სოფო ქვარცხავა - ანტრეპრენერი ქალი, რომელიც ახალგაზრდებისთვის გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა - ესაა მიზანი, რომელიც ანტრეპრენერი ქალისთვის, სოფო ქვარცხავასთვის, ცხოვრებისეულ მოწოდებად იქცა. წლების წინ მან დააფუძნა SS International Education For Georgia, რომელიც პოზიციონირებს საერთაშორისო ბაზარზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ახალგაზრდებს განათლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში ეხმარება. დღეს კომპანია სხვადასხვა მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, მათ შორის: გაცვლით პროგრამებს, კონფერენციებს, საგანმანათლებლო ვიზიტებს, კონკურსებს, ასევე ინგლისური ენის ონლაინოლიმპიადას "ლინგოსთარი", რომლის გამარჯვებულიც სრული დაფინანსებით მიემგზავრება ლონდონში სასწავლო ვიზიტით.

დღეს, როცა შესაძლებლობები უსაზღვროა, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები, მოხვდნენ საჭირო ადგილას, შეხვდნენ საინტერესო ადამიანებს, მიიღონ შესაბამისი ცოდნა და შეიძინონ საერთაშორისო კონტაქტები, რომლებიც მათ მომავალ, კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ.

თანამედროვე ქაოსურ სამყაროში ეს საკმაოდ რთულია. სწორედ ამ გზის გამარტივებას ცდილობს სოფო ქვარცხავა და მისი გუნდი - განათლებაზე ორიენტირებული პროექტებითა და შესაძლებლობების შექმნით, ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას.

Entrepreneur-თან საუბრისას სოფო აღნიშნავს, რომ SS International Education For Georgia-ს გუნდის მთავარი მიზანია, დაეხმარონ ახალგაზრდებს, რომ თანამედროვე სამყაროში თავისუფლად შეძლონ გამოწვევებთან გამკლავება და წარმატებას მიაღწიონ.

"მთელი ცხოვრება საგანმანათლებლო სფეროში ვმუშაობ და ჩემი თავი ამ საქმიანობის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. არ ვიცი, ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება მეკეთებინა - ახალი თაობის განათლებასა და შესაძლებლობების შექმნაზე ზრუნვა ყველაზე ღირებული რამ არის. საერთაშორისო გამოცდილებამ, ასევე ჩემმა ხასიათმა, გამოიწვია მუდმივი სურვილი, მომავალს აწმყოში ვუპასუხო და მზად დავხვდე ყველა გამოწვევასა თუ შესაძლებლობას. სწორედ ამ ხედვით შეიქმნა SS International Education For Georgia", - ამბობს სოფო ქვარცხავა.

SS International Education-ს არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია "ლინგოსთარი" - საქართველოში ინგლისური ენის პირველი ონლაინოლიმპიადა, რომელიც უკვე მეორე წელია ტარდება.

"სტატისტიკა გვაჩვენებს, რამდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ბავშვები ამ პროექტს. ჩვენი პლატფორმა სისტემურად ისეა გამართული, რომ მაქსიმალურად ამოწმებს, რამდენად წესების მიხედვით და კეთილსინდისიერად გასცა მონაწილემ პასუხები. შეტყობინებები მოგვდის, გამოიყენა თუ არა მონაწილემ საძიებო სისტემა ან ხელოვნური ინტელექტი. ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ახალ თაობას მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს. თავად მშობლებმაც იციან, რომ წესები დაცულია და ჩვენს შედეგებს სრულად ენდობიან. ჩვენი ყველა პროექტით სწორედ ამას ვცდილობთ - დავანახვოთ ახალგაზრდებს, რომ მათ აქვთ პოტენციალი, მიაღწიონ წარმატებას, ისწავლონ წამყვან საერთაშორისო სასწავლებლებში. ჩვენი პროექტების ღირებულება იმაშიც გამოიხატება, რომ ვაყალიბებთ ჰარმონიულ საზოგადოებას, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ეხმარებიან, მხარს უჭერენ და სიხარულს იზიარებენ. თითოეული პროექტი იმგვარ გარემოში ტარდება, სადაც ბავშვები ხედავენ, რომ წარმატება ერთმანეთის მხარდაჭერით მოდის. ყოველი პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს გამოუმუშავდეთ უნარი, ადაპტირდნენ მომავალთან და მიაღწიონ წარმატებას გლობალურ სივრცეში, რომელიც მუდმივად ვითარდება და ტრანსფორმირდება", - სოფო ქვარცხავა.

სოფო ქვარცხავასა და მისი გუნდის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი საერთაშორისო პარტნიორების ნდობაა. ამ ნდობის ფუნდამენტი კი განხორციელებული პროექტები და საქმისადმი ერთგულებაა.

"ყოველთვის ყურადღებით ვეცნობი უკუკავშირს და მიხარია, რომ პოზიტიურ გამოხმაურებებს ვიღებთ. ეს განსაკუთრებით სასიხარულოა მაშინ, როცა ისეთ საპასუხისმგებლო სფეროში ხარ, როგორიც განათლებაა. როცა საქმეს საგანმანათლებლო მიმართულებას უკავშირებ, უამრავ ბავშვსა და მშობელთან გაქვს საქმე - ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეში ჩავდე ყველაფერი - ჩემი ენერგია, ცოდნა, გამოცდილება. მიხარია, რომ შევძელით და დღეს უამრავ დადებით შეტყობინებას ვიღებთ, სადაც ადამიანები მადლობას გვიხდიან ჩვენი პროექტების გამო".

სოფოს თქმით, ცხოვრებაში მუდმივად აქვს არჩევანი - წავიდეს და ნებისმიერ სხვა ქვეყანაში იცხოვროს, კარიერა იქ გააგრძელოს, სადაც მეტი რესურსი და სიმარტივეა. თუმცა, მან სხვა გზა აირჩია - დარჩა და თავისი ცოდნის, ენერგიისა და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება იმ მიზანს მოახმარა, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი მთავარი სურვილი ყოველთვის ერთს უკავშირდებოდა - რაღაც ღირებულის გაკეთება საკუთარი ქვეყნისთვის. ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა კი, სოფოს ხედვით, მჭიდროდ უკავშირდება განათლებას და იმ თაობის მხარდაჭერას, რომელიც თავად ქვეყნის მომავალს წარმოადგენს.

"სწორედ ამ მიზანმა მომცა ძალა, რომ ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად დამეფუძნებინა ოქსფორდის ლიდერობის ცენტრი საქართველოშიც, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ლიდერობის უნარების განვითარებას, რაც მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნა ემსახურება საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელშიც მსურს ვიცხოვრო - განათლებულ, კეთილსინდისიერ, ღირსეულ, სამოქალაქო საზოგადოებაში", - აღნიშნავს სოფო ქვარცხავა.

ამბობს, რომ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უამრავ ახალგაზრდას ხვდება და ხშირად ისმენს მათგან, რომ მომავალზე ღელავენ. Entrepreneur-თან საუბრისას სოფო იმ რჩევასაც გვიზიარებს, რომელსაც ხშირად ეუბნება ახალგაზრდებს:

"ახალგაზრდებში ნეგატიურ ემოციებს ხშირად საზოგადოების აზრის შიში იწვევს - შიში იმისა, რომ სოციუმი მათ შეხედულებებს გააკრიტიკებს. საბოლოოდ კი მივდივართ დასკვნამდე, რომ საზოგადოების აზრი არ უნდა იქცეს ჩვენი თვითგამოხატვის დამთრგუნველ ფაქტორად. ადამიანები, ვისგანაც კრიტიკას ველით, შესაძლოა საბოლოოდ ჩვენი მხარდამჭერები აღმოჩნდნენ. ამიტომ საზოგადოების რეაქციაზე წინასწარმა განწყობებმა არ უნდა შეაფერხოს ჩვენი სითამამე. ახალგაზრდებს ვურჩევდი, იყვნენ თამამები, სწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების, ფოკუსირდნენ მიზანზე და სწორედ ამის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილებები. დიდი წარმატებები საკუთარი თავის რწმენის გარეშე არ მოდის".

Business News

ლეგენდა საქართველოში რჩება!

BMW-ს უნიკალური მოდელი და მისი ქართველი მფლობელი