SOCAR-ის ახალი ევროპული მიწოდების არხი – რას ნიშნავს Italiana Petroli-ს საწვავის შემოსვლა საქართველოს ბაზრისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში პირველად შემოვიდა Italiana Petroli-ს მიერ წარმოებული ბენზინის პარტია. SOCAR Georgia Petroleum-მა იტალიური კომპანიისგან 5 000 ტონა საწვავი მიიღო, რომელიც EN 228 ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ეს SOCAR Georgia Petroleum-სა და Italiana Petroli-ს შორის პირველი პირდაპირი კომერციული მიწოდებაა.

თანამშრომლობა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც SOCAR-მა Italiana Petroli-ს აქციების 99,82% შეიძინა და კომპანია SOCAR Group-ის შემადგენლობაში შევიდა. 90 წელზე მეტი ისტორიის მქონე Italiana Petroli იტალიაში საწვავის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა და ნავთობგადამუშავების, ლოგისტიკისა და საცალო რეალიზაციის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს.

პირველ 5000-ტონიან პარტიას უკვე ოქტომბერში კიდევ 5 000 ტონა ბენზინის მიწოდება მოჰყვება. შესაბამისად, საუბარია არა მხოლოდ ერთჯერად ტრანზაქციაზე, არამედ საქართველოსთვის ახალი ევროპული მომარაგების არხის პრაქტიკულ ამოქმედებაზე.

რას ნიშნავს ეს თანამშრომლობა საქართველოს ბაზრისთვის, რა შესაძლებლობებს ქმნის SOCAR Group-ის ევროპული აქტივების გაერთიანება და როგორ შეიძლება აისახოს მომარაგების დივერსიფიკაცია კომპანიის საქმიანობაზე – ამ საკითხებზე Entrepreneur-ს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" დირექტორი, ნოდარ ყანჩაველი ესაუბრა.

საქართველოში პირველად შემოვიდა Italiana Petroli- მიერ წარმოებული იტალიური ბენზინი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს საწვავის ბაზრისთვის?

Italiana Petroli-სგან საწვავის პირველი პარტიის მიღება, პირველ რიგში, SOCAR Group-ის საერთაშორისო შესაძლებლობების საქართველოს ბაზრისთვის პრაქტიკულ გამოყენებას ნიშნავს.

მას შემდეგ, რაც Italiana Petroli SOCAR Group-ის შემადგენლობაში შევიდა, ჩვენთვის გაჩნდა შესაძლებლობა, საწვავის მომარაგების პორტფელს კიდევ ერთი ძლიერი ევროპული წყარო დამატებოდა. საქართველოში 5 000 ტონა ბენზინის პირველი პარტიის შემოტანა სწორედ ამ თანამშრომლობის პირველი კონკრეტული შედეგია. ამასთან, უკვე ოქტომბერში Italiana Petroli-სგან კიდევ 5 000 ტონა ბენზინის მიღებას ველოდებით, რაც აჩვენებს, რომ თანამშრომლობა პირველი ტრანზაქციით არ შემოიფარგლება.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია. ენერგეტიკულ სექტორში მიწოდების საიმედოობა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად რჩება და რაც უფრო მრავალფეროვანია მომარაგების პორტფელი, მით უფრო მოქნილად შეუძლია კომპანიას სხვადასხვა საბაზრო თუ გარე ფაქტორზე რეაგირება.

საქართველოს ბაზრისთვის კი ეს ნიშნავს დამატებით ევროპული მიწოდების არხს, EN 228 სტანდარტის შესაბამის საწვავს და მომარაგების კიდევ უფრო მდგრად სისტემას. ამავდროულად, ეს თანამშრომლობა კარგად აჩვენებს, რა პრაქტიკული ღირებულება შეიძლება შექმნას ადგილობრივი ბაზრისთვის SOCAR-ის მსგავსი საერთაშორისო ჯგუფის ნაწილად ყოფნამ.

პირველი პარტია 5 000 ტონას შეადგენს. როგორ განხორციელდა ეს პირველი პირდაპირი კომერციული ტრანზაქცია?

ეს არის SOCAR Georgia Petroleum-სა და Italiana Petroli-ს შორის პირველი პირდაპირი კომერციული მიწოდება, რომელიც შესაძლებელი გახდა Italiana Petroli-ს SOCAR Group-ში ინტეგრაციის შემდეგ.

SOCAR-მა Italiana Petroli-ს აქციების 99,82%-ის შეძენა შესაბამისი მარეგულირებელი თანხმობების მიღების შემდეგ დაასრულა და ბუნებრივია, ჯგუფის შიგნით არსებული ნავთობგადამუშავების, ლოგისტიკური და სავაჭრო შესაძლებლობების ერთმანეთთან დაკავშირება ჩვენი საერთო სტრატეგიის ნაწილია. პირველი პირდაპირი მიწოდებაც სწორედ ამ პროცესის პრაქტიკული შედეგია.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ საუბარი ერთჯერად სატესტო პარტიაზე არ არის. უკვე ოქტომბერში კიდევ 5 000 ტონა ბენზინის მიღებას ველოდებით, შესაბამისად, თანამშრომლობა პრაქტიკულად უკვე გაგრძელების ეტაპზეა გადასული.

ამასთან, საქართველოში მიღებული საწვავი გადის SOCAR Georgia Petroleum-ის ხარისხის კონტროლის სისტემას. კონტროლი მიწოდებისა და დისტრიბუციის მთელი ჯაჭვის განმავლობაში ხორციელდება – საწვავის მიღების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და საბოლოოდ ავტოგასამართ სადგურებზე მიწოდების ეტაპებზე.

რა ახალ შესაძლებლობებს ქმნის Italiana Petroli-ს SOCAR Group-ში ინტეგრაცია საქართველოს ბაზრისთვის?

Italiana Petroli-ს SOCAR Group-ში ინტეგრაციით ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ევროპული რესურსი, რომელიც მოიცავს ნავთობგადამუშავების, ლოგისტიკურ და სავაჭრო შესაძლებლობებს.

SOCAR-ის მასშტაბის ჯგუფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ბაზარზე არსებული შესაძლებლობები ერთმანეთთან პრაქტიკულად იყოს დაკავშირებული. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, უფრო მოქნილად ვმართოთ საწვავის შესყიდვისა და მიწოდების პროცესები, გავაფართოოთ მომარაგების წყაროები და სხვადასხვა საბაზრო პირობებში ოპტიმალური გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ჩვენი მიდგომა არ გულისხმობს რომელიმე ერთი არსებული წყაროს სხვა წყაროთი ჩანაცვლებას. მიზანია მომარაგების პორტფელის გაფართოება და მეტი არჩევანის შექმნა. Italiana Petroli დღეს უკვე წარმოადგენს დამატებით და მნიშვნელოვან შესაძლებლობას ამ პორტფელში.

შემდგომი მიწოდებების მოცულობა და სიხშირე დამოკიდებული იქნება ბაზრის პირობებზე, მოთხოვნაზე, საერთაშორისო ფასებზე, პროდუქტის ხელმისაწვდომობასა და ლოგისტიკურ ეფექტიანობაზე. ჩვენთვის ყველა შემთხვევაში პრინციპულია სამი ძირითადი კომპონენტის ბალანსი – ხარისხი, მიწოდების საიმედოობა და კომერციული ეფექტიანობა.

საქართველო SOCAR-ის პირველი საერთაშორისო ბაზარია. როგორ შეიცვალა კომპანიის საქმიანობა საქართველოში ბოლო 20 წლის განმავლობაში და როგორ უკავშირდება ამ განვითარებას Italiana Petroli-სთან თანამშრომლობა?

საქართველოს ნამდვილად განსაკუთრებული ადგილი აქვს SOCAR-ის საერთაშორისო განვითარების ისტორიაში. 2006 წელს სწორედ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, სადაც SOCAR-მა პირველი ბრენდირებული ავტოგასამართი სადგური გახსნა.

ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი საქმიანობის მასშტაბი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეს SOCAR Georgia Petroleum მხოლოდ საწვავის საცალო რეალიზაციასთან აღარ ასოცირდება. ვმართავთ ავტოგასამართი სადგურების ფართო ქსელს და ყოველდღიურად 30 000-ზე მეტ მომხმარებელს ვემსახურებით, თუმცა პარალელურად აქტიურად განვავითარეთ სხვა მიმართულებებიც.

ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა Way Mart-ის მარკეტების ქსელი და მომხმარებლისთვის ავტოგასამართ სადგურზე უფრო მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება.

მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურაც.

2026 წელს თბილისში გავხსენით სამხრეთ კავკასიაში პირველი სრულად ელექტროდამტენი სადგური.

ამასთანავე, ეტაპობრივად ვავითარებთ ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურას და მზის ენერგიის გამოყენებას ჩვენს ობიექტებზე. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიის როლი იცვლება – ტრადიციული საწვავის მიმწოდებლიდან უფრო ფართო ენერგეტიკულ კომპანიად ვვითარდებით.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა ის ისტორიული კავშირიც, რომელიც დღეს შეიქმნა: საქართველო SOCAR-ის პირველი საერთაშორისო ბაზარია, ხოლო Italiana Petroli ჯგუფის ერთ-ერთი უახლესი და მნიშვნელოვანი ევროპული ინვესტიცია. დღეს ამ ორ ბაზარს უკვე პირდაპირი კომერციული თანამშრომლობა აკავშირებს. ეს კარგად აჩვენებს იმ გზას, რომელიც SOCAR-მა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო ენერგეტიკულ ჯგუფად ჩამოყალიბების პროცესში გაიარა.

საბოლოოდ რას ნიშნავს ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის და რას უნდა ელოდოს ის ახალი თანამშრომლობისგან?

მომხმარებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხარისხიანი საწვავის სტაბილური და უწყვეტი ხელმისაწვდომობა. Italiana Petroli-სგან მიღებული საწვავი EN 228 ევროპულ სტანდარტს აკმაყოფილებს და საქართველოში მიღების შემდეგ დამატებით გადის SOCAR Georgia Petroleum-ის ხარისხის კონტროლის სისტემას.

SOCAR Georgia Petroleum-ში 2012 წლიდან ფუნქციონირებს საწვავის ტესტირების ლაბორატორია, რომელიც ISO 17025-ის მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს და თანამედროვე ევროპული და ამერიკული წარმოების სატესტო აპარატურით არის აღჭურვილი. შესაბამისად, გვაქვს როგორც მომწოდებლის მხრიდან ხარისხის დადასტურების, ისე საქართველოში მიღების შემდეგ საკუთარი კონტროლის მექანიზმები.

ამ თანამშრომლობის მთავარი გრძელვადიანი ღირებულება მომხმარებლისთვის არის მომარაგების უფრო მოქნილი და დივერსიფიცირებული სისტემა. საბოლოოდ, Italiana Petroli-სთან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ შეიძლება SOCAR Group-ის საერთაშორისო მასშტაბი, რესურსები და გამოცდილება საქართველოს ბაზრისთვის პრაქტიკულ შესაძლებლობად იქცეს.