული გუნდისთვის ამ სტრატეგიული პარტნიორობის მორიგი ეტაპი ახალი, გლობალური სტანდარტების პრაქტიკული იმპლემენტაციაა. MIT-ის პირველწყაროდან მიღებული მეთოდოლოგია SEU-ს სამეწარმეო მიმართულებას კიდევ უფრო მეტ სისტემურობასა და საერთაშორისო მასშტაბს სძენს. სასწავლო კურიკულუმი მდიდრდება "Disciplined Entrepreneurship"-ის 24-საფეხურიანი მოდელით, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები სტარტაპის მშენებლობის პროცესს მსოფლიოში ყველაზე აპრობირებული სქემით გაივლიან. ეს არ არის მხოლოდ თეორიული მასალის დამატება - ეს არის სამუშაო ფორმატის გაძლიერება პრაქტიკული ვორქშოფებით, სადაც სტუდენტები ყოველკვირეულად, ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელებენ იდეის ვალიდაციას. ნაცვლად სტატიკური პროექტებისა, აქცენტი გაკეთდება რეალურ გარემოში ტესტირებაზე, სამიზნე ბაზრის ზუსტ იდენტიფიცირებასა და მომხმარებლებთან პირდაპირ კომუნიკაციაზე.
ამ მეთოდოლოგიის დანერგვით, SEU-ს სასწავლო პროცესი კიდევ უფრო მეტად ფოკუსირდება ბიზნესის ფუნქციონალურ გამართულობაზე. სტუდენტები სწავლობენ, როგორ შეამცირონ რისკები პროექტის ადრეულ ეტაპზევე, რეალური მონაცემების გამოყენებით. MIT-ისგან მიღებული Orbit ინსტრუმენტი მათ საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად დაამუშაონ ბაზრის სიგნალები და დაზოგონ რესურსები, რომლებიც ხშირად იხარჯება ვარაუდებზე დაფუძნებულ განვითარებაზე. SEU-ს აუდიტორიები ხდება რეალური ექსპერიმენტების სივრცე, სადაც მეწარმეობის საფუძვლები ინჟინრული სიზუსტით იზომება. ეს მიდგომა სტუდენტს უყალიბებს აზროვნების სტილს, სადაც ნებისმიერი გადაწყვეტილება მყარდება ობიექტური ანალიზით და არა სუბიექტური მოსაზრებებით.
ეს ინტეგრირებული ცოდნა საგანმანათლებლო პროცესში, შემდგომში პირდაპირ აისახება ქართული სტარტაპ ეკოსისტემის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე. SEU-ს ბაზაზე არსებული ლაბორატორიები და ტექნოლოგიური ჰაბები ხდება სივრცე, სადაც თეორიული ცნება მყისიერად გარდაიქმნება მოქმედებად. როდესაც სტუდენტი ხედავს, რომ მისი იდეა პირველივე კვირებში პოულობს გამოხმაურებას, მას უჩნდება რეალური ამბიცია - მართოს გლობალური პროდუქტი საქართველოდან. ბოსტონში მიღებული გამოცდილება გახდა მტკიცებულება იმისა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე თამაში სრულიად რეალურია.
სამეწარმეო კულტურის ეს ტრანსფორმაცია, რომელიც MIT-ის პრაქტიკულ ლოგიკას ეფუძნება, SEU-ს სალექციო აუდიტორიებში კონკრეტულ სამუშაო ფორმატებში ითარგმნება. შალვა ოთანაძის თქმით, მიზანია თეორიული საათების მაქსიმალური ოპტიმიზაცია პრაქტიკული ვორქშოფების სასარგებლოდ.
,,ჩემს კურსში თეორიულ ნაწილს შევამცირებ პრაქტიკული ვორქშოფებით და დავნერგავ ეტაპობრივი ვალიდაციის ფორმატს, სადაც სტუდენტები ყოველ კვირას გაივლიან 'დისციპლინირებული მეწარმეობის' კონკრეტულ ნაბიჯებს. მაგალითად, ნაცვლად მშრალი ბიზნეს-გეგმისა და სტრატეგიებისა, სტუდენტებს დავავალებ პირველადი სამიზნე ბაზრის იდენტიფიცირებას და რეალური პოტენციური მომხმარებლების გამოკითხვას. სანამ მოქმედებას დაიწყებდეს, სტუდენტმა უნდა გაითავისოს ერთი მთავარი პრინციპი: შეიყვარე არა შენი პროდუქტი, არამედ მომხმარებელი, რომელსაც პრობლემას უგვარებ. თუ ეს აზროვნება ექნება, ნებისმიერ ტექნოლოგიურ თუ ეკონომიკურ ცვლილებასთან ადაპტაციას შეძლებს", - აღნიშნავს შალვა ოთანაძე.
ეს მიდგომა სტუდენტებში იმთავითვე აყალიბებს გლობალური მასშტაბის ამბიციას. როდესაც სასწავლო პროცესი რეალურ ექსპერიმენტს ემსგავსება, სტუდენტებისთვის ბიზნესი აღარ არის შორეული პერსპექტივა - ის ხდება აქ და ახლა მიმდინარე პროცესი. გიორგი ცაგურიშვილისთვის, ისევე როგორც სხვა მონაწილეებისთვის, MIT-ში მიღებულმა გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ "აქედან" გლობალურად თამაში სრულიად შესაძლებელია.
,,გლობალურ ბაზარზე კონკურენცია იწყება აზროვნებით და არა რესურსებით. ხშირად გვგონია, რომ ჩვენი ლოკაციიდან რთულია გლობალურად ოპერირება, მაგრამ რეალურად ყველაზე დიდი შეზღუდვა შიდა მენტალური ბარიერია. MIT-მ დამანახა, რომ ჩვენი იდეები არაფრით ჩამოუვარდება საერთაშორისო სტანდარტებს, თუ სწორ მეთოდოლოგიას ვიყენებთ. 2–3 წლის შემდეგ საკუთარ თავს ვხედავ გლობალურ ბაზარზე ორიენტირებული ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაში, რომელიც საქართველოდან მართავს საერთაშორისო მომხმარებლებს. SEU-ს სტუდენტებს კი ვეტყოდი, რომ აუცილებლად გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი გვთავაზობს - რამდენიმე წლის წინ MIT ჩემი ოცნება იყო, რომელიც მხოლოდ ფილმებიდან ვიცოდი, დღეს კი ამ ყველაფრის ნაწილი ვარ", - ამბობს გიორგი ცაგურიშვილი.
SEU-ს ეს ინიციატივა პირდაპირ კავშირშია საქართველოს საგანმანათლებლო სტარტაპ ეკოსისტემის გაჯანსაღებასთან. როდესაც უნივერსიტეტი ხდება ინოვაციისა და პრაქტიკული მეწარმეობის ჰაბი, იზრდება იმ პროექტების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან ვენჩურული ინვესტიციებისა და საერთაშორისო აქსელერაციისთვის. ზაალ ჭუმბურიძე სამომავლო გეგმებში სწორედ SEU-ს ჩამოყალიბებული ინფრასტრუქტურის გამოყენებას გეგმავს.
,,ვეტყოდი სტუდენტებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ საერთაშორისო პროგრამები - ისინი ცვლიან აზროვნებას. SEU ფლობს ძლიერ ეკოსისტემას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროექტების ადრეულ ეტაპზე. უნივერსიტეტის ლაბორატორიები და ტექნოლოგიური ცენტრი ქმნის იმ გარემოს, სადაც იდეების ტესტირება, გუნდების ჩამოყალიბება და მენტორებთან მუშაობა ყოველდღიურობაა. 2–3 წლის შემდეგ ვხედავ საკუთარ თავს გუნდთან ერთად, რომელიც მუშაობს პროდუქტზე, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლის რეალური პოტენციალი აქვს", - აღნიშნავს ზაალ ჭუმბურიძე.
საბოლოო ჯამში, MIT-ის მიდგომების დანერგვა SEU-ს სასწავლო პროცესში ნიშნავს, რომ საქართველოში ყალიბდება მეწარმეთა სრულიად ახალი თაობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რესურსების გონივრული ოპტიმიზაციითა და მომხმარებლის რეალურ საჭიროებებზე საინჟინრო სიზუსტით ფოკუსირებით შეძლებენ არა მხოლოდ მდგრადი, არამედ გლობალურად მასშტაბირებადი ბიზნესების აშენებას. SEU-ს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის არის ტექნოლოგიური სიახლეებისა და სამეწარმეო დისციპლინის პირდაპირი გადმოტანა მსოფლიოს ინოვაციური ეპიცენტრიდან. ეს ინიციატივა უნივერსიტეტს აძლევს შესაძლებლობას, თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანოს არამხოლოდ აკადემიური ხარისხი, არამედ მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, აქციოს რა ის ინოვაციების რეგიონალურ ჰაბად.
ეს ახალი თაობის მეწარმეები, რომლებიც აღზრდილნი არიან "Learning by Doing-ის" პრინციპით, იქნებიან ბევრად უფრო მდგრადები, ადაპტირებადები და მზად იქნებიან გლობალური კონკურენციისთვის. მათი აზროვნება, რომელიც დაფუძნებულია პრობლემის სიღრმისეულ იდენტიფიცირებასა და სწრაფ ვალიდაციაზე, საქართველოს ეკონომიკას გახდის უფრო დინამიურს, მონაცემებზე ორიენტირებულს და ინოვაციურს. SEU-ს მიერ ინიცირებული ეს ცვლილება განაპირობებს ქვეყანაში ისეთი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ინოვაციები ხელმისაწვდომია, ხოლო წარმატება დაფუძნებულია ცოდნასა და პროფესიონალიზმზე. ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ძლიერ, სტაბილურ და მდგრად სტარტაპ ეკოსისტემას.