შორენა ალიბეგაშვილი - გარდატეხა ქართულ ესთეტიკურ მედიცინაში და უნიკალური მეთოდები, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ჩემი ბიზნესი ბუნებრივი სილამაზის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობის, დისციპლინის ნიშანია. ეს არის ინოვაციური სივრცე, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობს. ჩვენ არა მხოლოდ პროცედურებს ვატარებთ, არამედ ვასწავლით ველნეს ცხოვრების პრინციპებს, რაც თავიდან მარტივი არ არის, მაგრამ შესრულებადია", - შორენა ალიბეგაშვილი, კომპანია Ane Rosh-ის დამფუძნებელი.

შორენა ალიბეგაშვილი 51 წლისაა, იგი კოსმეტოლოგი, ველნესთერაპევტი, ქოუჩი, კომპანია Ane Rosh-ის დამფუძნებელი, საავტორო ტექნიკის მფლობელი, ველნეს ასოციაციის დამფუძნებელი, ბიუთი ბლოგერი და ასევე ბიუთი ბოქსის შემქნელია.

როგორც თავად გვიყვება, იდეა 33 წლის წინ დაიბადა. შორენა ბიზნესის მიმართულებით სწავლობდა და ბანკში მუშაობდა. მაშინ ვერ წარმოედგინა, რომ სტაბილურ სამუშაო გარემოზე უარს იტყოდა და სრულიად უცხო პროფესიის შესწავლას დაიწყებდა.

"როცა ამ პროფესიის შესწავლა დავიწყე, შვილი მცირეწლოვანი მყავდა, საქართველოში კოსმეტოლოგია და მასაჟი ცნობილი არ იყო. ასევე ხალხს არ ჰქონდა ბანკებთან ურთიერთობის ფართო გამოცდილება. გავრისკე და ბანკიდან დიდი თანხა გამოვიტანე. ძალიან მეშინოდა, მაგრამ საკუთარი თავის მჯეროდა.

იყო რთული მომენტებიც, როცა ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამ დროს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი რამ მოხდა, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც დიდი დახმარება გამიწია და თეა თოდუა ჩემი ბიზნესპარტნიორი გახდა".

ამ რისკით დაიწყო შორენას ბიზნესსაქმიანობა და დღემდე ასე გრძელდება. მას შემდეგ მუდმივად ვითარდება. ჰყავს 4 შვილი და 2 შვილიშვილი.

"მშობიარობის შემდეგ 3 კვირაში სამუშაოდ გავდიოდი. არასდროს გავჩერებულვარ. დღეში 11-12 საათი ვმუშაობდი. 10 წლის წინ ჩემი პირველი დიდი სივრცე გავხსენი. 24/7-ზე ვმუშაობდი. სახლში გამთენიისას ვბრუნდებოდი. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ბავშვებთან ურთიერთობას ყოველთვის ვახერხებდი, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ".

შორენა აღნიშნავს, რომ სივრცე იყო ინოვაციური, გამორჩეული, მდიდრული ინტერიერითა და ისეთი პროცედურებით, როგორიც ბაზარზე ჯერ არ იყო პოპულარული.

"ჩემი ახლობლები მეუბნებოდნენ, "ისევ დროს ასწრებ". შემდეგ, როგორც ხდება, იყო უთანხმოებები, ფინანსური პრობლემები, ისევ კრედიტების დამატება დამჭირდა, რადგან ჩვენს სივრცეში მხოლოდ FDI სერტიფიცირებული დანადგარები დგას, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანების ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა.

ვერავინ იგებდა, ამ ყველაფერს მარტო როგორ ვახერხებდი. ჩემს ამბავს ერთიანად რომ მოვყვე, ვფიქრობ, მთელი დღე არ მეყოფა. უბრალოდ, მინდა ყველას ვურჩიო, არასდროს გაჩერდეთ.

მე შევძელი და საქართველოს ბაზარზე სახის მასაჟის კულტურა დავნერგე, საავტორო ტექნიკა Ane Rosh-ი შევქმენი, რომლითაც 2024 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგე. უცხოელი კოლეგების მხრიდან დაინტერესება იმდენად მაღალი იყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნომინაციაში, ჩემი მოთხოვნით, ახალი ნომინაცია - სახის მასაჟი დაემატა, რომლის წესებიც მე შევადგინე.

ხშირად მეკითხებოდნენ, "შორენა, რატომ არ აკეთებ ინიექციებს? აქ ხომ უფრო მეტი ფულის გამომუშავება შეგიძლია?" მე მჯეროდა, რომ ჩემი ხელებით შემეძლო შემექმნა ის, რასაც ქმნიდნენ ხელოვნური ჩარევით. ჩემმა დაუღალავმა შრომამ, მუდმივმა სწავლამ, განვითარებამ შექმნა ტექნიკა, რომელიც ინოვაციურია და მუშაობს არა მხოლოდ ზედაპირულ, არამედ მენტალურ, ფიზიკურ და ენერგეტიკულ ბალანსზე".

შორენამ შექმნა ონლაინპლატფორმა "მარათონი", რომელიც 10 000-ზე მეტმა ქალმა გამოცადა.

"ეს არის პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ქალს ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია საკუთარი თავის მოვლა, სახის მასაჟი, სწორად სუნთქვა და მთელი ის ფილოსოფია ისწავლოს, რასაც მე წლების განმავლობაში ვსწავლობდი და შემდეგ ცოდნას ვაგროვებდი, რათა სხვებისთვის მესწავლებინა".

შორენას აქვს სასწავლო აკადემია და ჰყავს არაერთი სტუდენტი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი. ამზადებს ჩემპიონატებისთვის, აქვს ასოციაცია, ატარებს სემინარებს და არასდროს ჩერდება.

"ყველა ანტრეპრენერს ვეტყვი, ოცნებები და მიზნები რეალურია, როცა გჯერა საკუთარი თავის. მიზნამდე მიმავალი გზა ურთულესია. მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ჩემი მიზანი ბოლომდე შესრულებულია-მეთქი, არა!

მე ახლაც მაქვს საბანკო ვალდებულებები. სხვა, ალბათ, ჩემს ადგილას იტყოდა, "მოდი, ჩემთვის ვიმუშავებ, ბრენდს არ შევქმნი, კომპანიას დავხურავ. ასე ხომ არ მექნება ვალდებულებები, საკმარის თანხას გამოვიმუშავებ და მშვიდად ვიცხოვრებ. მექნება ყველაფერი, რაც მსურს".

მე მაქვს ამის საშუალება, მაგრამ არა. შეიძლება ვინმემ არ დაიჯეროს, რომ მე კომპანიიდან დივიდენდს კი არ ვიღებ, ჯერ კიდევ ინვესტიციებს ვაკეთებ, რადგან ეს არის მუდმივი ზრდა და განვითარება. ეს არის სირთულეებთან გამკლავება და მიზნისკენ შეუჩერებლად სვლა.

შეიძლება ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ მჯერა, ჩემს ტექნიკას მსოფლიო აღიარებს, რადგან უნიკალურია. მჯერა, მე ვქმნი ბრენდს, რომელზეც შემდეგ წიგნს დავწერ და მოვა დრო, როცა დაუღალავი შრომის შედეგით დავტკბები".

შორენა მიიჩნევს, რომ ანტრეპრენერი არის მიზანდასახული, კრეატიული, მოხერხებული ადამიანი, რომელიც საკუთარი იდეების მიმდევარია და დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. თუ გზაზე ხვდება გამოწვევა, ის არ ცვლის მიზანს, ცვლის გზას, რომელიც მიზნამდე მიიყვანს.

"მიზნები და გეგმები ყოველთვის მაქვს, მაგრამ წინასწარ საუბარი არ მიყვარს. ბუნებით ინოვატორი ვარ და ჩემი მიზნები არასდროს არის სტანდარტული. დროთა განმავლობაში, მჯერა, ჩემი ქმედებები სათქმელს აუცილებლად იტყვის".

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი