Signify - 2024 წლის შეჯამება და 2025 წლის გეგმები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
წლის ბოლოს ყველა განვლილ თვეებს აჯამებს. გადავხედავთ 12 თვის განმავლობაში ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს, ვფიქრობთ, რა გვასწავლა ამ წელმა და ამ გაკვეთილებით მომდევნო წლისთვის ვემზადებით.
განვლილ წელს აჯამებს ქართული ბიზნესიც. გეოპოლიტიკური ცვლილებების ასახვა გლობალურ ეკონომიკაზე, გავლენა ადგილობრივ ბაზარზე და ძირითადი გამოწვევები ამ ყველაფრის ფონზე − რა სირთულეებს შეეჯახნენ ქართული კომპანიები 2024 წელს, რომელი მიღწევებით ამაყობენ და როგორი მოლოდინი აქვთ ახალი, 2025 წლისგან?
ზვიად წოწკოლაური
თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, Signify
ჩვენი სტარტაპი 2021 წელს დაარსდა და 2 სიტყვით მოგიყვებით, თუკი არ იცით, რას ვსაქმიანობთ: ჩვენ ვაციფრულებთ დოკუმენტებთან დაკავშირებულ პროცესებს, დაწყებული დოკუმენტის გაგზავნით, ელექტრონული ხელმოწერების შეგროვებითა და არქივაციით.
2024 წელი დიდი წარმატებითა და წელში გამართული Break Even-ით დავხურეთ. ანუ ამიერიდან კომპანიას შეუძლია თვითონ დააფინანსოს ყველა ტიპის მიმდინარე, ასევე განვითარების გეგმისთვის საჭირო ხარჯები, რაც ძალიან მაგარია.
გარდა იმისა, რომ ვცდილობთ დოკუმენტებთან მიმართებაში ბაზარზე შევცვალოთ ქცევა, საინტერესო გამოწვევა იყო აგრეთვე ის, რომ დაგვჭირდა ქართული კომპანიების ქცევის შეცვლა Saas (subscription as a service) კომპანიასთან ურთიერთობაში.
მაგალითად, 2024 წელს ბარათის მიბმის და ავტომატური ბილინგის ფუნქციონალი დავნერგეთ და ძალიან დიდმა შრომამ მოგვიწია კომპანიების დასარწმუნებლად, რომ ყოველთვიური საკომისიოს ხელით გადმორიცხვის ნაცვლად ასე ჯობდა.
ყოფილა ისეთი მოლოდინებიც, რომ ჩვენს პლატფორმას შეიძენდნენ და მერე მათი წარმოდგენების შესაბამისად გადავაკეთებდით და "დავუნერგავდით". ამგვარი დამოკიდებულება ბევრია, თუმცა ჩვენი მიდგომა საკმაოდ ტოლერანტულია. ვცდილობთ გავარკვიოთ, რა საჭიროებები დგას მათი წარმოდგენების უკან, ავუხსნათ, მივაწოდოთ ინფორმაცია, ხოლო პროდუქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ძირითადად პრინციპული პოზიცია გვიჭირავს.
როდესაც 2024 წლის OKR-ებზე ვიგეგმებოდით, ზრდის მაჩვენებელი ავიღეთ იგივე, რაც 2023-ში გვქონდა. იმის გათვალისწინებით, რომ პატარა კომპანიიდან მასშტაბირება 2023-ში უფრო მარტივი იყო, 2024 წელს ასეთივე ზრდის დაგეგმვა დიდი გაბედული ნაბიჯი გახლდათ.
წლის დასაწყისში ვერც კი წარმოგვედგინა, რომ ამ მაჩვენებლებს შევასრულებდით. გუნდში პატარა სანაძლეოც დავდეთ და კი, სანაძლეოს პირობის შესრულება მიწევს ახლა გუნდისთვის.
ქვეყნის მასშტაბითაც საამაყოა, რომ ნელ-ნელა ციფრულ ხელმოწერებს სტანდარტად ვაქცევთ. Signify-ს პლატფორმით ხელი მოაწერა 500 000-ზე მეტმა ადამიანმა საქართველოში, რაც ჩვენი ზომის ქვეყნისთვის შთამბეჭდავი მაჩვენებელია. პირადად ჩემი მთავარი სიამაყე კი არის ის გუნდი, რომლითაც Signify-ს ვქმნით. საამაყო ისაა, რომ რაღაცნაირად შევძელით და ამ სუპერგუნდს უკვე მეორე წელია, ზედიზედ ვინარჩუნებთ.
თუ მანამდე გლობალურ ბაზარზე გასვლის დიდი სურვილი არსებობდა, 2025-ში უკვე ყველანაირად მზად ვართ: პროდუქტის კუთხითაც და რესურსებითაც. გარკვეული ნაბიჯებიც გადავდგით და 2025-ში ვიწყებთ აქტივობებს ევროპის ქვეყნებში.
2025 წელს პროდუქტის განვითარების კუთხითაც დიდი გეგმებია, მათ შორის AI-ს მიმართულებითაც:
- მოვაგვარებთ იმ მტკივნეულ ნაწილს, რასაც ping-pong-ს ვეძახით. ეს არის ორ მხარეს შორის დოკუმენტის შინაარსზე მუშაობის დაუსრულებელი პროცესი, როდესაც იურისტები, მენეჯერები, დირექტორები გაფუჭებულ ტელეფონს თამაშობენ და პროცესი უაზროდ იწელება.
- დავფარავთ ყველა საჭიროებას დოკუმენტების არქივაციისა და მენეჯმენტისთვის. თუკი ახლა AI-ს ვიყენებთ ვიდეოავთენტიფიკაციის ფუნქციონალში, ვგეგმავთ generative AI-ს ინტეგრირებას უკვე ელექტრონულ არქივში, რათა დოკუმენტების მენეჯმენტი სრულვყოთ.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, "ციფრული ხელმოწერების შეგროვების" პლატფორმიდან გავიზრდებით "თითქმის ყველაფერი, რაც გჭირდება დოკუმენტებთან დაკავშირებით" პლატფორმამდე.
საქართველოს ბიზნესსამყაროში კი გვაქვს მოლოდინები, რომ 2025 წელს გარკვეულ პროცესებში ელექტრონული ხელმოწერები გახდება სტანდარტი, ნაცვლად ტრადიციული მეთოდებისა. ვგულისხმობ, მაგალითად, კლინიკის რეგისტრატურებში თანხმობებზე ხელმოწერების შეგროვებისას და იმედია, ბანკების ფილიალებში მომსახურების დროსაც.