სმარტფონების ბაზრის ყოფილი ლიდერი BlackBerry ახლა 950-მილიონიან სრულიად ახალ პროდუქტს ეყრდნობა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბევრი ადამიანისთვის BlackBerry დღემდე სმარტფონების ადრეული ეპოქის კლავიატურიან ტელეფონებთან ასოცირდება. თუმცა, კომპანია უკვე წლებია პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესად გარდაიქმნა, რამაც ინვესტორების ყურადღებაც მიიქცია.
BlackBerry-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ ჯიამატეომ, CNBC-ის პოდკასტში სტუმრობისას სწორედ ამ ტრანსფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქისთვის მზადებაზე ისაუბრა. მიუხედავად ბრენდის ცნობადობისა, მისი დღევანდელი საქმიანობა რადიკალურად განსხვავდება ორი ათწლეულის წინანდელი რეალობისგან.
ამჟამად BlackBerry-ს შემოსავალს ძირითადად ორი მიმართულება აგენერირებს. პირველი - უსაფრთხო კომუნიკაციებია. კომპანია მთავრობებსა და სხვა კლიენტებს, რომელთაც სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის რისკი არ უნდა დაუშვან, დაშიფრული კომუნიკაციების პროგრამული უზრუნველყოფით ამარაგებს.
კომპანიის ფლაგმანური პლატფორმა SecuSUITE მობილურ და დესკტოპ მოწყობილობებზე ზარებს, შეტყობინებებსა და ფაილებს შიფრავს, ამოწმებს მომხმარებლის იდენტობას და სრულად იცავს კომუნიკაციას.
მეორე საყრდენი მიმართულება QNX-ია - პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ავტომობილების უსაფრთხო მუშაობაზე ზრუნავს. QNX ავტომწარმოებლებს ოპერაციული სისტემებითა და ჩაშენებული პროგრამებით იმ კრიტიკულ ფუნქციებში ამარაგებს, სადაც ხარვეზი სახიფათოა - მუხრუჭებიდან დაწყებული, მძღოლის დამხმარე სისტემებით დამთავრებული.
დღეს QNX საავტომობილო უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა - ის მსოფლიოს მასშტაბით 275 მილიონ ავტომობილშია ინტეგრირებული.
"მართალია, ჩვენს დღევანდელ პროდუქტებს ძველი ტელეფონებივით ხელისგულზე ვეღარ დაიტევთ, მაგრამ უსაფრთხოების, ნდობისა და ინოვაციის ის ღირებულებები, რომლებიც ყოველთვის გამოგვარჩევდა, ჩვენს სერვისებსა და პროგრამულ გადაწყვეტილებებში დღესაც მკაფიოდ ჩანს", - აღნიშნა ჯიამატეომ პოდკასტში.
BlackBerry-ს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესი
ჯიამატეო QNX-ს რეალურ სამყაროში მომუშავე, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოწყობილობების - ავტონომიური ტრანსპორტის, საწყობის რობოტების, ინდუსტრიული თუ სამედიცინო აპარატურის - პოტენციურ ფუნდამენტად განიხილავს.
მისი თქმით, რაც უფრო იზრდება პროგრამული უზრუნველყოფის როლი მოძრავი მექანიზმების მართვაში, მისი მუშაობა მით უფრო პროგნოზირებადი უნდა გახდეს და უსაფრთხოების უმკაცრეს სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. BlackBerry-მ QNX სწორედ ასეთი გარემოსთვის შექმნა.
ჯიამატეოს თქმით, რობოტექნიკა QNX-ის პორტფელში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და შემოსავლიანი სექტორია. დეტალების დაზუსტების გარეშე მან აღნიშნა, რომ QNX-ზე მიღებულმა შეკვეთებმა 950 მილიონ დოლარს მიაღწია.
CNBC-ის ცნობით, კომპანიის მიერ ამ ორ ძირითად მიმართულებაზე ფოკუსირებას ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, რის გამოც BlackBerry-ს აქციების ფასი წელს გაორმაგდა.
2007 წელს iPhone-ის გამოჩენამ ინდუსტრიაში ახალი სტანდარტები დაამკვიდრა და BlackBerry ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დააყენა. კომპანიამ პროგრამულ უზრუნველყოფაზე გადასვლა 2010-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, 2016 წელს კი საკუთარი სმარტფონების წარმოება საბოლოოდ შეაჩერა და მთელი რესურსი პროგრამულ დეველოპმენტს დაუთმო.