Smart Acoustic Solutions LLC - მაღალტექნოლოგიური სამუშაო სივრცე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Smart Acoustic Solutions-ის დამფუძნებელი და იდეის გენერატორი, ევგენი კაუფმანი ამბობს, რომ მას ყოველთვის სჯეროდა, რომ სამუშაო სივრცე უბრალოდ მაგიდასა და სკამზე მეტია. ის აღნიშნავს, რომ როდესაც კომპანია ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამდა, მთელი მსოფლიო open space- ოფისებზე გადადიოდა და ყველა ამ ფორმატის მოქნილობასა და მოხერხებულობაზე საუბრობდა. მაგრამ როგორც კი ერთ-ერთ მათგანში მოხვდებოდით, სხვა რეალობის წინაშე დგებოდით: ხმაური, დაუსრულებელი ზარები, კონცენტრირების შეუძლებლობა მცირე დროითაც კი. სწორედ ამ დროს დაიბადა WorkBooth-ის იდეა: თუ ჩვენ ვერ შევცვლით open space ოფისს, მაშინ შეგვიძლია მასში შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ პირად სამუშაო სივრცეში მშვიდათ და კონცენტრირებულად მუშაობის საშუალება. ჩვენ გვინდოდა ბაზრისთვის ახალი გამოცდილების შეთავაზება-მუშაობისთვის გაუმჯობესებული პირობების შექმნა ოფისის ზედმეტი გადაკეთების გარეშე. ამ საკითხს მივუდექით ჩვენი ინფორმაციული ტექნოლოგიებითა და საინჟინრო ექსპერტიზის გამოყენებით, შევქმენით პროდუქტი არა უბრალოდ ავეჯის სახით, არამედ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური სამუშაო სივრცის სახით. და როგორც აღმოჩნდა, ის გახდა არა უბრალოდ სამუშაო ადგილი, არამედ ოფისის თანამედროვე ვერსია - ე.წ "ოფისი ოფისში".

კომპანიის დირექტორი ნატალია ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ იდეის განხორციელება პანდემიის დროს დაიწყო, როდესაც ოფისები ცარიელი იყო, კომპანიები ამცირებდნენ თანამშრომლებს და ბევრს წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რას უმზადებდა მომავალი კორპორატიული ოფისის გარემოს.

"გლობალური კრიზისის დროს საოფისე პროდუქტის გამოშვება, ალბათ "გამბედაობის" განმსაზღვრელია. თუმცა, სწორედ მაშინ დაიწყეს ადამიანებმა სამუშაო სივრცის ხარისხის განსაკუთრებით დაფასება - როგორც სახლში, ასევე ოფისში. ჰიბრიდულმა მუშაობამ არ გააუქმა პრივატულობის საჭიროება; პირიქით, ის კიდევ უფრო მწვავე გახადა. ჩვენს ბიზნესს ბევრი დაბრკოლება აქვს: ლოჯისტიკა, მომწოდებლების მოძიება, ბაზრის გაურკვევლობა. თუმცა, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ პროდუქტის დამზადება, არამედ ისეთი სერვისის შექმნა, რომელიც რეალურ სამყაროში არსებულ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს - და ეს წინსვლისთვის გამბედაობის მომცემია" - ამბობს ის.

ნატალია ცქიტიშვილის თქმით, ყველაზე რთული ნაწილი დიზაინსა, ფუნქციონალურობასა და საინჟინრო გადაწყვეტილებას შორის ბალანსის პოვნა იყო. ის ამბობს, რომ როდესაც პატარა გუნდი გყავს და ქმნი რთულ, ტექნოლოგიურად განვითარებულ პროდუქტს, მაღალი ხარისხის ხმის იზოლაციით, ვენტილაციითა და ერგონომიკით, ეს მარათონია და არა სპრინტი.

"ჩვენმა გუნდმა გაიარა ხანგრძლივი კვლევისა და განვითარების ციკლი: მასალების ტესტირება, დიზაინის და მომწოდებლების ცვლილება და სხვა. ჩვენ უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ WorkBooth-ი არა მხოლოდ თანამედროვე დიზაინით გამოირჩეოდა, არამედ მასში ხანგრძლივი მუშაობა კომფორტული იქნებოდა. ეს კი მხოლოდ ტექნიკური ნაწილია. ამავდროულად, ჩვენ ვაფართოებდით საერთაშორისო ბაზრებს, ვეძებდით პარტნიორებსა და დისტრიბუტორებს და ვქმნიდით გაყიდვების ქსელს. ეს გამოწვევა იყო ახალგაზრდა კომპანიისთვის, რომელიც COVID-ის შემდგომი რეალობიდან გამოდიოდა. ეტაპობრივად, ჩვენ ვიმკვიდრეთ თავს ევროპაში, კანადაში, ისრაელში, კვიპროსსა და ახლო აღმოსავლეთში", - ამბობს კომპანიის დირექტორი.

ნატალია ცქიტიშვილი შთაგონებულია არა მხოლოდ პროდუქტის, არამედ ისეთი სივრცის შექმნის შესაძლებლობით, რომელიც აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებისა და მუშაობის ხარისხს. ის ფიქრობს, რომ WorkBooth-ი ეხება ხმაურიან სამყაროში სიჩუმის შექმნას, ყურადღების გამფანტავი ფაქტორების ეპოქაში ფოკუსირებასა და ადამიანების პირადი სივრცის პატივისცემას.

"შთაგონება მოდის პროცესიდან - როდესაც იდეა ხელშესახებ ობიექტად იქცევა: ნახატიდან და მასალებიდან დაწყებული კაბინით დამთავრებული, რომელშიც ადამიანებს შეუძლიათ მშვიდად იფიქრონ, ისაუბრონ, იმუშაონ ან აღიდგინონ ძალები. ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო, თუ როგორ არის ტექნოლოგია, დიზაინი და ადამიანზე ზრუნვა გაერთიანებული ერთ პროდუქტში. შთაგონებული ვარ კომპანიის შიგნით მყოფი ადამიანებით - გუნდით, რომელიც იზრდება, სწავლობს და იღებს პასუხისმგებლობას. ასევე შთაგონებული ვარ ამბიციით, შევქმნათ მსოფლიო დონის პროდუქტი აქ, საქართველოში ხარისხის დონის შენარჩუნებით", - ამბობს ის.

კომპანიის დირექტორის თქმით, Smart Acoustic Solutions -ის მიზანია არსებულ ბაზრებზე გაძლიერება და გეოგრაფიული მასშტაბების გაფართოება.

"ჩვენ ვხედავთ ძლიერ მოთხოვნას ჭკვიანი WorkBooth-ის მიმართ და გავაგრძელებთ ისეთი პროდუქტების შექმნას, რომლებიც დაეხმარება კომპანიებს უფრო ეფექტურად მუშაობაში" - ამბობს ის.

ნატალია ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია მუშაობს ახალ ტექნოლოგიურ ფუნქციებზე, რომელიც გულისხმობს dashboard site-ის გამოყენებას კაბინის მოხმარების ანალიტიკისთვის, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს, მიიღონ გადაწყვეტილებები რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით.

"ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმის უზრუნველყოფას, რომ პროდუქტი დარჩეს smart-ი, ტექნოლოგიურად განვითარებული და კომფორტული, რომელიც აერთიანებს დიზაინსა და მომხმარებლისთვის მოსახერხებელ გარემოს. უფრო ფართო გაგებით, ჩვენი მიზანია, გავხდეთ სამუშაო ადგილის საერთაშორისო სტანდარტი ჰიბრიდულ ეპოქაში, რათა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ კომპანიაში, ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს "დაპაუზება" და ხელახლა ფოკუსირება", - ამბობს ნატალია ცქიტიშვილი, Smart Acoustic Solutions -ის დირექტორი.