შენ ხარ ყველაფერი რაც იყო, შენ ხარ ყველაფერი რაც იქნება - როგორ იქმნებოდა საქართველოს ბანკის ვიდეო

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

26 მაისი, დღე რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლოა, მისი აღნიშვნა კი ისტორიული გამარჯვების მოპოვებასთან, მისი სიამაყით გახსენების შესაძლებლობად გადაიქცა.

ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი ტრადიციაა საქართველოს ბანკისთვის - წლიდან წლამდე ბანკის მიერ გადაღებული ვიდეორგოლების მუხტი, ემოცია და მოწოდება უცვლელი რჩებოდა, იცვლებოდნენ მხოლოდ მისი მთავარი გმირები და ყურადღების ცენტრში ექცეოდნენ ახალგაზრდები, სიმბოლოები, ისტორიები...

წლევანდელი 26 მაისის ვიდეო კი აჩვენებს არა მხოლოდ საქართველოს ისტორიას, არამედ მაყურებელს ამ ისტორიის მთავარ მოქმედ გმირად აქცევს. "ამით გვინდოდა გვეთქვა, რომ სწორედ ჩვენ ვქმნით ისტორიას, ჩვენ ვართ ყველაფერი რაც აქამდე იყო და ჩვენ ვართ ყველაფერი რაც იქნება"- ამბობს ჩვენთან საუბრისას ეკა ყიფიანი - სარეკლამო სააგენტო Supermarket- ის დამფუძნებელი.

ეკა, ⁠რა ისტორიული კადრებია გაცოცხლებულია ვიდეოში?

შეუძლებელია ამ ქვეყნის ისტორიის ისე გადმოცემა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამე არ გამოგრჩეს. ამიტომ, მოგვიწია მხოლოდ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდი ამოგვერჩია. ჩვენ მოვყევით მომენტი, როდესაც მოვიშინაურეთ ვაზი- ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი. მოვყევით წმინდა ნინოს ჯვარზე, რომელიც შემდგომ მრავალი საუკუნე იყო ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და ცივილიზებულ სამყაროსთან სიახლოვის არტეფაქტი.. მოვყევით ვეფხისტყაოსანზე - ჩვენს ეროვნულ ფილოსოფიაზე. აკაკიზე, ილიაზე, ივერიაზე და სიმართლისთვის ბრძოლაზე; დამოუკიდებლობის აქტზე და მის გამოცხადებაზე, ყველაზე ცნობილი ფოტოს გადაღებაზე დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. იუნკრებზე და მარო მაყაშვილზე - როგორც ქვეყნის სიყვარულით გულანთებულ ახალ თაობაზე. 9 აპრილზე, როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის შემობრუნებაზე, ევროსაბჭოში გაჟღერებულ უმნიშვნელოვანეს წინადადებაზე, ახალ ეროვნულ სიმბოლიკაზე და რათქმაუნდა ანწუხელიძეზე - უახლესი ისტორიის უმთავრეს გმირზე.

ჩვენ გვინდოდა არამარტო გვენახა, არამედ თავად ეს ეს მოვლენები გამოგვეცადა. გვინდოდა გვეთქვა, რომ ჩვენ არ ვართ მაყურებლები, არამედ ვართ შემოქმედებიც, მომპოვებლებიც, დამცველებიც.

რატომ შეირჩა ეს კადრები? მაგალითად, დღევანდელ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გადაღებული კადრი?

ეს კადრები გამოხატავს იმ ქცევებს, იმ მოქმედებებს, იმ ეპოქებს რაც გვქმნის და რაც განგვსაზღვრავს. ჩვენს ისტორიაში ბევრი მნიშვნელოვანი ფოტოა. თუმცა არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის დამფუძნებელთა კრების ფოტო, რომლის გადაღების მომენტიც ახლა მთავარი მოქმედი გმირის თვალით შეგვიძლია დავინახოთ.

საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა კი ამბობს, რომ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენ თავად ვართ ის, რაც იყო, ვინც კითხვაზე -თანახმა ხართ თუ არა აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა? თქვი დიახ. შენ ხარ ის, ვინც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს გაწევრიანებისას თქვი დაუვიწყარი, სულ 6 სიტყვისგან შემდგარი წინადადება. სწორედ შენ გიჭირავს ხელში ახალი ქართული დროშა და თავისუფლებას უმღერი დიდებას. შენ იბრძვი. შენ აღნიშნავ. შენ მოიპოვებ. შენ აგრძელებ საქართველოს ისტორიას. შენ ხარ ყველაფერი რაც იყო. შენ ხარ ყველაფერი რაც იქნება.