"შინარი" – სივრცე, სადაც მომხმარებლებს სახლში დამზადებული ნატურალური პროდუქტების შეძენა შეუძლიათ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თანამედროვე მომხმარებლისთვის დროთა განმავლობაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნატურალური პროდუქტის ღირებულება, რაც მოთხოვნის ზრდაშიც კარგად ჩანს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია საკვებ პროდუქტებზე, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს. სწორედ ამ საჭიროების პასუხად გაჩნდა "შინარი" – სივრცე, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ შეიძინონ სახლში დამზადებული ნატურალური პროდუქტები.

"შინარის" შესახებ მისი დამფუძნებლები, ნიკოლოზ ჯაჭვაძე და მარიამ გურგულიანი გვიყვებიან:

"ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ნატურალური პროდუქციის ხელმისაწვდომობაა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი სივრცე, სადაც მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ შინ დამზადებული, სუფთა და ნატურალური პროდუქტი. სწორედ ამ იდეიდან გამომდინარეობს ჩვენი ბრენდის სახელწოდებაც – "შინარი". ამ სივრცეში ვცდილობთ გავაერთიანოთ საქართველოს ორი ულამაზესი კუთხე – სვანეთი და კახეთი – რადგან სწორედ აქედან მოდის ჩვენი, როგორც "შინარის" თანადამფუძნებლების ფესვები".

როგორც "შინარის" დამფუძნებლები აღნიშნავენ, ბაზარზე არსებულ ყველაზე დიდ გამოწვევად ნდობის ფაქტორს მიიჩნევენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც გარკვეული პლატფორმები "ნატურალური პროდუქტის" იდეას არაკეთილსინდისიერად იყენებენ და მომხმარებლებს სთავაზობენ პროდუქტებს, რომლებიც არ შეესაბამება ხარისხის სტანდარტებს. შედეგად, კომპანიასა და მომხმარებელს შორის ნდობა ირღვევა, რაც მთლიან ბაზარზეც ახდენს გავლენას. "შინარის" დამფუძნებლებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა მან დღეს უკვე დაიმკვიდრა თავი, როგორც სანდო და პასუხისმგებლიანმა ბრენდმა.

ნიკოლოზ ჯაჭვაძის და მარიამ გურგულიანის თქმით, მათი მთავარი მიზანია მუდმივად უპასუხონ მომხმარებლის საჭიროებებს. თითოეული წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ მიღებული დადებითი გამოხმაურება კი მათთვის ძლიერი მოტივაცია ხდება.

"შინარის" გუნდი Entrepreneur-თან სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:

"სამომავლოდ, პირველ რიგში, ვგეგმავთ "შინარის" ფიზიკური მაღაზიის გახსნას და ასორტიმენტის გაფართოებას. ასევე, გვსურს ვითანამშრომლოთ სხვადასხვა კომპანიასთან და განვავითაროთ B2C და B2B მიმართულება. უახლოეს მომავალში კი, დიდი ალბათობით, "შინარის" პროდუქციას მომხმარებელი საშობაო ბაზრობებზეც იხილავს".