შუხმან ვაინს ჯორჯია - 2025 წლის შეჯამება და 2026 წლის გეგმები "ჩვენი ღვინოები განაგრძობენ დაღვინების პროცესს და 2026 წლისთვის საუკეთესო მოსავალს წარადგენენ ბაზარზე."

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის ბოლო საუკეთესო დროა თვითრეფლექსიისთვის – რა ვისწავლეთ 12 თვის განმავლობაში და საით მივდივართ? ეს პროცესი განსაკუთრებით აქტუალურია ბიზნესსექტორისთვის.

ცვალებადი გეოპოლიტიკური თუ ლოკალური რეალობა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე ძვრები ქართული კომპანიებისთვისაც სერიოზულ გამოცდად და, ამავდროულად, შესაძლებლობებად იქცა. რა ბარიერების გადალახვამ მოუწიათ მათ 2025 წელს და რით ამაყობენ ყველაზე მეტად?

ENTREPRENEUR GEORGIA-სთან საუბარში განვლილ პერიოდს აჯამებს და 2026 წლის მოლოდინებს გვიზიარებს ნუცა აბრამიშვილი, "შუხმან ვაინს ჯორჯიას" გენერალური დირექტორი

მიმდინარე წელი ბევრი მოვლენით გაჯერებული, მრავალი გამოწვევით სავსე წელი აღმოჩნდა. მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით იყო სხვადასხვა სახის სირთულეები, რომელიც როგორც რთვლის პროცესებში, ასევე ღვინის გლობალური მოხმარების შემცირებული ტენდენციებით იყო დაფიქსირებული. წლევანდელმა რთველმა ნათლად გვაჩვენა, თუ რაოდენ შეცვლილია ვაზის, მისი მოვლის და განვითარების პროცესები გლობალური კლიმატის ცვლილების შედეგად. ჩვენთვის ეს იქცა გამოცდილებად, თუ როგორ უნდა ადაპტირდეს კომპანია და მოახდინოს ეფექტიანი მართვა და ხარისხიანი ყურძნის მიღება, რომელიც შუხმანის ღვინოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

მიუხედავად ამ გამოწვევისა, მივიღეთ ძალიან კარგი მოსავალი და აღნიშნული შუხმანისა და ვინოტერას ბრენდების ღვინოების ხარისხზე არ იმოქმედებს. ასე რომ, ჩვენი ღვინოები განაგრძობენ დაღვინების პროცესს და 2026 წლისთვის საუკეთესო მოსავალს წარადგენენ ბაზარზე.

გარდა ამისა, შევქმენით და ბაზარზე წარვადგინეთ დამატებით 2 ახალი ღვინო, – თეთრი, ევროპული რისლინგი, რომელსაც ევროპული ფესვები აქვს და გერმანიაში ფართოდაა გავრცელებული. ღვინო არის თეთრი, მსუბუქი ტონებით, მსუბუქი ტიპის კერძებსა და ხილთან მისართმევი. ჩვენი მიზანი კი, ქართული ენდემური ჯიშების პარალელურად, ჩვენს პორტფელში საერთაშორისო მნიშვნელობის მიმართულების გაჩენა და მომხმარებლის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა იყო. მეორე, ასევე ევროპული ყურძნის ჯიში, – კაბერნე სოვინიონი – წითელი მშრალი, ქვევრში დაძველებული. ჩვენთვის ექსპერიმენტი იყო ევროპული ყურძნის ჯიშის ქართულ ტრადიციასთან შერწყმა, რამაც გაამართლა და ღვინომ მოლოდინს გადააჭარბა.

ტურიზმისა და დეველოპმენტის მიმართულებით 2025 წლის ზაფხულის მიწურულს გაფორმდა მემორანდუმი საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ფრანგულ ჯგუფთან, "ლუვრ ჰოთელსთან" სტრატეგიული კოლაბორაციის შესახებ.

კოლაბორაცია მიზნად ისახავს შუხმანის არსებული სასტუმროსა და ვილების აფილირებას ბრენდ Hotels & Preference-თან. ასევე, ტურისტული დეველოპმენტის მიმართულებით მხარდაჭერას სამომავლო პროექტებზე.

Schuchmann Wines Château Villas & SPA Hotel & Preference-თან კოლაბორაცია ასახავს ქართული მემკვიდრეობისა და ფრანგული დახვეწილობის სიმბოლოს. აღნიშნული კოლაბორაციით ეს იქნება Hotels & Preference ბრენდის პირველი დებიუტი საქართველოში.

"შუხმან ჯგუფის" გეგმები მომავალი წლისთვის არის ღვინის მიმართულებით სტაბილურად არსებული საექსპორტო ბაზრების შენარჩუნება მაღალი ხარისხის ღვინის უწყვეტი მიწოდებით. სხვადასხვა სახის საერთაშორისო ღინისძიებებში მონაწილეობა. ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა სახის დეველოპერული შეთავაზებების წარდგენა და ინვესტიციის მიმართულებით აქტიური მუშაობა.

ბიზნესსამყაროს გლობალურ ჭრილში ბევრი გამოწვევა აქვს, თუმცა საქართველოს უპირატესობა არის ის, რომ პატარა ქვეყანამ, რომელიც გლობალურ იმპულსებზე ნაკლებად რეაგირებს, შეინარჩუნოს განვითარების სტრატეგია. ვისურვებ განვითარების სწრაფ ტემპებს 2026-ში. ეს იქნება დიდი მოტივაცია სხვადასხვა ბიზნესეკონომიკური პროცესებისთვის, რომელიც ქმედებაში უშუალოდ დროისა და ტემპის აჩქარებას გამოიწვევს, რაც ქართულ ეკონომიკას ყველაზე მეტად სჭირდება.