სისტემური გამოწვევის პასუხი: როგორ ერთიანდება ცოდნა და გამოცდილება ერთ პლატფორმაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს განათლების სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშეა, განსაკუთრებით აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების შორის არსებული დისბალანსის კუთხით.
ახალი ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა ცდილობს, ამ გამოწვევას უპასუხოს და თეორიულ ცოდნას რეალურ გამოცდილებასთან აერთიანებს, რაც მოამზადებს ახალგაზრდა მოქალაქეებს, რომლებიც პასუხისმგებლიანები, კრიტიკულად მოაზროვნეები და გლობალურად ორიენტირებულები იქნებიან.
"ჩვენი ბიზნესის ძირითადი მიზანია, პასუხი გასცეს ერთ-ერთ ყველაზე არსებით სისტემურ გამოწვევას, განათლებისა და რეალური გამოცდილების, აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული კომპეტენციების შორის არსებულ დისბალანსს. ბაზარზე აუცილებელია პლატფორმა, რომელიც ამზადებს პასუხისმგებლიან, კრიტიკულად მოაზროვნე და გლობალურად მოაზროვნე მოქალაქეებს", - ვიქტორია მუნტიანუ, "არაფორმალური განათლების ასოციაციის" წარმომადგენელი.
პროექტის იდეა წარმოიშვა მაშინ, როდესაც დამფუძნებლები, სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები, მიხვდნენ, რომ მათი განვითარების გზაზე აკლდათ გამოცდილება, რომელიც ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ უნარებსაც ავითარებდა.
"საბოლოოდ, ეს დანაკლისები და პრაქტიკული ცოდნა თითოეულმა ჩვენგანმა დამოუკიდებლად დავაგროვეთ, რომელსაც ახლა სხვებს ვუზიარებთ".
ამ მიზნის განსახორციელებლად შეიქმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება უტარდებათ.
პროექტები მოიცავს გაეროსა და ევროპარლამენტის მოდელირებას, იმიტირებულ სასამართლო პროცესებს, ტრენინგ-სემინარებს ევროპის უმაღლეს ინსტიტუტებში და სხვა საერთაშორისო აქტივობებს. თითოეული მათგანი არა მხოლოდ ფორმალური აქტივობაა, არამედ ღრმა საგანმანათლებლო პრაქტიკაზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც აყალიბებს ანალიტიკურ აზროვნებას, ლიდერულ უნარებს და ახალგაზრდების ცნობიერებას აფართოებს.
"ჩვენი მთავარი ღირებულება არის ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც ადამიანს აძლევს უნარს იყოს ცვლილებების აქტიური მონაწილე".
ბიზნესის დაწყება ინოვაციური მოდელით ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც განათლება ძირითადად სტაბილურ, ტრადიციულ ჩარჩოებშია მოქცეული.
"გადაწყვეტილების მიღების ძალას გვაძლევდა რწმენა იმ მიზნის მიმართ, რომელსაც ვემსახურებოდით. ვიცოდით, რომ ვაკეთებდით საჭირო საქმეს, და ეს რწმენა გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა შიშზე. ნდობა საკუთარ ხედვაში ხშირად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეალური პირობების ლოდინი."
გუნდი არ ელოდა "სწორ დროს", მათ დაიწყეს მაშინ, როდესაც საჭიროება ყველაზე მკაფიო იყო. ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა ნდობის მოპოვება და სკეპტიციზმის დაძლევა იყო. საგანმანათლებლო ინოვაციების მიმართ წინა საზოგადოებრივი დამოკიდებულება თავიდან რთულ გამოწვევას ჰგავდა.
"ამ გამოწვევებს დავუპირისპირდით ხარისხით, გამჭვირვალობითა და შედეგებით. თითოეული წარმატებით განხორციელებული პროექტი ჩვენი ყველაზე ძლიერი არგუმენტია. დროთა განმავლობაში ნდობა პარტნიორობად იქცა, ხოლო ჩვენი პროექტების მონაწილეები ჩვენი საქმიანობის რეკლამად".
პროექტის საქმიანობა მთლიანად ეფუძნება სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპს. განათლება საზოგადოებრივი მდგრადობის საყრდენია. პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების გაძლიერებას, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული ღირებულებების გააზრებას.
მარიამ დანელია
"განათლების ხელმისაწვდომობა და გრძელვადიანი გავლენა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. არა ერთჯერადი შედეგები, არამედ ცოდნა და უნარები, რომლებიც ახალგაზრდებს მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ".
როგორც ვიქტორია აღნიშნავს, გენდერული სტერეოტიპები დღემდე გამოწვევას წარმოადგენს მრავალი ქალი ანტრეპრენერისთვის. ხშირად სჭირდებათ ორმაგი ძალისხმევა პროფესიული კომპეტენციის დასამტკიცებლად.
"ჩვენ ვისწავლეთ, რომ საუკეთესო პასუხი სტერეოტიპებზე არის შედეგი, სტაბილურობა და ღირებულებებზე დაფუძნებული ლიდერობა. განათლება ჩვენი მთავარი იარაღია".
დამოუკიდებელმა საქმიანობამ გამოავლინა ლიდერობის ახალი მნიშვნელობები, პასუხისმგებლობის აღება მაშინაც, როცა პასუხები ჯერ არ გაქვს, მოქნილობა, სტრატეგიული აზროვნება და გუნდური მუშაობის მნიშვნელობა.
"დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევთ: არ დაელოდოთ სრულყოფილ დროს, დაიწყეთ და ისწავლეთ პროცესში. ტოპ მენეჯერებს კი ვეტყოდით, არასოდეს დაკარგოთ კავშირი გუნდთან და მათი რეალურ საჭიროებებთან.
ეჭვები ბუნებრივია, მაგრამ შიში არ უნდა გახდეს გადაწყვეტილების მიღების მთავარი ფაქტორი. არ არსებობს იდეალური მომენტი, არსებობს მხოლოდ გადაწყვეტილება, რომელსაც თან სდევს სწავლა, შეცდომები, ბედნიერება და წარმატება. ლიდერობა მოითხოვს გამბედაობას ნაბიჯის გადადგმაში მაშინაც, როცა გზა ბოლომდე განათებული არ არის.
ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ქმნის სისტემურ ცვლილებებს და პრობლემაშიც ხედავს შესაძლებლობას. საგანმანათლებლო სფეროში ეს ნიშნავს მომავალი თაობების ფორმირებაზე პასუხისმგებლობის აღებას. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის კეთება, ეს არის აზროვნებისა და ცხოვრების სტილი".
ნათია ფირიაშვილი
ყველაზე დიდი ინსპირაცია მათთვის შედეგია, ახალგაზრდები, რომლებიც პროექტების შემდეგ უფრო თავდაჯერებულები, აქტიურები და ცნობიერები ხდებიან. ინსპირაციას ასევე ქმნის გუნდი, საერთო ხედვა და გავლენა, რომელსაც ნელ-ნელა ხედავენ საზოგადოებაში.
"გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ყალიბდება საერთო ღირებულებებზე, აკადემიურ ეთიკასა და ურთიერთპატივისცემაზე. ლიდერის როლია ამ გარემოს შენარჩუნება.".
მოკლევადიან პერსპექტივაში გუნდი გეგმავს საგანმანათლებლო პროექტების საერთაშორისო მასშტაბით გაფართოებას, პარტნიორობების შექმნას და ფორმატების დივერსიფიკაციას.
გრძელვადიან პერსპექტივაში მიზანია, "არაფორმალური განათლების ასოციაცია" რეგიონში ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო პლატფორმად ჩამოყალიბდეს, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებს გლობალურ შესაძლებლობებთან დააკავშირებს.
"ყველა გამოწვევა იყო მნიშვნელოვანი, რათა დღეს აქამდე მოვსულიყავით".