შაკოს დღიურები – თქვენი მეგზური სალაშქრო ბილიკებზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
რამდენჯერ გვიფიქრია, "რა იქნებოდა, ხატვა პროფესიად მექცია" – ჰობის საქმიანობად ქცევა, ალბათ, ყოველი ჩვენგანის ოცნებაა და არც ეს ფიქრები დგას ჩვენი ყოველდღიურობიდან მაინცდამაინც შორს.
შაკო გოგატიშვილმა გადაწყვიტა, მოგზაურობა და ამ მიმართულებით დაგროვილი ცოდნა, გამოცდილება საინტერესო კონტენტად ექცია – ამით კი ერთ-ერთი საყვარელი საქმე მის პროფესიად ჩამოეყალიბებინა.
Shako's Diary – ამ სახელწოდებით შექმნილი ინსტაგრამგვერდი სოციალური ქსელის მომხმარებლებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის შესახებ საინტერესო ვლოგებს სთავაზობს. რომელი ადგილები უნდა მოინახულოთ ესპანეთში, რა უნდა იცოდეთ აბუდელაურის ტბებზე ლაშქრობაში წასვლამდე, ან რა ნივთების წაღება არ უნდა დაგავიწყდეთ სვანეთში სალაშქრო ბილიკებზე? – მსგავს კითხვებზე პასუხს სწორედ შაკოს დღიურებში იპოვით.

როგორც აღმოჩნდა, ინსტაგრამ-გვერდის დაწყება წინასწარ გაწერილ გეგმებსა და სტრატეგიებს არ დაჰყრდნობია. შაკოსთვის ყველაფერი ბუნებრივად, საყვარელი საქმით დაიწყო, რაც მოგვიანებით უფრო დიდ ჩანაფიქრში გადაიზარდა:
"სიმართლე რომ ვთქვა, ეს ყველაფერი დიდად დაგეგმილი არ ყოფილა. ყოველთვის მიყვარდა მოგზაურობა, ლაშქრობა, ბუნებაში ხეტიალი, ახალი ადგილების ნახვა, ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება და გაზიარება. მერე ნელ-ნელა გამიჩნდა სურვილი, ეს ყველაფერი უფრო ფართო აუდიტორიისთვისაც გამეზიარებინა".
ინსპირაციის წყაროც სწორედ ყოველდღიურობაში, უშუალოდ გარემოსა და იმ მომენტებშია, რომლებსაც ავტორი თვალს ადევნებს. შაკო აღნიშნავს, რომ იდეები ხშირად წინასწარ განსაზღვრული არ არის და უშუალოდ ადგილზე, პროცესში იბადება – იქნება ეს საინტერესო ლოკაცია თუ უბრალო, მაგრამ ემოციური კადრი.

როდესაც საქმე პერსონალური ბრენდის ღირებულებებს ეხება, შაკოსთვის მთავარი ორიენტირი ავთენტიკურობა და ხარისხია. იგი ერიდება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სრულყოფილ კონტენტს და ცდილობს, მისი ფოტოებიცა და ვიდეოებიც რეალურ ცხოვრებასთან ახლოს იყოს:
"არ მინდა ჩემი გვერდი იყოს ადგილი, სადაც ყველაფერი ზედმეტად იდეალურია და რეალურ ცხოვრებას არ ასახავს. მინდა, რასაც ვდებ, ჩემთან ახლოს იყოს და რეალურად მე მაინტერესებდეს. მეორე საკითხია ხარისხი – შეიძლება ასე თუ ისე დამწყები ვარ, მაგრამ ყოველთვის მინდა, რომ ყოველი ახალი ვიდეო წინაზე უკეთესი იყოს".
რა თქმა უნდა, კრეატორობის გზა გამოწვევების გარეშე წარმოუდგენელია. ძირითად სამსახურსა და სხვა ყოველდღიურ საქმეებთან ერთად კონტენტის რეგულარულად შექმნა – გადაღება და დამონტაჟება დიდ ენერგიას მოითხოვს. ამას ემატება მოლოდინებისა და რეალობის ცვალებადობაც, რაც დამწყები ავტორებისთვის ხშირად განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს:
"ხანდახან გადაიღებ რაღაცას, ძალიან მოგწონს და ფიქრობ, რომ ეს ვიდეო "გავარდება", მაგრამ შედეგი ისეთი არ არის, როგორსაც ელოდი. თუმცა, ესეც სწავლის ნაწილია. ახლა ვსწავლობ, რომ ყველა ვიდეოს მილიონი ნახვა არ მოჰყვება და ეს ნორმალურია".

მიუხედავად იმისა, რომ შაკო ჯერ კიდევ აკვირდება საკუთარი აუდიტორიის ინტერესებსა და ქცევას, მისი აუდიტორია ძირითადად იმ ადამიანებს აერთიანებს, ვისაც მოგზაურობა, ახალი ადგილების აღმოჩენა და lifestyle კონტენტი ხიბლავს. ავტორისთვის ეს დაკვირვების პროცესიც შემოქმედებითი გზის საინტერესო ნაწილია, სადაც ის და მისი აუდიტორია ერთდროულად ვითარდებიან.
თუმცა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ყოფილა თუ არა მომენტი, როდესაც ხელი ჩაუქნევია? შაკო გულწრფელად აღიარებს, რომ ეჭვები ხშირად იჩენს ხოლმე თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩადებული შრომა დაუყოვნებლივ შედეგს არ იძლევა:
"კი, ყოფილა მომენტი, როცა მიფიქრია "ნეტავ, საერთოდ აქვს ამას აზრი?" განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდ დროს და ენერგიას ხარჯავ რაღაცაზე და შედეგს ვერ ხედავ. მაგრამ საბოლოოდ მაინც არ ვჩერდები, იმიტომ, რომ თავად პროცესი და საქმის კეთება მომწონს. ჩემთვის ეს მხოლოდ გამომწერების რაოდენობა არ არის. მინდა ვნახო, სადამდე შემიძლია ამ ყველაფრის მიყვანა".

შინაარსობრივ მხარესთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ბევრ დამწყებ თუ მოქმედ ავტორს აწუხებს, კონტენტის მონეტიზაციასა და ამ სფეროში ფინანსურ სტაბილურობას უკავშირდება. შაკოს მიაჩნია, რომ Full-time კრეატორობა სრულიად რეალური პროფესიაა, თუმცა მას, პირველ რიგში, ბიზნესის კუთხით ყურება სჭირდება:
"მხოლოდ კარგი ვიდეოების გადაღება საკმარისი არ არის. უნდა იცოდე, როგორ ააშენო აუდიტორია, როგორ იმუშაო ბრენდებთან და როგორ შექმნა შემოსავლის რამდენიმე წყარო. რისკიც სწორედ ის არის, რომ შემოსავალი ყოველთვის სტაბილური არ არის".
რაც შეეხება კომპანიებთან თანამშრომლობას, აქ შაკო განსაკუთრებით ფრთხილად ირჩევს პარტნიორებს. მისთვის პრიორიტეტულია აუდიტორიის ნდობის შენარჩუნება, რადგან გამომწერები ხელოვნურობასა და უბრალოდ ჰონორარის გამო გაკეთებულ არჩევანს იოლად ამჩნევენ:
"თუ პროდუქტს თავად არ გამოვიყენებდი ან მეგობარს არ ვურჩევდი, არც ჩემს გვერდზე მინდა მისი რეკომენდაცია. ჩემი აზრით, ძალიან მარტივია: რეკლამა არ უნდა გამოიყურებოდეს რეკლამასავით. თუ ყველა მეორე პოსტში რაღაცას ვყიდი, ადამიანი მალე დაიღლება ჩემი ყურებით".
შაკო თვლის, რომ ბრენდი კონტენტში ბუნებრივად უნდა ჯდებოდეს. ამასთანავე, გადამწყვეტია გულწრფელობა: თუ პოსტი სარეკლამოა, ეს აუდიტორიასაც ღიად და პატიოსნად უნდა გაუზიარო.
ქართულ რეალობაზე საუბრისას შაკო რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას გამოყოფს. პირველი, რასაც ადგილობრივი ავტორები აწყდებიან, ბაზრის ზომაა. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია კრეატორებსა და ბრენდებს შორის ურთიერთობის კულტურა:
"ზოგჯერ კრეატორს უბრალოდ "პოსტების გამავრცელებლად" აღიქვამენ, როცა რეალურად მას თავისი სტილი აქვს, კონკრეტული აუდიტორია ჰყავს".
მიუხედავად ამისა, სფეროს განვითარების დინამიკას იგი დადებითად აფასებს. საქართველოში სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი ნიშური კონტენტის მიმართ – მოგზაურობა, კულინარია თუ სპორტი უკვე ცალკეულ, მკაფიოდ გამოკვეთილ მიმართულებებად ყალიბდება, ბრენდები კი Influencer Marketing-ს სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ.
სოციალური მედიის სწრაფად ცვალებად სამყაროში ფეხის აწყობა მარტივი არ არის. შაკოს დაკვირვებით, დღეს აუდიტორიის გემოვნებაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია ხდება, ხალხი თითქოს დაიღალა დადგმული, "ზედმეტად იდეალური" ფოტოებით და უპირატესობას რეალურ, ბუნებრივ ისტორიებს ანიჭებს:
"მოკლე ვიდეოები, კარგი storytelling, იუმორი და ისეთი კონტენტი, სადაც საკუთარ თავს ამოიცნობ – ეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო მიმართულებებია. რაც ნაკლებად მომწონს, ტრენდის უბრალოდ გადმოკოპირებაა. თუ ყველა ერთსა და იმავეს აკეთებს, რაღაც მომენტში ის უკვე აღარ არის საინტერესო".
რაც შეეხება ციფრულ მეტრიკებსა და სტატისტიკას, შაკოსთვის მხოლოდ ნახვების რაოდენობა წარმატების მთავარი ინდიკატორი არ არის. იგი გაცილებით დიდ ყურადღებას აქცევს აუდიტორიის ჩართულობას – ვიდეოს ყურების ხანგრძლივობას, შენახვებსა და გაზიარებებს:
"მაგალითად, თუ ვიდეოს ბევრი ნახვა აქვს, მაგრამ ადამიანებმა ბოლომდე არ უყურეს, ჩემთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პირველივე წამები კარგი იყო, მაგრამ თვითონ ვიდეო ნაკლებად საინტერესო".
თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობაზე საუბრისას, შაკო აღნიშნავს, რომ AI-ს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში დამხმარე ინსტრუმენტად იყენებს – ძირითადად ტექსტების დასახვეწად და იდეების გენერირებისთვის. თუმცა, მისი აზრით, ტექნოლოგიამ ავტორის ინდივიდუალიზმი და ხედვა არ უნდა ჩაანაცვლოს:
"ვფიქრობ, კარგი კრეატორი ის იქნება, ვინც AI-ს თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და დროს დაზოგავს. საბოლოოდ კი ის, თუ რას გადაიღებ, რას იტყვი და რა ემოციას შექმნი, მაინც შენზეა დამოკიდებული".
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შაკო არ აპირებს, მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბებით შემოიფარგლოს. მოგზაურობა უნივერსალური თემაა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია, შესაბამისად, მისი მიზანი კონტენტის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანაცაა:
"მინდა, რომ მომავალში ჩემი კონტენტი უცხოელებისთვისაც საინტერესო იყოს და საქართველოს გარეთაც ვცადო აუდიტორიის გაზრდა. რა თქმა უნდა, ამისთვის ენა და დიდი კონკურენცია გამოწვევაა, მაგრამ მგონია, რომ საინტერესო ქართული კონტენტის საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანა შესაძლებელია".