შენი ცხოვრება ცხოვრებად ღირს! Pain, you made me, you made me a believer. Pain, you break me down and you build me up!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"მიზეზი, რატომაც შემიძლია ახლა სცენაზე დგომა და იმის კეთება, რაც მიყვარს, რატომაც აქ ვარ, არიან ადამიანები, რომლებიც დამეხმარნენ. იცოდე, თუკი ახლა თავს მარტოსულად გრძნობ, დეპრესია გიტევს, გგონია, რომ ცხოვრება აღარ ღირს – არ დამარხო ეს ფიქრები შენში, არ დაიტოვო შენთვის; ესაუბრე ამაზე მეგობრებს, ოჯახს. თუ საშუალება გაქვს, იარე თერაპიაზე. შენი ცხოვრება ღირს იმად, რომ იცხოვრო. გთხოვ, ჩვენთან დარჩი და დამიჯერე – ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, ამას გპირდები. შენ მარტო არ ხარ. კი, შეიძლება ეს ფიქრები ისევ დაბრუნდნენ. ისინი ჯერ კიდევ ჩემი ცხოვრების ნაწილია, კვლავ მიწევს დეპრესიასთან ბრძოლა, რადგან ის პერიოდულად ბრუნდება. არ მაქვს კონკრეტული მიზეზი ამისთვის, ვერც ახსნას ვუძებნი, უბრალოდ, ეს ფიქრები მუდამ აქ არიან. მაგრამ გთხოვ, დარჩი ჩემთან, იცოცხლე, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ესაა და ეს. დარჩი ჩვენთან!"
ამ სიტყვებით Imagine Dragons-ის ვოკალისტმა, დენ რეინოლდსმა 31 აგვისტოს თბილისში გამართულ კონცერტზე მრავალათასიან მსმენელს მიმართა.
დენ რეინოლდსისთვის თბილისური სცენა პირველი არ ყოფილა, საიდანაც მან ათიათასობით მსმენელის წინაშე, სცენაზე მარტო მდგარმა, საკუთარ სისუსტეებზე ისაუბრა და რთულ ცხოვრებისეულ მომენტებში ერთმანეთის მხარდაჭერის, ადამიანური თანაგრძნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ხშირად, როცა ადამიანები დიდ წარმატებას აღწევენ, ისინი უშეცდომო, ყოვლისშემძლე და ყველაზე ძლიერის როლსაც წარმატებით ირგებენ. დენ რეინოლდსი, მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა, მათგან რადიკალურად განსხვავებულია. მეტიც – მისთვის საკუთარ სისუსტეებზე ღიად საუბარი პერსონალური ბრენდის მთავარი მახასიათებელია.
რა არის თქვენი ბრენდი? – ეკითხებიან მას ერთ-ერთ ინტერვიუში, რაზეც რეინოლდსი უპასუხებს, რომ მისი ბრენდი სიმართლეზე დაუფარავად საუბარია.
"რა არის ჩემი ბრენდი? ჩემი ბრენდი სიმართლის თქმაა", – უპასუხებს პოპულარობის ზენიტში მყოფი მსოფლიო არტისტი, რომელიც საკუთარ პოპულარობას ადამიანების გასამხნევებლად, მათთვის სიცოცხლის ხალისის დასაბრუნებლად იყენებს და ამას არა მხოლოდ მუსიკალური შესრულებით, არამედ სცენიდან ნათქვამი სიტყვითაც ახერხებს, ამით კი საკუთარი სისუსტის სხვებისთვის გაზიარებისა და საჯარო აღიარების საოცარ ძალას გვაჩვენებს.
როცა გაღმერთებენ, შენ კი მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე საკუთარ სისუსტეებზე საუბრობ, ამით ადამიანებს რწმენას უნერგავ, რომ რაც უნდა მძიმე ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაში იყვნენ, მათაც აქვთ შანსი, დაიბრუნონ სიცოცხლის ხალისი.
ასიათასობით და გნებავთ მილიონობით მსმენელის ფავორიტობა დიდი პრივილეგიაა. მათ წინაშე ცოცხალი შესრულებით გამოსვლა კი უზარმაზარი პლატფორმა, რასაც რეინოლდსი არა მხოლოდ მუსიკალური შესრულებისთვის, არამედ საკუთარი მსმენელის სიტყვით გამხნევებისთვის იყენებს.
"შენი ცხოვრება ცხოვრებად ღირს!" – ეს ალბათ ყველაზე მეტად ამაღელვებელი და შთამაგონებელი სიტყვებია, რაც ადამიანმა თავის საყვარელი ვარსკვლავისგან შეიძლება მოისმინოს, მით უფრო მაშინ, როცა მას ცოცხლად პირველად, საკუთარ ქვეყანაში ხედავს.
31 აგვისტოს თბილისური კონცერტი, ბუნებრივია, Imagine Dragons-ის ჰიტის – Believer გარეშე ვერ ჩაივლიდა. ჩემთვის, ეს კომპოზიცია ტკივილთან ბრძოლისა და არდანებების ყველაზე ძლიერი და შთამაგონებელი ვოკალური ჰიმნია.
ბევრმა ალბათ არ იცის, რა ამბავი დგას ამ სიმღერის ლირიკის უკან – რეინოლდსს საშინლად ტანჯავდა მძიმე დაავადება, თუმცა მოახერხა მოეთმინა ტკივილი, არ დანებდა, არ გაექცა მწარე რეალობას, პირიქით! თვალი გაუსწორა მას, ისწავლა ტკივილისგან და ყველაზე დიდი, დამანგრეველი ფიზიკური ნაკლი და სისუსტე ყველაზე ძლიერ მხარედ აქცია!
Pain, you made me, you made me a believer. Pain, you break me down and you build me up!
დენ რეინოლდსი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება მოთმინებით აიტანო ტკივილი, გაითავისო, რომ ტკივილი ცხოვრების ნაწილია, არ დანებდე, მიიღო ის, როგორც გამოწვევა და მტკიცე ხასიათითა და ურყევი ნებისყოფით ბოლომდე გმირულად იბრძოლო მის დასამარცხებლად.
ტკივილთან ბრძოლამ დენ რეინოლდსი ძლიერი ხასიათისა და შეუპოვარი სულისკვეთების მქონე დაუმარცხებელ მეომრად აქცია, რომელიც მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის!
და ისევ დენ რეინოლდსის სიტყვებს მოვუსმინოთ: აკეთე ის, რაც გაბედნიერებს! რაც გიყვარს! აკეთე ყოველდღიურად! და ჯერ თუ არ იცი, რა გაბედნიერებს, გააგრძელე ძიება და აუცილებლად აღმოაჩენ მას, და გაბედნიერდები!
მადლობა, ვარსკვლავო!
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge